მზის და მთვარის დაბნელებები

წელიწადში საშუალოდ 4-7-ჯერ, დედამიწა, მთვარე და მზე ისე განლაგდებიან, რომ ქმნიან ასტრონომიულ მოვლენას, რასაც დაბნელება ეწოდება. მთვარის ორბიტა ოდნავ გადახრილია დედამიწის ორბიტასთან შედარებით, ამიტომ დაბნელებები მხოლოდ გარკვეულ პერიოდში ხდება და არა ყოველთვიურად.

 

განვასხვავებთ ორი ტიპის დაბნელებას:
  • მთვარის დაბნელება – როცა დედამიწის ჩრდილი ფარავს მთვარეს
  • მზის დაბნელება – როცა მთვარე ბლოკავს მზეს და მისგან წამოსულ სინათლეს.

 

მთვარის დაბნელება

მთვარის დაბნელების სამი ტიპი არსებობს:

  1. მთვარის სრული დაბნელება, როდესაც მთვარე შედის დედამიწის ჩრდილის შიდა, ყველაზე მუქ ნაწილში, რომელსაც უმბრა ეწოდება. მზისგან მომავალი სინათლე დედამიწის ატმოსფეროში გაივლის, სადაც იფანტება. მოკლეტალღოვანი ფერები, როგორიცაა ლურჯი და იისფერი, ადვილად იფანტება, ხოლო გრძელტალღოვანი ფერები კი აღწევს მთვარემდე და ამიტომ ჩვენ ვხედავთ წითელ მთვარეს.  დედამიწის ატმოსფეროში არსებული დიდი რაოდენობის მტვრის და ღრუბლის გამო, მთვარე შეიძლება კიდევ უფრო მუქი წითელი ჩანდეს.
  2. მთვარის ნაწილობრივი დაბნელება. როდესაც მზე, დედამიწა და მთვარე სრულად არ არიან ერთ ხაზზე განლაგებულები, მთვარე დედამიწის ჩრდილის ნაწილში შედის, რის გამოც მისი ზედაპირის მხოლოდ ნაწილი ბნელდება.
  3. პენუმბრული დაბნელება. სამივე ციური სხეულის კონკრეტული განლაგების გამო, მთვარე დედამიწის ჩრდილის გარეთა, ნაკლებად შესამჩნევ ნაწილში გადის, რასაც პენუმბრა ქვია, შედეგად მისი სინათლე მხოლოდ უმნიშვნელოდ სუსტდება, რისი შემჩნევაც ძალიან რთულია.

 

მთვარის სრული, ნაწილობრივი და პენუმბრული დაბნელებები

ნასას ამ ვიდეოში აღწერილია როგორ ხდება მთვარის დაბნელებები.

 

მომავალი მთვარის დაბნელებები
  • 14 მარტი, 2025  – სრული დაბნელება (ხილული: წყნარი ოკეანე, ამერიკა, დასავლეთ ევროპა, დასავლეთ აფრიკა)
  • 7 სექტემბერი, 2025 – სრული დაბნელება (ხილული: ევროპა, აფრიკა, აზია, ავსტრალია)
  • 3 მარტი, 2026 – სრული დაბნელება (ხილული: აღმოსავლეთ აზია, ავსტრალია, წყნარი ოკეანე, ამერიკა)
  • 28 აგვისტო, 2026  – ნაწილობრივი დაბნელება (ხილული: აღმოსავლეთ წყნარი ოკეანე, ამერიკა, ევროპა, აფრიკა)

 

მზის დაბნელება

მზის დაბნელება მხოლოდ ახალმთვარეობისას ხდება, როცა მთვარე მზესა და დედამიწას შორის ხვდება და მისი ჩრდილი დედამიწაზე ეცემა. მიუხედავად იმისა, რომ მზისა და მთვარის დაბნელებები თითქმის ერთნაირი სიხშირით ხდება, მზის დაბნელების ხილვა ბევრად რთულია, რადგან მთვარის ჩრდილი დედამიწის მხოლოდ მცირე ნაწილს ფარავს.

​​

მზის დაბნელების სამი ტიპი არსებობს:

  1. მზის სრული დაბნელება, როდესაც მთვარე სრულად ფარავს მზეს,
  2. ნაწილობრივი დაბნელება, როდესაც მთვარე მზის მხოლოდ ნაწილს ფარავს
  3. ანულარული დაბნელება,როცა მთვარე დედამიწიდან შედარებით შორს იმყოფება, მისი ზომა ცაზე მცირდება და ვერ ფარავს მზეს სრულად, რის გამოც მზის გარშემო კაშკაშა ცეცხლის რგოლი – “ცეცხლოვანი ბეჭედი” – ჩნდება.
მომავალი მზის დაბნელებები
  • 29 მარტი, 2025 – ნაწილობრივი (ხილული: ევროპა, აზია, აფრიკა, ჩრდილოეთი და სამხრეთ ამერიკა, ატლანტის ოკეანე, არქტიკა)
  • 21 სექტემბერი, 2025 – ნაწილობრივი (ხილული: ავსტრალია, ანტარქტიდა, წყნარი ოკეანე, ატლანტის ოკეანე)
  • 17 თებერვალი, 2026 – ანულარული (ანტარქტიდა, ნაწილობრივ ხილული: აფრიკა, სამხრეთი ამერიკა, წყნარი ოკეანე, ატლანტის ოკეანე, ინდოეთის ოკეანე)
  • 12 აგვისტო, 2026 – სრული (ხილული: გრენლანდია, ისლანდია, ესპანეთი, რუსეთი, პორტუგალიის მცირე ნაწილი. ნაწილობრივი ხილვა: ევროპა, აფრიკა, ჩრდილოეთ ამერიკა, ატლანტის ოკეანე, არქტიკა, წყნარი ოკეანე)

 

მზის ნაწილობრივი, ანულარული და სრული დაბნელებები

 

მიუხედავად იმისა რომ მთვარე მზეზე თითქმის 400-ჯერ პატარაა, ის დედამიწასთან თითქმის 400-ჯერ უფრო ახლოა ვიდრე მზე. ამიტომ მთვარეს შეუძლია სრულად გადაფაროს მზე დაბნელების დროს.

მთვარე დედამიწას ყოველწლიურად დაახლოებით 3.8 სმ-ით შორდება. როდესაც საკმარისად დაგვშორდება, ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრი იმდენად პატარა გამოჩნდება დედამიწიდან, რომ დაბნელების დროს მზის სრულად გადაფარვას ვეღარ მოახერხებს, ამიტომ სრული დაბნელებები აღარ გვექნება. თუმცა ამ მოვლენამდე ჯერ კიდევ 600 მილიონი წელი გვაშორებს.

 

NASA-ს Artemis პროგრამა დაბრუნებაა მთვარეზე. ამბიციური მისია აპოლოს ეპოქის შემდეგ.
ტრანზიტის მეთოდი - ეგზოპლანეტების აღმოჩენის ერთ-ერთი მეთოდის განხილვა.
ასტრონომიისა და კოსმოსური ფრენების შესახებ ორი სამეცნიერო-ტექნიკური მუზეუმის (გერმანია) მიმოხილვა.
როდის და როგორ ხდება მზის და მთვარის დაბნელებები.

Discover more from spaceYhub

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading