მერკური — მზის სისტემის ყველაზე პატარა და მზესთან ყველაზე ახლოს მდებარე პლანეტა — ექსტრემალური სამყაროს შესანიშნავი მაგალითია. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად დაუფასებელია მისი მცირე ზომისა და ატმოსფეროს არარსებობის გამო, მერკური სავსეა სიურპრიზებით: მწველი სიცხე, უკიდურესი სიცივე, უძველესი კრატერები და ყინულოვანი ადგილები. მოდით, უფრო ახლოს გავეცნოთ ამ მომხიბვლელ, მცირე და ექსტრემალურ პლანეტას.

სწრაფი ორბიტა და უცნაური დღეები: მერკური მზის გარშემო ყველაზე სწრაფად მოძრაობს — მხოლოდ 88 დღეში ასრულებს ერთ წრეს. თუმცა, მისი ბრუნვა იშვიათია: მერკური საკუთარ ღერძზე შემობრუნებას ძალიან დიდ დროს ანდომებს – 59 დედამიწის დღე. ეს უჩვეულო კომბინაცია კვერცხის ფორმის ორბიტასთან ერთად უჩვეულო მოვლენას იწვევს: მერკურის ზოგიერთ ადგილას მზე ამოდის, ჩადის და ისევ ამოდის — ერთსა და იმავე მერკურის დღეს.
ერთი სრული დღე (ერთი მზის ამოსვლიდან მეორემდე) მერკურზე 176 დედამიწის დღეს გრძელდება. მიუხედავად მზესთან სიახლოვისა, მერკურის სეზონები არ გააჩნია — მისი ღერძის დახრილობა მხოლოდ 2 გრადუსია, რაც თითქმის ვერტიკალურ პოზიციას უდრის.
მწველი დღეები და გამყინავი ღამეები: მერკურის არ გააჩნია ატმოსფერო, რომელიც სითბოს შეინარჩუნებდა, რის გამოც პლანეტაზე ტემპერატურა უკიდურესობებს შორის მერყეობს. დღისით ზედაპირი შეიძლება 430°C–მდე გათბეს, ხოლო ღამით -180°C-მდე გაცივდეს. საინტერესოა, რომ ყველაზე ცხელი პლანეტა მაინც ვენერაა — მისი სქელი ატმოსფერო სითბოს ინარჩუნებს და ამით ქმნის მუდმივად მაღალი ტემპერატურის პირობებს.
კრატერებით და კლდეებით დაფარული პლანეტა: მერკურის ზედაპირი წააგავს მთვარისას — სავსეა კრატერებითა და კლდეებით. ეს მახასიათებლები მილიარდობით წლის განმავლობაში მეტეორიტებისა და კომეტების შეჯახებამ ჩამოაყალიბა. ზოგიერთი კრატერს ცნობილი ხელოვანებისა და მწერლების სახელები ჰქვია, როგორიცაა დოქტორი სიუსი ან შოთა რუსთაველი.
მის ერთ–ერთ ყველაზე შთამბეჭდავი გეოლოგიურ წარმონაქმნია კალორის Caloris აუზი (სიგრძე1500 კმ). ის მასიური შეჯახების შედეგია.
უზარმაზარი კლდეები, რომელთაც შეუძლია მიაღწიონ კილომენტრზე მეტს სიმაღლეში და ასობით კმ სიგრძეში, მიანიშნებს იმაზე, რომ პლანეტის გაციებას თან ახლდა ზედაპირის შეკუმშვა.


ზომა, სტრუქტურა და მდებარეობა: მერკური დედამიწის დიამეტრის მხოლოდ მესამედია. ის მზიდან საშუალოდ 58 მილიონ კილომეტრზე მდებარეობს და მზის სხივს მხოლოდ 3.2 წუთი სჭირდება მერკურამდე მისწვდომად.
პლანეტა საკმაოდ მკვრივია — მხოლოდ დედამიწა აღემატება მას სიმკვრივით. მისი ბირთვი მეტალისგან შედგება და პლანეტის რადიუსის დაახლოებით 85%-ს იკავებს. მის გარშემო თხელი, კლდოვანი ქერქია.
ყინული ჩრდილებში? მიუხედავად მკაცრი სიცხისა, მერკურის პოლუსებთან, ჩრდილში დამალულ ღრმულებში, შესაძლოა წყლის ყინული არსებობდეს. ეს რეგიონები არასდროს იღებენ მზის სინათლეს და საკმარისად ცივია ყინულის შესანარჩუნებლად — დღის სიცხის მიუხედავად.
ეგზოსფერო — მოჩვენებითი ატმოსფერო: მერკურს არ გააჩნია ნამდვილი ატმოსფერო, თუმცა აქვს ეგზოსფერო — უკიდურესად თხელ აიროვანი გარსს, რომელიც შედგება ზედაპირიდან ამოფრქვეული ნაწილაკებისგან. ეს ნაწილაკები მზის ქარისა და მეტეორიტების შეჯახების შედეგად წარმოიქმნება. ეგზოსფერო შეიცავს ჟანგბადს, ნატრიუმს, წყალბადს, ჰელიუმს და კალიუმს.
უცნაური მაგნეტიზმი: მიუხედავად იმისა, რომ მერკურის მაგნიტური ველი მხოლოდ დედამიწის ველის 1%-ს შეადგენს, ის მაინც აქტიურია. მისი მაგნიტოსფერო დროდადრო წარმოქმნის მაგნიტურ ტორნადოებს, რომლებიც მზის ქარის დამუხტულ ნაწილაკებს მერკურის ზედაპირზე აგზავნიან და კოსმოსში აფრქვევენ — ქმნიან დინამიურ და ცვალებად გარემოს პლანეტის ირგვლივ.
სახელწოდება და წარმოშობა: მერკური როგორც სხვა კლდოვანი პლანეტები, დაახლოებით 4.5 მილიარდი წლის წინ შეიქმნა, ახალგაზრდა მზის გარშემო მბრუნავი მტვრისა და გაზის ღრუბლისგან. მას ცნობისმოყვარე და სწრაფი ფეხების მქონე მესენჯერის, რომაული ღმერთის მერკურის სახელი ეწოდა, რაც მის სწრაფ ორბიტულ მოძრაობას შესანიშნავად შეესაბამება.
მიუხედავად პატარა ზომისა, მერკური სავსეა საოცრებებით — უჩვეულო დღეები, უკიდურესი ტემპერატურები, უძველესი კრატერები და ალბათ, პოლარული ყინულიც კი. მერკური გვახსენებს: ყველაზე პატარა სამყაროებშიც კი იმალება უზარმაზარი საიდუმლოებები.
წყარო: NASA