NASA-ს Artemis პროგრამა ერთგვარი დიდი დაბრუნებაა მთვარეზე, ჩვენთვის ცოტა ნოსტალგიური და ადამიანური. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური მცდელობა ადამიანის კოსმოსური კვლევის ისტორიაში აპოლოს ეპოქის შემდეგ.
Artemis-ის მიზანია ადამიანების დაბრუნება მთვარეზე ისე, რომ მხოლოდ სტუმრობა და შემდეგ მასპინძლისთვის თავის მოუბეზრებლად წამოსვლა აღარ იყოს საკმარისი. იდეა უფრო სერიოზულია: სტაბილურად დაფუძნება, კვლევები (განსაკუთრებით მთვარის სამხრეთ პოლუსზე, სადაც მზეც იშვიათად ანათებს და ყინულიც ჯიუტად იმალება), და იმ ცოდნის დაგროვება, რომელიც ერთ დღეს მარსამდე მიგვიყვანს. მისიის სტარტი ყოველ საფეხურზე კი იმდენჯერ გადაიდო, როგორც ყველა მნიშვნელოვანი საქმე ჩვენს ცხოვრებაში, რის გამოც თავად NASA არაერთხელ გახდა დაცინვის მსხვერპლი.
ეს პროგრამა მარტო NASA-ს ამბიცია არ არის. მას მხარში უდგანან ევროპის, კანადის, იაპონიის კოსმოსური სააგენტოები და, რა თქმა უნდა, კომერციული პარტნიორები, მათ შორის SpaceX, რომელიც ბოლო წლებში ყველაზე მეტად ხმაურობს კოსმოსურ ამბებში.
2017 წელს აშშ-ის მთავრობამ NASA-ს ფაქტობრივად დაავალა მთვარის კვლევებში მეტი ძალისხმევის ჩადება და ასე დაიბადა Artemis პროგრამა. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მანამდე NASA უბრალოდ ხელებდაკრეფილი იჯდა და ფეიკ ვიდეოებს ამზადებდა ( მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ ჰგონია, რომ მთვარეზე დაშვება ჰოლივუდის დეკორაციაზე გადაიღეს). სინამდვილეში, SLS რაკეტა და Orion ხომალდი უკვე წლებია ვითარდებოდა. უბრალოდ მიზანი შეიცვალა: ახლა აღარ გვინდა ჩავფრინდეთ, დროშა ჩავარჭოთ, ფოტო გადავიღოთ და წავიდეთ, რომ შემდეგ რიგითმა შეთქმულების თეორიის მომხრეებმა აღარ იდავონ და ახალ ტვინის საჭყლეტ იდეების მოფიქრებაზე დრო აღარ დახარჯონ. ამჯერად გვინდა დავრჩეთ. თუმცა, საწყისი გეგმები, როგორც ხშირად ხდება, ზედმეტად ოპტიმისტური იყო: ეკიპაჟიანი დაშვება 2024 წლისთვის. ბუნებრივია, ტექნოლოგიამ და ბიუჯეტმაც თავისი სიტყვა თქვეს და პროგრესი შეანელეს.

Artemis-ის მისიები:
Artemis I (16 ნოემბერი, 2022)
უპილოტო მისია: „ჯერ დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი მუშაობს.“ SLS რაკეტა არაერთი გადადების შემდეგ, ბოლოსდაბოლოს მაინც აფრინდა, Orion-მა კი მთვარის გარშემო იფრინა და დედამიწიდან იმაზე შორს წავიდა, ვიდრე ოდესმე წასულა ადამიანებისთვის განკუთვნილი ხომალდი. 25 დღის შემდეგ კი მშვიდად დაეშვა ოკეანეში.
კარგი, პირველი ნაბიჯი გადავდგით.
Artemis II (დაგეგმილი 2026 წლის თებერვლისთვის)
ეს უკვე სერიოზული განაცხადია: ადამიანები ბორტზე. ოთხი ასტრონავტი დაახლოებით 10 დღის განმავლობაში შემოუფრენს მთვარეს და შეამოწმებს ყველაფერს, ჰაერიდან დაწყებული, ფსიქოლოგიით დამთავრებული. ეკიპაჟი ასეთია:
- მეთაური: რეიდ უაიზმენი
- პილოტი: ვიქტორ გლოვერი
- მისიის სპეციალისტი: კრისტინა კოხი
- მისიის სპეციალისტი: ჯერემი ჰანსენი
კრისტინა კოხი იქნება პირველი ქალი, ვიქტორ გლოვერი პირველი ფერადკანიანი ადამიანი, ხოლო ჯერემი ჰანსენი კი პირველი კანადელი მთვარის მისიაზე. მოკლედ, Artemis ცდილობს, ისტორია ცოტა უფრო თანამედროვე გახადოს.
Artemis III (დაგეგმილი 2027–2028 წლებისთვის)
1972 წლის შემდეგ და აპოლო 17 ის შემდეგ, პირველად, ადამიანი ისევ დადგამს ფეხს მთვარეზე. მისიაში ოთხი ასტრონავტი გაემგზავრება, ორი მათგანი კი სამხრეთ პოლუსთან დაეშვება SpaceX-ის Starship-ის დახმარებით და დაახლოებით ერთ კვირას გაატარებს ზედაპირზე. ვინ იქნებიან ისინი ჯერ არ ვიცით.
მომდევნო მისიები, როგორიცაა Artemis IV და შემდეგი, უკვე „დასახლებაზე“ იფიქრებენ: Lunar Gateway, ჰაბიტატები, როვერები. ნელ-ნელა, მთვარე აღარ უნდა იყოს მხოლოდ სტუმრობის ადგილი.

წარმატებები და ხარვეზები
Artemis I-მა აჩვენა, რომ SLS ძლიერია, Orion-ს კი შეუძლია ღრმა კოსმოსში გასვლა და დაბრუნება. თერმულ ფარს ჰქონდა პრობლემები, მაგრამ არც ისე სერიოზული, რომ ვინმეს გული წასვლოდა. მთავარია სისტემა მუშაობს.
კატასტროფული ჩავარდნები არ ყოფილა, თუმცა სირთულეები რამდენიც გინდა. ფრენის გადადებები 2022 წელს, ძრავების გადახურება, საწვავის გაჟონვა, ამინდი. Orion-ის თერმულ ფარზე აღმოჩენილი ბზარები, სარქველების პრობლემები, კამერების გათიშვა, ყველაფერი ნელა, მაგრამ სისტემურად სწორდება. NASA აქ მაინც ძველებურად ფიქრობს: უსაფრთხოება პირველია და არ ედარდება მისიის მეშვიდედ გადადების ან ჩაშლის გამო დაცინვა.
კავშირი სამეცნიერო ფანტასტიკასთან
NASA-ს Artemis პროგრამა ნელა, ჯიუტად იღებს სამეცნიერო ფანტასტიკის წიგნებს თაროდან, ფრთხილად წმენდს მტვერს და რეალობის სამუშაო გეგმად აქცევს. სინამდვილეში, მომავლის გეგმებში ნასას დიდი კრეატიულობის გამოგონება სულაც არ დასჭირვებია, ფანტასტმა მწერლებმა უკვე ლამის ზუსტად დაწერეს “სცენარები“ საიფაი წიგნებში. პლოტები, სიუჟეტები, გმირები და მთვარის ბაზები – ყველაფერი მზად იყო, NASA-ს უბრალოდ ისღა დარჩენოდა ეს იდეები რეალობად ექცია. ერთხელ და სამუდამოდ.
თაობების განმავლობაში ფანტასტი მწერლები ოცნებობდნენ იმაზე, რომ ადამიანები მთვარეზე არა უბრალოდ „ჩაფრინდებოდნენ“, ფოტოებს გადაიღებდნენ და უკან წამოვიდოდნენ, არამედ დაბრუნდებოდნენ ისევ და ისევ სამუშაოდ, საცხოვრებლად, კვლევისთვის. წიგნებში ეს იდეები გაჩნდა ბევრად ადრე, ვიდრე ინჟინრები რეალურ რაკეტებს ააწყობდნენ ან ბიუჯეტებს შეადგენდნენ. სანამ NASA Excel-ს ებრძოდა, კლარკი, ჰაინლაინი და ჟიულ ვერნი უკვე მთვარეზე სახლდებოდნენ.
Artemis პროგრამის მიზნებიც სწორედ ამ ოცნებების პირდაპირი გამოძახილია:
მთვარის გარშემო ეკიპაჟიანი შემოვლა, სამხრეთ პოლუსზე დაშვება, და საბოლოოდ გრძელვადიანი ყოფნა. ქვემოთ რამდენიმე კლასიკური (და თანამედროვე) მაგალითია, რომლებიც დღეს უცნაურად აქტუალურად ჟღერს და გვახსენებს, რომ ფანტაზია ხშირად რეალობას რამდენიმე ათწლეულით უსწრებს.
ართურ სი. კლარკი „2001: კოსმოსური ოდისეა“
კლარკის სამყაროში (რომლის მოქმედებაც დაახლოებით 1999–2001 წლებში ვითარდება) კოსმოსური მოგზაურობა ისეთივე რუტინულია, როგორც დღეს საერთაშორისო ფრენა თვითმფრინავებით. კომერციულ შატლებს ადამიანები დედამიწიდან დიდ მბრუნავ ორბიტალურ სადგურამდე გადაჰყავს. ეს ფაქტობრივად კოსმოსური აეროპორტის ჰაბია, ჩვენთვის რომ სტამბოლის აეროპორტებია, ისეთი. იქიდან კი მუდმივ მთვარის ბაზამდე კლავიუსის კრატერში. მეცნიერები იქ ცხოვრობენ, მუშაობენ და იკვლევენ უცნაურ ანომალიებს.
შედარება Artemis-თან:
NASA-ს გეგმებში შედის Lunar Gateway – მცირე ორბიტალური სადგური უკვე არა დედამიწის, არამედ მთვარის გარშემო. ასტრონავტები იქ „გაჩერდებიან“, სანამ ზედაპირზე დაეშვებიან, ზუსტად ისე, როგორც კლარკის შუალედური ჰაბებში.
დიახ, ჯერ არ გვაქვს გიგანტური სადგურები და ტურისტული რეისები, მაგრამ Artemis II-ის ეკიპაჟიანი შემოვლა და Artemis III-ის დაშვება სწორედ ამ გზის დასაწყისია. კლარკმა 2001 წელს ცოტა ძალიან გადააჭარბა ოპტიმიზმს, მაგრამ იდეა ზუსტად მოარტყა: მთვარე ჩვენი შემდეგი ლოგიკური ნაბიჯია.

ენდი უირი – „Artemis“
უირის რომანი გვიყვება 2080-იანი წლების მთვარეზე არსებულ პირველ ქალაქზე, Artemis-ზე. ეს უკვე ბაზა კი არა ქალაქია: გუმბათები, ტურიზმი, დაბალი გრავიტაციის გასართობები, კომერცია, ჟანგბადის წარმოება, კონტრაბანდა და ეკონომიკური პრობლემები. ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ – ნამდვილი დედამიწური ცხოვრება, უბრალოდ 1/6 გრავიტაციაში.
ქალაქის გუმბათებს აპოლოს ასტრონავტების სახელები ჰქვია, რაც ძალიან კარგად გვახსენებს, საიდან დაიწყო ყველაფერი.
შედარება Artemis პროგრამასთან:
რეალური NASA-ს პროგრამა იზიარებს არა მხოლოდ სახელს, არამედ იდეასაც: მდგრადი ყოფნა, რესურსების გამოყენება (განსაკუთრებით წყლის ყინული სამხრეთ პოლუსზე) და კომერციული პარტნიორობა, მათ შორის SpaceX.
უირი აღწერს უკვე დასრულებულ კოლონიას, ხოლო NASA ამ კოლონიის „საძირკველს“ ახლა დებს: ეკიპაჟიანი მისიები, ჰაბიტატები, ადგილობრივი რესურსების გამოყენება ჟანგბადისა და საწვავისთვის. ეს არის მხიარული, მაგრამ საოცრად რეალისტური ხედვა, რომელიც Artemis-ის ამბიციებს ფანტაზიიდან რეალურ გეგმად აქცევს.
კიდევ უფრო ძველი ოცნებები
ჰ. ჯ. უელსმა 1901 წელს უკვე დაწერა მთვარეზე მოგზაურობის ამბავი, მაშინ როცა რეალური რაკეტები არც არსებობდა.
ჟიულ ვერნმა 1865 წელს ადამიანები ქვემეხით „გაისროლა“ მთვარეზე – ფიზიკურად ეს იყო აბსურდული იდეა, მაგრამ იმდენად შთამაგონებელი, რომ რეალური მეოცნებე პატარა ბიჭები, როგორიც იყვნენ რობერტ გოდარდი და ვერნერ ფონ ბრაუნი, რაკეტების მამებად აქცია.
NASA-ს Artemis ამ პროცესის ცოცხალი მაგალითია. ის ამტკიცებს, რომ სამეცნიერო ფანტასტიკა არ არის ტყუილი, ზღაპარი ან „ჰოლივუდის გამოგონება“. ის არის იდეების, მიმართულებების და მომავლის გენერატორი. და როცა დღეს ვინმე ამბობს, რომ „მთვარეზე დაჯდომა გამოგონილია“, სინამდვილეში ის უბრალოდ რამდენიმე ათწლეულით ჩამორჩენილია იმ ისტორიებს, რომლებიც რეალობას უკვე დაეწია.