სამეცნიერო ფანტასტიკა არის ხიდი ჩვენთვის დღესდღეობით ნაცნობ და უცნობ სამყაროს შორის. მეცნიერება ბევრ რამეზეა დამოკიდებული და ზოგჯერ დადასტურებული ფაქტები შორს ვერ წვდება, ამ დროს საქმეში ერთვება სამცნიერო ფანტასტიკა, რომელიც გვაწვდის ახალ ინფორმაციას და ცოდნას, რომელიც ამ დროისთვის წარმოუდგენელია, თუმცა გადის წლები, ტექნოლოგია და მეცნიერება ვითარდება და ფანტასტიკის პროგნოზს ეწევა. უცნაურია, მაგრამ საუკუნეების განმავლობაში ლიტერატურაში წარმოდგენილი უცნაური, არასტანდარტული პლანეტები დღეს უკვე რეალურად აღმოვაჩინეთ.
“სოლარისი”
სტანისლავ ლემი თავის ნაწარმოებში აღწერს პლანეტა სოლარისს, რომელიც მთლიანად არის დაფარული ცოცხალი გონიერი ოკეანით. ეს არ არის უბრალოდ გარემო, ეს არის ცნობიერი, გონიერი არსება. ის პასუხობს ადამიანურ ცნობიერებას, ქმნის მეხსიერების ფანტომებს და უკავშირდება ადამიანის ფსიქიკას.
მისი ანალოგია K2-18b , პლანეტა სიცოცხლისათვის შესაფერისი ოკეანით. ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა ამ პლანეტაზე აღმოაჩინა წყლის ორთქლი და დიმეთილსულფიდი. ეს ის მოლეკულაა, რომელიც დედამიწაზე მხოლოდ ბიოლოგიური ორგანიზმებით გამომუშავდება. არსებობს ვარაუდი, რომ პლანეტას ღრმა ოკეანე აქვს, ატმოსფეროში კი აზოტი და წყალბადი. ჩვენ არ ვიცით ეს ოკეანე გონიერი არსებაა თუ არა, მაგრამ რეალურად არსებობს გარემო, რომელიც ძალიან გავს სოლარისს.

“შეხვედრა რამასთან”
არტურ კლარკის რომანი არ ეხება პლანეტას, არამედ სხვა ცივილიზაციის მიერ აგებულ გიგანტურ ცილინდრულ ხომალდს, რომელიც მზის სისტემაში შემოვიდა. მის შიგნით ხელოვნური გრავიტაციაა, ქალაქის მაგვარი სტრუქტურები და სიმეტრია. მის შიგნით იცვლება ატმოსფერო და კლიმატი. თუმცა არავინ იცის ვინ შექმნა, რატომ და რა მიზეზით შემოვიდა მზის სისტემაში.
რეალურ ცხოვრებაში არსებობს ასეთი ობიექტი, რომელსაც Oumuamua ქვია. ეს ვარსკვლავთშორისი ობიექტი დაფიქსირდა მზის სისტემაში. არსებობს მოსაზრება, რომ ეს შეიძლება ტექნოლოგიური ნარჩენია, თუმცა რამა-ს იდეა აქ უცნაურ ელფერს იღებს, უცხო გონება, რომელიც თავს არ ამჟღავნებს, მაგრამ ჩვენს გვერდით ჩუმად არსებობს.

“სამი სხეულის ამოცანა”
ლიუ ცისინის ტრილოგიის პირველი წიგნი გვიამბობს პლანეტაზე, რომელიც უჩვეულო სამვარსკვლავიან სისტემაში მდებარეობს, რის გამოც ეს ორბიტა არაპროგნოზირებადია და ცივილიზაცია გამუდმებულ ქაოსსა და გადარჩენას შორის მერყეობს.
მისი რეალური პარალელია Kepler-47 system, ბინარული ვარსკვლავების გარშემო მოძრავი პლანეტების სისტემა. ასეთი სისტემა მართლაც ქმნის ცვალებად კლიმატურ ციკლებს, თანაც გამორჩეულად არასტაბილურს.

სტანისლავ ლემის სოლარისი ჯერ არ დაფიქსირებულა ტელესკოპით, არც რამას მსგავსი მაღალტექნოლოგიური ხომალდი შეგხვედრია ჩვენს სისტემაში, ჯერჯერობით არც არასტაბილური კლიმატის მქონე სამვარსკვლავიანი სისტემის უცხოპლანეტელები გვემუქრებიან თავდასხმით და განადგურებით საბედნიეროდ, თუმცა ის რაც ახლა ლიტერატურაშია, რამდენიმე წელწადში შეიძლება ჩვენს ტელესკოპებში აღმოჩნდეს.