არტურ კლარკის "შეხვედრა რამასთან" და კომეტა 3I/ATLAS - spaceYhub

არტურ კლარკის “შეხვედრა რამასთან” და კომეტა 3I/ATLAS

წიგნის გულწრფელი რეკომენდაცია!

„შეხვედრა რამასთან“ დაახლოებით ორი წლის წინ ვიპოვე. როდესაც ქინდლში ფანტასტიკის წიგნები ამოვწურე, რეკომენდაციისთვის ჩემს საყვარელ ChatGPT-ს მივმართე  და მისი პირველი რჩევა სწორედ ეს იყო: “შეხვედრა რამასთან” და დენ სიმონსის “ჰიპერიონი”.

როცა კითხვა დავიწყე, წიგნი თავიდან ცოტა მოსაწყენადაც კი მომეჩვენა. მქონდა მუდმივი მოლოდინი, რომ რაღაც მოხდებოდა, ვიღაც გამოჩნდებოდა, კონტაქტი შედგებოდა, რამე გლობალური შოკი მოხდებოდა. და გამომდინარე იქიდან, რომ არტურ კლარკის კლასიკური ფანტასტიკის დიდი თაყვანისმცემელი ვარ და მისი სიუჟეტების განვითარებასაც კარგად ვიცნობ, ეს აუღელვებელი დინამიკა ცოტა იმედგაცრუებადაც მეჩვენა. 

თუმცა შემდეგ მივხვდი, რომ ეს ყველაზე რეალური სცენარია, რაც კი შეიძლება მოხდეს და რაც შეიძლება ჩვენ გვქონდეს უცხოპლანეტელებთან კონტაქტის შემთხვევაში. შეიძლება პირველი კონტაქტი მართლაც ასეთი იყოს, უცნაური, უცხო, და ბოლომდე ამოუცნობი. უპასუხოდ. წიგნი ქართულად თარგმნილია გამომცემლობა “მედუზას” მიერ.

სურათი აღებულია გამომცემლობა “მედუზას” გვერდიდან, რომლებმაც ქართულად თარგმნეს ეს შესანიშნავი ანწარმოები.
სურათი აღებულია გამომცემლობა “მედუზას” გვერდიდან, რომლებმაც ქართულად თარგმნეს ეს შესანიშნავი ნაწარმოები.

 

შეხვედრა რამასთან 1973 წელს გამოქვეყნდა და დღემდე რჩება სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ ერთ ყველაზე ძლიერ ნამუშევრად. მისი ავტორი არტურ კლარკია, მსოფლიო დონის ფანტასტი, რომელიც ყველაზე ცნობილი მისი წიგნებით, “კოსმოსური ოდისეის” სერიითაა ცნობილი. ეს რომანი განიხილავს პირველ კონტაქტს უცხოპლანეტურ ობიექტთან, და რაც უჩვეულოა ზოგადად ფანტასტიკის წიგნებისთვის და ფილმებისთვის, ამას აკეთებს არა ომის და ძალადობის გზით, არამედ ჩუმად დაკვირვებით.

2130 წელს დედამიწელებს უკვე ათვისებული აქვთ მზის სისტემის სხვა პლანეტები. მაგრამ არასდროს გასცდენიან მზის სისტემას. თუმცა, მოულოდნელად, უზარმაზარი ობიექტი შემოიჭრება მზის სისტემაში. კვლევები ადასტურებს, რომ ეს ობიექტი ნამდვილად ვარსკვლავთშორისია, ანუ მზის სისტემის გარედან მოდის ( ნაცნობი სიუჟეტია, არა? დაახლოებით იგივე კითხვის ნიშნებით შევხვდით წლევანდელ უცხო სტუმარს  3I/ATLAS-ს) . თავიდან მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს არის ჩვულებრივი ასტეროიდი, თუმცა მოახლოებასთან ერთად აღმოჩნდება, რომ სასტიკად ვცდებოდით. ეს ასტეროიდი კი არა, არამედ ტექნოლოგიურად რთული, ცილინდრული ფორმის უცხოპლანეტური ობიექტია, რომელსაც „რამა“ უწოდეს. ადამიანები ამ ობიექტის შესასწავლად კოსმოსურ ხომალდს “ენდევორს” აგზავნიან.

არტურ კლარკის "შეხვედრა რამასთან" და კომეტა 3I/ATLAS - spaceYhub

 

ენდევორის ასტრონავტები უჩვეულო რამეს აღმოაჩენენ. რამას შიგნით ჩაკეტილი საოცარი სამყარო იმალება. თავად რამა 50 კმ იანი ცილინდრია ხელოვნური გრავიტაციით, უცნაური ნაგებობებით, ცილინდრული ზღვით და ბიომექანიკური ქმნილებებით – ბიოტებით, რომლებიც ხომალდის ტექნიკურ ფუნქციონირებას განაგებენ. ერთადერთი, რაც რამაზე ასტრონავტებმა ვერ იპოვეს, იყვნენ ამ სამყაროს შემქნელები. არანაირი უცხოპლანეტური არსება, არანაირი მწვანე კაცუნები, არანაირი გრენდაიზერი, არანაირი პირველი კონტაქტი და საზეიმო გაცნობა, მხოლოდ უზარმაზარი მიტოვებული სტრუქტურა.

ზოგადად, სამეცნიერო ფანტასტიკიდან ჩვენ მიჩვეულები ვართ აუცილებელ ქმედებას, რომ აუცილებლად ყველა კოსმოსური ხომალდი ან თავს უნდა დაგვესხას, ან კონტაქტი სცადოს ჩვენთან, თუნდაც მეგობრული, თუმცა ეს ნოველა სწორედ კონტაქტის არ არსებობაზეა. მთელი წიგნი ელოდები როდის გამოჩნდება ვინმე, როდის ახმაურდება ეს გიგანტური ობიექტი, მაგრამ, რამაელები, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი, არ ჩნდებიან. შესაბამისად მათი მოტივები უცნობი რჩება, რაც დამატებითი თავსატეხია ადამიანებისათვის. მათ სხვა გზა არ აქვთ, გარდა იმისა, რომ მოვლენა შეაფასონ ყველა შესაძლო კუთხით და ამ პროცესში გააცნობიერონ თავიანთი ცივილიზაციის ადგილი ამ უზარმაზარ, მდუმარე კოსმოსში.

არტურ კლარკის "შეხვედრა რამასთან" და კომეტა 3I/ATLAS - spaceYhub

 

ეს ნოველა არ გვიამბობს ადამიანის ტრიუმფზე და არც სხვა ცივილიზაციებთან დაპირისპირებაზე. ის გვესაუბრება იმაზე, რამდენად აუცილებელია ვაღიაროთ ჩვენი აზროვნებისა და გაგების შეზღუდულობა, როცა ვდგებით პირისპირ ისეთი რამის არსებობასთან, რომელიც სცდება ჩვენს ტექნოლოგიურ და ფილოსოფიურ საზღვრებს. 

„შეხვედრა რამასთან“ მიზანმიმართულად არღვევს ტიპური სამეცნიერო ფანტასტიკის კლიშეებს. რამა კურსს არ აბრუნებს დედამიწისკენ, თავს არ გვესხმის, არ იღებს და გასცემს სიგნალებს. მისი ტრაექტორია მზის სისტემაში მათემატიკურად ზუსტია და არ იცვლება კაცობრიობასთან შეხვედრის შემდეგ. ჩემი პირადი ემოცია და შთაბეჭდილება ამ წიგნთან იყო ის, რომ რამას არსებობა ჩვენს შესახებ არ არის, სამყარო არ არის ადამიანური დრამებისთვის მოწყობილი სცენა. ზოგჯერ უბრალოდ დამკვირვებლები ვართ. ამ რომანმა დამსახურებულად მოიპოვა ჰიუგოს და ნებულას პრემია და დღემდე რჩება სამეცნიერო ფანტასტიკის ვარსკვლავად. კლარკი წიგნის ბოლოსთვის ჩვეულებისამებრ ყოველთვის იტოვებს გაურკვეველ კითხვებს. 

„რამელები ყველაფერს სამჯერ აკეთებენ,“  ვკითხულობთ წიგნში.
თუმცა, შესაძლოა, მათი მესამე მოქმედება ის არის, რომ უბრალოდ გაურკვევლობაში გვტოვებენ.

 

 

როდესაც მეცნიერება ხვდება სპეკულაციას: 3I/ATLAS და შეხვედრა რამასთან

2025 წლის 1 ივლისს ასტრონომებმა ცაზე უჩვეულო ობიექტი შენიშნეს, სწრაფად მოძრავი სხეული, რომელსაც სახელად 3I/ATLAS უწოდეს. იგი მზის სისტემაში 245,000 კმ/სთ სიჩქარით მიემართებოდა. მას საბოლოოდ კლასიფიცირება მიეცა, როგორც ინტერსტელარული კომეტა, მესამე მსგავსი შემთხვევა ‘ოუმუამუასა და ბორისოვის შემდეგ. მისი ტრაექტორიისა და შემადგენლობის საფუძველზე, სამეცნიერო თანხმობა მკაფიოა: საქმე გვაქვს ბუნებრივ, ყინულოვან სხეულთან, რომელიც სავარაუდოდ მილიონობით წლის წინ “უთანხმოების” გამო კინწისკვრით გამოაგდეს სხვა ვარსკვლავური სისტემიდან.

თუმცა, მიუხედავად არსებული მონაცემებისა, 3I/ATLAS-მა გამოიწვია ახალი სპეკულაციების ტალღა როგორც საზოგადოებრივ, ისე აკადემიურ წრეებში, განსაკუთრებით ჰარვარდის ასტროფიზიკოსის, ავი ლოების გამო, რომელმაც სპეკულაციური კითხვა დასვა, შესაძლოა თუ არა რომ ეს უცხოპლანეტური ზონდი იყოს?

ლოები მიუთითებს რამდენიმე უჩვეულო მახასიათებელზე, როგორებიცაა მისი უნიკალური ორბიტა, რომელიც ძალიან უახლოვდება ვენერას, მარსსა და იუპიტერს, ასევე მისი გაუთვალისწინებელი სიჩქარე. ეს ფაქტორები, მიუხედავად იმისა, რომ ახსნადია, გახდა სულ უფრო პოპულარული შეთქმულების თეორიების საფუძველი, თეორიების, რომლებიც სამეცნიერო ფაქტებსა  და სამეცნიერო ფანტასტიკას შორის ზღვარს აბუნდოვნებენ.

არტურ კლარკის "შეხვედრა რამასთან" და კომეტა 3I/ATLAS - spaceYhub
კომეტის ჰიპერბოლური ტრაექტორია

 

პარალელები რამასა და 3I/ATLAS-ს შორის თვალსაჩინოა:

  • ორივე მოდის მზის სისტემის მიღმიდან
  • ორივე არის ცილინდრული ან გაწელილი ფორმის
  • ორივე ავლენს მაღალ სიჩქარეს
  • არცერთი არ გვთავაზობს აშკარა უცხოპლანეტური ცხოვრების მტკიცებულებას, თუმცა აჩენსკითხვებს წარმოშობის შესახებ

 

მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავებაა: რამა ფანტასტიკაა, სპეკულაციური ფიქრი პირველ კონტაქტზე; ხოლო 3I/ATLAS რეალურია  და დღევანდელი მონაცემებით, ბუნებრივი კომეტაა.

მე პირადად ძალიან უკმაყოფილო დავრჩი, რომ ამ ობიექტს “რამა” არ დაარქვეს 🙁

3I/ATLAS-ის გარშემო უცხოპლანეტური სპეკულაციების ბოლოდროინდელი ზრდა შემთხვევითი არაა. ‘ოუმუამუას შემდგომ სამყაროში საზოგადოებრივი მზაობა გაიზარდა ისეთი იდეების მისაღებად, რომლებიც ადრე მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროს ეკუთვნოდა. ამას თუ  დავუმატებთ ავტორიტეტული აკადემიკოსების, როგორებიც არიან ლოები, მხარდაჭერას, მივიღებთ ვირუსულ სათაურებს: „მზესთან ახლოს უცხოპლანეტური ხომალდი დაფიქსირდა“

მნიშვნელოვანია განსხვავება ჰიპოთეზასა და მტკიცებულებას შორის. ლოების იდეა უცხოპლანეტური ზონდის შესახებ შედის უფრო ფართო სამეცნიერო ტრადიციაში, რომელიც მისაღებად მიიჩნევს გაბედულ იდეებს, იმ პირობით, რომ ისინი შემდგომში გადამოწმდება მკაცრი მეცნიერული მეთოდებით.  მართალია, უცხოპლანეტური ზონდები ჯერ არ გვინახავს, მაგრამ გავიხსენოთ: კაცობრიობამ თვითონაც გაუშვა Voyager 1 და  Voyager 2, რომლებიც უკვე მეზობელ ვარსკვლავებს უახლოვდებიან. იქნებ ვიღაც, სადღაც, იმავეს აკეთებს  და ახლა მათი ზონდი ჩვენსკენ მოდის? მაგრამ დღევანდელი მონაცემებით, 3I/ATLAS-ში არ არსებობს არაფერი ისეთი, რაც მის ხელოვნურ წარმომავლობას ადასტურებს. 

თავის არსში, 3I/ATLAS-ის ისტორია გვაჩვენებს, როგორ იკვეთება სამეცნიერო აღმოჩენა, საზოგადოებრივი წარმოსახვა და ლიტერატურული მემკვიდრეობა. დიახ, ეს არის კომეტა. დიახ, ბუნებრივია. მაგრამ მის გარშემო მიმდინარე დიალოგი ცხადყოფს, რამდენად ძლიერია ჩვენი კოლექტიური მეხსიერება ისტორიებისა, როგორიც “რამაა”. და როგორი სასოწარკვეთით ცდილობს ჩვენი ცივილიზაცია სხვა ცივილიზაციებთან კონტაქტს.

და შესაძლოა, ეს ყველაზე ადამიანური თვისებაა.

 

 

NASA-ს Artemis პროგრამა დაბრუნებაა მთვარეზე. ამბიციური მისია აპოლოს ეპოქის შემდეგ.
ტრანზიტის მეთოდი - ეგზოპლანეტების აღმოჩენის ერთ-ერთი მეთოდის განხილვა.
ასტრონომიისა და კოსმოსური ფრენების შესახებ ორი სამეცნიერო-ტექნიკური მუზეუმის (გერმანია) მიმოხილვა.
როდის და როგორ ხდება მზის და მთვარის დაბნელებები.

Discover more from spaceYhub

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading