ასტრონომია ასტროლოგია

ასტრონომია vs. ასტროლოგია: მარადიული დაბნეულობა

არ გიჩნდებათ ხოლმე კითხვა, ჯერ კიდევ რატომ ერევა ხალხს ერთმანეთში ასტრონომია და ასტროლოგია? თითქოს ასტრონომი და მკითხავი ერთი და იგივეა, მხოლოდ იმიტომ, რომ ორივე ცას უყურებს! ეს არევ-დარევა საუკუნეების განმავლობაში გრძელდება და ერთი მხრივ გვართობს, მეორე მხრივ – გვაბნევს.

წარმოიდგინეთ, რომ წვეულებაზე ხართ, საუბრობთ თქვენ საყვარელ პლანეტებზე, როცა მოულოდნელად გეკითხებიან: „ზოდიაქოთი რა ხარ?“ სანამ თვალებს გადააბრუნებთ და კარლ სეიგანის ციტირებით პასუხს გაამძაფრებთ, მოდით, ჩავუღრმავდეთ ამ მარადიულ დაბნეულობას. ცოტაოდენი იუმორით და ცოტაოდენი მეცნიერებით განვმარტოთ, რით განსხვავდება ასტრონომია ასტროლოგიისგან და რატომ უნდა დავასრულოთ ეს არევა ერთხელ და სამუდამოდ! 

 

რა არის სხვაობა?

ასტრონომია და ასტროლოგია ხშირად ერთმანეთში ერევათ, მაგრამ ისინი ისე განსხვავდებიან როგორც ცა და დედამიწა (ან, ალბათ, უფრო სწორია – მეცნიერება და ფსევდომეცნიერება).

ასტრონომია მკაცრად მეცნიერული დისციპლინაა, რომელიც რეალური მონაცემებისა და ფაქტების საფუძველზე შეისწავლის ციურ ობიექტებს – პლანეტებს, ვარსკვლავებს, გალაქტიკებსა და მთლიანად სამყაროს. ასტრონომები იყენებენ მაღალტექნოლოგიურ ხელსაწყოებს, როგორებიცაა ტელესკოპები, კოსმოსური აპარატები, ასევე მონაცემთა ანალიზისთვის განკუთვნილ პროგრამებს. მათთვის ფიზიკის კანონები და მათემატიკური გამოთვლები ის „ენაა,“ რომლითაც კოსმოსის საიდუმლოებები ვლინდება. ამიტომ, სამყაროს სწორედ გასაგებად ასტრონომები წლების განმავლობაში სწავლობენ რთულ მეცნიერებებს.

ასტროლოგია ეფუძნება იდეას, რომ ციური სხეულების პოზიციები და მოძრაობები გავლენას ახდენენ ადამიანების ხასიათზე, პიროვნებაზე და მომავალზე. გსმენიათ ვიღაცისგან, რომ მძიმე დღე აქვს, რადგან მარსი რეტროგრადშია? ან იქნებ მოგისმენიათ, როგორ ადანაშაულებენ მერკურის განლაგებას დაკარგულ Wi-Fi სიგნალში? ასტროლოგიის სამყაროში ვარსკვლავები და პლანეტები, თითქოს, ყველაფერს განსაზღვრავენ – თქვენი განწყობიდან დაწყებული ტექნოლოგიური შეფერხებებით დამთავრებული.

ასე რომ, როცა მარსის „რეტროგრადს“ ვინმე ცუდ განწყობას დააბრალბს, გახსოვდეთ: ასტრონომია შეისწავლის მარსის ორბიტას, ხოლო ასტროლოგია მას თქვენი დღევანდელობის ახსნისთვის იყენებს. ორივეს თავისი ადგილი აქვს – ერთი, რომ რეალობა გვიჩვენოს, და მეორე, რომ ცოტათი გაგვართოს.

 

რატომ ერევა ხალხს მაინც?

სამწუხაროდ, ასტრონომია და ასტროლოგია დღემდე ერთმანეთში ერევათ. რატომ ხდება ეს? მოდით, რამდენიმე მიზეზს გადავხედოთ:

  1. მსგავსი ჟღერადობა. ვაღიაროთ, „ასტრონომია“ და „ასტროლოგია“ მართლაც მსგავსად ჟღერს. ეს დაახლოებით ისეა, როგორც „JAVA“ და „JavaScript“ ერთიდაიგივე გეგონოთ (თუმცა, ამ უკანასკნელს მაინც ვაპატიებთ). ამ მსგავსმა ჟღერადობამ ალბათ ბევრი ადამიანი დააბნია და ისინი ვარსკვლავებზე საუბრისას სულ სხვანაირად აგრძელებენ ამბავს.
  2. ორივე ვარსკვლავებთან ასოცირდება.  მართალია, ორივე „ვარსკვლავური“ სფეროა, მაგრამ აქ მთავრდება მათი მსგავსება. ასტრონომები ვარსკვლავებს იყენებენ სამყაროს გასაზომად, სიცოცხლის ნიშნების საპოვნელად და ჩვენი ადგილის დასადგენად. ასტროლოგები კი იმავე ვარსკვლავებზე დაყრდნობით გვეუბნებიან, დღევანდელი დღის დაწყება ყავის ერთი ფინჯნით სჯობს თუ ორით, რადგან იუპიტერი „ცუდ ხასიათზეა“.
  3. ისტორიული დაბნეულობა. ასტროლოგიას საუკუნეების განმავლობაში მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა კულტურაზე და საზოგადოებაზე. ძველ დროში ეს ორი სფერო ერთმანეთთან მჭიდროდ იყო გადაჯაჭვული, რადგან ადამიანები ციური მოძრაობების შესწავლით ცდილობდნენ გაეგოთ მათი გავლენა დედამიწაზე. ხალხს სჯეროდა, რომ თუ ისინი მზის დაბნელებას წინასწარ განსაზღვრავდნენ, ასევე შეძლებდნენ მეფის იღბლიანი დღეც გამოეცნოთ. ბაბილონელებს მიაჩნდათ, რომ წითელი მარსი ომის მოახლოებას მიანიშნებდა, ხოლო ეგვიპტელები ვარსკვლავების მდებარეობას ფარაონების ბედის დასადგენად იყენებდნენ.

 

თუმცა, თანამედროვე რეალობა სხვანაირია:

დროთა განმავლობაში ასტრონომიამ მკაცრად სამეცნიერო ფორმა მიიღო – გახდა ფაქტების, კვლევების და ექსპერიმენტების სამყარო. 

მე-19 საუკუნისთვის ასტროლოგია და ასტრონომია საბოლოოდ გაიმიჯნა. ურანისა და ნეპტუნის აღმოჩენამ, იმის გააზრებამ რომ სამყაროში უმარავი ვარსკვლავი და ციური სხეულია რომელზეც ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს, მეცნიერებს საშუალება მისცათ გაეაზრებინათ, რომ ციურ სხეულებს ადამიანის ცხოვრებაზე არანაირი ფიზიკური გავლენა არ აქვთ.

თუმცა ასტროლოგია უცვლელად დარჩა და განაგრძო ძველი სისტემის გამოყენება, რომელის თანამედროვე მეცნიერებასთან შეუსაბამობის მიზეზებს ქვემოთ მოგახსენებთ. 

ასტრონომია მუდმივად ვითარდება ახალი ცოდნის შეძენით, მაშინ როცა ასტროლოგია ძველ რწმენებს ინარჩუნებს, რაც მას უფრო კულტურულ და სუბიექტურ მსოფლმხედველობად/რწმენად აქცევს, ვიდრე მეცნიერებად.

მზის დაბნელების პროგნოზი მოითხოვს რთულ მათემატიკურ გამოთვლებსა და მტკიცე მეცნიერულ საფუძველს. ასტროლოგიამ კი მისტიკური ბაღის ბილიკები აირჩია – „იღბლიანი დღის“ წინასწარმეტყველება კრისტალის  ბურთს მიანდო.

ასე რომ, თუ თქვენც გამოგიცდიათ „ჰეი, ასტროლოგი ხარ?“ კითხვა, როცა შავ ხვრელებზე საუბრობდით, ნუ გაბრაზდებით. უბრალოდ ახსენეთ, რომ თქვენ ვარსკვლავებს იმაზე მეტად იცნობთ, ვიდრე მათი დღევანდელი განწყობის გასაგებადაა საჭირო. 

 

რატომ არის სასაცილო, რომ ასტროლოგია დღემდე სერიოზულად აღიქმება?

ასტროლოგია დღემდე ძალიან პოპულარულია საზოგადოებაში. ზოგს სჯერა, რომ ის ჩვეულებრივი მეცნიერებაა, რაც დაახლოებით ისე ჟღერს, თითქოს „ვარსკვლავური ომები“ ისტორიულ–დოკუმენტურ ფილმად მივიჩნიოთ. არავინ ამბობს, რომ ჰოროსკოპების კითხვა არ არის სახალისო – უბრალოდ, ის მეცნიერება ნამდვილად არ არის და სანდოობის პრეტენზიაც არ უნდა ჰქონდეს. 

წარმოიდგინეთ: ვიღაც კითხულობს ჰოროსკოპს და ამბობს, „ვაუ, დღეს გამოწვევები მექნება!“ სერიოზულად? ვის არ აქვს გამოწვევები? ან ის იდეა, რომ ერთნაირი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული მილიარდობით ადამიანს ერთნაირი ხასიათი აქვს. ანუ ყველა ვერძი მსოფლიოში გენეტიკურად ჯიუტია? ჯერჯერობით ეს სერიოზულად არ ჟღერს.

თანამედროვე მეცნიერება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ასტროლოგიას არ გააჩნია ემპირიული მტკიცებულება. იგი განიხილება როგორც ფსევდომეცნიერება, რადგან მისი დასკვნები ეფუძნება განზოგადებულ ინტერპრეტაციებსა და ანეკდოტურ/სიტუაციურ მტკიცებულებებს, ნაცვლად მეცნიერულად დაზუსტებელი პროგნოზებისა.

 

აღნიშნული მსჯელობის ცოტაოდენი მეცნიერული საფუძვლები:
  1. ზოდიაქოს ნოშნები vs. თანავარსკვლავედები: ზოდიაქოს სისტემა დაახლოებით ჩვენს წელთაღრიცხვამდე 600 წელს ჩამოყალიბდა. ეს კონცეფცია გულისხმობს, რომ ადამიანის დაბადების მომენტში მზის პოზიცია ზოდიაქოს თანავარსკვლავედებთან მიმართებაში განსაზღვრავდა ზოდიაქოს ნიშანს.

ზოდიაქო წარმოადგენს სარტყლის ფორმის ცის რეგიონს, მცირედ დახრილს ეკლიპტიკის სიბრტყის მიმართ. ეს სარტყელი დაყოფილია 12 ზოდიაქოს ნიშანად: ვერძი, კურო, ტყუპები, კირჩხიბი, ლომი, ქალწული, სასწორი, მორიელი, მშვილდოსანი, თხის რქა, მერწყული და თევზები. თითოეული ნიშანი ეკლიპტიკის 30° სეგმენტს იკავებს, ქმნის 360°-იან წრეს. როცა დედამიწა მზის გარშემო ბრუნავს, ჩვენი ვარსკვლავი სხვადასხვა თანავარსკვლავედის წინ ჩნდება, შესაბამისად ენიჭებოდა ამ პერიოდში დაბადებულ ადამიანებს შესაბამისი ზოდიაქოს თანავარსკვლავედის ნიშანი.

რეალური ზოდიაქოს თანავარსკვლავედები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ზომით, და მზე მათში გავლას სხვადასხვა დროს ანდომებს (მაგალითად, მორიელში მზე მხოლოდ 5 დღე იმყოფება, ხოლო კუროში – 38 დღე). ეს კი არღვევს ასტროლოგიის მიერ დადგენილი 30°-იანი დანაწილების სიზუსტეს.

ზოდიაქოს ნიშნები არ ემთხვევა მათ შესაბამის თანავარსკვლავედებს. 

2. პრეცესიის გავლენა:  პრეცესია წარმოადგენს დედამიწის ღერძის ნელ, ციკლურ რყევას/გადახრას, რომელიც გამოწვეულია მზისა და მთვარის გრავიტაციული ძალებით. ეს პროცესი დაახლოებით 25 800 წელს გრძელდება და თანავარსკვლავედების პოზიციის ცვლილებას იწვევს.

ბოლო 2500 წლის განმავლობაში, ამ რყევამ ზოდიაქოს ნიშნების პოზიციები დაახლოებით 36°-ით დასავლეთისკენ გადაადგილა. შედეგად, თანამედროვე ასტრონომიული მონაცემებით, მზე იმყოფება სხვა თანავარსკვლავედში იმ დროს, როდესაც ტრადიციულად მითითებულია სხვა ზოდიაქოს ნიშნები.

შესაბამისად, ასტროლოგიური ზოდიაქოს ნიშნები აღარ ემთხვევა თანავარსკვლავედების რეალურ პოზიციებს. მაგალითად, 16 აპრილს დაბადებული ადამიანი, რომელიც ტრადიციული ასტროლოგიური სისტემის მიხედვით ვერძია, რეალურად თევზების თანავარსკვლავედში იქნება დაბადებული. ასტროლოგია ამ ცვლილებებს არ ითვალისწინებს და თანამედროვე ასტრონომიულ რეალობას აღარ ასახავს.

 

თუ ზოდიაქოს ნიშნები ასტრონომიულ მონაცემებზე დაყრდნობით განისაზღვრებოდა, ისინი ასე გადანაწილდებოდა:

      • თხის რქა: 20 იანვარი – 16 თებერვალი (ტრადიციული: 23 დეკემბერი – 21 იანვარი)
      • მერწყული: 16 თებერვალი – 11 მარტი (ტრადიციული: 22 იანვარი – 20 თებერვალი)
      • თევზები: 11 მარტი – 18 აპრილი (ტრადიციული: 21 თებერვალი – 19 მარტი)
      • ვერძი: 18 აპრილი – 13 მაისი (ტრადიციული: 20 მარტი – 20 აპრილი)
      • კურო: 13 მაისი – 21 ივნისი (ტრადიციული: 21 აპრილი – 21 მაისი)
      • ტყუპები: 21 ივნისი – 20 ივლისი (ტრადიციული: 22 მაისი – 22 ივნისი)
      • კირჩხიბი: 20 ივლისი – 10 აგვისტო (ტრადიციული: 23 ივნისი – 22 ივლისი)
      • ლომი: 10 აგვისტო – 16 სექტემბერი (ტრადიციული: 23 ივლისი – 22 აგვისტო)
      • ქალწული: 16 სექტემბერი – 30 ოქტომბერი (ტრადიციული: 23 აგვისტო – 22 სექტემბერი)
      • სასწორი: 30 ოქტომბერი – 23 ნოემბერი (ტრადიციული: 23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)
      • მორიელი: 23 ნოემბერი – 29 ნოემბერი (ტრადიციული: 23 ოქტომბერი – 22 ნოემბერი)
      • გველისმჭერი (: 29 ნოემბერი – 17 დეკემბერი (ტრადიციული ანალოგი არ აქვს)
      • მშვილდოსანი: 17 დეკემბერი – 20 იანვარი (ტრადიციული: 23 ნოემბერი – 22 დეკემბერი)

 

ზოდიაქოს თანავარსკვლავედები
ზოდიაქოს თანავარსკვლავედები

3. გველისმჭერი – დავიწყებული მე-13 ზოდიაქოს თანავარსკვლავედი: არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასტრონომიული განსხვავება ასტროლოგიასა და რეალობას შორის – გველისმჭერის (Ophiuchus) თანავარსკვლავედი, რომელიც ტრადიციულ ზოდიაქოს სისტემაში არ შედის.

უძველესმა ასტროლოგებმა იცოდნენ მის შესახებ, მაგრამ მათ იგი სისტემიდან ამოიღეს და ტრადიციულ 12 ნიშანს დაუტოვეს უპირატესობა. ასტრონომიულად, მზე გველისმჭერის თანავარსკვლავედში 29 ნოემბრიდან 17 დეკემბრამდე იმყოფება. რაც ნიშნავს, რომ ბევრ ადამიანს შეიძლება სულ სხვა ზოდიაქოს ნიშანი ჰქონდეს, ვიდრე ტრადიციული კალენდარი მიუთითებს.

ეს მაგალითები ნათლად აჩვენებს, თუ რატომ არ შეესაბამება ასტროლოგია თანამედროვე ასტრონომიულ ცოდნას და გვჩვენებს, რომ ერთია მეცნიერება, რომელიც ტექნოლოგიების, კოსმოსური კვლევებისა და ჩვენი თანამედროვე ცივილიზაციის საყრდენია. მეორე კი მტკიცებულებების გარეშე გვეუბნება, რომ „ხუთშაბათი კვირის საუკეთესო დღეა სიყვარულისთვის, მაგრამ მოერიდეთ სერიოზულ ფინანსურ გადაწყვეტილებებს.“

ასტროლოგია შეიძლება კარგი გასართობია, მაგრამ ნამდვილი „ვარსკვლავური მეცნიერება“ ის არის, რაც ტელესკოპებში ჩანს, და არა თქვენს პერსონალურ ჰოროსკოპში. 

 

რატომ “მუშაობს” ასტროლოგია? (ან გვეჩვენება, რომ მუშაობს)

თუ ასტროლოგია მეცნიერება არ არის, რატომ სჯერათ მაინც და კითხულობენ ჰოროსკოპებს? პასუხი მარტივია: გაფუჭებული საათიც დღეში ორჯერ სწორ დროს აჩვენებს!

ჰოროსკოპები ჭკვიანურად არიან შედგენილი – ისინი ბუნდოვანია და იმდენად ზოგადი ფრაზებითაა შედგენილი, რომ მასში საკუთარი თავი მარტივად შეგვიძლია აღმოვაჩინოთ. მაგალითად:

„ამ კვირაში უსიამოვნებას შეხვდებით.“ „მართლა? ყოველდღე მხვდება უსიამოვნება, მეგობარო.“ ან:

„სამსახურში დაწინაურება გელოდებათ.“ აი, აქ ნამდვილად ვისურვებდი, რომ ასტროლოგია ნამდვილ მეცნიერებას წარმოადგენდეს!

ასტროლოგია „მუშაობს,“ რადგან ჩვენი ტვინი მშვენივრად ართმევს თავს დამთხვევებისა და კავშირის ძიებას, თუნდაც ეს კავშირი რეალურად არ არსებობდეს. ესაა ფსიქოლოგიური ეფექტი, რომელსაც ბარნუმის ეფექტს ეძახიან – ჩვენ ვირჩევთ და ვიმახსოვრებთ იმას, რაც ჩვენს ცხოვრებას შეესაბამება და ვივიწყებთ იმას, რაც არ შეესაბამება. ასტროლოგია ვერ გადის სამეცნიერო ტესტირებას, რაც ექსპერიმენტებითაც დასტურდება. მაგალითად, ერთ-ერთ ექსპერიმენტში მონაწილეებმა თავიანთი ჰოროსკოპების სიზუსტე 8/10 მიიჩნიეს, რაც საკმაოდ კარგი  მაჩვენებელია, სანამ გეტყვით რომ ყველა ცდისპირს ერთი და იგივე ზოდიაქოს ნიშნის ტექსტი წააკითხეს.

ასე რომ, შემდეგ ჯერზე, როცა ვარსკვლავები „წინასწარმეტყველებენ,“ გაიხსენეთ: ისინი, შესაძლოა, სულაც არ საუბრობდნენ თქვენზე – უბრალოდ, ვიღაც ძალიან კარგია მოთხრობების წერაში. 

 

ვარსკვლავები თქვენს ბედს ვერ გეტყვიან

ასტრონომია გვაძლევს რეალურ პასუხებს, რომლებიც მტკიცებულებებსა და მეცნიერულ მეთოდზეა დაფუძნებული. სწორედ ის გვიხსნის, რატომ იცვლება წელიწადის დროები, როგორ იბადებიან და კვდებიან ვარსკვლავები, ან რა შანსია, რომ ასტეროიდი ოდესმე ჩვენს პლანეტას ზედმეტად მიუახლოვდეს.

ეს მეცნიერება არ ეყრდნობა ბუნდოვან ვარაუდებს ან იდუმალებებს. მაგალითად, თუ მარსი გვახარებს, ეს იმიტომ ხდება, რომ მისი კვლევის წყალობით ვიგებთ უფრო მეტს პლანეტებზე, გარემოზე და, შესაძლოა, სიცოცხლის სხვა ფორმებზე.

ასტრონომია ნამდვილი მეცნიერებაა, რადგან ის ეძებს მიზეზებს, იყენებს ფაქტებს და აუმჯობესებს ჩვენს ცოდნას სამყაროზე, სადაც ფიზიკის კანონები მჭიდროდ აკავშირებს ყველაფერს. ამ ცოდნით ვქმნით სატელიტებს და ვიპყრობთ კოსმოსს. ეს მეცნიერება თავად ვარსკვლავებივით ბრწყინავს! 

ასტროლოგია სახალისოა და შეიძლება მივიღოთ, როგორც ჰობი – ისეთი, როგორიცაა სელებრითებზე ჭორების მოსმენა ან ვიდეოთამაშების თამაში. ის მშვენიერი გასართობია, მაგრამ ნუ მივანიჭებთ მას იმაზე მეტ მნიშვნელობას, ვიდრე ეკუთვნის. რადგან მეცნიერული რეალობა ასეთია: 

მაცივრის მაგნიტიც კი უფრო დიდ ზემოქმედებას ახდენს თქვენზე, ვიდრე მარსი ან ვენერა.

 

ასტროლოგია

 

გამოყენებული რესურსები:

space.com

astronomy.com

earthsky.com

encyclopedia.com

 

 

 

დედამიწის ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრის აღწერა და საინტერესო ფაქტები.
ეგოპლანეტების შემსწავლელი მთავარი კოსმოსურმა ტელესკოპები.
წარმოუდგენელია, თუმცა ლიტერატურაში აღწერილი უცნაური, არასტანდარტული პლანეტები დღეს უკვე რეალობაა.
„ბავშვობის დასასრული“ ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი წიგნია, რაც კი წამიკითხავს.