Gaia - spaceYhub

Gaia-მ ჩვენს გალაქტიკაში დიდმასშტაბიანი ტალღა აღმოაჩინა

ირმის ნახტომი, ჩვენი გალაქტიკა, არც ისეთი მშვიდია, როგორიც შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. ის მუდმივად ბრუნავს და ირხევა. ახლა კი, ევროპული კოსმოსური სააგენტოს კოსმოსური მისიის Gaia ტელესკოპის უახლესი მონაცემები აჩვენებს, რომ ჩვენს გალაქტიკაში არსებობს გიგანტური ტალღა, რომელიც მის ცენტრიდან გარე მიმართულებით ვრცელდება, დაახლოებით ისე, როგორც წყალში ჩაგდებული ქვა წარმოქმნის ტალღას.

ასტრონომებმა უკვე დიდი ხანია იციან, რომ  ჩვენი გალაქტიკის ვარსკვლავები ბრუნავენ გალაქტიკის ცენტრის გარშემო, მაგრამ Gaia-მ შესაძლებელი გახადა ამ მოძრაობების დეტალურად გაზომვა. 1950-იანი წლებიდან ვიცით, რომ ირმის ნახტომის დისკო იდეალურად ბრტყელი არ არის და ოდნავ დამახინჯებულია. 2020 წელს კი Gaia-მ გამოავლინა, რომ ეს დისკო დროთა განმავლობაში ირხევა, დაახლოებით ისე, როგორც ბზრიალა სათამაშო ერთდროულად თან ბრუნავს და თან აქეთიქით  იხრება და ტრიალებს.

ახალ აღმოჩენას კი ახალ დონეზე გადაჰყავს ჩვენი წარმოდგენები: გალაქტიკის დისკოს გავლით ვრცელდება უზარმაზარი ტალღა, რომელიც გავლენას ახდენს ვარსკვლავების მოძრაობაზე. ეს ტალღა გადის მზიდან ათეულობით ათასი სინათლის წლის მანძილზე და ჰგავს წყლის ზედაპირზე ქვის ჩაგდებისგან გავრცელებულ ტალღებს.

 

Gaia - spaceYhub
გალაქტიკური ტალღის ილუსტრაცია

 

ამ ტალღის ილუსტრაცია ცხადად აჩვენებს, როგორ მოქმედებს იგი ვარსკვლავებზე. გამოსახულებებში, რომლებიც Gaia-ს მიერ შექმნილ რუკებზეა დაფუძნებული, ათასობით კაშკაშა ვარსკვლავი სხვადასხვა ფერებითაა ნაჩვენები: წითელი ფერი მიუთითებს ვარსკვლავების მდებარეობაზე დისკოს ზემოთ, ხოლო ლურჯი მის ქვემოთ.

გალაქტიკის ზედხედი გვიჩვენებს ვარსკვლავების განაწილებას სივრცეში, ხოლო გვერდითი ჭრილი კი იმ ტალღის ფორმას, რომელიც დისკოს მარცხენა მხარეს ზემოთ სწევს, მარჯვენას კი  ქვემოთ. ეს არის სწორედ ის რხევა, რომელიც გალაქტიკურ დისკოში მიმდინარეობს, და ახლა უკვე ვიცით, რომ მას გიგანტური ტალღის ბუნება აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ არცერთი კოსმოსური ხომალდი ჯერ არ გასულა ირმის ნახტომის ფარგლებს გარეთ, Gaia-ს მაღალი სიზუსტის წყალობით მეცნიერებმა შეძლეს შეედგინათ როგორც ზემოდან, ისე პროფილში დანახული გალაქტიკური რუკები. ტელესკოპს შეუძლია არა მხოლოდ ვარსკვლავების პოზიციების, არამედ მათი მოძრაობის სრული განსაზღვრა სამგანზომილებიან სივრცეში, რაც ადრე შეუძლებელი იყო.

ეს რუკები აჩვენებს, რომ ტალღა ფარავს დისკოს მნიშვნელოვან ნაწილს და გავლენას ახდენს ვარსკვლავებზე, რომლებიც განლაგებული არიან 30,000-დან 65,000 სინათლის წლის მანძილზე გალაქტიკის ცენტრიდან. შედარებისთვის, ირმის ნახტომის სრული დიამეტრი დაახლოებით 100,000 სინათლის წელია.

რაც ამ აღმოჩენას კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის, არის ის, რომ ჩვენ არა მხოლოდ ვხედავთ ამ ტალღის სტრუქტურას, არამედ ვზომავთ მის დინამიკას.  კვლევის ხელმძღვანელი იყო ელოიზა პოჯო, იტალიის ასტროფიზიკის ეროვნული ინსტიტუტის (INAF) ასტრონომი.

 

Gaia- spaceYhub
დიდი გალაქტიკური ტალღა მოძრაობაში.

 

ერთ-ერთ გამოსახულებაზე ვარსკვლავების მოძრაობები თეთრი ისრებით არის ნაჩვენები. ყურადღებას იპყრობს ის ფაქტი, რომ ვერტიკალური მოძრაობების ტალღა ოდნავ გადახრილია პოზიციურ ტალღასთან შედარებით, რაც კიდევ უფრო ამყარებს ჰიპოთეზას, რომ საქმე გვაქვს მოძრავ ტალღასთან.

ელოიზა, კვლევის ხელმძღვანელი ამას საინტერესოდ ხსნის: წარმოიდგინეთ სტადიონზე შექმნილი ტალღა, ხალხი ერთდროულად დგება და ჯდება. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ამ მოძრაობას ვაჩერებთ და ისე ვუყურებთ: ზოგი უკვე ადგა, ზოგი ზის, ზოგი კი მოძრაობისთვის ემზადება. სწორედ ასე გამოიყურება ჩვენი გალაქტიკის ტალღაც, სხვადასხვა ადგილას ვარსკვლავები იმყოფებიან ტალღის სხვადასხვა ფაზაში.

წითელი რეგიონები სტადიონზე დამდგარი ადამიანების მსგავსია, ისინი უკვე იმყოფებიან ტალღის ზენიტში. თეთრი ისრებით ნაჩვენები მოძრაობები კი შეესაბამება იმ რეგიონებს, სადაც ვარსკვლავები მზად არიან ტალღაში ადგომისკენ ამოძრავებისთვის.

კვლევაში Gaia-ს მონაცემებთან ერთად გამოიყენეს ახალგაზრდული, მასიური ვარსკვლავები და ცეფეიდები. ეს უკანასკნელნი ცნობილია მათი ცვალებადი ნათებით, რაც მათ გამორჩეულად ადვილად ამოსაცნობად აქცევს დიდი მანძილიდანაც კი. სწორედ მათმა მოძრაობამ და განაწილებამ გახადა შესაძლებელი ამ გიგანტური ტალღის აღმოჩენა.

იმის გამო, რომ ამ ვარსკვლავები მოძრაობენ ტალღასთან ერთად, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დისკოში არსებული გაზებიც იგივე დინამიკაში მონაწილეობენ. შესაძლოა, ახალშობილმა ვარსკვლავებმა ინფორმაციის “დაკოპირება” მოახდინეს იმ გაზიდან, საიდანაც ისინი წარმოიშვნენ.

 

Gaia - spaceYhub
ირმის ნახტომისა დამახინჯებული გალაქტიკური დისკო ბზრიალა სათამაშოსავით ირხევა და ბრუნავს.

 

ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი ჯერ არ გვაქვს. ერთ-ერთი თეორია ვარაუდობს, რომ წარსულში ირმის ნახტომი შეეჯახა ჯუჯა გალაქტიკას, რამაც შესაძლოა ეს რხევები გამოიწვია. თუმცა ამ იდეის დასადასტურებლად მეტი კვლევაა საჭირო.

მეცნიერებს ასევე აინტერესებთ, შეიძლება თუ არა ეს ტალღა დაკავშირებული იყოს სხვა, შედარებით მცირე სტრუქტურასთან, ე.წ. რედკლიფის ტალღასთან. ეს ტალღა მზესთან შედარებით ახლოს მდებარეობს და გაწელილია დაახლოებით 500–დან 9,000 სინათლის წლამდე. შეიძლება ეს ორი ტალღა დაკავშირებულია. სწორედ ამიტომ მეტი მონაცემია საჭირო.

ESA-ს Gaia-ს პროექტის მეცნიერი, იოჰანეს საჰლმანი აცხადებს, რომ მომდევნო, მეოთხე მონაცემთა გამოშვება შეიცავს კიდევ უფრო ზუსტ პოზიციებსა და მოძრაობებს ირმის ნახტომის ვარსკვლავებისთვის, განსაკუთრებით ცვალებად ვარსკვლავებზე, როგორიცაა ცეფეიდები. ეს მეცნიერებს საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო დეტალურად შეისწავლონ გალაქტიკის სტრუქტურა და გააღრმავონ ჩვენი ცოდნა მისი დინამიკის შესახებ.

 

„The great wave: Evidence of a large-scale vertical corrugation propagating outwards in the Galactic disc”  ავტორები: E. Poggio და სხვები, გამოქვეყნებულია სამეცნიერო ჟურნალში Astronomy and Astrophysics.

👉 https://doi.org/10.1051/0004-6361/202451668

 

წყარო: ESA

მეცნიერული პროგრესი - კეთილშობილი გენიოსების სიმართლის ძიება გგონიათ? სერიოზულად ცდებით,
ყველაზე გავრცელებული შეთქმულების თეორიები აპოლოს მისიაზე.
NASA-ს Artemis პროგრამა დაბრუნებაა მთვარეზე. ამბიციური მისია აპოლოს ეპოქის შემდეგ.
უნიკალურ კოსმოსურ ექსპერიმენტში ვირტუალური მონაწილეობა, NASA-ს Artemis II-ის სატესტო მისია.

Discover more from spaceYhub

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading