უკვე წლებია, რაც სამეცნიერო ფანტასტიკა ჩემთვის ყველაზე ახლობელი ჟანრია. ამ ჟანრში ვპოულობ პასუხებს კითხვებზე, რომლებიც ხშირად რეალურ სამყაროში პასუხგაუცემელი რჩება.ფანტასტიკა ჩემთვის უბრალოდ გამოგონილი სამყარო არ არის, ესაა სივრცე, სადაც მეცნიერება და ინტუიცია ერთმანეთთან ჰარმონიაშია.
ხშირად გვგონია რომ საი-ფაი მხოლოდ დასავლურ ლიტერატურას ეკუთვნის, რადგან ძირითადად ისინი წერენ რობოტებზე და დროში და კოსმოსში მოგზაურობაზე, თუმცა განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ქართული სამეცნიერო ფანტასტიკის აღმოჩენა. აქამდე თითქოს ვუვლიდი გვერდს ქართულ საი-ფაის, თუმცა ბოლო დროს დავინახე რამდენად ძლიერი პოტენციალი აქვთ ქართველ ავტორებს ამ მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჟანრი საქართველოში სამწუხაროდ მეტად ვიწრო აუდიტორიაზეა გათვლილი და თითზე ჩამოსათვლელ ქართულ ფანტასტიკურ ნაწარმოებს ვხედავთ, მახარებს ის, რომ ამ მწერლებს შეუძლიათ ღრმა, ორიგინალური იდეების გენერირება და მათი მაღალ დონეზე განვითარება. საი-ფაის ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მხარე, რაც გამოარჩევს სხვა ჟანრებიდან ისაა, რომ კუდიანივით შეუძლიათ მომავლის წინასწარმეტყველება.
ამ სტატიაში გთავაზობთ ჩემთან ერთად იმოგზაუროთ ქართულ სამეცნიერო ფანტასტიკაში და გაგაცნობთ ქართველი ფანტასტების იდეების ჩემეულ ხედვას.
ალექსანდრე აბაშელი: ქალი სარკეში
1930 წელს გამოცემული ეს რომანი ალექსანდრე აბაშელის ერთადერთი ნაწარმოებია სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში, რომელიც უკიდურესად შთამბეჭდავია. ნაწარმოები საოცრად პროგრესული მეცნიერებითაა გაჯერებული.
მთავარი გმირი, ინჟინერი, დისტანციურად ურთიერთობს ქალთან, რომელიც თითქოს სხვა სამყაროდან მოდის და მას სარკეში ხედავს. არა როგორც ანარეკლს, არამედ როგორც ცოცხალ არსებას. წარმოგიდგენიათ? იმ ეპოქაში, როდესაც არც ტელევიზია იყო გავრცელებული და არც ეკრანული ტექნოლოგიები არსებობდა, აბაშელმა უკვე აღწერა კომუნიკაცია, რომელიც დღეს ჩვენი ყოველდღიურობაა: ვიდეოზარი.
ეს „სარკე“ თითქმის ზუსტად აღწერს ეკრანს, რომელშიც ცოცხალი ადამიანი ჩანს. ფაქტობრივად ეს ერთ-ერთი პირველი წინასწარმეტყველებაა ეკრანით ონლაინ კომუნიკაციის შესახებ არა მხოლოდ ქართულ, არამედ მსოფლიო სამეცნიერო ფანტასტიკის ლიტერატურაში. აიზეკ აზიმოვი თავის „ვიზორებზე“ 1940-იან წლებში წერს, ხოლო აბაშელი კი ათი წლით ადრე.
გარდა ამისა, ერთ ერთ ეპიზოდში, ავტორი საუბრობს ურანის ენერგიაზე. მაშინ ეს ელემენტი მხოლოდ რადიოაქტიურობით იყო ცნობილი. ბირთვული ენერგიის პრაქტიკული გამოყენება კი ჯერ ჩანასახშიც არ იყო. აბაშელის ინტუიცია საოცარია, მან ისეთი რამ აღწერა, რასაც წლების შემდეგ შეასხეს ხორცი მეცნიერებმა.
ეს რომანი ჩემთვის გამორჩეულად ასახავს ციფრული ცნობიერების, პირველი კონტაქტის იდეას და იმ მომავლის ხედვას, რომელიც ჩვენთვის უკვე ნაცნობია. წიგნის ახალი გამოცემა ეკუთვნის გამომცემლობა “მედუზას”.
დათო სამნიაშვილი: MOX.
დათო სამნიაშვილის სადებიუტო რომანი „MOX“ 2017 წელს გამოიცა (გამომცემლობა „სულაკაური“) და ჩემთვის უპირობო ფავორიტია ქართულ სამეცნიერო ფანტასტიკაში.
MOX ეს არის ვირტუალური სამყარო, ციფრული რეალობა, ადგილი, სადაც ცნობიერების გადატანა ხდება და ადამიანი იქ ცხოვრებას აგრძელებს, როგორც მონაცემთა ერთეული, განთავისუფლებული ფიზიკური სხეულისა და მატერიალური ტკივილისგან. მოქსი რაღაცნაირად დღევანდელი სოციალური მედიის გაგრძელებასაც გავს, ადამიანი მზადაა თავი დაკარგოს, დაივიწყოს რეალობა და იცხოვროს უკეთეს ალტერნატიულ სამყაროში. მე ხშირად მიოცნებია ასეთ სამყაროში ცხოვრებაზე.
წიგნის კითხვამ ჩემში პირველ რიგში ფილმ „მატრიცას“ პარალელები გამოიწვია, თუმცა განსხვავებები საკმაოდ მნიშვნელოვანია:
მატრიცაში ადამიანი იძულებით უკავშირდება ციფრულ სამყაროს, რეალობის შეცნობის გარეშე. მათთვის ეს ილუზიაა. ხოლო MOX-ში ადამიანი თავად ირჩევს ყოფნას ციფრულ რეალობაში, რითაც თითქოს იღებს ცხოვრების ალტერნატიულ ვარიანტს. MOX-ში ცნობიერება დემატერიალიზდება, იგი მონაცემად იქცევა. მომხმარებელი ტკივილს, შიშს, რეალურ საფრთხეს აღარ განიცდის. ეს არის სამყარო სრულ სიმშვიდეში, სადაც მხოლოდ გონება არსებობს. ჩემთვის ნამდვილი უტოპიაა, სადაც ვისურვებდი ცხოვრებას!
განსხვავებით მატრიცისგან, სადაც ილუზიიდან გამოსვლა გმირობის ტოლფასია, მოქსის აზრი მე ასე მესმის: რატომ უნდა გამოვიდე ილუზიიდან, იდეალური სამყაროდან, თუ ნამდვილ სამყაროში უმეტესად ტკივილი და ტანჯვაა? მე რომ მოქსში ვცხოვრობდე, არასდროს მომინდებოდა ისევ რეალობაში დაბრუნება.

დავით ჩომახიძე: მარიონეტი და სიკვდილმისჯილი
დავით ჩომახიძე ორი წიგნით არის წარმოდგენილი. ეს ჩემი პირველი გადაკვეთა იყო ამ ავტორთან და სასიამოვნოდ გაოცებული დამტოვა.
„მარიონეტი“: პოსტაპოკალიფსური დედამიწა მეოთხე, ბირთვული მსოფლიო ომის შემდეგ. ომმა კაცობრიობის 70% შეიწირა, გადარჩენილი ხალხი ან ქაოსურ გარემოში ცხოვრობს, ან მარსსა და ვენერაზე გადასახლებულ კოლონიებში, რომლებმაც დედამიწასთან კავშირი თითქმის გაწყვიტეს. დედამიწა რადიაციითაა გაჟღენთილი, მხოლოდ რამდენიმე ქალაქია დარჩენილი, სადაც ცხოვრება შეიძლება. იქაც ძირითადად მდიდარი ხალხი და კრიმინალები ბინადრობენ. ჩვეულებრივ ადამიანებს კი უდიდესი გამოწვევები აქვთ, რომ ყოველდღიურად გადარჩნენ. ჩომახიძე მტკივნეულად რეალისტურად აღწერს ბირთვული ომის შედეგებს: რადიაცია, გენეტიკური მუტაციები, კლიმატური ცვლილებები და გლობალური შიმშილი.
ბირთვული ომი და მისი შედეგი, ბირთვული ზამთარი რომ განვმარტოთ, ეს ერთერთი ყველაზე მძიმე და დამანგრეველი სცენარია, რომლის წინაშეც შეიძლება ჩვენი ცივილიზაცია დადგეს. ბირთვული აფეთქების დროს ტემპერატურა კრიტიკულად იზრდება, მას შეუძლია ქალაქის რამდენიმე წამში მთლიანად გაქრობა. ადამიანები და ცოცხალი ორგანიზმები იღუპებიან თერმული და რადიოაქტიური დაზიანებებისგან, ხოლო გრძელვადიან პერიოდში კი ხდება დნმ-ის დაზიანება, კიბოებისა და მუტაციების რისკი საგრძნობლად იმატებს. ბირთვული ომის შემდეგ, როდესაც უზარმაზარი რაოდენობის კვამლი და მტვერი გროვდება ატმოსფეროში, მზის სინათლე იბლოკება. ტემპერატურა მკვეთრად ეცემა, აგროკულტურა და მიწათმოქმედება შეუძლებელი ხდება. მომატებული რადიაციისა და ულტრაიისფერი გამოსხივების გამო ვერანაირი მცენარე ვერ ხარობს. ასეთი პირობები შეიძლება წლების განმავლობაში გაგრძელდეს, რაც ყველა გაჭირვებასთან ერთად, დამატებით შიმშილობის პრობლემასაც ქმნის. შიმშილის პრობლემა თავისთავად იწვევს ომებს რესურსების მოსაპოვებლად. აღარაფერს ვამბობ საშიშ მუტაციებზე. ეს არა მხოლოდ პოლიტიკული საფრთხეა, არამედ კლიმატური, ჰუმანიტარული და ზოგადად ცივილიზაციის კატასტროფით დასასრულის მიზეზია. დღესდღეობით, როდესაც მსოფლიოში 13000+ ბირთვული ქობინია მზად, ბირთვული ომი ცივილიზაციის დასასრულის ყველაზე საშინელ სცენარებს შორის ალბათ პირველ ადგილს იკავებს (მეორეზე მე პირადად ზომბი აპოკალიფსს გავიყვანდი 🙂 ). ეს წიგნი გვახსენებს, რომ ცივილიზაციის სრული განადგურება არ არის უბრალოდ ფანტაზია, არამედ რეალური საფრთხე.

„სიკვდილმისჯილი“
ეს რომანი უკვე ფსიქოლოგიურ და ფილოსოფიურ განზომილებაში გადადის. იგი გვიყვება სიკვდილმისჯილ ადამიანზე, რომელიც იმპულსური დანაშაულის შემდეგ ემოციურად იტანჯება იგი ცდილობს შეცვალოს მის მიერ ჩადენილი შედეგები, მაგრამ აღმოჩნდება დროისა და სინანულის მახეში.
წიგნი იკვლევს არა მხოლოდ სიკვდილის ბიოლოგიურ ასპექტს, არამედ ადამიანის შინაგან ბრძოლას სინათლესა და სიბნელეს შორის, სინანულსა და იმედს შორის. პერსონაჟი თითქოს დროში გაყინულია, არსებობის წრეზე დახეტიალობს და დასასრული, თითქოს თავად უნდა იპოვოს. ჩემთვის სიკვდილმისჯილმა პერსონაჟმა რეალური დროისა და სივრცისგან განცალკევებულის შთაბეჭდილება დატოვა.
მე პირადად აღმოვაჩინე, რომ ქართული სამეცნიერო ფანტასტიკა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცოტაა, მაინც სავსეა მარგალიტებით. ალექსანდრე აბაშელი ციფრულ კომუნიკაციას წინასწარმეტყველებს. საინტერესოა, ახლა რომ ეცხოვრა სმარტფონების ერაში, ალბათ როგორი ამაყი იქნებოდა მისი აზრებით. დათო სამნიაშვილი გვაფიქრებს სად გადის ზღვარი რეალობას და სრულყოფილ ვირტუალურ სამყაროს შორის. ალბათ ყველამ ვინც მოქსი წაიკითხა, ერთხელ მაინც იფიქრა იმაზე, იცხოვრებდა თუ არა კარლ მოქსის მიერ შექმნილ სამყაროში. ხოლო ჩომახიძე კი გვიყვება მომავალზე, რომელიც მალე გარდაუვალი გახდება, თუ არ დავფიქრდებით, თუ არ შევჩერდებით და თუ ისევ ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლას გავაგრძელებთ.