კომერსიული კოსმოსური ფრენები

კომერციული კოსმოსური ფრენები

NASA-ს კოსმოსური პროგრამები ყოველთვის ვერ პასუხობდნენ თანამედროვე მოთხოვნებს, ძირითადად ბიუროკრატიული დაბრკოლებებისა და ხანგრძლივი პროცესების გამო. რის გამოც დღემდე ვერ მოხერხდა სხვა პლანეტების ათვისება, და 70-იანი წლების შემდეგ მთვარის პროექტიც კი შეწყდა. ამ ფაქტს თანამედროვე მოუთმენელი და ამბიციური ანტრეპრენერები, როგორიც არიან ილონ მასკი, ჯეფ ბეზოსი და რიჩარდ ბრანსონი, დიდი მოწონებით არ შეხვედრიან, ამიტომ მათ მიზნად დაისახეს კოსმოსური ბიზნესის განვითარება, რაც NASA-სგან დამოუკიდებელი ფრენებისა და ინოვაციური რაკეტების შექმნას გულისხმობს. 2002 წლიდან დღემდე ბევრი სატესტო ფრენა ჩატარდა, როგორც კერძო კომპანიების მიერ, ასევე სხვადასხვა ქვეყნების კოსმოსური სააგენტოების მიერაც. დღესდღეობით უკვე თითქმის ყოველდღიური ფრენებია კოსმოსში სხვადასხვა ქვეყნების, აშშს, ინდოეთის, ევროპის, ჩინეთის ან რუსეთის კოსმოდრომებიდან, სადაც დახვეწილ და მაღალტექნოლოგიურ რაკეტებს სხვადასხვა ტვირთი გააქვთ ორბიტაზე. რაკეტებს ადამიანებიც მიყავთ სხვადასხვა ორბიტაზე, მათ შორის ყველაზე ხშირად დედამიწის დაბალ ორბიტაზე, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე. თუმცა ბოლო წლებში კომერციული ასტრონავტებიც გამოჩნდნენ, რომლებიც სფეის იქსის დრაგონ-კაფსულით უფრო მაღალ ორბიტაზე ავიდნენ და რამდენიმე დღე დარჩნენ, სადაც სხვადასხვა სამეცნიერო ექსპერიმენტებს ატარებდნენ. ასეთი მისიებია “Polaris Down” და “Axiom-1”.

კომერსიული კოსმოსური ფრენები
Credit: Harvard Business Review
მისია Polaris Down, რომლის დროსაც პირველი კომერციული space walk განახორციელა ასტრონავტმა და ბიზნესმენმა ჯარედ აიზეკმენმა.

თანამედროვე სარაკეტო მეცნიერებამ ასევე აჩვენა, რომ მხოლოდ რაკეტის გაშვება და ორბიტაზე ტვირთის გატანა საკმარისი არაა, აუცილებელია რაკეტა ხელახლა გამოყენებადი იყოს, რათა კოსმოსური ფრენები გაიაფდეს და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს, და ამით ხელი შეეწყოს სხვა პლანეტებისა და ახლო კოსმოსის ათვისებას.

რაკეტების მრავალჯერადი გამოყენება თანამედროვე კოსმოსური ინდუსტრიის ერთერთი ყველაზე ინოვაციური კონცეფციაა. რაკეტის აგება და ფრენა საკმაოდ ძვირი ჯდება, ერთ ერთი რაც ყველაზე ძვირია, არის მთავარი გამშვები ბუსტერი, რომლის მრავალჯერადობას დიდი მნიშვნელობა აქვს კოსმოსური კვლევების განვითარებაში და ფრენის ფასების მკვეთრად შემცირებაში. ტრადიციულად რაკეტები, რომლებსაც NASA და Roscosmos აგებდნენ, ერთჯერადი იყო, რაც იმას ნიშნავდა რომ ყოველი ფრენისათვის საჭირო იყო სრულიად ახალი რაკეტის აგება, რაც ხარჯებს მნიშნველოვნად ზრდიდა. 

 

რაკეტა spacex
SpaceX-ის რაკეტა Falcon Heavy, რომელიც 3 Falcon 9 რაკეტის ერთობლიობაა

 

SpaceX

რაკეტების მრავალჯერ გამოყენების იდეის შემოტანა და განვითარება ილონ მასკის კომპანიას, SpaceX უკავშირდება, რომელმაც პირველმა მიაღწია ამ უმნიშვნელოვანეს მიზანს. კომპანიის მიერ შემუშავებული დიზაინი და ტექნოლოგია, რაკეტას საშუალებას აძლევს თავისით დაბრუნდეს დედამიწაზე და ვერტიკალურად დაჯდეს ოკეანეში არსებულ დრონშიფზე. დღესდღეობით სფეის იქსის თითოეული რაკეტა Falcon-9 საშუალოდ 20 ფრენას მაინც ასრულებს, ხოლო როდესაც გამოუყენებელი ხდება, მის ნაწილებს ახალი რაკეტის ასაგებად იყენებენ.  შედეგად რაკეტის გაშვების ხარჯები მკვეთრად შემცირდა. ამ რაკეტას 22,800 კგ ტვირთის გატანა შეუძლია დაბალ ორბიტაზე. უფრო მძიმე ტვირთებისთვის SpaceX იყენებს Falcon Heavy-ს, რომელიც სამივე ბუსტერის კომპლექსურ კომბინაციას მოიცავს და რომელსაც 16,800 კგ ტვირთის ტრანსპორტირება შეუძლია მარსზე (ხოლო დაბალ ორბიტაზე კი 63,800 კგ ტვირთი).  როდესაც Falcon Heavy-ს ორი გვერდითი ბუსტერი საწვავს გამოლევს და დედამიწაზე ბრუნდება, მათი სინქრონული დაჯდომა დედამიწის ზედაპირზე ისევ ისეთ აღფრთოვანებას იწვევს მათ გულშემატკივრებში, როგორიც პირველ სატესტო ფრენაზე გამოიწვია, როდესაც ილონ მასკმა მისი პირადი წითელი ტესლა კოსმოსში გაუშვა, სადაც მანეკენი – Starman იჯდა. Dragon კოსმოსური კაფსულა დედამიწის ორბიტაზე და მის მიღმაც 7-მდე ასტრონავტის გადაყვანას და 6000 კგ-მდე ტვირთის გადატანას უზრუნველყოფს. ამჟამად, ეს არის ერთადერთი კოსმოსური ხომალდი, რომელსაც დედამიწაზე მნიშვნელოვანი რაოდენობის ტვირთის (3000 კგმდე) დაბრუნება შეუძლია. Dragon პირველი კერძო ხომალდია, რომელმაც ადამიანები კოსმოსურ სადგურზე წაიყვანა. კომპანია ბოლო რამდენიმე წელია ავითარებს ახალ, კიდევ უფრო თანამედროვე კოსმოსურ ხომალდს, Starship-ს, რომელიც რამდენიმე წელიწადში მთვარეზე და მარსზე წაიყვანს ასტრონავტებს და რომელსაც 100-150 ტონა ტვირთის გადატანა შეუძლია. ჯერჯერობით Starship-ის სატესტო ფრენები მიმდინარეობს და უნდა აღინიშნოს, რომ ამ უზარმაზარი რაკეტის თითოეული ფრენა უდიდესი წარმატება და ნამდვილი დღესასწაულია ნებისმიერი ასტრონერდისთვის.

spacex რაკეტა
Falcon Heavy-ს გამშვები გვერდითი ბუსტერები, უკან დასაშვებ ზონაზე ბრუნდებიან და პარალელურად ჯდებიან

 

რაკეტა spacex
SpaceX-ის ახალი, თანამედროვე კოსმოსური ხომალდი, Starship, რომელიც ორი ნაწილისგან, გამშვები superheavy ბუსტერისგან და უშუალოდ ხომალდისგან შედგება. ეს არის პირველი რაკეტა ისტორიის მანძილზე, რომელიც სრულად, 100%ით ხელახლა გამოყენებადი იქნება

 

Blue Origin

ჯეფ ბეზოსის კომპანია, წარმატებით აწარმოებს სუბორბიტულ ფრენებს და კოსმოსური ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს. კომპანიამ უკვე რამდენიმე ასეული ადამიანი გაგზავნა კოსმოსის ზღვარზე, სადაც ისინი რამდენიმე წუთს ატარებენ უგრავიტაციო სივრცეში, შემდგომ კი მშვიდობით ბრუნდებიან დედამიწაზე. ფრენების ერთ-ერთი განსაკუთრებული შემთხვევა იყო ვილიამ შატნერის, პოპულარული კაპიტან კირკის მგზავრობა (“Star Trek”), რაც კოსმოსური ტურიზმის კულტურულ ღირებულებას უფრო მეტად ზრდის. ამასთანავე, Blue Origin იმედოვნებს, რომ მომავალში უფრო გრძელვადიან კოსმოსურ მისიებში მონაწილეობას მიიღებს და ფართო კომერციულ ბაზარს მოიცავს.

New Sheppard
ჯეფ ბეზოსის კომპანიის პირველი რაკეტა, New Sheppard

 

Virgin Galactic

რიჩარდ ბრანსონის Virgin Galactic ასევე ტურიზმზეა კონცენტრირებული. მისი რაკეტა თვითმფრინავისგან გამშვებ პლატფორმას იყენებს, რაც ფრენის ალტერნატიულ სტრუქტურას იძლევა და აძლიერებს ფრენის სტაბილურობას და საიმედოობას. Virgin Galactic თანდათანობით იზრდება როგორც ტურისტული ფრენების პოპულარული კომპანია. ამ დროისთვის Virgin Galactic-ის SpaceShipTwo რეგულარულად ახორციელებს ფრენებს, რაც ტურისტებს საშუალებას აძლევს შეიგრძნონ უწონობის მდგომარეობა და ნახონ დედამიწა კოსმოსიდან.

Spaceship 2
რიჩარდ ბრანსონის Spaceship 2

 

RocketLab

პიტერ ბეკის კომპანია სულ უფრო და უფრო ხშირად გვთავაზობს ინოვაციურ მიდგომებს სარაკეტო მეცნიერებაში.  Rocket Lab-ს ორი ძირითადი რაკეტა/ბუსტერი ყავს – Electron, რომელიც მცირე ტვირთის სატრანსპორტო რაკეტაა, და 300 კგ-მდე სატელიტებს გადატანის საშუალებას იძლევა დაბალ ორბიტაზე და Neutron, კიდევ უფრო მძიმე ტვირთისთვის, რომელიც მრავალჯერადი გამოყენების რაკეტა იქნება. ეს კომპანია აქტიურად თანამშრომლობს ნასასთან და შერჩეულია როგორც მარსის პროექტის ერთერთი მონაწილე. 

RocketLab-ის რაკეტა Neutron
RocketLab-ის რაკეტა Neutron, რომელიც გამოსახულია ტვირთის ორბიტაზე გატანის მომენტში

 

Firefly Aerospace

კიდევ ერთი კერძო კომპანია აეროკოსმოსურ ინდუსტრიაში არის “Firefly Aerospace”, რომელიც 2014 წელს ნასას ინჟინერმა დააარსა. ეს კომპანიაც მცირე ზომის სატელიტების ხელმისაწვდომ ფასად ორბიტაზე გატანაზე არის ორიენტირებული. მათაც ორი რაკეტა ყავთ: Alpha Rocket, რომელიც ორბიტული კლასის რაკეტაა და უფრო მძიმე ტვირთის გასატანად კი Beta Rocket, რომელიც ჯერჯერობით განვითარების პროცესშია. Firefly ასევე მჭიდროდ თანამშრომლობს NASA-სთან და მონაწილეობას მიიღებს მთვარის მომავალ მისიებში. 

Alpha Rocket
Alpha Rocket

 

Astra

Astra 2016 წელს დააარსა ორმა აეროკოსმოსურმა ინჟინერმა. Astra სხვა მცირე კერძო კომპანიების მსგავსად ორიენტირებულია ბიუჯეტური რაკეტების წარმოებაზე და მცირე ზომის სატელიტების ტრანსპორტირებაზე. მას ყავს ერთი რაკეტა – Rocket 3 , რომელსაც 150 კგ ტვირთის ატანა შეუძლია დედამიწის დაბალ ორბიტაზე და მეორე უფრო მძიმე ტვირთისთვის განკუთვნილი Rocket 4, რომელიც ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია. Astra-ს სტრატეგია მცირე ბიუჯეტის ტვირთების ტრანსპორტირებაზეა ორიენტირებული, რაც კოსმოსური ფრენების მასობრივი ხელმისაწვდომობისთვის დიდ მნიშვნელობას წარმოადგენს.

 

კომპანია Astra-ს რაკეტა, Rocket 3
კომპანია Astra-ს რაკეტა, Rocket 3

 

ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ კერძო სექტორის გააქტიურებამ და ბაზარზე კონკურენციის ზრდამ კოსმოსური ფრენები ნაკლებად ხარჯიანი და უფრო ხელმისაწვდომი გახადა. უფრო ხელმისაწვდომი კოსმოსური ფრენები ახალი შესაძლებლობებია მეცნიერებისთვის, რაც საშუალებას იძლევა, რომ კოსმოსში მუდმივად განახლებული ტექნოლოგიები ვიხილოთ. მრავალჯერადი გამოყენების ბუსტერების იდეამ, რომელიც განსაკუთრებით SpaceX-მა განავითარა, მნიშვნელოვნად შეამცირა ფრენების ხარჯები და გააფართოვა კოსმოსური კვლევების მასშტაბები, რაც ქმნის საფუძველს, რომ ახლო მომავალში კოსმოსი არა მხოლოდ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფერო იყოს, არამედ ბიზნესისა და კომერციის ახალ ბაზრად იქცეს.

დღესდღეობით კოსმოსური ფრენები უფრო და უფრო ხშირად მიმდინარეობს და ათასობით ახალი სატელიტი, რომლებიც რაკეტებით დედამიწის ორბიტაზე გადის, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

 

 

 

ენერგიისა და ნაწილაკების უზარმაზარი ამოფრქვევები ჩვენი ვარსკვლავიდან მთელ მზის სისტემაში.
რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს სიცოცხლისათვის შესაფერისი პლანეტა.
მზის სისტემის ფარგლებს მიღმა არსებულ პლანეტებზე მონადირე კოსმოსური ტელესკოპის განხილვა.
რა შეიძლება გამოიწვიონ ძლიერმა მზის შტორმებმა დედამიწაზე?

Discover more from spaceYhub

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading