არტურ კლარკი spaceYhub

არტურ კლარკის „ბავშვობის დასასრული“: მშვიდობის ფასი

სამცნიერო ფანტასტიკაში ბევრი რომანი დაწერილა. ყოველი მათგანი სხვადასხვანაირად რჩება გონებაში და სხვადასხვა ემოციას იწვევს. მაგრამ იშვიათად შეგხვდება წიგნი, რომელიც არა მხოლოდ გაგაკვირვებს ან აღგაფრთოვანებს, არამედ უსუსურობის ისეთ ტკივილს დაგიტოვებს, თითქოს თავადაც იმ გარდაუვალი ბედისწერის ნაწილი ხარ. არტურ კლარკის „ბავშვობის დასასრული“ სწორედ ასეთი წიგნია.

პირველად რომ წავიკითხე, ძალიან მომეწონა, შთაბეჭდილებებით სავსე ვიყავი. მას მერე კიდევ მეორედ და მესამედაც წავიკითხე, სულ მეგონა რომ რაღაც გამომრჩა. თუმცა ბოლო წაკითხვიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ახლახანს მეგობართან ვსაუბრობდი ამ წიგნზე და უცებ გამიელვა თავში იმან, რაც ჩამრჩა, ვერ ვხვდებოდი, ვერ ვიაზრებდი და უცებ მივხვდი რა იყო წიგნის მთელი იდეა. შესაბამისად კიდევ ერთხელ მეოთხედაც წავიკითხე. ახლა უკვე სხვანაირად მქონდა ნაფიქრი და მეხსიერებაში რაც მქონდა ჩარჩენილი, უკვე სხვანაირად გავაანალიზე. ამიტომ მეოთხე ჯერზე წაკითხვა სულ სხვანაირი აღმოჩნდა, სულ სხვა თვალით შევხედე. 

სტატია შეიცავს სპოილერებს, რადგან სხვანაირად სრულად აზრის გადმოცემა არ გამომივა.

დედამიწა იმ ეპოქაშია, როდესაც ამერიკა და რუსეთი ერთმანეთს ფარულად ეჯიბრება კოსმოსურ რბოლაში. თუმცა როდესაც პირველი კოსმოსური რაკეტის გაშვების დრო მოდის, სწორედ ამ მომენტში, როცა კაცობრიობა თითქოს საკუთარი ძალით აპირებს ვარსკვლავებს მიუახლოვდეს, დედამიწის ზედაპირზე იშლება გიგანტური ჩრდილი, უზარმაზარი კოსმოსური ხომალდები, რომლებიც მთელი პლანეტის თავზე ჩერდებიან. ისინი „ზებატონები“ არიან,  არსებები, რომლებიც ჩვენზე ბევრად წინ არიან ცოდნითა და ძალით. მათი მისია თითქოს კეთილია: დასრულდეს ომები, გაქრეს ძალადობა, კაცობრიობა კი მომდევნო საფეხურზე ავიდეს, იქ, სადაც მატერიალური საზღვრები ქრება და გონება ახალ, ზეგონიერ სფეროში იღვიძებს. და მაინც, მათში არის რაღაც შემაძრწუნებელი: კლარკი მათ ისეთ იერს აძლევს, რომელიც რელიგიურ წარმოსახვაში ეშმაკის სახეს გვაგონებს: უზარმაზარი ტანით, რქებით, შავი ბზინვარე კანით, გრძელი კუდით. თითქოს თავად ბიბლიური ურჩხული მოვიდა, მაგრამ არა გასანადგურებლად, არამედ ადამიანთა ბედის სამუდამოდ შესაცვლელად.

ამ წიგნის პირველად წაკითხვის შემდეგ დიდხანს ვფიქრობდი და ვნატრობდი კიდეც, როგორი იქნებოდა, რომ ჩვენს სამყაროში მართლაც გამოჩენილიყვნენ ზებატონები, ძალა, რომელიც ომს დაასრულებდა და მშვიდობასა და სტაბილურობას მოიტანდა. მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ეს აუცილებელად არ ნიშნავს ადამიანისთვის პროგრესს. კაცობრიობამ თითქოს უბრალოდ შეწყვიტა წინსვლა.

ზებატონებმა მოიტანეს ის, რაზეც ჩემნაირი ადამიანები საუკუნეების განმავლობაში ოცნებობდნენ, ომების, შიმშილისა და დაპირისპირებების დასრულება, მშვიდობა, სტაბილურობა და თანასწორობა. მაგრამ ეს ყველაფერი ისე უცებ და ძალისხმევის გარეშე მოხდა, რომ ადამიანებმა აღარ იცოდნენ, რისთვის ებრძოლათ, რა ეკეთებინათ. მიზნები გაქრა, გამოწვევები გაქრა, და კაცობრიობა კეთილდღეობაში გაიყინა, თითქოს მუზეუმის ექსპონატებად იქცნენ.  დაუჯერებელია, სულ ომი და ასეთი კონკურენტული გამოწვევები უნდა გვქონდეს რომ ვვითარდებოდეთ?

ისტორია გვაჩვენებს, რომ ყველაზე მძიმე პერიოდებში ადამიანები ერთიანდებიან, პოულობენ საერთო ღირებულებებს და საკუთარ ძალასაც. ხოლო კომფორტში იშვიათად იბადება ახალი, ინოვაციური იდეები. ზებატონები კი არ იძლეოდნენ ბრძოლის უფლებას, მათ ადამიანებს არჩევანი წაართვეს, ჩამოართვეს არეულობის უფლება და ინიციატივაც ჩაუკლეს.

არტურ კლარკი spaceYhub

ჩემთვის ეს იდეა რთულად გასაცნობიერებელია. ვთვლი, რომ პაციფისტი ვარ და მირჩევნია დედამიწაზე სიმშვიდე იყოს, მაგრამ ისეთი, რომელიც მოდის განათლებისა და ადამიანური განვითარების გზით. ხშირად ამბობენ, რომ ომი ცვლილებებისა და პროგრესის კატალიზატორია, და ისტორიაც ბევრ შემთხვევაში ამას ადასტურებს. მაგრამ ომი აუცილებელი არ არის, ცვლილებების ძიება და მიზნების პოვნა შეიძლება მშვიდობიან გზითაც.

წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც აღარ არსებობს ომები, შიმშილი, სისასტიკე. ყველა ბავშვი ბედნიერია, და თამაშობს მომავლის შიშის გარეშე. თითქოს იდეალურ სამყაროში ვართ, არა? მაგრამ ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეს მშვიდობა ჩვენ არ გამოგვიმუშავებია, ის ზებატონებმა გვაჩუქეს. ზუსტად ისე, როგორც ჩვენ ვაძლევთ ლაბორატორიაში თაგვს საკვებს და ამავე დროს ვართმევთ თავისუფლებას.

თავად სათაური, ბავშვობის დასასრული ცალკე დატვირთვას ატარებს. ბავშვობა ის პერიოდია, როცა გვგონია, რომ სხვები იზრუნებენ ჩვენზე და მოგვცემენ ყველაფერს, რაც გვჭირდება. მაგრამ ზრდასრული ცივილიზაცია, ისევე როგორც ზრდასრული ადამიანი, თავად უნდა იღებდეს პასუხისმგებლობას საკუთარ მშვიდობაზე, თავისუფლებაზე და განვითარებაზე და არა სხვისი ხელით.

ზებატონების ხატება კლარკთან უცნაური და გამორჩეულია. ქრისტიანულ კულტურაში მათი იერი ეშმაკის არქეტიპს მოგვაგონებს. იმას, რაც საუკუნეების განმავლობაში ადამიანთა ქვეცნობიერში შიშის სიმბოლოდ ცხოვრობდა. და მაინც, აქ ჩვენი „მხსნელი“ ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც კულტურულ მეხსიერებაში ჩამჯდარი „მტერი“. შეიძლება ეშმაკის არქეტიპი უბრალოდ უცნობისადმი შიშისა და უნდობლობის გამოხატულება იყოს. ზებატონები თითქოს ამ შიშის ხორცშესხმაა, მაგრამ სინამდვილეში კეთილ მიზანს ემსახურებიან. ქრისტიანულ წარმოდგენაში ეშმაკს ცოდვისკენ მიჰყავს ადამიანი, ხოლო ზებატონებს განვითარებისკენ, ოღონდ თავისუფლების შეზღუდვის ფასად. აქ ჩნდება კლარკის ღრმა კითხვა: თუ ღმერთი გაძლევს თავისუფლებას და ეშმაკი გიჩვენებს გზას, ვის მიჰყვები?  ზებატონების გარეგნობაზე ბევრი აზრი მებადება, იქნებ კლარკი გვაფრთხილებს, რომ ნამდვილი „ეშმაკი“ შესაძლოა იყოს ჩვენი შიში იმ ცვლილებების მიმართ, რომელთა კონტროლიც არ შეგვიძლია. და რომ განათლება და პროგრესი შეიძლება საშიშ იერს ატარებდეს, მაგრამ მაინც იქით გვაბიძგებდეს, სადაც განვითარების შესაძლებლობაა.

ზებატონები ემსახურებიან ზეგონს, ამოუცნობ, კოსმოსურ გონებას, უნივერსალურ ინტელექტს, რომელიც არსებობის უმაღლეს საფეხურზე დგას. თუმცა მათი ძალა ნაწილობრივ მოჩვენებითია: ზებატონებისთვის გზა ზეგონამდე უკვე ჩაკეტილია. ისინი თვითონ ვერასოდეს აღწევენ იმ დონეს, რომლის მისაღწევადაც ეხმარებიან სხვებს. ევოლუციის გარკვეულ საფეხურზე გაჩერებულები, ფიზიკურ რეალობას მიჯაჭვულები, ისინი მხოლოდ აღმზრდელთა როლს ასრულებენ. სხვა ცივილიზაციებს ზეგონთან შერწყმაში ეხმარებიან, თავად კი მუდამ გარეთ რჩებიან. ხედავენ ბრწყინვალებას, ხელს უწყობენ მის მიღწევას, მაგრამ თავად ვერასოდეს ეხებიან მას.

 

არტურ კლარკი spaceYhub
ChatGPT -ის მიერ გენერირებული ზებატონის გამოსახულება

 

მათი დახმარების ობიექტი გახდა დედამიწა. მათ აკრძალეს ომები, მოიტანეს მშვიდობა და კეთილდღეობა, შემდეგ კი მოთმინებით დაელოდნენ თაობათა ცვლას, სანამ საბოლოოდ მოვიდოდა ის უკანასკნელი თაობა, რომელსაც უნდა დახმარებოდნენ ევოლუციის ახალ საფეხურზე გადასვლაში.

ბოლო თაობის ბავშვები სხვანაირები იყვნენ: მათში ჩნდებოდა ახალი ქვეცნობიერი, უცნობი ფსიქიკური უნარები. მშობლები მათთვის უცხოები გახდნენ. ეს ალეგორიაა იმაზე, რაც დღესაც ხშირად გვხვდება: როცა ახალი თაობა ისე იცვლება, რომ წინა თაობის ენა და ღირებულებები მათ აღარ ესმით.

ეს ბავშვები უკვე აღარ იყვნენ ჰომო საპიენსები. ისინი ახალი სახეობა იყვნენ, გონებრივად და გენეტიკურად განსხვავებულნი. აღარ საუბრობდნენ, აღარ ჰქონდათ ინდივიდუალური ინტერესი ან ემოციები. ისინი ადამიანურ საზღვრებს მიღმა აღმოჩნდნენ: ბიოლოგიური ევოლუცია მათთვის დასრულდა და გამრავლების უნარი დაკარგეს. დარჩენილი ადამიანები უნაყოფონი გახდნენ, ჰომო საპიენსის გაგრძელების შესაძლებლობა გაქრა.

ზებატონებმა კი, ეს გარდაუვალი პროცესი  რომ შეესრულებინათ, დედამიწელებს კოსმოსური მოგზაურობა აუკრძალეს, რათა მათ ვერ მოეხერხებინათ ადამიანის, როგორც სახეობის, შენარჩუნება მის ძველ ფორმაში.

 წიგნის ბოლოს დედამიწა იცვლება  და ეს გარდასახვა ნგრევას ჰგავს. ცივილიზაცია, როგორც ფიზიკური სხეული, კვდება, ხოლო მისი გონება უერთდება უნივერსალურ გონს. „ბავშვობის დასასრული“ ამ თვალით ტრაგედიაა: კაცობრიობა მთავრდება სწორედ მაშინ, როცა თითქოს ყველაფერს მიაღწია. ჩემთვის „მშვიდობით დასრულებული სამყაროს სევდა“ ტკივილიანი ირონიაა.

ჩემთვის ასეთი დასასრული ემოციურია, ცრემლიც კი მადგება. მაგრამ კლარკი მკაფიოდ გვიჩვენებს, რომ მისთვის კაცობრიობა მხოლოდ ბიოლოგიური გადარჩენა არ არის. თუ ადამიანი ვერ განვითარდება “ზეცისკენ”, ის ადრე თუ გვიან დასრულდება. მისთვის პროგრესი არა ფიზიკურ გაქცევაშია, არამედ მენტალურ ევოლუციაში, იქ, სადაც ცნობიერება ახალ საზღვრებს გასცდება.

 

არტურ კლარკი spaceYhub
ChatGPT -ის მიერ გენერირებული წიგნის ბოლო სცენა, როდესაც ბავშვები ზეგონს უერთდებიან

 

ეს ის წიგნია, რომელიც პირველივე წაკითხვისას შეიძლება მოგეწონოს, მაგრამ აუცილებლად ბევრი რამ გამოგრჩება და მეორე წაკითხვისას უკვე სხვა აზრებს აღმოაჩენ. ეს უბრალოდ სამეცნიერო ფანტასტიკა არ არის: ჯერ გაჩერებს, დაგაფიქრებს, შემდეგ კი სიცარიელეში გიშვებს. წიგნის ბოლოს რჩება ათასი „რატომ?“, რადგან  პასუხებზე მეტი კითხვებია..

ამ რომანიდან ჩემთვის ყველაზე გამორჩეული რამდენიმე დასკვნა დარჩა:

  •       როცა ომი აღარ არის და მშვიდობას სხვები გვაძლევენ, ადამიანები განვითარებას წყვეტენ;
  •       შეიძლება კაცობრიობამ დიდი პროგრესი განიცადოს და მაინც ყველაფერი დაკარგოს;
  •       მშობლები უყურებენ შვილებს, რომლებიც სხვა რეალობაში მიდიან;
  •       ზებატონები უყურებენ კაცობრიობას, რომელიც ევოლუციურად მათზე მაღლა მიიწევს.
  •       ევოლუცია ყოველთვის დამშვიდობებაა ძველთან, როცა ძველი კვდება და ახალი იბადება.

 

ამ წიგნში არც ერთი პერსონაჟი არ გადარჩა; ყველა ისე დასრულდა, როგორც ბავშვობა მთავრდება, ბუნებრივად, მაგრამ გარდაუვლად. ალბათ ეს ერთ–ერთი ყველაზე სევდიანი წიგნია, რაც კი წამიკითხავს.

 

 

„ბავშვობის დასასრული“ ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი წიგნია, რაც კი წამიკითხავს.
იუპიტერი უზარმაზარი ზომითა და მრავალრიცხოვანი თანამგზავრებით მართავს ჩვენს მზის სისტემას.
უზარმაზარი გაზისა და მტვრის ღრუბლები, სადაც ვარსკვლავები იბადებიან.