აზომოვის წიგნების სერია, ფანტასტიკა

რობოტებიდან გალაქტიკურ იმპერიამდე – აზიმოვის ფანტასტიკის ეპოსი

ფანტასტიკა ხშირად მხოლოდ მეზღაპრეების საქმე გვგონია — რაღაც შორეული, დაუჯერებელი, კოსმოსში გაჭრილი ისტორიები, სადაც ვარსკვლავური ხომალდები და უცხოპლანეტელები იბრძვიან. მაგრამ აიზეკ აზიმოვი ამ სტერეოტიპს თავდაყირა აყენებს. მისი ნაწარმოებები გვაჩვენებს, რომ სამეცნიერო ფანტასტიკა არ არის მხოლოდ გასართობი — ეს არის მომავლის ხედვა, ტექნოლოგიური ეთიკის ანარეკლი, ადამიანის ბუნების ფსიქოლოგიური ანალიზი.

აზიმოვის დასაბამი (Foundation) სერია არის სწორედ ასეთი შთამბეჭდავი ფრესკა — ეპიკური ისტორია, რომელიც გალაქტიკის მასშტაბზე, ათასწლეულებზე გაშლილ მოვლენებზე გვიამბობს და მაინც რჩება ადამიანურად ახლობელი. და მიუხედავად იმისა, რომ სერია 16 წიგნისგან შედგება, ყველაფერი უბრალოდ რვა მოთხრობით დაიწყო

დასაბამის ორიგინალი ტრილოგია სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთი მწვერვალია. მისი სიუჟეტი მომავალში ვითარდება, დროით თითქმის 20,000 წლით ჩვენი ეპოქის შემდეგ. ადამიანებმა დედამიწა დიდი ხნის წინ მიატოვეს და მისი არსებობაც კი თითქმის აღარ ახსოვთ. მხოლოდ ლეგენდებად და ზღაპრებად გადარჩენილა მითითება იმაზე, რომ მთელი კაცობრიობა ერთ პლანეტაზე იყო დაბადებული.

ამ სამყაროში ჩნდება ბრწყინვალე მათემატიკოსი — ჰარი სელდონი, რომელიც ქმნის უნიკალურ თეორიას: ფსიქოისტორიას. ეს არის მეცნიერება, რომელიც მასების ქცევის პროგნოზირებას ემყარება და დიდ მასშტაბებზე მომავლის დანახვის საშუალებას იძლევა. სელდონი წინასწარმეტყველებს, რომ გალაქტიკური იმპერია ნგრევას იწყებს და კაცობრიობას ხანგრძლივი ქაოსი მოელის. ამიტომ ცდილობს შექმნას დასაბამი— რომელიც ცოდნის შენარჩუნებითა და სწორად დაგეგმილი გზით გალაქტიკას ნგრევის შემდეგ ხელახლა აღადგენს. თავად აზიმოვიც კი იხსენებდა რომ როდესაც დასაბამის წიგნებს წერდა, ვერც კი წარმოედგინა რამდენად დიდ სერიას უყრიდა საფუძველს.

ტრილოგიის დაწერის შემდეგ მან ეს სამყარო გააფართოვა, დაწერა ახალი წიგნები და არსბული და ახალი ნოველები – ყველა ერთმანეთს დააკავშირა. ქრონოლოგიურად ეს წიგნები ასეთი თანმიმდევრობით უნდა წავიკითხოთ:

 

  1. მე, რობოტი
  2. რობოტების მოთხრობების სრული ციკლი
  3. ფოლადის მღვიმეები
  4. შიშველი მზე
  5. განთიადის რობოტები
  6. რობოტები და იმპერია
  7. ვარსკვლავი, როგორც მტვერი
  8. კოსმოსური დინებები
  9. ქვა ცაში
  10. დასაბამამდე
  11. დასაბამისკენ
  12. დასაბამი
  13. დასაბამი და იმპერია
  14. მეორე დასაბამი
  15. დასაბამის ზღვარი
  16. დასაბამი და დედამიწა

 

მთლიანი სერია სამ ნაწილად იყოფა:

  • რობოტების სერია – 6 წიგნი
  • გალაქტიკური იმპერიის სერია – 3 წიგნი
  • დასაბამის სერია – 7 წიგნი

 

ფანტასტიკა აზიმოვი
დასაბამის ორიგინალი ტრილოგიის წიგნები

 

მე, რობოტი:

ყველაფერი იწყება წიგნით მე, რობოტი და რობოტების სრული მოთხრობების ციკლით. მე, რობოტი ყველაფრის დასაწყისია, ხოლო მეორე წიგნში კი ის მოთხრობებია, რომელიც მე,რობოტში ვერ მოხვდა. მეორე წიგნში ქრონოლოგია არეულია, ზოგჯერ ისეთი მოთხრობებიც გვხვდება, რომლის პერსონაჟები შემდეგ წიგნებშია განხილული. და აქ ერთი მოთხრობა არის გამორჩეული, “პოზიტრონული კაცი” რომლის საფუძველზეც ფილმიც არის გადაღებული, რომელსაც “200 წლის ადამიანი” ქვია. აზიმოვის გენიამ გამოიგონა რობოტიკის სამი კანონი, რომელიც მაშინ ფანტასტიკა იყო, დღეს კი რეალობა გახდა. ეს კანონები ფაქტიურად სტანდარტად იქცა ყველასთვის ვინც რობოტებზე წერს და ეს სამი კანონი შეიძლება გახდეს ის საყრდენი, რაზეც მომავალში ხელოვნური ინტელექტის ეთიკა აიგება. 

რობოტიკის სამი კანონი ასე ჟღერს:

  1. რობოტმა არ შეიძლება ავნოს ადამიანს, ან თავისი უმოქმედობით დაუშვას რომ ადამიანს ზიანი მიადგეს
  2. რობოტი უნდა დაემორჩილოს ადამიანის მიერ გაცემულ ბრძანებებს, თუ ეს ბრძანბები არ ეწინააღმდეგება პირველ კანონს
  3. რობოტმა უნდა დაიცვას საკუთარი არსბობა, თუ ეს დაცვა არ ეწინააღმდეგება პირველ და მეორე კანონს

 

ფანტასტი, აიზეკ აზიმოვი
ფანტასტი, აიზეკ აზიმოვი

 

ფოლადის მღვიმეები:

ეს ფაქტიურად კოსმოსური დეტექტივია. დედამიწას უკვე რესურსები აღარ ყოფნის, დედამიწელების ნაწილი კოსმოსში გაფრინდა და 50 მდე პლანეტა აითვისა. ისინი უკვე ზემოდან უყურებენ დედამიწაზე დარჩენილ ადამიანებს და თავი მათზე მაღლა მდგომ, მაღალტექნოლოგიურ რასად წარმოუდგენიათ. მათ თან წაიყვანეს რობოტები, რადგან დედამიწაზე რობოტებს ცუდად ეპყრობოდნენ და არ ენდობოდნენ. ამ დროს უკვე ჰუმანოიდი რობოტიც არის გამოგონილი და მას დანიელ ოლივო ქვია. დედამიწაზე მკვლელობა ხდება, სადაც მოკლული სხვა პლანეტიდან ჩამოსული მაღალი რასის წარმომადგენელია. დედამიწელი დეტექტივი ელაიჯა ბეილი და რობოტი დანიელი ერთად იძიებენ მკვლელობას. დეტექტივი თავიდან ეჭვის თვალით უყურებს რობოტს, თუმცა ბოლოს ისინი საუკეთესო მეგობრები ხდებიან.

ელაიჯა ბეილი და დანიელი, ფან არტი
ელაიჯა ბეილი და დანიელი, ფან არტი

 

შიშველი მზე:

ეს წიგნი ელაიჯა ბეილის და დანიელის მეგობრობის გაგრძელებაა, ოღონდ პლანეტა სოლარიაზე, სადაც მთელი პლანეტა რობოტების მიერ იმართება, ხოლო ადამიანები არისტოკრატები არიან. ბეილი და დანიელი ისევ მკვლელობას იძიებენ, ამჯერად სოლარიაზე. 

 

განთიადის რობოტები:

ბეილი ისევ სხვა პლანეტაზე, ავრორაზე მიემგზავრება, რათა მკვლელობა გამოიძიოს, ოღონდ ამჯერად არა ადამიანის, არამედ ჰუმანოიდი რობოტის, რომელიც დანიელის მსგავსად ადამიანს გავს. მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილი ამ ჰუმანოიდი რობოტების შემქმნელი მექანიკოსია. აქ ბეილი ხვდება მეორე რობოტს, გისკარდს, რომელსაც გონების კონტროლი შეუძლია.

დანიელი არწმუნებს ელაიჯას, რომ ნამდვილად რობოტია.
დანიელი არწმუნებს ელაიჯას, რომ ნამდვილად რობოტია.

 

რობოტები და იმპერია:

ამჯერად თავად ელაიჯა ბეილიც კი რწმუნდება იმაში, რომ დედამიწაზე დიდხანს ვერ იცოცხლებს ადამიანური რასა და ცივილიზაციის მომავალი სხვა პლანეტების ათვისებაშია. იგი, ისევე როგორც დანიელი და სხვა მეგობრები ფიქრობენ, რომ კოსმოსი მხოლოდ იმ 50 პლანეტაზე დასახლბულ ყოფილ დედამიწელებს არ უნდა ეკუთვნოდეს და ყველას უნდა შეეძლოს სხვა პლანეტების ექსპლორაცია და მასზე დასახლება. ამავდროულად სხვა პლანეტის ხალხს უნდათ, რომ დედამიწელები კოსმოსში ვერ წავიდნენ, და უფრო მეტიც, დედამიწაზევე ამოწყდნენ. ამიტომ დედამიწას რადიოაქტიურს გახდიან. დანიელის და გისკარდის პირდაპირი და ირიბი ჩარევით ადამიანები დედამიწას მიატოვებენ და კოსმოსში იფანტებიან სხვადასხვა პლანეტებზე. ასე იქმნება პირველი გალაქტიკური იმპერია.

რობოტი დანიელ ოლივო
რობოტი დანიელ ოლივო

 

შემდეგ მოდის იმპერიის სერია, რომელიც ისეთი ძლიერი და საინტერესო არაა, როგორც რობოტების სერია, თუმცა სანამ დასაბამის წიგნებზე გადავალთ, საინტერესოა გავიგოთ როგორ ცხოვრობდა ხალხი სხვა პლანეტებზე, იქამდე სანამ იმპერია იმ სახით ჩამოყალიბდებოდა, რომელსაც დასაბამის სერიაში ვხვდებით.

 

კოსმოსის დინებები:

ერთ ერთ პლანეტაზე ტრადიციული მონათმფლობელობაა, მოსახლეობა მუშაობს ბევრს, რომ დოვლათი შექმნან. მთავარი გმირი, რომელსაც მეხსიერება აქვს დაკარგული, ნელნელა გონებას იკრებს და იაზრებს რომ პლანეტას მოსპობა ელის.

 

ქვა ცაში:

დედამიწას და დედამიწელებს უკვე ყველა ცხვირს უბზუებს, ვინც სხვა პლანეტებზე მოახერხა წასვლა და არ აღიარებენ რომ მათი სახობა დედამიწაზე ჩამოყალიბდა. დედამიწა ღარიბი და რადიოაქტიურია, ადამიანები მაქსიმუმ 60 წლამდე ცხოვრობენ. ერთი გმირი კი 62 წლისაა.

 

ვარსკვლავი, როგორც მტვერი:

ახალგაზრდა სტუდენტის ოთახში ბომბი ბეთქდება, მის გავლენიან მამას კი კლავენ, ამიტომ იგი იბრძვის სიმართლისათვის და ეხვევა პოლიტიკურ შეთქმულებაში. 

შემდეგ მოდის დასაბამის სერია.  რა თქმა უნდა შეგიძლიათ კითხვა ორიგინალი ტრილოგიის პირველი წიგნით დაიწყოთ, მაგრამ გირჩევთ ქრონნოლოგიურად მიყვეთ და შესავლით დაიწყოთ:

 

დასაბამამდე:

გალაქტიკა უკვე პირველ იმპერიად არის გაერთიანებული, ტახტზე იმპერატორი კლეონი ზის. იმპერიას ღრმა კრიზისი ემუქრება, როდესაც ტრანტორზე , იმპერიის დედაქალაქ პლანეტაზე ჩნდება ჰარი სელდონი თავისი ფსიქოისტორიის თეორიით. 

 

დასაბამისკენ:

აქ ჰარი სელდონი უკვე ყველა ტექნოლოგიითაა აღჭრვილი და ცდილობს მისი თეორიის სრულყოფას, მაშინ როცა იმპერია უკვე ქაოსის ზღვარზეა.

 

დასაბამი:

გალაქტიკური იმპერია განადგურების ზღვარზეა. ჰარი სელდონს უკვე ალმაცერად უყურებენ, ტახტზე იმპერატორი კლეონი აღარ ზის. ჰარი სელდონი მისთვის და მისი თანამოაზრე მეცნიერებისთვის ითხოვს გადასახლებას გალაქტიკის ზღვარზე მყოფ დაუსახლებელ, ღარიბ პლანეტაზე, რომელსაც ტერმინუსი ქვია. იგი ცდილობს რომ ეს ცოდნა გადარჩეს და მეორე გალაქტიკური იმპერია, ნაკლები დანაკარგებით ახალი პლანეტიდან აღმოცენდეს.

 

ჰარი სელდონის ჰოლოგრამა, რომელიც სელდონის კრიზისების სახელით ცნობილი კრიზისების დროს ჩნდება პლანეტა ტერმინუსის ბუნკერში
ჰარი სელდონის ჰოლოგრამა, რომელიც სელდონის კრიზისების სახელით ცნობილი კრიზისების დროს ჩნდება პლანეტა ტერმინუსის ბუნკერში

 

დასაბამი და იმპერია:

დასაბამმა ირგვლივ მყოფი ველური პლანეტების აგრესიას გაუძლო, თუმცა ახლა თავად იმპერია ემუქრება, რადგან ამბიციური გენერალი იმპერიის ძველი დიდების აღდგენას ცდილობს. კრიზისებიდან დასაბამი ყოველთვის სელდონის რჩევებს გამოყავს. თავად სელდონი კი ჰოლოგრამის სახით ჩნდება კრიზისულ მომენტებში.

 

მეორე დასაბამი:

იმპერიის დაცემის შემდეგ დასაბამიც ღრმა კრიზისშია. ამ დროს ხმები ირხევა რომ გალაქტიკის მეორე კიდეზე არსებობს მეორე დასაბამიც, რომელიც ცოდნის შენარჩუნებას ემსახურება, და რომელიც ფარული ნიჭის მქონე ადამიანებითაა დასახლებული, რომლებსაც სხვების აზრის წაკითხვა და მათზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ.

 

დასაბამის ზღვარი:

ორ დასაბამს შორის ომი დასრულდა, ყველაფერი ისევ ჰარი სელდონის გეგმას უბრუნდება. თუმცა ეჭვები დედამიწის არსებობის შესახებ მოსვენებას უკარგავს ზოგ დასაბამელს, ამიტომაც ორი განდევნილი პერსონაჟი მის საძებრად მიდის. ძებნის პროცესში ისინი გადააწყდებიან გონიერ პლანეტას, გაიას, სადაც ყველაფერი, ადამიანები, ცხოველთა, ფრინველთა და მცენარეთა სამყარო, ისევე როგორც თავად პლანეტა ერთი საერთო ცნობიერის ნაწილია. და რომელიც სელდონის გეგმაში გათვალისწინებული არ იყო და სრულიად დამოუკიდებელი გეგმის ნაწილია.

 

დასაბამი და დედამიწა:

დედამიწის ძიება გრძელდება წარმოუდგენელ ადგილებში, მათ შორის პირველ სამ არისტორკრატიულ პლანეტაზეც, რომლებიც დედამიწასთან ერთად მიეცა დავიწყებას და ახლა განადგურებულები არიან. ამ წიგნს და ზოგადად ამ საგას ძალიან ლოგიკური დასასრული აქვს.

 

აიზეკ აზიმოვის დასაბამი მხოლოდ ფანტასტიკა არ არის — ეს არის ეპიკური ისტორია მეცნიერების, პასუხისმგებლობისა და განვითარების შესახებ. მისი სამყაროს სიღრმე, გმირების ლოგიკური ფიქრი და მოვლენათა გრანდიოზულობა დღემდე აოცებს მკითხველს.

თუკი ოდესმე გიფიქრია, როგორი იქნება კაცობრიობის მომავალი ათასობით წლის შემდეგ — ეს სერია სწორედ იმ კითხვებზე პასუხის ძიებაა. რობოტების გონი, ადამიანის მორალი, ცივილიზაციის აღზევება და დაცემა — ეს ყველაფერი აქაა. დასაბამის სამყარო უნიკალური ხედვაა იმისა, როგორ გადავრჩებით, როცა ყველაფერი ინგრევა.

შეაბიჯე ამ სამყაროში — და უკან დაბრუნება აღარ მოგინდება.

 

წარმოუდგენელია, თუმცა ლიტერატურაში აღწერილი უცნაური, არასტანდარტული პლანეტები დღეს უკვე რეალობაა.
მზის სისტემის ფარგლებს მიღმა არსებულ პლანეტებზე მონადირე კოსმოსური ტელესკოპის განხილვა.
ვარსკვლავებით გადაჭედილ სამყაროში, ნუთუ მხოლოდ ჩვენ ვართ ცოცხალი არსებები?
უნიკალური მოდელი, რომელიც აფასებს ცივილიზაციის ტექნოლოგიურ განვითარებას გამოყენებული ენერგიის მიხედვით.

Discover more from spaceYhub

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading