ქალი კომპიუტერები spaceyhub

Hidden Figures: NASA-ს შავკანიანი ქალი კომპიუტერები და რეალური ისტორია

1960-იან წლებში, ყოველი კოსმოსისკენ გაფრენილი ასტრონავტის უკან იდგა ქალ მათემატიკოსთა გუნდი, რომელსაც იმ დროისათვის „კომპიუტერებს“ უწოდებდნენ. ადრეულ კოსმოსურ პროგრამებში მონაცემების დამუშავება და ანალიზი სწორედ ამ ადამიანური კომპიუტერების შრომას ემყარებოდა. ეს კომპიუტერები უმეტესად ქალები იყვნენ, მათგან კი ბევრი შავკანიანი ქალი. მათი ზუსტი და ფრთხილი გამოთვლები გადამწყვეტი აღმოჩნდა: სწორედ მათმა მუშაობამ შეუწყო ხელი ამერიკას, რომ დაეძლია მეტოქე და მოეგო კოსმოსური რბოლა.

„კომპიუტერების“ მუშაობა ნასაში და მის წინამორბედში National Advisory Committee on Aeronautics (NACA) დიდწილად უხილავი რჩებოდა. ოფიციალურ ანგარიშებში მათი სახელები არ ფიქსირდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ისინი ასრულებდნენ გადამწყვეტ როლს და ხშირად მუშაობდნენ უფრო სწრაფად და ზუსტად, ვიდრე თავად ინჟინრები.

მათი შრომის ანაზღაურება მცირე იყო: 1940-იან წლებში ქალი კომპიუტერები წელიწადში დაახლოებით 1440–1620 დოლარს იღებდნენ, რაც იმ დროისათვის მამაკაც კოლეგებთან შედარებით 40%-ით ნაკლები იყო. ახალბედა ინჟინრებისგან განსხვავებით, რომლებიც მსგავს სამუშაოს ასრულებდნენ და დაწინაურების პერსპექტივა ჰქონდათ, კომპიუტერებს კარიერული წინსვლის გზა არ ეძლეოდათ.

მიუხედავად ამისა, მათი ანაზღაურება მაინც უფრო მაღალი იყო, ვიდრე მდივნების და მბეჭდავების, რაც იმ დროისათვის ქალებისათვის ერთ-ერთი იშვიათი სამუშაო შესაძლებლობა იყო. სხვა მრავალ სფეროში ქალები ქორწინების შემდეგ სამსახურს კარგავდნენ, მაგრამ „კომპიუტერებმა“ მოახერხეს თავიანთი პოზიციების შენარჩუნება.

მეორე მსოფლიო ომამდე კომპიუტერის თანამდებობებზე მხოლოდ თეთრკანიან ქალებს ასაქმებდნენ. თუმცა ომის დროს კადრების დეფიციტმა აიძულა ლენგლის კვლევითი ცენტრი, შავკანიანი სპეციალისტებიც მიეღო. სწორედ მაშინ დაიქირავეს ბრწყინვალე ნიჭით გამორჩეული შავკანიანი მათემატიკოსები და ინჟინრები. თუმცა, მიუხედავად მათი კომპეტენციისა, მათ მიმართ დამოკიდებულება განსხვავებული იყო და არ ექცეოდნენ ისე, როგორც თეთრკანიან კოლეგებს.

 

ქალი კომპიუტერები spaceYhub
კეტრინ ჯონსონი

ვირჯინიის შტატის სეგრეგაციული კანონების მიხედვით, ლენგლის ლაბორატორიაში შავკანიანი ქალებისათვის ცალკე სივრცე იყო გამოყოფილი, .. დასავლეთის მხარე, სადაც ისინი მუშაობდნენ. სწორედ ამიტომ, ეს ქალები ცნობილები გახდნენ როგორც „West Computers“ (დასავლეთის კომპიუტერები).

სამუშაოს დასაწყებად შავკანიან აპლიკანტებს ბევრად უფრო მკაცრ მოთხოვნებს უყენებდნენ ვიდრე თეთრკანიანებს: საჭირო იყო დამატებითი კურსების გავლა და მეტი გამოცდილების ქონა.მიუხედავად ამისა, მათი შრომის ანაზღაურება მაინც ნაკლები იყო თეთრკანიან კოლეგებთან შედარებით.

ეს რეალური ადამიანები, რომელთაც წლების განმავლობაში ჩრდილში მუშაობა უწევდათ, ისტორიაში შევიდნენ როგორც „Hidden Figures“  „დამალული ფიგურები, რომელთა შესახებაც გადაიღეს შესანიშნავი და შთამაგონებელი ფილმი.

ყველაზე ცნობილი “კომპიუტერები” რომლებიც ამ ფილმში მოხვდნენ, არიან:

კეტრინ ჯონსონი – ამ ბრწყინვალე მათემატიკოსმა პირველი ადამიანური კოსმოსური ფრენებისთვის შეასრულა გამოთვლები, მათ შორის იყო ალან შეპარდის, პირველი ამერიკელის ფრენა 1961 წელს და ჯონ გლენის 3 ორბიტული გარშემოვლა 1962 წელს. ჯონსონმა ასევე შეადგინა სარეზერვო ნავიგაციის დიაგრამები, რომლებსაც „მერკურის“ პროგრამის ასტრონავტები უნდა დაყრდნობოდნენ იმ შემთხვევაში, თუ მათი კაფსულის სამმართველო ელექტრონიკა გაუმართავი აღმოჩნდებოდა

დოროთი ვოჯენი გახდა პირველი შავკანიანი ქალი, რომელმაც ნასაში სუპერვაიზორის პოზიცია დაიკავა. ის ხელმძღვანელობდა „West Area Computing“-ის განყოფილებას და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ორგანიზაციის გადასვლაში კომპიუტერულ პროგრამირებაზე. მან თვითონვე ისწავლა პროგრამირების ენა FORTRAN და, როგორც ერთ-ერთი პირველი ქალი ექსპერტი ამ ენაში, ასწავლიდა მას თავის კოლეგა ადამიან „კომპიუტერებს“.

 

ქალი კომპიუტერები Spaceyhub
დოროთი ვოჯენი

 

მერი ჯექსონმა 1951 წელს დაიწყო კომპიუტერად მუშაობა. ლენგლის კვლევით ცენტრში ზებგერითი წნევის გვირაბზე მუშაობის შემდეგ, ჯექსონმა დაიწყო სწავლა სასწავლო პროგრამაზე, და მიზნად ისახავდა ინჟინრის პოზიციაზე დაწინაურებას. ამ სასწავლო პროგრამაში ჩართვა ნიშნავდა, რომ მას სპეციალური ნებართვა უნდა მიეღო ჰემპტონის ქალაქის ადმინისტრაციისგან, რათა გაევლო ვირჯინიის უნივერსიტეტის კურსები, რომლებიც ტარდებოდა სეგრეგირებულ ჰემპტონის საშუალო სკოლაში. ჯექსონი საბოლოოდ გახდა პირველი შავკანიანი ინჟინერი ნასაში

1930-იან და 40-იან წლებში ლენგლის კვლევით ცენტრში მეცნიერები სწავლობდნენ ფრთების, პროპელერების და თვითმფრინავების აეროდინამიკას. ისინი ამზადებდნენ პატარა მოდელს, ათავსებდნენ ქარის გვირაბში და სპეციალური ინსტრუმენტებით ზომავდნენ მის მუშაობას. მიღებულ მონაცემებს ამუშავებდნენ, ცვლიდნენ დიზაინის ერთ პარამეტრს და თავიდან ატარებდნენ ტესტს. ეს პროცესი იმდენჯერ მეორდებოდა, სანამ შედეგი ოპტიმალური არ ხდებოდა. ამიტომ საჭირო იყო ძალიან დიდი რაოდენობის გამოთვლითი სამუშაო.

 

ქალი კომპიუტერები spaceyhub
მერი ჯექსონი

 

ადამიანი „კომპიუტერები“ ამ მონაცემების დამუშავებას ზუსტად და სწრაფად აკეთებდნენ. ისინი წნევის მნიშვნელობებს კითხულობდნენ, გრაფიკებს ხაზავდნენ, ინტერპოლაციას აკეთებდნენ და იყენებდნენ სხვადასხვა ხელსაწყოს, კალკულატორებს,  პლანიმეტრებს. ამ პოზიციაზე მომუშავე ქალებმა იცოდნენ როგორ დაეორგანიზებინათ გამოთვლითი სამუშაოები, როგორ გაეკეთებინათ ეს სწრაფად და შეცდომების გარეშე. ეს ცოდნა უნიკალური იყო მათთვის.

შავკანიან კომპიუტერებს შორის ყველაზე ცნობილი კომპიუტერი კეტრინ ჯონსონი იყო. ჯონსონი ბრწყინვალე მათემატიკოსი იყო და ერთ-ერთი პირველი აფროამერიკელი კურსდამთავრებული სტუდენტი დასავლეთ ვირჯინიის უნივერსიტეტში. დიდი ალბათობით, ის დოქტორის ხარისხსაც მოიპოვებდა, რომ არა მომავლის სამსახურებრივი პერსპექტივების ნაკლებობა და ოჯახური გარემოებები, რომლებმაც ხელი შეუშალა.

ლანგლიში მუშაობის დაწყებიდან ხუთი წლის შემდეგ, ეს ცენტრი ნასას ნაწილი გახდა და იქ განთავსდა ამერიკის პირველი კოსმოსური ფრენის პროგრამა „მერკური“. ჯონსონი მალევე გადაიყვანეს კაფსულის ორბიტისა და მისი ატმოსფეროში დაბრუნების ტრაექტორიის გამოთვლებზე.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა იყო დედამიწის ზუსტად რომელი წერტილის ზემოთ უნდა ამოქმედებულიყო რეტრო-რაკეტები, რათა კაფსულა ოკეანეში ზუსტად განსაზღვრულ ადგილზე დაშვებულიყო. ამ სამუშაოს შედეგად, ჯონსონი გახდა პირველი აფროამერიკელი ქალი-კომპიუტერი, რომლის სახელიც დაიტანეს ლენგლის ტექნიკურ დოკუმენტზე.

ამავე პერიოდში ცენტრში დამონტაჟდა პირველი დიდი IBM-ის ცენტრალური კომპიუტერი. ეს უკვე მიანიშნებდა იმ ახალ ეპოქაზე, როდესაც სამსახურებრივი ტიტული „კომპიუტერი“ (როგორც პროფესია) გაქრებოდა და ქალები გადაინაცვლებდნენ კომპიუტერული მეცნიერებების სფეროში.

1961 წლის შემოდგომაზე, როცა „მერკურის“ პროექტის ფარგლებში ჯონ გლენისთვის გაშვება მზადდებოდა, გლენმა ერთ-ერთ სუპერვაიზორს სთხოვა, რომ „გოგონას“, ანუ ჯონსონს შეემოწმებინა კომპიუტერის მიერ მიღებული დაბრუნების გამოთვლები ძველ მაგიდის კალკულატორებზე. მას არ სურდა საკუთარი ბედი მხოლოდ მანქანური გამოთვლებისთვის მიენდო. ჯონსონმა ეს რთული სამუშაო შეასრულა, რაც ორ კვირას გაგრძელდა.

ამ სამ ქალზე, კეტრინ ჯონსონზე, დოროთი ვოჯენზე და მერი ჯექსონზე, შესანიშნავი ფილმია გადაღებული, რომელსაც Hidden Figures ქვია. ფილმსა და რეალურ ამბავს შორის საკმაოდ დიდი სხვაობაა, მაგალითად:

  • ფილმში „მერკურის“ პროგრამის სამ წელზე მეტი ისტორია შეკუმშულია მხოლოდ რამდენიმე თვეში, 1961 წელს.
  • დრამატული ეფექტისთვის გამოგონებულია სცენები, მაგალითად, ჯონსონს მიეწერება აღმოჩენა, რომ პატარა „Redstone“-ის რაკეტას, რომელიც გამოიყენებოდა სუბორბიტული ფრენებისთვის, არ შეეძლო კაფსულის ორბიტაზე გაყვანა, არადა ეს თავიდანვე ცხადი იყო ნასას ინჟინრებისთვის.
  • ფილმში გლენი უშუალოდ გაშვების მოედნიდან რეკავს ლენგლიში, რათა სასწრაფოდ შესრულდეს გამოთვლები, რომელსაც სინამდვილეში 2 კვირა დასჭირდა
  • „Mercury Control“-ი, რომელიც სინამდვილეში ფლორიდაში, Cape Canaveral-ზე იყო, ფილმისთვის ლენგლიში გადააქვთ
  • ფილმში გლენის ფრენა შვიდი ორბიტიდან სამამდე მცირდება თითქოსდა იმის გამო, რომ გაჩნდა სიგნალი, თითქოს მისი თერმული საფარი მორყეული იყო. სინამდვილეში მისი მისია თავიდანვე სამ ორბიტად იყო დაგეგმილი. მართალია, გაფრთხილების ნათურა მართლა აწუხებდა ფრენის კონტროლერებს, მაგრამ ტელევიზიით მომხდარი ისე არ გაჟღერებულა, რომ მაყურებელს რეალურად გაეგო, რა ხდებოდა.

 

ფილმმა არა მხოლოდ მათი ისტორიები გააცოცხლა, არამედ შეცვალა საზოგადოებრივი აღქმაც: ფართო საზოგადოებამ პირველად გაიგო, რომ ამერიკის კოსმოსური პროგრამის წარმატება მხოლოდ ასტრონავტების გმირობის შედეგი არ ყოფილა და მის უკან იდგა ათასობით ადამიანი, მათ შორის ის ქალები, რომლებსაც დისკრიმინაცია არ მოკლებიათ, თუმცა მაინც მოახერხეს კოსმოსის ისტორიაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება.

რაც შეეხება კეტრინ ჯონსონს, მას სიცოცხლის ბოლო წლებში აღიარება უკვე ჰქონდა მიღებული Hidden Figures-ის გამოსვლამდეც. 2015 წელს პრეზიდენტმა ობამამ გადასცა აშშ-ის უმაღლესი სამოქალაქო ჯილდო, თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი.

 

ტრანზიტის მეთოდი - ეგზოპლანეტების აღმოჩენის ერთ-ერთი მეთოდის განხილვა.
სატურნი - ცნობილი თავისი გრაციოზული რგოლებითა და მრავალრიცხოვანი თანამგზავრებით.
ოთხ ფუნდამენტურად განსხვავებულ ფანტასტიკის წიგნის განხილვა, რომლებმაც ჟანრის საზღვრებს გადააბიჯა.

Discover more from spaceYhub

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading