აპოლო ნასა მარგარეტ ჰამილტონი

მარგარეტ ჰამილტონი, აპოლოს წარმატების საკვანძო ფიგურა

1969 წლის 20 ივლისი. დღე, როდესაც კაცობრიობამ ისტორია შეცვალა. „აპოლოს“ მთვარის მოდული, სახელად Eagle, ნელ-ნელა ეშვებოდა მთვარის ზედაპირზე, როცა მისიის კონტროლის ეკრანებზე განგაშის სიგნალები აინთო. რამდენიმე წამში უნდა გადაწყვეტილიყო: გაეგრძელებინათ დაშვება თუ უარი ეთქვათ იმ ისტორიულ ნაბიჯზე, რომელსაც მთელი მსოფლიო ელოდა.

ბოლოს, ნასამ რისკზე წასვლა გადაწყვიტა. რამდენიმე წუთში ნილ არმსტრონგმა მოდული წარმატებით დასვა მთვარეზე და გაისმა ლეგენდარული სიტყვები: „Houston, Eagle has landed.“ იმ წამს არმსტრონგი ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი ადამიანი, რომელმაც მთვარეზე ფეხი დადგა. მაგრამ მთვარის იმ ისტორიული გამარჯვების კულისებში კიდევ ერთი გმირი იდგა,  მაშინ სულ რაღაც 32 წლის ქალი, მარგარეტ ჰამილტონი.

ერლჰემის კოლეჯში მათემატიკის ბაკალავრის ხარისხის მიღებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ის აღმოჩნდა MIT-ის ინსტრუმენტაციის ლაბორატორიაში, სადაც დაინიშნა „აპოლოს“ მისიებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებისა და წარმოების ხელმძღვანელად. სწორედ მის მიერ დაწერილი კოდი და მისი გუნდის შრომა გახდა საფუძველი იმისა, რომ 1969–1972 წლებში განხორციელებული მთვარის ექვსივე მისია წარმატებით დასრულდა.

 

აპოლო ნასა მარგარეტ ჰამილტონი
მარგარეტ ჰამილტონი მის ყველაზე ცნობილ სურათზე

 

იმ სფეროში, სადაც ყოველთვის კაცები იყვნენ დომინანტები, მარგარეტ ჰამილტონი გახდა „rope mother“ , ე.წ. „თოკის დედა“. ეს უცნაური მეტსახელი საოცრად ზუსტად ასახავდა მის როლს: “კოდების ქსოვას”, რომლებიც „აპოლოს“ ხომალდების მართვის კომპიუტერებში ინახებოდა. 

იმ წლებში კომპიუტერები გაცილებით უფრო ფიზიკური იყო, ვიდრე დღეს წარმოგვიდგენია. თითოეული ბრძანება, თითოეული ციფრი, ერთი ან ნული, ინახებოდა ხელით შექმნილ კონსტრუქციებში. როგორც ყველა ციფრული მანქანა, „აპოლოს“ კომპიუტერებიც ბინარული არითმეტიკით ცხოვრობდნენ, 1-ებისა და 0-ების უსასრულო სიმრავლით.

კომპიუტერს ორი სახის მეხსიერება ჰქონდა:

  1.     ჩაწერადი და წაკითხვადი, იგივე, რასაც ახლა RAM-ს ვეძახით;
  2.     მხოლოდ წასაკითხი, ანუ ROM.

 

დღევანდელ სამყაროში ციფრები სილიკონის ჩიპებზე ინახება, მაგრამ 1960-იან წლებში ისინი პატარა, დონატის ფორმის მაგნიტურ რგოლებში ინახებოდა, რომელსაც  ბირთვებს (cores) ეძახდნენ. „აპოლოს“ თითოეულ კომპიუტერს ჰქონდა სულ რაღაც 4 კილობაიტი RAM და 74 კილობაიტი ROM.

 

აპოლო ნასა მარგარეტ ჰამილტონი
ხელით ნაქსოვი ბირთვის მეხსიერება, რომელიც გამოყენებული იყო „აპოლოს“ ნავიგაციის კომპიუტერში. სპილენძის მავთულების გავლა მაგნიტურ რგოლებში წარმოადგენდა თვითონ პროგრამულ კოდს, რომელიც გამოიყენებოდა მთვარისკენ ფრენისას, მისი ზედაპირზე დასაშვებად და შემდეგ დედამიწაზე დასაბრუნებლად.

 

წასაკითხი მეხსიერებისათვის ბირთვზე წარმოდგენილი იყო ხვეული მავთულების სერია. თუ მავთული გადიოდა ბირთვზე, ეს აღიქმებოდა როგორც ბინარული 1 , ხოლო თუ მავთული გვერდს უვლიდა ბირთვს, მაშინ ბინარული 0. ბირთვები განლაგებული იყო გრძელი მიმდევრობის სახით, და მავთულები ტრიალებდნენ მათ გარშემო. ამ კონსტრუქციას „core rope”-ს ეძახდნენ, რაც ბირთვის თოკს ნიშნავს.

ამ შრომატევად პროცესს „თოკის ქსოვა“ ეწოდებოდა. პროგრამები ჯერ MIT-ის ლაბორატორიაში დიდ კომპიუტერებზე იქმნებოდა, შემდეგ გადაითარგმნებოდა კოდად და იჭრებოდა პერფორირებულ ლენტებზე. ეს ლენტები სპეციალურ მანქანაში შეჰქონდათ, რომელიც ბირთვებს სწორ პოზიციაში ამყოფებდა, რათა მავთულები ზუსტად გასულიყო მათ შიგნით ან გვერდით.

ქსოვის ამ პროცესს უმეტესად ქალები ასრულებდნენ, მათი ხელების სიზუსტე და მოძრაობის სისწრაფე შეუცვლელი იყო. მათი თითოეული შეხება პროგრამის მომავალს წყვეტდა. და სწორედ ამიტომ, პროგრამის სწორად შექმნა უმაღლესი პრიორიტეტი იყო: ერთხელ თუ “ქსოვა” დასრულდებოდა, შეცდომის პოვნა და გამოსწორება თითქმის ისეთივე რთული ხდებოდა, როგორც ახალი აპარატურის აგება. ირონია იყო ის, რომ ამას „პროგრამულ უზრუნველყოფას“ ეძახდნენ, მაგრამ სინამდვილეში მისი შეცვლა ისეთივე ძნელი იყო, როგორც კონსტრუქციების ხელახლა აწყობა.

პროგრამების სისწორეზე პასუხს თავად მარგარეტ ჰამილტონი აგებდა. ეს იყო ურთულესი და უკიდურესად ზუსტი საქმე: ყოველი გადაწყვეტილება, ყოველი კოდის ხაზი უნდა ყოფილიყო დოკუმენტირებული სრულყოფილი ახსნა-განმარტებით, რა აკეთებდა და როგორ მოქმედებდა მთელ სისტემაზე.

 

აპოლო ნასა მარგარეტ ჰამილტონი
მარგარეტ ჰამილტონი აპოლოს კომანდ მოდულში.

 

საბოლოოდ, მარგარეტ ჰამილტონის გვერდით დაგროვილი უზარმაზარი ქაღალდების გროვა, ის ცნობილი ფოტო, სადაც ის თითქმის მის სიმაღლეს უტოლდება, გახდა სიმბოლო არა მხოლოდ მისი შრომის, არამედ მთელი „აპოლოს“ პროგრამის სიზუსტისა და მასშტაბის.

1960-იან წლებში არ არსებობდა არცერთი ოფიციალური სახელმძღვანელო, რომელიც აჩვენებდა, როგორ უნდა დაწერილიყო, დოკუმენტირებულიყო ან დატესტილიყო ასეთი სირთულის პროგრამული უზრუნველყოფა. ყველაფერი პირველად იქმნებოდა, უშეცდომო გზამკვლევების გარეშე.

და მაინც, „აპოლოს“ პროგრამული უზრუნველყოფა საოცარი სიზუსტით და საიმედოობით მუშაობდა. დღესაც კამათობენ იმ ცნობილ კომპიუტერულ სიგნალებზე, რომლებმაც თითქმის ჩაშალა „აპოლო11“-ის მთვარეზე დაშვება ბოლო წამებში. მაგრამ ერთ რამეში ეჭვი არავის ეპარება: სწორედ მარგარეტ ჰამილტონის ჯგუფის მიერ შექმნილმა კოდმა მისცა მთვარის მოდულის ზედმეტად დატვირთულ კომპიუტერს შესაძლებლობა დარესტარტებულიყო, ჩამოეშორებინა მეორეხარისხოვანი დავალებები და მხოლოდ მთავარზე, უსაფრთხო დაშვებაზე გადაეტანა მთელი ფოკუსი.

ეს იყო წამი, როცა პროგრამულმა უზრუნველყოფამ არა მხოლოდ ტექნიკური ფუნქცია შეასრულა, არამედ ასტრონავტების სიცოცხლე და კაცობრიობის ოცნება გადაარჩინა.

მიუხედავად იმ სირთულეებისა, რასაც მათი სამუშაო ითხოვდა, მარგარეტ ჰამილტონს და მის გუნდს იუმორის გრძნობა არასოდეს აკლდათ. ისინი ერთმანეთისთვის მეტსახელებსაც კი იგონებდნენ: ქალებს, რომლებიც „თოკების ქსოვაზე“ მუშაობდნენ, „LOLs“ little old ladies ერქვათ. პროგრამებში უცნაურ, მაგრამ უმნიშვნელო ხარვეზებს კი „FLTs“ Funny Little Things, „სასაცილო პატარა რაღაცები“ უწოდეს. თავად პროგრამის წმენდა “Auge Kugel“-ის მეთოდით ხდებოდა, რაც გერმანულად„თვალის კაკალს“ ნიშნავს. პროგრამისტი უბრალოდ უყურებდა კოდის სტრიქონებს და კითხულობდა ისე, თითქოს თვითონ ყოფილიყო კომპიუტერი. შესაძლოა ეს არ მიიჩნეოდა „სწორ“ ინჟინრულ მეთოდად, მაგრამ, როგორც ჰამილტონი ამბობდა, ის მუშაობდა.

ჰამილტონს ლაბორატორიაში ხშირად დაჰყავდა პატარა ქალიშვილი. ერთ დღეს გოგონამ სიმულატორზე ერთ ღილაკზე დააჭირა, რის შედეგადაც იმ სისტემის მეხსიერებიდან, რომელსაც ჰამილტონი ტესტავდა, ნავიგაციის მონაცემები წაიშალა. მას ეშინოდა, რომ ეს შემთხვევით შეიძლება რეალურ მისიაშიც მომხდარიყო. მან ნასას ცვლილება შესთავაზა, თუმცა პასუხად მიიღო: „ასტრონავტები საკმარისად გაწვრთნილები არიან იმისათვის, რომ მსგავსი შეცდომა არ დაუშვან.“

მაგრამ შემდეგ მისიაზე, ასტრონავტმა ჯიმ ლოველმა ზუსტად იგივე შეცდომა გაიმეორა. ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო ქმედება იქცა მიზეზად, რის გამოც მთელ მისიის ხელახალი კონფიგურაცია გახდა საჭირო.

ამ შემთხვევის შემდეგ მარგარეტს ნება დართეს ცვლილება შეეტანა პროგრამაში. ხარვეზს კი მან თავისი ქალიშვილის სახელი უწოდა, „ლორენის ხარვეზი“ (The Lauren Bug).

 

აპოლო ნასა მარგარეტ ჰამილტონი
კენედის კოსმოსური ცენტრი. ნასას თანამშრომლები უყურებენ აპოლო 11 ის აფრენას.

 

მარგარეტ ჰამილტონი აპოლო 11 ის მისიის დროს აკვირდებოდა მისი პროგრამის მუშაობას. იმ ერთ მომენტში, როდესაც მისიის კონტროლის კომპიუტერებზე განგაშის სიგნალი ჩაირთო, ჰამილტონს მისი პროგრამის მიმართ სრული ნდობა ჰქონდა. მალე გაირკვა კიდეც, რომ პროგრამა გადმოსცემდა აპარატურასთან დაკავშირებულ პრობლემას და თავად ცდილობდა კიდეც ამ ხარვეზის შველას. საბედნიეროდ მისიის კონტროლმა მის პროგრამას ნდობა გამოუცხადა, თორემ ისტორიული მისია ჩაიშლებოდა.

იმ დროს როდესაც მოდულში მხოლოდ 30 წამის საკმარისი საწვავი იყო დარჩენილი, კენედის კოსმოსურ ცენტრში, მისიის კონტროლის ოთახში ნილ არმსტრონგის ხმა დაბრუნდა “ არწივი დაეშვა, Eagle has landed”.

 

აპოლო ნასა მარგარეტ ჰამილტონი
ერთ ერთი ფურცელი, იმ ცნობილი სურათის კოდის დასტიდან.

 

ჰამილტონის გუნდმა  გაიგო, რომ პროგრამამ ზუსტად ისე იმუშავა, როგორც დაგეგმილი იყო. დაშვების დროს რადარის გადამრთველი არასწორ პოზიციაში აღმოჩნდა, და ამან გამოიწვია სიგნალები. პროგრამამ კი გადატვირთვის შემდგომ ყურადღება გადაიტანა უმაღლესი პრიორიტეტის ამოცანაზე: მთვარის მოდულის უსაფრთხოდ დაშვებაზე. ჰამილტონის მიერ დაწერილი შეცდომის აღმოჩენისა და აღდგენის მექანიზმების გარეშე, ეს მისია აუცილებლად ჩავარდებოდა და კაცობრიობის პირველი ნაბიჯი მთვარეზე არასდროს გადაიდგმებოდა.

დღეს ჰამილტონის ნაშრომები და მისი პროგრამის ის ნაბეჭდები, რომლებიც მის ცნობილ ფოტოზეაასახული, ამერიკის Air and Space მუზეუმში ინახება

 

 

Credit: Air and Space Museum

 

NASA-ს Artemis პროგრამა დაბრუნებაა მთვარეზე. ამბიციური მისია აპოლოს ეპოქის შემდეგ.
ტრანზიტის მეთოდი - ეგზოპლანეტების აღმოჩენის ერთ-ერთი მეთოდის განხილვა.
ასტრონომიისა და კოსმოსური ფრენების შესახებ ორი სამეცნიერო-ტექნიკური მუზეუმის (გერმანია) მიმოხილვა.
როდის და როგორ ხდება მზის და მთვარის დაბნელებები.

Discover more from spaceYhub

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading