თუ კოსმოსზე ფიქრი გიზიდავს, ღამის ცას თვალს ვერ წყვეტ და ოცნებობ სხვა პლანეტებზე მოგზაურობაზე, თუ გაწუხებს კითხვა — როგორ იცხოვრებდა ადამიანი მარსზე ან როგორია კოსმოსური ხომალდის შიგნით ყოფნა — მაშინ სამეცნიერო ფანტასტიკა ის ჟანრია, რომელიც აუცილებლად დაგატყვევებს.
ეს სტატია კი შენთვის არის — შემოგთავაზებ შთამბეჭდავ წიგნებს, რომლებიც მზის სისტემაში კოსმოსურ მოგზაურობაზეა დაწერილი და უკვე თარგმნილია ქართულად. თითოეული მათგანი არა მხოლოდ ფანტასტიკურ სამყაროებს აცოცხლებს, არამედ ჩვენს რეალურ მომავალზეც გვაფიქრებს.
-
რეი ბრედბერი — „მარსის ქრონიკები“
ბრედბერის „მარსის ქრონიკები“ ნამდვილად ჯადოსნური და კლასიკური წიგნია. ავტორი გვიამბობს იმ დროზე, როცა ადამიანი პირველად მივიდა მარსზე — 70–80-იანი წლების ფუტურისტულ პერსპექტივაში. პლანეტაზე უკვე არსებობდნენ მარსელები — მაღალი, ოქროსფერთვალებიანი, ჰუმანოიდი არსებები. თუმცა ადამიანების ჩასვლა მოულოდნელ და ტრაგიკულ შედეგს იწვევს მათთვის. ბრედბერის ხედვა მარსზე რომანტიული, მელანქოლიური და ფერწერულია — პლანეტა თითქოს ცოცხლდება სხვადასხვა ამბავში, სადაც თითოეული მოთხრობა საკუთარი პერსპექტივით გვიყვება მარსზე მოხვედრილი ადამიანების ისტორიებს.
„მარსის ქრონიკები“ არის არამხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკა, არამედ დიდი ალეგორია — კოლონიზაციის, კულტურულ შეჯახებებისა და ადამიანური ამბიციების შესახებ.

-
ენდი უირი — „მარსელი“
ეს წიგნი მკვეთრად განსხვავებული ტონალობით წარმოგვიდგენს მარსზე ცხოვრების იდეას — უირი მკაცრ რეალობას ეყრდნობა და მეცნიერულად აღწერს ყველა დეტალს. წიგნის გმირი, მარკ უოტნი, მარსზე მარტო რჩება და მის გადარჩენაში წვრილმანი ცოდნა თამაშობს დიდ როლს — მაგალითად, ბოტანიკა, კარტოფილის მოყვანა, მარსის გეოგრაფიის ცოდნა და საკომუნიკაციო მოწყობილობების პოვნა.
მეთ დეიმონის მონაწილეობით შექმნილი ფილმიც წარმატებული იყო, თუმცა წიგნი კიდევ უფრო დეტალურია. რეი ბრედბერის ლირიკული და ალეგორიული სტილისგან განსხვავებით, უირი მკითხველს ტექნიკურ რეალიზმში ითრევს. თუკი ოდესმე მარსზე აღმოჩნდები, ეს წიგნი შეიძლება გადარჩენის სახელმძღვანელოდაც გამოგადგეს — განსაკუთრებით, თუ ქვიშის ქარიშხალიც მოგიწევს 🙂
-
ართურ კლარკი — „კოსმოსური ოდისეა“
ართურ კლარკი მარსს გაცდა და იუპიტერამდე მიგვიძღვის თავისი შედევრით — „კოსმოსური ოდისეა“. ეს წიგნი, ოთხნაწილიანი სერიაა, თუმცა ქართულად მხოლოდ პირველი ორი ნაწილია თარგმნილი. მასში საოცარი სინთეზითაა გადმოცემული კოსმოსური კვლევა, ცნობისმოყვარეობა, ტექნოლოგიური პროგრესი და ადამიანის სურვილი შეაღწიოს უცნობის გულში. წიგნში ასევე დეტალურადაა აღწერილი მთვარის გარშემო მოძრავი ორბიტალური სადგური — კონსტრუქცია, რომელიც ერთ მხარეს იღებს დედამიწიდან გაფრენილ შატლს, ხოლო მეორე მხრიდან გზას უთმობს შატლს, რომელიც მთვარისკენ მიემართება. იმ დროისთვის ეს იდეა ფანტასტიკის სფეროდ მიიჩნეოდა, მაგრამ ათწლეულების შემდეგ, ნასამ ოფიციალურად დააანონსა „პროგრამა არტემისი“ — პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს მთვარის ორბიტაზე მუდმივი სადგურის შექმნას და მთვარის ზედაპირზე ადამიანის კვლავ დაბრუნებას. კლარკის ხედვა თითქოს წლების შემდეგ მეცნიერულ პროექტად იქცა.
კოსმოსური სადგურები, მთვარის ბაზები, მობილური კომპიუტერები — რომლებიც ჯერ კიდევ ლეპტოპისა და პლანშეტის წინამორბედებად ჩანან — ყველაფერი ამის დეტალური აღწერა წიგნში გვხდება, და ხშირად გვახსენებს თანამედროვე რეალობას.
განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც ხომალდშია ინტეგრირებული და თავისი უნიკალური გზით მოქმედებს. კლარკის იდეებმა ბევრი ტექნოლოგიური ინოვაცია წინასწარ “დააანონსა” — მათ შორის გრავიტაციული მანევრები, რომლებიც მოგვიანებით NASA-მ ვოიაჯერის მისიაში გამოიყენა.
-
აიზეკ აზიმოვი — „მე, რობოტი“
„მე, რობოტი“ ტექნოლოგიისა და ადამიანურობის გადაკვეთის წერტილია. აზიმოვის სამყაროში რობოტიკა ჯერ დედამიწაზე ვითარდება, შემდეგ კი უკვე მთვარესა და სხვა პლანეტებზე ვრცელდება. გმირები ერთად მოგზაურობენ მერკურიზე, მარსზე და მთვარეზე, თავიანთი მეგობარი ან კოლეგა რობოტების გვერდით.
ეს წიგნი გვაფიქრებს, როგორ შეცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ცივილიზაციის ყოველდღიურობას, რას ნიშნავს თავისუფლება რობოტისთვის და ადამიანი რისთვის რჩება საჭიროდ იმ მომავლის სამყაროში.

-
აიზეკ აზიმოვი — „მარსის გზა“
ამ წიგნში მარსი უკვე დასახლებულია, მაგრამ რესურსები მწირია. წყალი — როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი — ნაკლებად ხელმისაწვდომია და დედამიწამ მისი მიწოდება შეწყვიტა.
ამ ვითარებაში რამდენიმე გაბედული კოსმოსური “მენაგვე” გადაწყვეტს, რომ გზა უნდა გაჭრას სატურნისკენ და იქიდან ყინულის ნატეხები ჩამოიტანოს, რათა წყლის პრობლემა მოიხსნას. საოცრად სასაცილო და ამავდროულად სიმბოლური ისტორიაა იმის შესახებ, როგორ იბრძვის ადამიანი გადარჩენისთვის წარმოუდგენელ პირობებში. შენ წახვიდოდი სატურნზე ყინულის მოსაპოვებლად?
-
რობერტ ჰაინლაინი — „უცხო უცხოთა მიწაზე“
დედამიწელი ბიჭის ამბავი, რომელიც მარსელებმა გაზარდეს, და შემდეგ დედამიწაზე აბრუნებენ — მაგრამ ის უკვე სხვა სამყაროს ხედვით ბრუნდება. მისი უნარები, აღქმა და ქცევა სრულიად განსხვავებულია.
წიგნი იკვლევს იდენტობას, საზღვრებს, კულტურათა გადაკვეთის ძალას და გონების გაფართოების გზებს. ეს იყო ერთ-ერთი პირველი წიგნი, რომელიც ტაბუდადებულ თემებზე საუბრობდა და ამიტომაც გარკვეული პერიოდი აკრძალულ წიგნთა სიაშიც კი მოექცა.
-
რობერტ ჰაინლაინი — „კაცი, რომელმაც მთვარე გაყიდა“
ეს წიგნი დედამიწაზე დაფუძნებული იდეიდან იწყება — ერთი ენთუზიასტი ანტრეპრენერი გადაწყვეტს საკუთარი ხომალდი ააშენოს, მთვარეზე გაფრინდეს და იქ ნაკვეთები გაყიდოს. მიზანი — ფულის შოვნაა, მაგრამ ამ გზაზე ის გვეჩვენება, როგორც პერსონაჟი, რომელიც ხედავს იმას, რაც სხვებს ჯერ არ წარმოუდგენიათ.
წიგნი ფანტასტიკურად ასახავს ინოვაციის, მომავლის ხედვისა და რწმენის ძალას. და თუ ოდესმე გიფიქრია კოსმოსზე როგორც ბიზნეს სივრცეზე — ეს წიგნი აუცილებლად დაგაფიქრებს. ეს არის ამბავი სიმამაცეზე, ხედვაზე და ტექნოლოგიით ფულის შოვნის სარისკო გზებზე — რაც დღეს, კერძო კოსმოსური კომპანიების ეპოქაში, ნაკლებად ფანტასტიკურად ჟღერს.

სამეცნიერო ფანტასტიკა ხშირად არამხოლოდ გართობაა — ის ჩვენი მომავლის გაკვეთილიცაა. ამ ჟანრში იბადება იდეები, რომლებიც რეალობად იქცევა. დღეს, როცა NASA მარსზე ბაზებზე საუბრობს და კერძო კომპანიები მთვარეზე სამომავლო პროექტებს აანონსებენ, „ფანტასტიკა“ უკვე აღარ ჟღერს მხოლოდ წარმოსახვითად.
ეს წიგნები არის მოგზაურობა — არა მხოლოდ კოსმოსში, არამედ იდეებში, ფილოსოფიაში, ტექნოლოგიაში და ადამიანურ ბუნებაში.
აბა, შენ რომლით დაიწყებ? მთვარეზე ბილეთით? თუ სატურნზე ყინულების ასაცქვლეფად წახვალ? 🙂