ამბერის ქრონიკები spaceYhub

ამბერის ქრონიკების განხილვა

როჯერ ზელაზნის “ამბერის ქრონიკები” ფენტეზის სამყაროში ერთ-ერთი უნიკალური და ძნელად დასავიწყებელი ნაწარმოებია. ეს არ არის მხოლოდ ისტორია სამეფო დინასტიაზე – ეს არის ქრონიკა სიმბოლურ სიკეთესა და ბნელ ძალებს შორის, რომლებიც რეალობის ქსოვილს ქმნიან და ანადგურებენ. ამბერის მთავარი ხიბლი სწორედ მის ფილოსოფიურ სიღრმეში, სიმბოლიზმში და მრავალმნიშვნელოვნებაშია, რომელსაც მკითხველი არა მხოლოდ სხვა სამყაროში გადაყავს, არამედ აიძულებს იფიქროს – საკუთარ თავზე, თავის არსზე და გადაწყვეტილებებზე.

პირადად მე, ამ წიგნებს პირველად დაახლოებით 13 წლის წინ გავეცანი. ბიბლუსის მაღაზიაში ვეძებდი მორიგ ქართულად თარგმნილ ფანტასტიკის წიგნს, როცა კონსულტანტმა გამიღიმა და “ამბერის ცხრა პრინცი” შემომთავაზა. ეჭვით, მაგრამ ინტერესით გამოვართვი. დაახლოებით ორ საათში – უკვე კორვინის სამყაროში ვიყავი. ისე გამიტაცა, რომ დროც არ შემიმჩნევია. დღესაც, წლების შემდეგ, კორვინი რჩება ჩემი უსაყვარლეს პერსონაჟად – თავისი მასკულინურობით, ინტელექტით, ტკივილით, ძლიერებითა და ადამიანური სისუსტით. ის მხოლოდ ფანტასტიკის პროტაგონისტი არ არის – ის ქმნის არქეტიპს, რომლის მსგავსსაც იშვიათად ნახავ. ქრონიკები 10 წიგნისგან შედგება, რომელიც ორ ნაწილად არის გაყოფილი, კორვინის ციკლად და მერლინის ციკლად.

ამბერის ქრონიკები spaceYhub
კორვინის და მერლინის ციკლების მიხედვით დაყოფილი წიგნები, ავტორის მშობლიურ, პოლონურ ენაზე.

 

კორვინის ციკლი 

პირველი ხუთი წიგნი (The Nine Princes in Amber, The Guns of Avalon და სხვ.) აგებული არის დაკარგულ მეხსიერებაზე, აღდგენილ ღირსებაზე და ძალაუფლების რთულ ბუნებაზე. კორვინი იღვიძებს ამნეზიით და თანდათან იგებს, რომ არა მხოლოდ ამბერის პრინცია, არამედ მის ბედისწერაზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული. კორვინის ხმა – ირონიული, ინტელექტუალური და ხშირად განგებისადმი სარკაზმით სავსე – ქმნის დიალოგს მკითხველთან, რომელიც სულაც არ არის ერთი მიმართულებით მომართული. ის როგორც გმირი, ხშირად არაემპათიურია და ამავე დროს მტკივნეულად გულწრფელი. ზელაზნის გმირი მორალურად არც შავია და არც თეთრი – ის ცოცხალია. და სწორედ ეს ხდის მას დაუვიწყარს.

 

მერლინის ციკლი 

მეორე ხუთი წიგნი (Trumps of Doom-დან დაწყებული) გადადის ახალ ეპოქაში – იმ დროში, სადაც მაგიას და ტექნოლოგიას შორის ზღვარი იშლება. მერლინი, კორვინის ვაჟი, ნაკლებად ქარიზმატულია, მაგრამ თავისი დროში აბსოლუტურად ორგანულად ჯდება. მისი თავგადასავალი მეტად ინტელექტუალურია – ჩახლართული სიუჟეტებით, სხვადასხვა სამყაროთი, და ფილოსოფიური კვლევით რეალობის ბუნებაზე. ის ძველისა და ახლის გადაკვეთაზე დგას.

პრინცი კორვინი
პრინცი კორვინი

 

ზელაზნი ამ წიგნებში თითქოს ცდილობს რეალობის ახალ ფორმას მიაგნოს, თუმცა ზოგჯერ ეს ექსპერიმენტები ძალიან კომპლექსური ხდება და სიუჟეტს ნაწილობრივ სიმძიმე მოაქვს. თუმცა მიუხედავად ამისა, მერლინის ციკლი მაინც ინარჩუნებს ამბერის სულიერებას.

„ამბერის ქრონიკების“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა მეხსიერებაა – და არა მხოლოდ როგორც სიუჟეტური მოწყობილობა, არამედ როგორც იდენტობის ფუნდამენტური საფუძველი. კორვინი იღვიძებს ჰოსპიტალში, მეხსიერება დაკარგული, და მის გზას – ტრიუმფალურ და ტრაგიკულს – სწორედ ეს მეხსიერების ნელ-ნელა აღდგენა განსაზღვრავს.

მეხსიერების დაკარგვა ამ შემთხვევაში არ არის უბრალო ინსტრუმენტი პერსონაჟის განვითარებისთვის – ეს არის გამოხატულება იმ ცარიელი სივრცისა, რომელსაც ადამიანი განიცდის, როცა საკუთარ თავზე წარმოდგენა არ აქვს. ზელაზნი გვაჩვენებს: ჩვენ ის ვართ, რაც გვახსოვს – და იმავდროულად, ისიც ვართ, რასაც ვერ ვიხსენებთ.

კორვინი თანდათანობით იხსენებს თავის წარსულს, და ამ პროცესში იძენს არა მარტო ცოდნას, არამედ სიღრმესაც. მისი დამოკიდებულება ოჯახის წევრების, ძალაუფლების, პატიოსნების და ღირსებისადმი სწორედ ამ მოგონებების ფონზე ყალიბდება.

ეს ყველაფერი აქცევს „ამბერის ქრონიკებს“ ერთგვარ ფილოსოფიურ ძიებად: ვინ ვართ, როცა წარსული წაშლილია? და რას ვაკეთებთ, როცა ის უკან გვიბრუნდება?

 

მამა და შვილი ფანტასტიკაში – კორვინი და მერლინი

როდესაც ამბერის ეპოსი მეორე ციკლში გადადის, ფოკუსი მერლინზე გადმოდის – კორვინის ვაჟზე, რომელიც მამის სარკისებური ანარეკლია და ამავდროულად მისი კონტრასტი.

კორვინი გონიერი, ამაყი და ოდნავ ირონიული პრინცია – ისეთი მამა, რომელსაც არ ინატრებდი, და რომლის არსებობაც მერლინის გზაზე არაპირდაპირ მოქმედებს. ისინი არასდროს არიან უბრალო ოჯახი – მათ ურთიერთობას დისტანცია, პასუხისმგებლობა და მემკვიდრეობის სიმძიმე აკავშირებს.

ფანტასტიკაში მშობლისა და შვილის ურთიერთობა ხშირად სიმბოლური ჩარჩოებით გამოიხატება – ან კონფლიქტით, მაგრამ ზელაზნი ქმნის უფრო რთულ ურთიერთობას: მერლინი მუდმივად ეძებს საკუთარი გზას, რომელიც არ დაემთხვევა კორვინისას, მაგრამ მისი გავლენის გარეშე ვერ იარსებებს.

მამა აქ მითოსურ ფიგურად იქცევა – არა უბრალოდ გენეტიკურ წარსულად, არამედ იდეურ ფასეულობად, რომელიც მომავალს აწესებს. და მერლინი – მისი გაგრძელებაა ციფრულ და მაგიურ სამყაროში.

კარტები ამბერის დიდგვაროვნების გამოსახულებით, რომლებსაც ერთმანეთთან დასაკავშირებლად იყენებენ.
კარტები ამბერის დიდგვაროვნების გამოსახულებით, რომლებსაც ერთმანეთთან დასაკავშირებლად იყენებენ.

 

ამბერის პოლიტიკა

ამბერი ერთდროულად სამეფოა, ოჯახია და აბსოლუტური სიმართლის ცენტრი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი პოლიტიკა არ არის მხოლოდ ძალაუფლებისთვის ბრძოლა – ესაა ბრძოლა რეალობის კონსტრუქციაზე.

კორვინის ძმები და დები – ყველა პრეტენზიას აცხადებს მმართველობაზე. სწორედ ეს აძლევს ამბერის პოლიტიკას კომპლექსურობას – აქ კონფლიქტი არა მხოლოდ ტახტის, არამედ თავად სამყაროს წესრიგის ირგვლივ ტრიალებს.

ზელაზნი არასდროს აჩენს პოლიტიკას როგორც ცხადი დაპირისპირების ველს. ყველა პერსონაჟი თავის სიმართლეს ატარებს, თავისი მოტივით. და ეს ხდის ამბერს არა ტრადიციულ მონარქიულ მოდელს, არამედ ერთგვარ კოსმიურ თეატრს, სადაც ყოველი ნაბიჯი – სტრატეგიაა.

შედეგად, ამბერის პოლიტიკა მეტაფორაა ძალაუფლების, მორალისა და იდენტობის ურთიერთკავშირის შესახებ. ეს არის უმაღლესი კლასის ფენტეზი, რომელიც ამავე დროს ძალიან ადამიანურ კონფლიქტებს ეყრდნობა.

 

კორვინი

კორვინი არის არქეტიპი, მაგრამ არა ტრადიციული გაგებით. ის არ არის მორალურად სუფთა, ყოველთვის სწორ გზაზე მყოფი გმირი. ის ცდება, ის ეჭვობს, ის იბრძვის, ის იტანჯება – და სწორედ ამაშია მისი ძალა.

მასკულინური, მაგრამ არა ტოქსიკური. მბრძანებელი, მაგრამ არა ტირანი. სენტიმენტალური, მაგრამ იშვიათად ამჟღავნებს ამას. მისი ხმა ტექსტში ყოველთვის მოითხოვს ყურადღებას – ეს არის გმირი, რომელიც დაგაჯერებს, რომ ის მართალია, და თან დაგაეჭვებს იმაში, მართლა ასეა თუ არა.

ფანტასტიკაში კორვინი იმ ტიპის პროტაგონისტია, რომელიც მკითხველს იზიდავს არა მისი სრულყოფილების, არამედ მისი წინააღმდეგობრიობის გამო. ის სარკეა – მისი საშუალებით საკუთარ შეცდომებსაც ვხედავთ და იმ გმირებსაც, ვინც შეგვიძლია ვიყოთ.

 

კორვინის და-ძმები

ამბერის ოჯახის წევრები — როგორც რეალობის განმგებლები — არ არიან მხოლოდ პოლიტიკური ფიგურები; ისინი სიმბოლოები არიან ადამიანური ბუნების ცვალებადობის და ძალაუფლების საზღვრების. კორვინის და-ძმებს შორის თითოეული ფიგურა განსხვავებულად გამოხატავს ამბერის მრავალფეროვან სახეს.

ერიკი – უფროსი ძმა, რომელიც ამბერის ტახტისთვის თითქმის ყველა გზით იბრძვის. მეფის პირმშო და საკუთარ მეფობაშიც უპირობოდ დარწმუნებული. მისი ქარიზმა, ცივი ანგარიში და ძალაუფლებისადმი მანიაკალური სიყვარული არქეტიპულ “ძმას-მტრად” წარმოაჩენს. და მაინც, მასში პატივიც იგრძნობა, თავისებური, რთულად გასაგები, მაგრამ რეალური.

ბენედიქტი – ყველაზე მშვიდი და რაციონალური. ამბერის მთავარი ხმალოსანი და გულწრფელი მრჩეველი. ძალაუფლება არ აინტერესებს, მაგრამ სწორედ ამიტომ არის ყველაზე სახიფათო, როცა იძულებულია იბრძოლოს. 

ჯულიანი – ცივი, მომაკვდინებლად ინტელიგენტური და სასტიკი. მისი ცხენოსნობა, არდენის ტყეებზე მბრძანებლობა და ფარული მარშრუტების ცოდნა ქმნიან შთაბეჭდილებას წარმოუდგენელ სტრატეგზე. ჯულიანი არის სამხედრო ტაქტიკოსი, რომლის ლოიალობაც ბოლომდე არასდროს არ არის გარკვეული.

კეინი – ამბერის ზღვების ბატონი. მეკობრე-პრინცის არქეტიპი, დაუნდობელი და მზაკვარი. ზელაზნი მას ქმნის როგორც მუდმივ სქემატიზატორს, რომლის ღიმილიც იმაზე უფრო სახიფათოა, ვიდრე ხმალი. მისი მოტივები მუდამ ბუნდოვანია, მაგრამ მოქმედება ყოველთვის ზუსტი.

ჯერარდი – ძალის და გულის ჰიბრიდი. ფიზიკურად ყველაზე ძლიერი ძმა, მაგრამ, პარადოქსულად, ერთ-ერთი ყველაზე კეთილშობილი. ჯერარდი იმ იშვიათ პერსონაჟთა შორისაა, ვისაც შეგვიძლია ბოლომდე ვენდოთ. მისით ზელაზნი თითქოს ამბობს – ნამდვილი ძალა რბილი და კეთილი შეიძლება იყოს.

ფლორა – ერთადერთი და, რომელიც პირველ ციკლში აქტიურად ჩანს. დახვეწილი, მომხიბვლელი, ჭკვიანი და საზოგადოებრივი თამაშების ოსტატი. მისი ქალური ინტუიცია და სოციალური ნიჭი ქმნის ერთგვარ “კულტურული დაზვერვის” აგენტს, რომელიც უჩვეულოდ მძლავრ იარაღად იქცევა.

ბლეიზი  – დიდებული, დიდგულიც და უდავოდ ტრაგიკული ფიგურა. მასში ჩანს ამბიციურობის და მეგობრობის დაპირისპირება. ბლეიზი არის ის ძმა, რომლის ლოიალობა, თუ ერთხელ მოიპოვე, საბოლოოდ გაქვს – მაგრამ თუ დაკარგე, უფრო საშიში ხდება, ვიდრე მტერი.

ამ საოცრად მრავალფეროვანი გალერეიდან ზელაზნი ქმნის ოჯახს, სადაც სიყვარულს და სიძულვილს ხშირად მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებს. ისინი არ არიან უბრალოდ მეორე ხარისხოვანი პერსონაჟები – ისინი ამბერის ფესვებია. ისინი ქმნიან იმ პოლიტიკურ და ემოციურ კლიმატს, რომელშიც კორვინი იზრდება და ყალიბდება.

 

ობერონი

კორვინის მამა – ობერონი, იგივე ოდინი – არ არის უბრალოდ მეფე. ის არის ფესვი, საიდანაც რეალობა იშვება. როგორც ამბერის მბრძანებელი, მისი ძალა იმდენად ღრმაა, რომ ხშირად ღმერთს უახლოვდება. მაგრამ როგორც მამა,  ის მუდამ შორეულია, ცივი და ამოუცნობი.

ზელაზნი ობერონს არ აჩენს როგორც თბილ ოჯახურ ფიგურას. ის უფრო მითოსური პირველყოფილი ძალაა, რომელიც ფორმას აძლევს სამყაროს, მაგრამ ემოციურად გაუცხოებულია საკუთარი შვილებისგან. კორვინის ურთიერთობა მასთან მუდამ დაძაბულია – მამის აღიარების მოთხოვნილება და ამავე დროს, მისგან განსხვავებული გზის ძიება.

ობერონის დაბრუნება სიუჟეტში ისეთი შეგრძნებაა, თითქოს თავად რეალობის ხერხემალი ბრუნდება. და მისი მსხვერპლიც იმაზე მეტია, ვიდრე გმირული ჟესტი – ეს არის გადატანითი გამოსასყიდი, რომ ჭეშმარიტი ძალა მუდამ მოდის შიგნიდან.

 

მარტორქა

ზელაზნის სამყაროში ხშირად იქმნება უცნაური წყვილები – გმირი და მისი სიმბოლური თანამგზავრი. კორვინისთვის ეს მარტორქაა – მძლავრი, ჩუმი, მოუხელთებელი არსება.

მარტორქა თითქოს უცნაური იუმორით ჩნდება სიუჟეტში, მაგრამ მალევე ირკვევა – ის იმ პირველყოფილ ინსტინქტს წარმოადგენს, რომელსაც კორვინი საკუთარ თავში ფლობს. ძლიერი, ამოუცნობი და ერთგული – მარტორქა მის გულშია ჩაბეჭდილი როგორც ბუნებრივი ძალა, რომელსაც ვერც გონება აკონტროლებს და ვერც ტახტი.

ეს სიმბოლო მეტს ამბობს კორვინზე, ვიდრე სიტყვები. ის აჩვენებს, რომ ჩვენი ყველაზე მტკიცე ნაწილი შეიძლება არაფორმალური იყოს – ის, რაც არ არის გონება, არ არის წარსული, არ არის პოლიტიკური სტრატეგია. მარტორქა – უბრალოდ არის. და ამის სიმძაფრე ზელაზნის პროზაში შესამჩნევად დიდია.

 

ქაოსის კარი

ქაოსის კარი, როგორც ადგილი, არა მხოლოდ გეოგრაფიული წერტილია ზელაზნის კოსმოსში. ეს არის სიმბოლო რეალობის სიღრმეების, მისი უარყოფის და გარდაქმნის. ამბერი – წესრიგია; ქაოსი – შესაძლებლობა. ამბერში ყველაფერი განსაზღვრულია; ქაოსში – ყველაფერი შესაძლებელი.

ამ ორ სამყაროს შორის კარი კი ის პუნქტია, სადაც გმირებმა არჩევანი უნდა გააკეთონ – დარჩნენ სტაბილურობის შიგნით თუ გადალახონ ფორმის საზღვრები და გახდნენ ნაწილი ფორმისგან თავისუფალი რეალობისა.

ქაოსის კარი მხოლოდ სივრცე არ არის – ის გამოცდაა. მერლინისთვის ის შინაგანი ბარათია, კორვინისთვის – ფინალური წინააღმდეგობა.

ეს კარი არ ცვლის მხოლოდ ფიზიკურ ადგილმდებარეობას – ის ცვლის იმ პერსონაჟებს, ვინც მას გადალახავს. და ალბათ, ყველაზე ღრმა აზრიც სწორედ ამაშია – რეალობას ყოველთვის აქვს მეორე მხარე.

ამბერის ლაბირინთი, რომლის გავლის შემდეგაც ძირეულად იცვლები.
ამბერის ლაბირინთი, რომლის გავლის შემდეგაც ძირეულად იცვლები.

 

ლაბირინთი

ამბერის ლაბირინთი, იგივე Pattern, არ არის უბრალოდ ნახატი მიწაზე. ეს არის სამყაროს ხერხემალი – ის ხაზი, რომელსაც მხოლოდ ამბერის სისხლში დაბადებული შთამომავლები თუ გაჰყვებიან, და თუ გაჰყვებიან – უკვე აღარასდროს იქნებიან ისეთები, როგორებიც იყვნენ მანამდე.

ლაბირინთზე გავლა არ არის მხოლოდ ფიზიკური გამძლეობის გამოცდა – ეს არის ფსიქიკური სარკე, რომელიც არ გაძლევს გაგრძელების უფლებას, სანამ არ გაასუფთავებ შენს არსს ყოველგვარი დაბნეულობისგან. როცა კორვინი პირველად გადის მას, ის ცვლის ყველაფერს – მან მეხსიერება დაიბრუნა, მაგრამ ამავდროულად შეიძინა იარაღი სამყაროს შესაცვლელად.

ეს მოგზაურობა იმ გზას ჰგავს, რომელიც მხოლოდ პიროვნებას ეკუთვნის. თითქოს თვითონ ხარ შენი ბედი, და საკუთარი რეალობის ხაზი თავად უნდა გაატარო ფეხქვეშ. ის, ვინც ლაბირინთს ბოლომდე გადის, უკვე ვეღარ იქნება ჩრდილში დაბადებული – ის თავად ხდება სინათლის მატარებელი.

 

გამოცდა

ლაბირინთზე გავლა გამოცდაა – არა მხოლოდ იმის, შეძლებ თუ არა ბოლომდე მიხვიდე, არამედ იმის, მზად ხარ თუ არა შეიცვალო. ამბერში, ტრანსფორმაცია მოდის არა ჯადოსნური საგნების მეშვეობით, არამედ საკუთარი ნების გამოცდით.

ეს არ არის ტესტი, რომელსაც გააზრებული სტრუქტურა აქვს – ლაბირინთი თავად აფასებს შენს შიგნით არსებულ წინააღმდეგობებს. როგორც სიზმარი, რომელიც სარკედ იქცევა. გამოცდა ცვლის გმირს, მაგრამ იმით არა, რაც გარედან ხდება – არამედ იმით, რაც პიროვნების შიგნით დაინახა.

კორვინისთვის ეს ხდება მეხსიერების დაბრუნების გზით, მერლინისთვის – არჩევნის კართან მისვლით. ორივესთვის გამოცდა არის ძალაუფლების დაუოკებელი სურვილისა და თვითცნობიერების კონფლიქტი.

 

ლაბირინთი და ლოგრუსი

ამბერის ლაბირინთი და ქაოსის კარი ორი პოლუსია – ერთმანეთის საპირისპირო, მაგრამ ერთმანეთის გარეშე მიუწვდომელი. ერთი განასახიერებს ფორმას – ხაზს, რომელიც უსასრულობაში მიედინება, მაგრამ თან განსაზღვრავს მას. მეორე კი – უსაზღვრო მოძრაობას, სადაც ხაზები წაიშალა, და წესრიგი გადაიქცა შესაძლებლობად.

ლაბირინთი ქმნის რეალობას, ქაოსის კარი ანგრევს მის ჩარჩოებს. და მაინც, ორივე ტრანსფორმაციის პუნქტია. ორივე გამოცდის გმირს და ეუბნება: ვინ ხარ, როცა აღარ გაქვს წარსული?

კორვინი გადის ლაბირინთზე, რომ გახდეს ამბერი; მერლინი კვეთს ქაოსის კარს, რომ დაინახოს ყველაფერი მის მიღმა. ერთი აძლევს ძალას, მეორე – არჩევანს. ლაბირინთი ამბობს: „შეიცანი საკუთარი ადგილი“. ქაოსის კარი კი ამატებს: „შეგიძლია შეცვალო საკუთარი ადგილი“.

ზელაზნი ამით გვიჩვენებს, რომ სრულყოფილი ცნობიერება მოდის მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანს შეუძლია ორივე სამყაროში იარსებოს – როგორც წესრიგში, ისე ქაოსში.

 

ამბერის ფიზიკა და ფილოსოფია

როჯერ ზელაზნის ამბერის ქრონიკები ერთი შეხედვით ფენტეზია – პრინცები, ბრძოლა ტახტისთვის, მაგია და კოსმიური მიწები. მაგრამ რაც უფრო ღრმად ჩავდივართ ამ სამყაროში, მით უფრო ცხადი ხდება: ეს არის გამჭვირვალე ფარდა, რომლის მიღმაც ზელაზნი გვესაუბრება რეალობის ბუნებაზე, პიროვნების თავისუფლებაზე და იმაზე, თუ რა ქმნის სამყაროს სინამდვილეში.

ამბერი და ქაოსი – ეს ორი საპირისპირო საყრდენი – გვეუბნებიან: არსებობს ორი საწყისი, ორი მიმართულება. ერთი – სტრუქტურა და წესრიგი, მეორე – ცვლილება და სპონტანურობა. ამბერი მუდმივობის სიმბოლოა, ქაოსი – შესაძლებლობის. მათ შორის მოქცეულია „ჩრდილები“ – უსასრულო პარალელური რეალობები, რომელთა არსებობაც დამოკიდებულია სურვილსა და ყურადღებაზე.

ეს ნიშნავს, რომ სამყარო არ არის მოცემული – ის იქმნება. ვინც ლაბირინთს გადის, მისი ნება უკვე საკმარისია რეალობის შესაცვლელად. ადამიანი ხდება შემქმნელი, არა მხოლოდ ციფრულ სივრცეში, არამედ საკუთარ ცნობიერებაში.

ლაბირინთი და ლოგრიუსი – ორი ობიექტი, რომლებიც მართავენ სამყაროს, ერთმანეთის იდეის ანტითეზებია. ერთი ხაზოვანი და სტაბილურია, მეორე – ცოცხალი და ცვალებადი. ამ კონტექსტში ზელაზნის ტექსტი უფრო ჰგავს ცნობიერების კვლევას, ვიდრე უბრალოდ ეპოსს. გმირები, მათი ბრძოლები და არჩევანი – ეს ყველაფერი ერთად ქმნის ექსპერიმენტს: რას ნიშნავს იყო ადამიანი რეალობის ცენტრში?

ზელაზნისთვის ძალა არ მოდის მხოლოდ მემკვიდრეობით – ის მოდის არჩევანიდან, საკუთარ თავსა და სამყაროს შორის ხიდის გადებიდან. როცა კორვინი ან მერლინი იბრძვიან, ისინი მხოლოდ ამბერზე არ ფიქრობენ, ისინი ცდილობენ განსაზღვრონ, რომელი რეალობა უნდა დარჩეს ნამდვილი. ეს ბრძოლა ხდება როგორც გარეთ, ისე გმირების შიგნით.

ეს არის ამბერის ფიზიკა – სუბიექტური ფიზიკა. სადაც ნება მოძრაობას ნიშნავს, ხოლო მოგონება – მიმართულებას.

და ეს არის ამბერის ფილოსოფია – სივრცეში, სადაც არჩევანი არ არის მექანიკური ქმედება, არამედ სამყაროს ფორმირების აქტი.

 

ინოვაციური კაფსულა: კომერციული კოსმოსური გადატრიალება და მომავლის კოსმოსური მგზავრობის სტანდარტი
ენერგიისა და ნაწილაკების უზარმაზარი ამოფრქვევები ჩვენი ვარსკვლავიდან მთელ მზის სისტემაში.
JWST - კაცობრიობის უახლესი ყველაზე ამბიციური მცდელობა კოსმოსის საიდუმლოებების გასარკვევად.

Discover more from spaceYhub

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading