როცა კოსმოსს ვუყურებთ და ვეკითხებით საკუთარ თავს — “მარტოები ვართ?” — ბუნებრივად ჩნდება მეორე კითხვა: როგორია ის პირობები, სადაც სიცოცხლე შეიძლება განვითარდეს?
დედამიწა ერთადერთი პლანეტაა, სადაც სიცოცხლის არსებობა დადასტურებულია. მაგრამ მისივე მაგალითზე მეცნიერებმა გამოყვეს კრიტერიუმები, რომლებიც სიცოცხლისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის საფუძველს ქმნიან. მოდი, განვიხილოთ რა ქმნის დედამიწას საცხოვრებლად ვარგისს:
პრაქტიკულად წრიული ორბიტა:
სიცოცხლისთვის აუცილებელია რომ პლანეტა ვარსკვლავს თითქმის წრიულ ორბიტაზე უვლიდეს გარს. ბევრი გიგანტი ეგზოპლანეტა გაწელილ ელიფსურ ორბიტაზე მოძრაობს. ასეთი გაწელილი ორბიტები იწვევს კლიმატის მკვეთრ ცვალებადობას: სეზონები შეიძლება უკიდურესად ცივი და ცხელი გახდეს, რაც არამხოლოდ სიცოცხლის განვითარებას, არამედ მის წარმოშობასაც აფერხებს. დედამიწა იღბლიანია, რადგან იუპიტერმა წრიული ორბიტა შეინარჩუნა და დედამიწაც მსგავს ორბიტაზე შენარჩუნდა

სტაბილური ღერძული დახრა:
პლანეტა უნდა ინარჩუნებდეს მეტნაკლებად სტაბილურ ღერძულ დახრას. დედამიწის ღერძული დახრა — დაახლოებით 23.5°, ქმნის სეზონებს. ეს დახრა დროის განმავლობაში მეტ-ნაკლებად სტაბილურია, რაც დედამიწის კლიმატს პროგნოზირებადსა და სიცოცხლისთვის ხელსაყრელს ხდის.
მარსზე, მაგალითად, ღერძი მილიარდი წლის განმავლობაში 60°-მდე მერყეობს, რაც კლიმატურ ქაოსს იწვევს. ჩვენი პლანეტის დახრა მეტნაკლებად სტაბილურია, რისთვისაც მადლობა მთვარეს უნდა ვუთხრათ. ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრი ზომით დედამიწას ბევრად არ ჩამორჩება, და ასეთ პატარა პლანეტაზე ასეთი დიდი ზომის მთვარე მეტნაკლებად „ამუხრუჭებს“ ღერძულ რყევებს.

წყალი, ოღონდ ზომიერად:
სიცოცხლისთვის, მითუმეტეს იმ სიცოცხლისთვის რომელსაც ჩვენ ვიცნობთ, საჭიროა წყალი, მაგრამ გარკვეული რაოდენობით. დედამიწაზე წყლის უმეტესი ნაწილი სავარაუდოდ ასტეროიდების შემოტანილია, რომლებიც ადრეულ დედამიწაზე ეცემოდნენ.
რაოდენობა გადამწყვეტია, რადგან ზედმეტმა წყალმა შეიძლება პლანეტის ზედაპირი სრულად დაფაროს და მივიღოთ ოკეანური პლანეტა, რომელთა არსებობა უკვე დადასტურებულია. ვარაუდობენ, რომ მთლიანად წყლით დაფარვის შემთხვევაში ოკეანის ფსკერზე ყინულის ფენა წარმოიქმნებოდა, რომელიც თხევად წყალს მინერალებით მდიდარ ქერქს დაააშორებდა. რაც ჩვენთვის ძალიან საწყენი იქნებოდა, რადგან სიცოცხლისათვის აუცილებელი ორგანული ნივთიერებები ოკეანეში ვეღარ მოხვდებოდა.
წყალბადით ღარიბი ატმოსფერო:
პლანეტამ არ უნდა შეინარჩუნოს წყალბადით მდიდარი, მკვრივი ატმოსფერო. მსგავსი პლანეტები ხშირად „მინი-ნეპტუნებად“ ყალიბდებიან გაზოვანი გიგანტების მსგავსად.
დედამიწამ ეს საფრთხე სწორედ იმიტომ აირიდა, რომ ნელა ჩამოყალიბდა, მზის ნისლიდან წყალბადი და ჰელიუმი უკვე გაბნეული იყო.
სწრაფი ფორმირების შემთხვევაში დედამიწა იქნებოდა გაზოვანი პლანეტა, სადაც ჟანგბადი ვერ დაგროვდებოდა და სიცოცხლის რთული ფორმები, მათ შორის ადამიანები, ვერ განვითარდებოდნენ.

ტექტონიკური ფილები:
დედამიწაზე კლიმატის რეგულაციაში უმნიშვნელოვანესი როლი ტექტონიკას აქვს. ვულკანები გამოყოფენ CO₂-ს, რაც ათბობს ატმოსფეროს. თბილ კლიმატში ხშირია წვიმები, რომლებიც CO₂-ს ჰაერიდან „ჩამორეცხავს“. ფილების მოძრაობა კი ამ აირს ლითოსფეროში აბრუნებს. ეს ციკლი ბუნებრივი თერმოსტატივით მუშაობს.
რადგან ვენერას არ გააჩნია მსგავსი დინამიკა, მისი კლიმატი უკონტროლოდ გადახურდა. დედამიწას კი ისევ მთვარემ უშველა. სავარაუდოდ ფილების მოძრაობა განაპირობა მთვარის წარმოშობის შედეგად მომხდარმა გიგანტურმა დაჯახებამ.

მაგნიტური ველი:
დედამიწის ძლიერი მაგნიტური ველი იცავს ჩვენს სიცოცხლეს მზის ქარისა და კოსმოსური ამინდისგან. მაგნიტური ველის წყაროა პლანეტის სითხეში მდებარე ბირთვი, სადაც კონვექციური დინებები ქმნის მაგნიტურ დინამოს.
პლანეტა ვენერა დედამიწის დობილია და ზომით ძალიან გავს ჩვენს მშობლიურ პლანეტას, თუმცა მას მაგნიტური ველი არ გააჩნია (თუ აქვს, ძალიან სუსტი)
მადლობა ისევ მთვარეს უნდა ვუთხრათ: ერთი თეორიის მიხედვით დედამიწის შიდა სტრუქტურა მთვარის წარმოქმნის შედეგად დაიშალა და გამრუდდა, რამაც ბირთვის და მანტიის მოძრაობა გამოიწვია და შედეგად მაგნიტური ველი და ტექტონიკაც წარმოიშვა.
ამ კოსმოსური კატასტროფის გარეშე, შეიძლება დედამიწა მარსივით უსიცოცხლო კლდოვან ცხელ სამყაროდ დარჩენილიყო.

მანძილი ვარსკვლავიდან:
პლანეტა უნდა მდებარეობდეს ვარსკვლავიდან/მზიდან სწორ მანძილზე, ე.წ. საცხოვრებელ ზონაში. ბევრ ეგზოპლანეტურ სისტემაში პლანეტები ვარსკვლავთან ძალიან ახლოს მოძრაობენ, რადგან პროტოპლანეტურ დისკში, ევოლუციასთან ერთად დისკის შიდა მიმართულებით მიგრირებენ.
დედამიწა ამ პროცესს გადაურჩა, ნელა ჩამოყალიბდა და პატარა დარჩა, სავარაუდოდ იუპიტერმა დაბლოკა გარედან შემომავალი მტვერი და გაზი და ხელი შეუშალა დედამიწის სწრაფ ფორმირებას. თუკი იუპიტერი გამოიჩენდა თავს და მზისკენ ახლოს მიიწევდა, მაშინ დედამიწა ან მზეს მიუახლოვდებოდა, ან იუპიტერი მას სისტემიდან გარეთ კინწისკვრით გააგდებდა.
ამჯერად მადლობა სატურნს უნდა ვუთხრათ, რომელმაც თავისი გრავიტაციული ზეგავლენის შედეგად იუპიტერს ამის გაკეთების საშუალება არ მისცა
დედამიწის უნიკალურობა იმაში კი არ მდგომარეობს, რომ იგი ერთ კონკრეტულ კრიტერიუმს აკმაყოფილებს — არამედ იმაში, რომ ყველა კრიტერიუმი ერთდროულად და სრულყოფილად დაემთხვა.
წრიული ორბიტა, სტაბილური დახრა, წყლის ზუსტი ოდენობა, ფრთხილად ფორმირებული ატმოსფერო, აქტიური გეოლოგია, მაგნიტური ველი და ბინადრობის ზონა — ეს ყველაფერი ერთად ქმნის სიცოცხლისთვის ხელსაყრელ პირობებს.