1969 წელი – კაცობრიობამ პირველი გიგანტური ნაბიჯი გადადგა. როდესაც ნილ არმსტრონგმა მთვარის ზედაპირზე ფეხი დადგა და თავისი ცნობილი სიტყვები წარმოთქვა, მსოფლიო სუნთქვაშეკრული უყურებდა, როგორ ამტკიცებდა ადამიანი, რომ შეუძლებელი არაფერია. Saturn V – იმ დროისთვის ყველაზე ძლიერმა რაკეტამ – ასტრონავტები იქ წაიყვანა, სადაც მანამდე არავინ ყოფილა. ეს იყო მომენტი, რომელმაც ახალი კოსმოსური ეპოქა განსაზღვრა.
მაგრამ დროთა განმავლობაში, ხალხის ინტერესი მინავლდა. მთვარეზე მისიების დასრულებიდან ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა, ხოლო კოსმოსში ადამიანის მოგზაურობა მხოლოდ დაბალ ორბიტაზე შემოიფარგლა. აღარაფერი ხდებოდა ისეთი გრანდიოზული, რომ კოსმოსის მიმართ ინტერესი შეენარჩუნებინა.
და აი, სწორედ ამ დროს გამოჩნდა კომპანია, რომელმაც ეს ძველი აღფრთოვანება თავიდან გამოაღვიძა. არა უბრალოდ დიდი გეგმებით, არამედ ხმამაღალი და თითქოს შეშლილი განაცხადით – გავგზავნოთ ადამიანები მარსზე და იქ დავაარსოთ ბაზა!
დიახ, ეს ილონ მასკის კომპანია SpaceX–ია.
SpaceX –ის იდეა მაშინ ჩაისახა, როდესაც ილონ მასკი Mars Society-ს კონფერენციებს დაესწრო. Mars Society არაკომერციული ორგანიზაცია იყო, რომელიც განიხილავდა მარსზე მუდმივი ბაზის ქონას. ილონ მასკს ამ დროს შორს მიმავალი გეგმები ჰქონდა და უნდოდა, რომ კაცობრიობა მულტი პლანეტური სახეობა გაეხადა. ამ კონფერენციაზე დასწრებით ილონ მასკი ბევრ საინტერესო ადამიანს შეხვდა, რის შემდეგაც გადაწყვიტა რუსული ICBM რაკეტის ყიდვა. თუმცა საბედნიეროდ რუსები ენთუზიაზმით არ მიუდგნენ მასკის ვიზიტს და ბევრიც დასცინეს. საბოლოოდ ისეთი ფასი უთხრეს რაკეტაზე, რომ სხვა გზა აღარ დარჩა. რაკეტების შესახებ ბევრი წიგნის წაკითხვით და აეროკოსმოსურ ინჟინრებთან საუბრის შემდეგ, ილონ მასკმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ ყველაფერს თვითონ უფრო გაცილებით მცირე დანახარჯებით გააკეთებდა, და რომ კოსმოსში გაშვების ხარჯების მკვეთრი შემცირება იყო მისი ხედვების რეალიზაციის გასაღები.
ასე დაიბადა SpaceX 2002 წლის 14 მარტს, რომლის პირველი თანამშრომელი “რაკეტების ღმერთად” აღიარებული ტომ მიულერი იყო. SpaceX-ის უმთავრესი მიზანი იყო ხარჯების შემცირება და კოსმოსურ ინდუსტრიაში შესვლის ეკონომიკური ბარიერების შემცირება, რათა მეტ კომპანიას შეძლებოდა ტექნოლოგიების შემუშავება, რაც გაერთიანებული ძალებით მარსის კოლონიზაციას შეუწყობდა ხელს.

Falcon 1
პირველი რაკეტა, რომელიც SpaceX-მა შექმნა იყო Falcon1, ორსაფეხურიანი თხევად საწვავზე მომუშავე რაკეტა, რომლის მიზანი იყო მცირე ზომის თანამგზავრების ორბიტაზე გაყვანა ხელმისაწვდომ ფასად. ილონმა რაკეტის სახელი ვარსკვლავური ომების ლეგენდარული ხომალდის, Milenium Falcon-ის მიხედვით შეარჩია. Falcon1-ის წარმოება და გაშვების ხარჯები მნიშვნელოვნად იაფი იყო იმ დროინდელ კონკურენტებთან შედარებით, როგორიც იყვნენ Lockeed Martin და Boeing. ეს ორი გიგანტი კომპანია NASA-სთანაც თანამშრომლობდა და რა თქმა უნდა დიდი ცნობადობით და სანდოობით სარგებლობდა. ფალკონის რაკეტის მინიმალური ხარჯები შესაძლებელი გახადა ტომ მიულერის მიერ შემუშავებულმა ძრავმა, რომელსაც Merlin –ის ძრავი უწოდეს.
Merlin უფრო ხელმისაწვდომი ალტერნატივა იყო სხვა ძრავებთან შედარებით. მაშინ როცა სხვა რაკეტები შექმნილი იყო ერთჯერადი გამოყენებისათვის, SpaceX ფოკუსირებული იყო მრავალჯერადი გამოყენების რაკეტების შექმნაზე, რომლებიც ხარჯებს მინიმუმამდე დაიყვანდა.

როგორც ყველა სხვა ადრეული წარმატებული სტარტაპი, SpaceX-ის ისტორიაც გარაჟში დაიწყო. მათ ჰქონდათ საწყობი, სადაც იყო ოფისები, მუშაობდნენ პროგრამულ უზრუნველყოფაზე, თითქმის ნულიდან ქმნიდნენ რაკეტის ნაწილებს, აწყობდნენ ძრავებს, შემდეგ ძრავებს სცდიდნენ უდაბნოში. რაკეტის გაშვების უფლება SpaceX-მა წყნარი ოკეანის ერთ ერთ კუნძულზე მიიღო, რომელიც საკმაოდ ცუდი პირობების აღმოჩნდა. ჰაერში არსებული ნესტი პირდაპირი მნიშვნელობით ჭამდა რაკეტის ნაწილებს. SpaceX-მა სამი გაშვება განახორციელა 2006, 2007 და 2008 წლებში, თუმცა სამივე მათგანი სხვადასხვა მიზეზის გამო აფეთქებით დამთავრდა. ამ დროისათვის კომპანიას უკვე მილიონობით დოლარის შეკვეთები ჰქონდა მიღებული თანამგზავრების ორბიტაზე გასაყვანად, თუმცა ეს თანამგზავრები Falcon1-თან ერთად აფეთქდა. მეოთხე და საბოლოო გაშვებისათვის კომპანიამ გადარჩენილი ნაწილები მოაგროვა და ილონ მასკმა თავისი და თავისი მეგობრების უკანასკნელი ფული გამოიყენა, რომ რაკეტა აეწყოთ. საბედნიეროდ რაკეტამ ორბიტას მიაღწია და SpaceX გახდა პირველი კერძო კომპანია, რომლის რაკეტაც წარმატებით გავიდა ორბიტაზე. ამის მიუხედავად SpaceX კოტრდებოდა. კომპანია თითქმის დახურვის პირას იყო, როდესაც NASA-მ 1 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების კონტრაქტი გაუფორმა, რომელიც საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მომსახურებასა და ორბიტაზე ტვირთის გატანას მოიცავდა.
Falcon 9
რაკეტის კოსმოსში გაშვება წარმოუდგენლად ძვირი ჯდებოდა, ყველაზე ძვირი კი რაკეტის პირველი საფეხურის წარმოება იყო, რომელიც ყოველი გაშვების შემდეგ გამოსაყენებლად უვარგისი ხდებოდა. კოსმოსური ფრენების ღირებულების შემცირება საჭიროებდა ამ ძვირადღირებული კომპონენტების ხელახალ გამოყენებას. მიუხედავად იმისა, რომ ფალკონ 9 (სადაც 9-იანი მერლინის ძრავების რიცხვს აღნიშნავს) ბუსტერის დაბრუნების ცდები დაიწყო, მხოლოდ 2015 წელს მოახერხა SpaceX-მა პროპულსიური ვერტიკალური დაშვების სისტემის შემუშავება და კანავერალის კონცხზე ბუსტერის წარმატებით დაბრუნება. ყველაზე წარმოუდგენელი რამ კი რამდენიმე თვეში მოხდა, ზუსტად იგივე ბუსტერმა ორბიტაზე თანამგზავნი წარმატებით გაიყვანა, რამაც სკეპტიკოსები სამუდამოდ დაადუმა და ახალ კოსმოსურ ერას დაუდო სათავე. SpaceX-მა რაკეტის გაშვების ფასები თითქმის სამჯერ შეამცირა სხვა კომპანიებთან შედარებით.
2018 წელს კომპანიამ კიდევ ერთხელ გააოცა მსოფლიო. SpaceX-მა ახალი რაკეტა წარადგინა, სახელად Falcon heavy, რომელიც სამი ფალკონ9-ის ერთობლიობა იყო, 27 მერლინის ძრავით და სამჯერ მძიმე ტვირთის გატანა შეეძლო ორბიტაზე. მისი სადემონსტრაციო ჩვენება 2018 წლის 6 თებერვალს შედგა, როდესაც SpaceX-მა მარსისკენ ილონ მასკის პირადი Tesla Roadster გაუშვა, სადაც მანეკენი იჯდა, რომელსაც SpaceX-ის ახალი კოსმოსური სკაფანდრი ეცვა. რაკეტის გაშვების შემდეგ მალევე, ფალკონ ჰევის ორი გვერდითი ბუსტერი დედამიწაზე დაბრუნდა და ერთდროულად, გრაციოზულად დაჯდა დამშვებ პადზე. შუა ბუსტერი კი, რომელმაც უფრო დიდხანს გააგრძელა ფრენა, ოკეანეში არსებულ დრონშიფზე უნდა დაშვებულიყო, თუმცა რამდენიმე მეტრით აცდა და ოკეანეში ჩაეშვა. ამის მიუხედავად, ეს აღმოჩნდა წარმოუდგენელი წარმატება. ილონ მასკმა და SpaceX-მა სამეცნიერო ფანტასტიკა რეალობად აქცია! ამის შემდეგ SpaceX წარმოუდგენელი სიზუსტით სვამს ბუსტერებს ოკეანეში არსებულ პლატფორმაზე. ბუსტერის უკან დაბრუნება 2025 წელს უკვე აღარავის უკვირს, რადგან ამ კომპანიამ რაკეტა თვითმფრინავივით უსაფრთხო ტრანსპორტი გახადა, თუმცა ალბათ ყველა ერთად ვთანხმდებით, რომ 2018 წელს რაკეტის გაშვებაზე მეტად ბუსტერების უკან დაბრუნება გვიჩქარებდა გულს. SpaceX –ს ამჟამად ოკეანეში ორი დრონშიფი ყავს, რომლის სახელებია: Of course I still love you და Shortfall of gravitas.

Dragon
SpaceX-ისთვის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მისია საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მომარაგება იყო. ამისათვის მათ Dragon კაფსულა შექმნეს, რომელიც ფალკონ9 –ზე იყო მოთავსებული. 2012 წელს SpaceX გახდა პირველი კერძო კომპანია, რომლის კაფსულაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მიფრინდა. დრაგონის ახალი ვერსია 2020 წელს ჩაეშვა, რომელიც წარმატებით ასრულებს ყველა მისიას. ამ დროისათვის NASA-ს პრობლემა ის იყო, რომ სადგურზე ასტრონავტების გასაყვანად Roscosmos-ის სოიუზის რაკეტებს იყენებდა, რადგან თავისი არ გააჩნდა, რაც წარმოუდგენლად ძვირი ჯდებოდა.
2020 წელს, ნასამ გადაწყვიტა, რომ SpaceX-ს ასტრონავტების სიცოცხლეს ანდობდა, შესაბამისად 2020 წლის 30 მაისს, დრაგონ კაფსულამ უსაფრთხოდ და წარმატებით მიიყვანა სადგურზე ორი ასტრონავტი, ბობ ბენკენი და დაგ ჰარლი, რომლებიც ასევე უსაფრთხოდ და წარმატებით დააბრუნა დედამიწაზე რამდენიმე თვის შემდეგ. ამაზე დოკუმენტური ფილმიც არის გადაღებული Netflix-ზე. ამის შემდეგ ნასამ შეწყვიტა როსკოსმოსის რაკეტებში მილიონობით დოლარის ფლანგვა და SpaceX-ს გაუფორმა კონტრაქტი. დღესდღეობით ეს პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს და 2025 წლის მარტში უკვე მეათე ეკიპაჟი გაფრინდა. SpaceX-მა დედამიწაზე დააბრუნა ბოინგის სტარლაინერის მიერ ჩატოვებული ორი ასტრონავტი მეცხრე ეკიპაჟთან ერთად. ასევე ამ წლებში SpaceX-მა ამავე კაფსულით განახორციელა სამი წარმატებული კომერციული მისია, Axiom1, PolarisDown და Farm2 (ეს უკანასკნელი 2025 წლის აპრილში), სადაც კომერციული ასტრონავტები იმყოფებოდნენ და ატარებდნენ სხვადასხვა სამეცნიერო ექსპერიმენტებს, მათ შორის ტესტავდნენ სტარლინკს და PolarisDown მისიის ფარგლებში პირველი კომერციული “spacewalk”-იც შედგა, სადაც ასტრონავტებმა კაფსულის გარეთ, ღია კოსმოსში გამოსცადეს SpaceX-ის განახლებული კოსმოსური სკაფანდრები.

Starship
სტარშიფი ილონ მასკის ხედვის ახალი გეგმაა მარსისკენ მიმავალ გზაზე. ეს არის სრულად, 100% ით მრავალჯერადი რაკეტა, განსხვავებით თავად ფალკონ9-სგან, რომლის მხოლოდ პირველი ეტაპი და დრაგონის კაფსულაა მრავალჯერადი. მეორე საფეხური კოსმოსში რჩება და კოსმოსურ ნაგავს უერთდება, ან მოგვიანებით, გაშვებიდან რამდენიმე დღის შემდეგ დედამიწაზე ბრუნდება, სადაც ატმოსფეროსთან ურთიერთქმედება აიძულებს, რომ დაიშალოს და ლამაზ მეოტეორიტების ნაკადს დაემსგავსოს ცაში.
სტარშიფზე ცდები კომპანიამ 2019 წლს დაიწყო პატარა ხომალდით, რომელმაც შემდეგ წელს უკვე იმ სტარშიფის ფორმა და სახე მიიღო, რასაც ახლა ვხედავთ. 2020 ში ნამდვილი სტარშიფების დატესტვა დაიწყეს, რომლებიც გარკვეულ სიმაღლეზე უნდა აფრენილიყვნენ ვერტიკალურად, შემდეგ ჰორიზონტალურად უნდა დაშვებულიყვნენ ქვემოთ, რასაც “belly flop” ქვია, ხოლო დედამიწის ზედაპირიდან რაღაც მაძილზე, ძრავების ნაწილი თავიდან უნდა ჩართულიყო, რაკეტას ისევ ვერტიკალური მდგომარეობა მიეღო და შემდეგ დაშვებულიყო პადზე. ამ ცდებს რამდენიმე სტარშიფი შეეწირა, იქამდე სანამ 2021 წლის 5 მაისს სტარშიფი N15 გრაციოზულად და რბილად არ დაეშვა მისთვის გამოყოფილ ადგილზე.

სტარშიფი გამიზნულია ღრმა კოსმოსში სამოგზაუროდ, თუმცა მისი გაშვება დედამიწიდან superheavy booster-ის საშუალებით უნდა მოხდეს. ეს ბუსტერი აღჭურვილია 33 რაპტორ ძრავით, მაშინ როცა თავად სტარშიფს მხოლოდ 6 რაპტორ ძრავი აქვს. სტარშიფის პროექტისათვის კომპანიამ ახალი ტიპის ძრავი შექმნა, რომელიც ტრადიციული RP1 საწვავის ნაცვლად (Rocket Propelent1) მეთანს იყენებს, რაც აბსოლუტურად გასაგებია, რადგან მარსზე მეთანი უხვად მოიპოვება, შესაბამისად დედამიწიდან საწვავის რაოდენობის თან წაღება საჭირო აღარაა, მარსიდან უკან დასაბრუნებლად. მითუმეტეს იმ პირობებში, რომ ტვირთის გატანა ძალიან ძვირი ჯდება. კომპანიამ ასევე განავითარა სპეციალური სისტემა, სახელად “Mechazilla”, რომელსაც ჩოფსთიქებსაც ეძახიან. ილონ მასკის გადაწყვეტილებით, არც სუპერ ჰევის და არც სტარშიფს არ აქვს დამშვები ფეხები (ისეთივე როგორიც აქვს მაგალითად ფალკონ 9-ს), რადგან ეს იქნებოდა დამატებითი წონა ისედაც ძალიან მძიმე ხომალდისთვის, რაც დამატებით საწვავს გახარჯავდა. ამიტომ როდესაც სუპერ ჰევი და სტარშიფი უკან გამშვებ პადზე დაბრუნდებიან, მექაზილამ რკინის მკლავებით უნდა დაიჭიროს ორივე მათგანი, რაც ურთულეს პროგრამულ და ინჟინრულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. თუმცა, როგორც 2024 წლის ოქტომბერში ვნახეთ, SpaceX-ისთვის შეუძლებელი ამქვეყნად არაფერია. სტარშიფის და სუპერჰევის ინტეგრირებული ფრენის მეექვსე ცდის დროს, მექაზილამ წარმატებით დაიჭირა სუპერ ჰევი ბუსტერი, ხოლო თავად სტარშიფი კი ვერტიკალურად ჩაეშვა ინდოეთის ოკეანეში. ამის შემდეგ კომპანიამ კიდევ 2 სატესტო ფრენა განახორციელა, და როგორც ჩანს ბუსტერების რკინის მკლავებით დაჭერაც ისევე ადვილად გამოსდით, როგორც ჩვენ ბურთის დაჭერა.

SpaceX-მა სარაკეტო ბიზნესში გადატრიალება მოახდინა ძრავის ეფექტურობისა და მრავალჯერადობის ხარჯზე. მერლინის ძრავები ბიძგი/წონის შეფარდების უმაღლეს მაჩვენებელს აჩვენებს, რაც უზრუნველყოფს უზარმაზარ ამწევ ძალას და საიმედოობას. SpaceX-მა დიდი რესურსები ჩადო ბუსტერების უსაფრთხოდ დაბრუნების და ხელახლა გაშვების ტექნოლოგიების განვითარებაში. უახლესი და მუდმივად განვითარებადი კომპიუტერული სისტემებისა და პროგრამული უზრუნველყოფის ხარჯზე და გრიდ ფინების გამოყენებით, ფალკონ9 ბუსტერის ძრავები ხელახლა ირთვება დაშვების წინ, რის შედეგადაც სიჩქარე ნელდება და ხომალდი წინასწარ განსაზღვრული დასაშვები ზონისკენ მიემართება, შემდეგ ოთხ დაშვების საყრდენს, ანუ ფეხს შლის და რბილად ეშვება ზედაპირზე, რაც 10 წლის წინ ფანტასტიკად ითვლებოდა. დღესდღეობით ფალკონ9-ის ერთი ბუსტერის ანგარიშზე ათეულობით ფრენაა, რის შედეგადაც წარმატების მაჩვენებელი 98% აღწევს. ხოლო ის ფაქტი, რომ SpaceX კერძო კომპანიაა, მას საშუალებას აძლევს თავი აარიდოს ისეთ ბიუროკრატიულ ბარიერებსა და პროცედურებს, როგორშიც NASA არის, რის შედეგადაც პროცესები ჩქარდება და SpaceX შეუძლია ბიუროკრატიაში გარკვევის ნაცვლად, ისევ ინოვაციებზე იყოს ფოკუსირებული.
სუპერჰევი ბუსტერის დაჭერა “ჩოფსთიქებით” სონიკ ბუმის ფონზე
SpaceX-მა დაამტკიცა, რომ კოსმოსი აღარ არის მხოლოდ სახელმწიფოების პრივილეგია – კერძო კომპანიაც შეიძლება გახდეს თამაშის წესების შემცვლელი. ამ კომპანიამ არა მხოლოდ შეაღწია კოსმოსურ ინდუსტრიაში, არამედ ფუნდამენტურად გარდაქმნა იგი. როცა 20 წლის წინ ილონ მასკმა მარსზე მოგზაურობის იდეა გააჟღერა, ბევრმა მას ხელი აუქნია და უბრალო მეოცნებე შარლატანად ჩათვალა. კრიტიკა და დაცინვა მისი ყოველდღიურობა გახდა. მაგრამ დღეს, 2025 წელს, მარსზე კოლონიის შექმნა უკვე აღარ არის მხოლოდ შეუსრულებელი ოცნება – ეს რეალობაა, რომლის ახდენაც დროის საკითხია.
SpaceX-ის სახუმარო ვიდეო, როგორ არ უნდა დავსვათ ორბიტული ბუსტერი, სადაც ნაჩვენებია სატესტო დაჯდომის დროს ფალკონ9-ის აფეთქებები
გამოყენებული წყაროები:
Walter Isaacson – Elon Musk