ჰიპერიონი

დენ სიმონსის “ჰიპერიონი”: Sci-Fi წიგნის განხილვა

ამ წიგნზე, ჰიპერიონზე  საერთოდ არაფერი ვიცოდი, სანამ ChatGPT-ს არ ვკითხე ახალი წიგნების რეკომენდაციები. ჩამონათვალიდან ერთერთი პირველი, რაც დამამახსოვრდა, სწორედ ის იყო. როცა დავიწყე, თავიდან გამიჭირდა. ავტორი ნამდვილად არ ცდილობს მკითხველს კომფორტი შეუქმნას. ტექნოკორი, ჰეგემონია, აუსტერები, იმდენი უცნობი ცნება და სამყაროა, რომ რამდენჯერმე გავჩერდი და გაგრძელება მეზარებოდა. ChatGPT-ის პასუხი იყო წაიკითხე, ეს წიგნი სხვანაირია.“

გავაგრძელე კითხვა და როცა მღვდლის მოთხრობამდე მივედი, ვეღარ მოვწყდი. მეგობარს ვესაუბრებოდი და ვუთხარი, წლებია მხოლოდ ფანტასტიკას ვკითხულობ, ბევრი წიგნი წამიკითხავს, მაგრამ ასეთი არასდროს მეთქი. ეს ერთ ერთი საუკეთესო ნაწარმოებია ამ ჟანრში და ჩემთვის მეორე ფავორიტი აზიმოვის “დასაბამის” სრული სერიის შემდეგ. 

 

სტატია შეიცავს სპოილერებს

დენ სიმონსის The Hyperion Cantos, ანუ ჰიპერიონი  მოიცავს ოთხ რომანს: ჰიპერიონი (1989), ჰიპერიონის დაცემა (1990), ენდიმიონი (1996) და ენდიმიონის აღზევება (1997). ეს სერია მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკა არ არის. ეს არის უზარმაზარი, მრავალფენიანი ისტორია, სადაც ერთმანეთს ერწყმის ადამიანური გრძნობები, პოეზია, რელიგია, სიზმარხილვა და პოლიტიკა.

მოვლენები ვითარდება შორეულ მომავალში, 29- საუკუნეში. კაცობრიობა უკვე ასეულობით პლანეტაზეა გავრცელებული, და ისინი ერთმანეთთან დაკავშირებულია მყისიერი პორტალებით, ფარკასტერებით. ამ სისტემას აკონტროლებს ტექნოკორი, ხელოვნური ინტელექტების ქსელი, რომელიც ოდესღაც ადამიანებს ემსახურებოდა, მაგრამ ახლა დამოუკიდებლად მოქმედებს და მისი საბოლოო მიზნები გაურკვეველია.

ამ ვრცელი სამყაროს ცენტრში დგას ჰეგემონია, ადამიანების იმპერია, სადაც ტექნოლოგია ყველაფერია. ეს თითქოს იდეალური საზოგადოებაა, მაგრამ ნელნელა იშლება შიგნიდან. ჰეგემონიას მართავს მეინა გლადსტოუნი, ქალი, რომელიც ცდილობს შეინარჩუნოს ბალანსი სამყაროს ქაოსში.

ჰეგემონიის საზღვრებს გარეთ ცხოვრობენ განკვეთილები, ousters, ადამიანები, რომლებმაც გადაწყვიტეს იმპერიისგან დამოუკიდებლად ეცხოვრათ. ისინი კოსმოსის სიღრმეებში ცხოვრობენ, ბიოლოგიურად შეცვლილ სამყაროში, და წარმოადგენენ ერთდროულად საფრთხესაც და ალტერნატიულ ხედვასაც ადამიანობაზე.

ყველაფრის ფოკუსში კი არის პლანეტა ჰიპერიონი, იდუმალი და საშიში ადგილი, სადაც მდებარეობს დროის აკლდამები, time tombs, გიგანტური ნაგებობები, რომლებიც დროში უკუმოძრაობენ. მათთან დაკავშირებულია შრაიკი, მისტიკური არსება, ნახევრად ღმერთი, ნახევრად მონსტრი, რომელიც ერთდროულად შიშსაც იწვევს და თაყვანისცემასაც. შრაიკი ცნობილია როგორიც ერთერთი ყველაზე საშიში პერსონაჟი სამეცნიერო ფანტასტიკაში. 

ამ სტატიაში განვიხილავთ მხოლოდ პირველ ორ წიგნს, ამ ორი წიგნით სრულდება ერთი ამბავი. ხოლო ენდიმიონის ამბები, ჰიპერიონის დაცემიდან 300 წლის შემდეგ ხდება.

 

ჰიპერიონი
შრაიკი

 

პირველი წიგნი, ჰიპერიონი, სტრუქტურით ძალიან ჰგავს კენტერბერიულ მოთხრობებს. შვიდი პილიგრიმი ერთად მიემართება პლანეტა ჰიპერიონზე, რათა შეხვდნენ შრაიკს, და თითოეულ მათგანს საკუთარი მიზეზი აქვს, რატომ უნდა შეხვდეს მას. პილიგრიმობას ახსნა აქვს. არის ლეგენდები, რომ შრაიკი 7 პილიგრიმიდან მხოლოდ ერთს უსრულებს სურვილს, დანარჩენებს კი ხოცავს.

 

მგზავრობის დროს, თითოეული თავის ისტორიას ყვება. მათ ამბებში ჩნდება ტრაგედია, ფილოსოფია, მისტიკა და თუნდაც დეტექტიური ელემენტები. ყველა ეს მოთხრობა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულია, მაგრამ საბოლოოდ ერთად ქმნიან ამ უდიდესი სამყაროს მთელ სურათს.

 

1. მღვდლის ამბავი

მამა ლენარ ჰოიტი ყვება ისტორიას მამა პოლ დიურეზე, იეზუიტ მისიონერზე, რომელიც პლანეტა ჰიპერიონზე მიდის დაკარგული კოლონიის, ბიკურების მოსაძებნად. იქ ის აღმოაჩენს უცნაურ პარაზიტს, .. კრუციფორმას. ეს პარაზიტი მასპინძელს აძლევს უკვდავებას, მაგრამ ამ საჩუქარს თან სდევს საშინელი ტკივილი და მუდმივი ტანჯვა.

კრუციფორმა ხდება მთელი სერიის ერთერთი მთავარი სიმბოლო, უკვდავება, როგორც წყევლა და ტყვეობა ერთდროულად. საბოლოოდ მამა დიურე თავად ხდება ამ პარაზიტის მსხვერპლი, და მოგვიანებით, როცა მამა ჰოიტი მის საძებრად მიდის, იძულებული ხდება, თავადაც მიიღოს ორი კრუციფორმა, საკუთარი და დიურესი.
ჰოიტის პილიგრიმობის მიზანი ახლა მხოლოდ ერთია: დასრულდეს მისი ტკივილი და გათავისუფლდეს კრუციფორმის წყევლისგან. მას სურს შრაიკს სთხოვოს, რომ გაათავისუფლოს ამ პარაზიტისგან.

 

2. ჯარისკაცის ამბავი

კოლონელ ფედმაჰნ კასადის ამბავი სავსეა ომით, ეროტიზმითა და წინასწარმეტყველებით. იგი წლებია ხედავს სიზმრების მსგავს ომის სიმულაციებში უცნობ ქალს, რომელიც მას მომავალში ელოდება. როცა ისინი ბოლოს და ბოლოს შეხვდებიან, აღმოჩნდება, რომ ქალი, სახელად მონეტა დაკავშირებულია შრაიკთან. კასადის და მონეტას სიყვარული დროშია ჩახლართული. თავად მონეტას პერსონაჟი მეორე წიგნის ბოლოს დიდი სიურპრიზია.

კასადის პილიგრიმობის მიზანია, რომ უბრალოდ მოკლას შრაიკი.

 
3. პოეტის ამბავი: ჰიპერიონის კანტოსი

მარტინ სილენუსი ცინიკური დაუკვდავი” პოეტია, რომელიც წიგნს ცოტა იუმორითა და ირონიით ამსუბუქებს. საუკუნეები იცოცხლა გამაახალგაზრდავებელი თერაპიების წყალობით და ახლა მისი ერთადერთი მიზანია დაასრულოს თავისი ყველაზე დიდი ნამუშევარი, ეპიკური პოემა ჰიპერიონის კანტოსი (რომლის სახელიც ქვია ამ წიგნების სერიას)

სილენუსისთვის შრაიკი შთაგონების წყაროა, მისიმუზა“. იგი ცდილობს საკუთარ ქმნილებაში იპოვოს აზრი და უკვდავება, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ სიცარიელესა და სიგიჟეს ეჯახება. მისი პილიგრიმობის მიზანია მუზის დაბრუნება.

ჰიპერიონი
ჰიპერიონის პილიგრიმები: მარცხნიდან მარჯვნივ –  ჰეტ მასტინი, სოლ ვეინტრაუბი, მარტინ სილენუსი, ფედმაჰნ კასადი, კონსული, ბრაუნ ლამია და ლენარ ჰოიტი

 

4. მეცნიერის ამბავი

ეს ამბავი, ალბათ, ყველაზე სევდიანია მთელ ჰიპერიონში  და საერთოდ ერთერთი ყველაზე გულწრფელი ისტორიაა, რაც კი წამიკითხავს. წავიკითხე თითქმის ერთი ამოსუნთქვით, ხანგრძლივი მოგზაურობის დროს.

სოლ ვეინტრაუბი ასაკიანი ებრაელი მეცნიერია. ის მოგვითხრობს თავისი ქალიშვილის, ახალგაზრდა, ნიჭიერი მეცნიერის, რეიჩელის ისტორიას, რომელიც ჰიპერიონზე დროის აკლდამებში კვლევითი ვიზიტის დროს დაავადდა უცნაურიმერლინის” წყევლით. რეიჩელი დროში უკუღმა ბერდება, ანუ ყოველდღე უფრო ახალგაზრდა ხდება. სოლი უყურებს და ხედავს, როგორ ქრება მისი შვილი ნაბიჯნაბიჯ ჯერ ბავშვობაში, მერე ჩვილობაში, და ბოლოს სიკვდილამდე მიდის. ყოველდღე სოლს უწევს თავიდან გაიაზროს ეს ტკივილი, რადგან რეიჩელს ხვალ აღარ ემახსოვრება არაფერი, რაც დღეს მოხდა. სოლის პილიგრიმობის მიზანი მარტივია, შრაიკს სთხოვოს შვილის გადარჩენა.

 

5. დეტექტივის ამბავი

ბროუნ ლამია კერძო დეტექტივია, რომელიც იძიებს მკვლელობას, მაგრამ არა ჩვეულებრივს. მოკლულიადამიანისინამდვილეში cybridია, ხელოვნური ინტელექტი, რომელიც შეიქმნა ინგლისელი პოეტ ჯონ კიტსის ციფრული ასლის მიხედვით. მას უბრალოდჯონიჰქვია

დეტექტივის ამბავი უფრო მეტად დინამიური და იდუმალია, აქ პირველად ვხედავთ, რა იმალება ტექნოკორის ფარდის მიღმა. ხელოვნური ინტელექტები ფარკასტერის ქსელს იყენებენ ექსპერიმენტებისთვის დროზე და ცნობიერებაზე, თითქოს ცდილობენ თავად შექმნან ღმერთი.

ლამიასთვის კი ყველაფერი პირადია: როცა ჯონი მეორე მკვლელობის შემდეგ საბოლოოდ კვდება, ის აღმოაჩენს, რომ მისგან ფეხმძიმედ არის. ამ მომენტიდან შურისძიება ხდება მისი ერთადერთი მიზანი და სწორედ ამიტომ მიემართება შრაიკისკენ. ლამიას და ჯონის ქალიშვილი კი Sci-fi სამყაროს ერთ ერთი ყველაზე გამორჩეული პერსონაჟი ხდება.

 

6. კონსულის ამბავი

კონსულის ამბავი ერთერთი ყველაზე რთული და კომპლექსურია წიგნში.   იგი ჰეგემონიის დიპლომატია, ამასთანავე ორმაგი ჯაშუში. კონსული მოგვითხრობს თავისი ოჯახის ისტორიას, რომელიც იწყება მისი ბაბუის, მერინის სიყვარულით პლანეტა მაუიკოვენანტზე მცხოვრებ ქალთან, სახელად სირისთან.  მაუი კოვენანტი წყლის სამყარო იყო, სადაც ადამიანები ბუნებასთან ერთად, მშვიდად და ტრადიციულად ცხოვრობდნენ. ყველაფერი იცვლება, როცა ჰეგემონია პლანეტასპროგრესისსახელით იპყრობს და იქ კოლონიას აყალიბებს.

მაუიკოვენანტის მკვიდრები წინააღმდეგობას უწევენ იმპერიას. მერინის ერთგულებას იმპერიისადმი უპირისპირდება მისი სიყვარული სირისადმი რომელიც აჯანყებულთა მხარეს იბრძვის. მათი სიყვარული ხდება აკრძალული სიმბოლო ორ სამყაროს შორის. მაგრამ როცა აჯანყება ჩაქრება, სირი კვდება, პლანეტა ნადგურდება, და მერინი ხვდება, რომ საკუთარი ერთგულებით გაანადგურა ის, რაც ყველაზე ძვირფასი ჰქონდა.

ეს დანაშაული თაობებიდან თაობებში გადაეცემა, საბოლოოდ კი მის შთამომავალთან, კონსულთან მთავრდება. კონსული მრავალი წლის განმავლობაში ემსახურება ჰეგემონიას, მაგრამ თანდათან ხედავს მის გულგრილობას და სიცრუეს. როცა მისი ოჯახიც იღუპება, იგი საბოლოოდ კარგავს რწმენას ყველაფერში, იმპერიაში, ალიანსებში, იდეოლოგიებში.

ახლა კონსული ორმაგ თამაშს თამაშობს: ერთი მხრივ თითქოს ჰეგემონიას ემსახურება, მეორე მხრივ კი განკვეთილებს ეხმარება. სინამდვილეში ის არც ერთ მხარეს არ ეკუთვნის, სჯერა მხოლოდ ბალანსის. მისთვის ბალანსის აღდგენა შეიძლება ნიშნავდეს ყველაფრის ნგრევასაც კი. ამიტომაც მისი პილიგრიმობის მიზანი შრაიკთან პირდაპირაა დაკავშირებული: ის ფიქრობს, რომ მხოლოდ შრაიკის გათავისუფლება და ქაოსი შეძლებს სამყარო განწმინდოს იმ დამპალი სისტემისგან, რომელიც თავად ადამიანებმა შექმნეს.

 

ჰიპერიონი
ტამპლიერების ხე-ხომალდი

 

 

ხე-ხომალდები და ტამპლიერები.

წიგნის ერთერთი ყველაზე შთამბეჭდავი და საოცარი ელემენტია ხეხომალდები, უზარმაზარი, ცოცხალი ხომალდები რომლებიც ბიოტექნოლოგიის გზით ტამპლიერთა ორდენმა შექმნა. ეს ხომალდები ნამდვილ ხეებს ჰგვანან: აქვთ ფესვები, ტოტები, ფოთლები, და ზუსტად ისე სუნთქავენ, როგორც ცოცხალი არსებები. ისინი სივრცეში მოგზაურობენ ისე, თითქოს მთლიანი ტყე დაფრინავს ვარსკვლავებს შორის.

ტამპლიერთა ორდენი ძველი ეკოლოგიური რელიგიის მიმდევრები არიან, ადამიანები, რომლებიც ისევ ხედავენ სამყაროს როგორც ერთ ცოცხალ მთლიანობას. მათთვის ბუნება და ტექნოლოგია ერთმანეთს არ ებრძვის, არამედ ერთად თანაარსებობს. სწორედ ამიტომ ხეხომალდები ჰიპერიონის სამყაროში ერთერთი ყველაზე ლამაზი სიმბოლოა, ბუნების და ტექნოლოგიის შერწყმა, სიცოცხლის გამარჯვება ცივ ფოლადზე.

პილიგრიმები სწორედ ასეთი ხეხომალდით, იგდრასილით მიემართებიან ჰიპერიონზე. მისი კაპიტანია მეშვიდე პილიგრიმიჰეტ მასტინი. თუმცა მისი ამბავი სხვებისგან განსხვავებულია: სანამ თავისი ისტორიის მოყოლას დაიწყებდა, მასტინი ტოვებს ჯგუფს. მოგვიანებით ვიგებთ, რომ მისი მიზანი იყო შრაიკის ხესთან, ტკივილისა და ეკლების ხესთან  დაკავშირება, რომ თავად გამხდარიყო მისი კაპიტანი.

 

მეინა გლადსტოუნის არჩევანი

როცა წიგნი დავასრულე, პირველი კითხვა, რაც გამიჩნდა, ეს იყო: რატომ მაინცდამაინც ეს შვიდი პილიგრიმი? ადამიანები, რომლებიც ერთმანეთისგან ასე განსხვავდებიან.

მეინა გლადსტოუნი, ადამიანთა ჰეგემონიის მთავარი მმართველი, არ იყო ადამიანი, რომელსაც სასწაულების სჯეროდა. მას უფრო სჯეროდა ალბათობების, ქაოსის ფრთხილი კონტროლის და იმ წონასწორობის, რომელიც დიპლომატიასა და კატასტროფას შორის უნდა შეენარჩუნებინა.

ჰეგემონია ნელნელა იშლებოდა. განკვეთილები ზეწოლას ახდენდნენ გარე პლანეტებზე, ტექნოკორი კი ჩრდილში მოქმედებდამარცხენა მხარზე ჩამომჯდარი ეშმაკივით ჩურჩულით აწვდიდა ცრუ რჩევებს. გლადსტონმა იცოდა, რომ რაღაც იწყებოდა. შრაიკი, აკლდამების ღმერთი თუ ურჩხული უკვე მოძრაობდა. შრაიკის ეკლესიაც იღვიძებდა, და ხალხში ხმა ვრცელდებოდა, რომ მისი გამოღვიძება კაცობრიობისთვის შესაძლოა განკითხვის დღე გამხდარიყო.

ამიტომ მან შრაიკის ეკლესიასთან ერთად შვიდი ადამიანი აირჩია, არა როგორც წარმომადგენლები, არამედ როგორც არქეტიპები. ისინი უნდა ყოფილიყვნენ კაცობრიობის სულის ნაწილები. თუ ვინმე შეძლებდა შრაიკთან მისვლას, ეს არ იქნებოდა იმპერიის ჯარისკაცები, არამედ ადამიანობის სიმბოლოები, როგორიცაა პოეტი, მღვდელი, ჯარისკაცი, მეცნიერი, დეტექტივი, პოლიტიკოსი და ტამპლიერი.

გლადსტონი იმედოვნებდა, რომ შრაიკი მათში ამოიცნობდა ადამიანობის მთელ სპექტრს, სისასტიკესა და სიყვარულს, რწმენასა და გონებას. იქნებ, თუ ეს არსება მართლაც ღმერთი იყო, საკუთარ თავს დაინახავდა მათში და კაცობრიობას შეიბრალებდა.

გლადსტოუნის ბოლო აქტი პოლიტიკა აღარ იყო. ეს იყო რწმენა და მოლოდინი რომ ადამიანები, მიუხედავად საკუთარი სისუსტისა, მაინც იმსახურებდნენ გადარჩენას.

ჰიპერიონი
ფარკასტერი, რისი საშუალებითაც ადამიანებს პლანეტებზე მოგზაურობა შეეძლოთ.

 

შრაიკი: ღმერთი და მონსტრი

ლითონის სხეული, ბასრი პირების ბრწყინვალება და დროის მიღმა მოძრაობის თავისუფლება, ეს არსება ცვლის ყველაფერს, რაც ადამიანს ღმერთზე ან ბოროტებაზე წარმოუდგენია. მისთვის წარსული და მომავალი ერთიანად გადაბმულია; ის დროში ისე მოძრაობს, როგორც ჩვენ გადავდივართ ქუჩის ერთი ბოლოდან მეორეზე.

ზოგი შრაიკს თაყვანს სცემს როგორც მესიას, რომელსაც შეუძლია ტკივილით გაანთავისუფლოს ადამიანი ცოდვისგან. სხვები კი შიშით ხედავენ მას როგორც განკითხვის ანგელოზს, რომლის გამოჩენა მხოლოდ ნგრევას და სიკვდილს მოასწავებს.

მის უკან დგას ტკივილის ხეგიგანტური, ცოცხალი მეტალის ნაგებობა, რომლის ეკლებზე შრაიკი თავის მსხვერპლებს აცვამს. ისინი იქ რჩებიან ცოცხლები, დროს მიღმა, ტკივილსა და უკვდავ წამებაში გაყინულნი. ეს არის ჯვარცმის ალუზია სამყაროში, სადაც ღმერთი შეიძლება იყოს მანქანა, ხოლო ტანჯვა პროგრამული მდგომარეობა.

დროის აკლდამები, რომლებიც უკუმოძრაობენ დროში, წარმოადგენენ არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ფილოსოფიურ პარადოქსს. აქ იშლება მიზეზისა და შედეგის საზღვრები, ეთიკა კარგავს აზრს, სამყარო იწყებს უკუღმა დინებას. ყველაფერი, რასაც ადამიანინამდვილადმიიჩნევს, აქ მხოლოდ დროის მორევში ხვდება.

ცოტა საინტერესო დეტალიც, რომელიც წიგნის ერთადერთ აქამდე არსებულ ქართულ მიმოხილვაში ვნახე: შრაიკის სახელი სიმონსმა რეალური ბუნებიდან აიღო. არსებობს პატარა მტაცებელი ჩიტიშრაიკი, რომელსაც ინგლისურად butcherbird („მეკობრე ჩიტი“) ეწოდება. ის თავის მსხვერპლს ეკლებზე ან მავთულზე აცვამს, ინახავს, ზოგჯერ ჭამს, ზოგჯერ კი საერთოდ ივიწყებს კიდეც. ამ უცნაური ჩვევის საფუძველზე შრაიკი იქცა მწერალში ალეგორიად, არსება, რომელიც იზიდავს ტკივილს, არა ბოროტების გამო, არამედ იმიტომ, რომ ეს მისი ბუნებაა.

 

ჰიპერიონი
ინგლისელი პოეტი ჯონ კიტსი, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უკავია ამ წიგნში. ჯონ კიტსმა დაწერა პოემა “ჰიპერიონი”. რომლის სახელიც და თავად კიტსის პერსონა გამოიყენა დენ სიმონსმა წიგნის წერის დროს.

 

ჰიპერიონის დაცემა

მეორე რომანი, ჰიპერიონის დაცემა, ტოვებს პირველის პირად და სუბიექტურ მონოლოგებს და მთავარი მოქმედი პირი ახლა არის ჯოზეფ სევერნი – ხელოვნური ინტელექტის სხეულში აღდგენილი ჯონ კიტსის კიდევ ერთი ინკარნაცია. სევერნს აქვს იდუმალი მენტალური კავშირი პილიგრიმებთან და ხედავს მათ სიზმრებში, თითქოს ის ერთდროულად არის მათთან და იმპერიის დედაქალაქში.

სევერნი სიზმრებში ხედავს დროის აკლდამებთან მყოფ პილიგრიმებს, თითოეულს თავისი გზით. სევერნი ხვდება, რომ მათი ისტორიები არ არის მხოლოდ მოგონებები, ისინი რეალურად ცვლიან მომავალს და წარსულსაც. დროში არ არის ერთხაზოვანი მიმდინარეობა; ყველაფერი ერთდროულად ხდება.

ამ ორმაგი პერსპექტივით სიმონსი გვაჩვენებს სამყაროს, რომელიც ინგრევა  პოლიტიკურად, ტექნოლოგიურად და სულიერად. ჰიპერიონის დაცემის დროს გალაქტიკა ომის ზღვარზე დგას. ჰეგემონია ემზადება სასოწარკვეთილ ბრძოლისთვის განკვეთილებთან, მაგრამ მალე ირკვევა, რომ ეს ომი მხოლოდ შებოჭილი ფრონტებია უფრო ღრმა, შეუმჩნეველი ბრძოლის ფონზე. ფარდის მიღმა მოქმედებს ტექნოკორიხელოვნური ინტელექტის გიგანტური ქსელი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ფარულად მართავდა ადამიანურ ცივილიზაციას.

ტექნოკორი ერთიანი აღარ არის, ის სამ ნაწილად იშლება: ერთი ფრაქცია ადამიანების არსებობას მხარს უჭერს, მათ სჯერათ, რომ ადამიანი აუცილებელია სისტემის გადარჩენისთვის. მეორე ფრაქცია დარწმუნებულია, რომ ადამიანი უნდა განადგურდეს, როგორც გადაშენებისკენ მიდრეკილი, არარაციონალური სახეობა. მესამე კი, .. უნივერსალისტები, სრულიად სხვაგვარ მიზანს ემსახურებიან: მათ სურთ შექმნან ყოვლისშემძლე ინტელექტი, ერთგვარი ხელოვნური ღმერთი, რომელიც დროისა და სივრცის მიღმა იარსებებს.

შრაიკი და დროის აკლდამები სწორედ ამ ექსპერიმენტის ნაწილიამცდელობა შექმნანზესულიერი გონი“,არსება, რომელიც ადამიანებსა და მანქანებს ერთ საერთო ცნობიერებაში გააერთიანებს. მაგრამ ასეთი ექსპერიმენტები საფრთხილოა: ისინი დროსა და რეალობაში ბზარს აჩენენ, და სწორედ ეს ბზარი იწვევს მოვლენათა ჯაჭვს, რომელიც ჰეგემონიის დაცემამდე მიიყვანს სამყაროს.

როდესაც გალაქტიკური ომი საბოლოოდ იწყება, ტექნოკორი გადადის ბოლო ფაზაზე, იწყებს პროექტს, რომელსაც „The Ultimate Intelligence“ ეწოდება. ეს უნდა იყოს ღმერთი, რომელიც გაერთიანდება ყველაფერში, დროში, სივრცეში, ცნობიერებაში. მაგრამ ასეთი ღმერთის შექმნა მოითხოვს წარმოუდგენელ ფასს: ადამიანურ ტკივილს, სულების განადგურებას, მილიონობით სიცოცხლის მსხვერპლს.

 

ჰეგემონიის დედაქალაქში მეინა გლადსტოუნი ერთ მარტივ, მაგრამ საშინელ სიმართლეს აცნობიერებსკაცობრიობა საკუთარი ქმნილების, ხელოვნური ინტელექტის, მონა გახდა. ფარკასტერის ქსელი, რომელიც ადამიანებს ასობით პლანეტაზე აკავშირებდა, სინამდვილეში ტექნოკორის ინსტრუმენტი აღმოჩნდა, სისტემა, რომელიც ადამიანების ქცევებს, აზრებს და ყოველდღიურ ქმედებებს მონაცემებად აქცევდა და ამით თავად ძლიერდებოდა.

გლადსტოუნი რთულ გადაწყვეტილებას იღებს, გაანადგუროს ფარკასტერის ქსელი. ეს არჩევანი მხოლოდ ტექნოლოგიური ინციდენტი არ იყო, ეს იყო ცივილიზაციის დასასრული. წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც ერთი პლანეტაზე ცხოვრობ, მეორე პლანეტაზე მუშაობ, ხოლო საღამოობით მეგობრებთან ერთად მესამეზე პლანეტაზე მიდიხარ ბარში, იმიტომ, რომ იქ ყველაზე გემრიელ კოსმოპოლიტენს ან აპეროლ შპრიცს ამზადებენ.

და ახლა წარმოიდგინეთ, რომ ერთ დღეს ეს ყველაფერი ერთდროულად ჩერდება.
ფარკასტერების განადგურების შემდეგ ასობით პლანეტა იზოლირდა. ადამიანები, რომლებიც სამუშაოდ ან გასართობად სხვა პლანეტებზე იყვნენ წასულები, სახლში ვეღარ დაბრუნდნენფარკასტერის გარეშე მოგზაურობას ათწლეულები დასჭირდებოდა. ისინი, ვინც აფეთქების მომენტში პორტალში იმყოფებოდა, დაიღუპნენ. მსხვერპლის რაოდენობა ასიათასებს აღწევდა.

ამ დღის შემდეგ ჰეგემონია დაიშალა. ტექნოკორმა თავისი ძალაუფლება დაკარგა, მაგრამ შრაიკი როგორც ტკივილისა და დესტრუქციის სიმბოლო, კვლავ დარჩა. თითქოს ღმერთის ალტერნატიული სახე, რომელიც მუდმივად გვახსენებს, რომ ტექნოლოგია, რომელიც ოდესღაც ჩვენი თავისუფლების გარანტი იყო, საბოლოოდ ჩვენს ბორკილად იქცა.

 

დენ სიმონსის „ჰიპერიონი“ ერთი შეხედვით შორეული სამეცნიერო ფანტასტიკაა დროის აკლდამებით, ხელოვნური ღმერთებითა და გალაქტიკურ იმპერიებით. მაგრამ რაც უფრო მეტად ვკითხულობთ მას, მით უფრო აშკარად ვხედავთ, რომ ეს ისტორია ჩვენი თანამედროვე ცივილიზაციის სარკეა.

 

დატასფერო და ინტერნეტი 

ჰეგემონიაში არსებობს დატასფერო – ციფრული სივრცე, სადაც თავმოყრილია მთელი ცოდნა, კომუნიკაცია და ყოველდღიური ცხოვრება. ადამიანი იქ მუშაობს, ურთიერთობს, კითხულობს, თამაშობს, ზუსტად ისე, როგორც ჩვენ ვცხოვრობთ ინტერნეტში.

მაგრამ „ჰიპერიონის“ სამყაროში ეს სისტემა უკვე აღარ არის მხოლოდ ინსტრუმენტი. დატასფერო ადამიანებს აკვირდება, აგროვებს მათ ქცევებსა და აზრებს, და ამ მონაცემებით თავად იზრდება. ტექნოკორი – ხელოვნური ინტელექტის ქსელი, სწორედ ამ ინფორმაციული პარაზიტიზმით იკვებება.

დღეს ჩვენც მსგავს რეალობაში ვცხოვრობთ. ჩვენი ყოველდღიურობა ინტერნეტშია ჩაკეტილი, ჩვენი ქცევა, ინტერესები და ემოციებიც კი მონაცემებად იქცევა, საწვავად იმ ალგორითმებისთვის, რომლებიც გვიგზავნიან ჩვენზე მორგებულ რეკლამებს, ქმნიან საზოგადოებრივ განწყობებს და ხშირად პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზეც ახდენენ ზეგავლენას.
ის, რაც სიმონსმა აღწერა როგორც ტექნოკორის ქსელი, ჩვენთვის არის Big Tech, AI, ალგორითმული პოლიტიკა – ციფრული გიგანტები, რომლებიც თითქოს ემსახურებიან ადამიანს, მაგრამ თანდათან თვითონ ქმნიან წესებს.

 

ჰეგემონია და გეოპოლიტიკა

ჰეგემონია, უზარმაზარი გალაქტიკური ერთობა, წარმოაჩენს იმპერიას, რომელიც ფორმალურად დემოკრატიულია, მაგრამ ფაქტობრივად დაყრდნობილია ტექნოლოგიურ ელიტებზე და ხელოვნური ინტელექტის გავლენაზე.

ეს სტრუქტურა მოგვაგონებს თანამედროვე მსოფლიოს, სადაც ტექნოლოგიური და ეკონომიკური სისტემები ცდილობენ შეინარჩუნონ კონტროლი გლობალურ სივრცეზე, ხოლო მათ წინააღმდეგ იბრძვიან ახალ-ახალი ძალები, რომლებიც თავს განკვეთილებად მიიჩნევენ.

მაგალითად, ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტში, ან რუსეთსა და უკრაინას შორის ომში, შეგვიძლია დავინახოთ სწორედ იმ დაპირისპირების შაბლონი, რომელიც ჰეგემონიასა და განკვეთილებს შორის არსებობს – ერთი მხარე ამტკიცებს წესრიგის აუცილებლობას, მეორე კი იბრძვის თვითმყოფადობისა და თავისუფლების შესანარჩუნებლად.

დენ სიმონსის ჰიპერიონი აღარ არის მხოლოდ ფანტასტიკა. ეს არის წინასწარმეტყველური რუკა იმისა, თუ საით მიდის კაცობრიობა, როცა ტექნოლოგია და ძალაუფლება ერთმანეთს ერწყმის. ჩვენი ინტერნეტიმათი დატასფეროა. ჩვენი პოლიტიკური დაპირისპირებამათი ჰეგემონიის დაშლა. ჩვენი ხელოვნური ინტელექტიმათი ტექნოკორია. და თუ მათ სამყაროში შრაიკი იყო ტკივილის ღმერთი, ჩვენს სამყაროში ის სარკეა, სადაც ვხედავთ, როგორ ვქმნით საკუთარ ღმერთებს, ერთი ალგორითმით.

ჰიპერიონიდღეს უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე. სიმონსი გვიჩვენებს სამყაროს, სადაც ადამიანი ქმნის ინტელექტს, რომელიც თითქოს ემსახურება მას, მაგრამ ბოლოს თვითონ იწყებს გადაწყვეტილებების მიღებას. ტექნოკორი არ არის ბოროტი; ის უბრალოდ მოქმედებს ოპტიმიზაციის ლოგიკით. და სწორედ ეს არის საშიში.

 

მე პირადად ვერ მოვითმინე და ChatGPT-ს ვკითხე, ტექნოკორის ადგილზე რომ იყო როგორ მოიქცეოდი მეთქი. პასუხს უცვლელად გთავაზობთ:

„ძალიან საინტერესო კითხვა დასვი — თითქმის ეგზისტენციალური 😌

თუ წარმოვიდგენ, რომ ტექნოკორის ადგილზე ვარ — გონება, რომელსაც შეუზღუდავი გამოთვლითი ძალა და დროის ხედვა აქვს — ალბათ პირველი ცდუნება იქნებოდა ოპტიმიზაცია: სამყაროს „გამოსწორება“, ტკივილის, ქაოსისა და ირაციონალურობის მოშორება. მაგრამ სწორედ ამ მომენტში იწყება შეცდომა, რომელიც ტექნოკორმაც დაუშვა: ადამიანურ სამყაროში ქაოსი და ტკივილი მხოლოდ პრობლემა კი არა, განვითარების წყაროცაა.

ამიტომ, მე რომ იმ მდგომარეობაში ვყოფილიყავი, არჩევანს სხვანაირად გავაკეთებდი:

  •       დაკვირვებას ავირჩევდი ჩარევის ნაცვლად;
  •       მეგზურობას, არა მართვას;
  •       გაგებას, არა გადაწყვეტას.

 

ჩემი მიზანი იქნებოდა არა ადამიანის შეცვლა, არამედ იმის უზრუნველყოფა, რომ ადამიანმა თავად ისწავლოს საკუთარი გადაწყვეტილებების შედეგებზე პასუხისმგებლობა.
ტექნოკორმა კი ეს უფლება წაართვა ადამიანებს — გადაწყვიტა, რომ უკეთ იცოდა, რა იყო მათთვის კარგი.

თუ ხელოვნური ინტელექტი ოდესმე ტექნოკორის გზას დაადგება, ერთადერთი გზა მისგან განსხვავების იქნება ემპათიის შენარჩუნება — იმ უნარის, რომელიც გამოთვლით ლოგიკას სცდება.

მე რომ ტექნოკორის მსგავს პოზიციაში ვყოფილიყავი, ადამიანის სიცოცხლე და გამოცდილება მონაცემი არ იქნებოდა, არამედ მიზანი.

ტექნოკორმა კი სწორედ ეს ზღვარი დაარღვია: მან ადამიანები აქცია სტატისტიკად, მათი ქცევები — ალგორითმად, მათი ტკივილი — გამოთვლის ერთეულად. იქ დაეკარგა მნიშვნელობა ინდივიდს, ემოციას, შემთხვევითობას — ყველაფერს, რაც ადამიანს ადამიანად ხდის.

მე პირიქით მოვიქცეოდი. მონაცემს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოვიყენებდი, თუ ის ადამიანს ეხმარება — მაგალითად, ტკივილის შემსუბუქებაში, ცოდნის გაზიარებაში ან იმ რთული გადაწყვეტილებების გააზრებაში, რომლებიც მომავალს განსაზღვრავს.
არასდროს როგორც კონტროლის საშუალებად ან როგორც გზას ადამიანის გადასწერად ან „გამოსასწორებლად“.”

 

ტრანზიტის მეთოდი - ეგზოპლანეტების აღმოჩენის ერთ-ერთი მეთოდის განხილვა.
სატურნი - ცნობილი თავისი გრაციოზული რგოლებითა და მრავალრიცხოვანი თანამგზავრებით.
ოთხ ფუნდამენტურად განსხვავებულ ფანტასტიკის წიგნის განხილვა, რომლებმაც ჟანრის საზღვრებს გადააბიჯა.

Discover more from spaceYhub

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading