ტოქსიკური მეცნიერები

მეცნიერების ბნელი ისტორია: გენიოსები, ძალაუფლება და შური

 

როდესაც მეცნიერებაზე ვფიქრობთ, გვიყვარს წარმოვიდგინოთ კეთილშობილი ადამიანები, რომლებიც სიმართლის ძიებისთვის სიცოცხლეს სწირავენ. სუფთა ლაბორატორიები, მშვიდი დებატები და იდეალებით სავსე გონება. ეს სასიამოვნო ზღაპარია.

რეალობა ხშირად ბევრად უფრო ბინძურია. მრავალი „დიდი გენიოსის“ სახელის უკან დგას პარანოია, პლაგიატი, დაუნდობელი კონკურენცია და ისეთი ეგო, რომელიც ყველაფერს, კოლეგებს, სტუდენტებს, ზოგჯერ კი თავად სიმართლესაც  ფეხქვეშ თელავს.

თუ გგონიათ, რომ მეცნიერული პროგრესი ეთიკური დისკუსიებისა და კეთილსინდისიერი თანამშრომლობის ნაყოფია, სერიოზულად ცდებით. მეცნიერების ისტორია ძალაუფლებისთვის ბრძოლას უფრო ჰგავს, ვიდრე ჭეშმარიტების მშვიდ ძიებას.

„ტოქსიკური გენიოსი“ იშვიათი გადახრა კი არ არის. ის თითქმის გარდაუვალია იქ, სადაც სამი რამ ერთიანდება: იდეების სიმცირე, მაღალი სტატუსი და უკონტროლო ეგო.

ეს არის მიმოხილვა ადამიანებზე, რომლებმაც სამყარო შეცვალეს და ამ პროცესში არაერთხელ აჩვენეს, რამდენად მცირე მნიშვნელობა აქვს ადამიანობას მაშინ, როცა დიდებასა და ძალაუფლებაზე მიდგება საქმე.

 

ისააკ ნიუტონი
ისააკ ნიუტონი

 

1. ისააკ ნიუტონი: დიქტატორი

ნიუტონი არ იყო უბრალოდ რთული ადამიანი, რომელიც საკუთარ უხეშ ხასიათს გენიოსობით ამართლებდა. ის იყო ადამიანი, რომელმაც საკუთარი ფსიქოლოგიური პრობლემები ინსტიტუციურ ძალად გადააქცია. უკიდურესად ეჭვიანი, პარანოიდული და შურისმაძიებელი, ის კრიტიკას აღიქვამდა არა როგორც მეცნიერულ უთანხმოებას, არამედ როგორც პირად შეურაცხყოფას ანუ მორალურ დანაშაულს.

თუ გგონიათ, რომ ნიუტონი მშვიდად იჯდა თავის ბაღში, ვაშლის ხის ქვეშ, და მიზიდულობის კანონებზე ფიქრობდა, ცუდი ამბავი მაქვს. რეალური ნიუტონი გაცილებით ნაკლებად ჰგავდა ბრძენ ფილოსოფოსს და გაცილებით მეტად შურისმაძიებელ მანიაკს, რომელსაც ძალაუფლება ხელში ჩაუვარდა.

 

ლაიბნიცის განადგურება

ნიუტონმაც და გოტფრიდ ვილჰელმ ლაიბნიცმაც დამოუკიდებლად მიაღწიეს ერთ-ერთ ყველაზე დიდ მათემატიკურ იდეას – კალკულუსს. ლაიბნიცმა თავისი ვერსია პირველმა გამოაქვეყნა, 1684 წელს. ნიუტონს ეს მეთოდი უკვე ჰქონდა აღმოჩენილი, მაგრამ პარანოიისა და ეჭვების გამო წლების განმავლობაში არ აქვეყნებდა.

და სწორედ აქედან დაიწყო ბინძური ბრძოლა.

ნიუტონმა ლაიბნიცი პირდაპირ დაადანაშაულა იდეის მოპარვაში. ლაიბნიცი კი ამტკიცებდა, და დღეს ისტორიკოსებიც ეთანხმებიან, რომ კალკულუსამდე სრულიად დამოუკიდებლად მივიდა. როდესაც პრიორიტეტზე დავა გამწვავდა, ნიუტონმა გამოიყენა ძალაუფლება.

როგორც „სამეფო საზოგადოების“ პრეზიდენტმა, მან შექმნა ვითომ მიუკერძოებელი კომისია. კომისია, რომელიც ძირითადად მისი მეგობრებისგან შედგებოდა. შემდეგ კი თავად დაწერა კომისიის დასკვნა და საკუთარ თავს გამარჯვება მიანიჭა.

ლაიბნიცი სიცოცხლის ბოლომდე ამ ბრალდებების ჩრდილში ცხოვრობდა. მისი რეპუტაცია სერიოზულად დაზიანდა. ნიუტონი კი მოგვიანებით ამაყობდა, რომ მეტოქეს „გული გაუტეხა“.

დღეს უკვე თითქმის სრული კონსენსუსია: ორივემ დამოუკიდებლად აღმოაჩინა კალკულუსი და ლაიბნიცს ნიუტონის იდეა არ მოუპარავს. ირონია კი ისაა, რომ თანამედროვე მათემატიკა თითქმის მთლიანად ლაიბნიცის ნოტაციას იყენებს.

მაგრამ ნიუტონის ავტორიტეტი იმდენად დიდი იყო, რომ სიცოცხლეში მან ლაიბნიცს ფაქტობრივად დაუნგრია რეპუტაცია.

 

ნიუტონის და ლაიბნიცის ბრძოლა
ნიუტონის და ლაიბნიცის ბრძოლა

 

რობერტ ჰუკის წაშლა

რობერტ ჰუკი იყო ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი, ვინც ნიუტონის იდეებს დაუპირისპირდა, განსაკუთრებით მის სინათლის თეორიას. ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ ნიუტონის სამიზნე გამხდარიყო.

შურისძიება მხოლოდ აკადემიურ დონეზე არ შეჩერებულა. ჰუკის გარდაცვალების შემდეგ ნიუტონმა ყველაფერი გააკეთა, რომ მისი კვალი გაქრალიყო. განადგურდა ჰუკის ერთადერთი პორტრეტი, გაქრა მისი ინსტრუმენტები და წლების განმავლობაში მისი როლი მეცნიერების ისტორიაში მიზანმიმართულად დაჩრდილეს. არსებობს ეჭვი (მაგრამ არა მტკიცებულება), რომ ეს ნიუტონმა გააკეთა.

ნიუტონი უბრალოდ კი არ ებრძოდა ოპონენტებს, არამედ ცდილობდა, რომ მათი არსებობაც კი წაეშალა.

 

 

2. გალილეო გალილეი

გალილეოს ხშირად წარმოაჩენენ როგორც ბნელეთის წინააღმდეგ მებრძოლ გმირს და მეცნიერების რაინდს, რომელიც მარტო დაუპირისპირდა დოგმასა და უმეცრებას. მაგრამ რეალური გალილეო გაცილებით ნაკლებად ჰგავდა წმინდა მოწამეს. ის იყო ბრწყინვალე გონების მქონე, მაგრამ უკიდურესად სარკასტული და საჯაროდ დამამცირებელი პოლემისტი. ოპონენტებს უბრალოდ არ ედავებოდა, დასცინოდა, აკნინებდა და სასაცილო ფიგურებად აქცევდა.

მისი მთავარი მტერი ხშირად არც ეკლესია იყო და არც არისტოტელეს ფილოსოფია. მისი მთავარი მტერი საკუთარი ენა და უკონტროლო ქედმაღლობა აღმოჩნდა. გალილეოს კონფლიქტი ეკლესიასთან მხოლოდ მეცნიერული დაპირისპირება არ ყოფილა. ეს იყო პიროვნული ესკალაცია. გალილეო ფაქტობრივად მართალი იყო ფაქტებში, მაგრამ სრულიად ვერ ხვდებოდა ძალაუფლების რეალურ დინამიკას.

მეგობრების ღალატი: რომის პაპი ურბან VIII წლების განმავლობაში გალილეოს მფარველი და მეგობარი იყო. გალილეომ კი თავის წიგნში “დიალოგები”, პაპის არგუმენტები ათქმევინა პერსონაჟს, რომელსაც “სიმპლიჩიო” (უბრალო, სულელი) დაარქვა. მან საჯაროდ დასცინა ადამიანს, რომელიც მას იცავდა, რამაც სამართლიანად გამოიწვია პაპის განრისხება.

სხვისი აღმოჩენების მითვისება: გალილეო ხშირად იბრალებდა სხვის აღმოჩენებს. მაგალითად, მან სასტიკი ომი გამოუცხადა იეზუიტ ასტრონომ კრისტოფერ შაინერს მზის ლაქების აღმოჩენის გამო, მიუხედავად იმისა, რომ შაინერმა ისინი დამოუკიდებლად და შესაძლოა უფრო ადრეც აღმოაჩინა. მათ უთანხმოება ჰქონდათ ინტერპრეტაციაზეც. გალილეო ვერ იტანდა აზრს, რომ სამყაროში ვინმე მასზე ჭკვიანი არსებობდა.

კეპლერის იგნორირება: იოჰან კეპლერი მას წერილებს სწერდა, მხარს უჭერდა და თავის ნაშრომებს უგზავნიდა. გალილეომ ის უბრალოდ დააიგნორა, რადგან კეპლერის “ელიფსური ორბიტები” მის “სრულყოფილ წრეებზე” უფრო სწორი აღმოჩნდა.

 

 

3. თომას ედისონი

ედისონი არ ყოფილა გამომგონებელი; ის იყო კორპორატიული ზვიგენი, რომელიც სხვისი ტვინით იკვებებოდა. იგი სისტემური ტოქსიკურობის კლასიკური მაგალითია. უკიდურესად პროდუქტიული, მაგრამ თანაბრად მიდრეკილი სხვისი წვლილის მინიმიზაციისაკენ. თანამშრომლები მის ლაბორატორიაში ხშირად იყვნენ იდეების ავტორები, მაგრამ მათი სახელები არსად არ ჩანდა.

ტესლას ექსპლუატაცია: მან ნიკოლა ტესლა დაიქირავა, დაჰპირდა 50,000 დოლარს (რაც მაშინ მთელი ქონება იყო) მისი გენერატორების გაუმჯობესებისთვის და როდესაც ტესლამ საქმე შეასრულა, ედისონმა უბრალოდ უთხრა, რომ მას ამერიკული იუმორი არ ესმოდა.

საჯარო სიკვდილით დასჯა: ტესლას ცვლადი დენის (AC) დისკრედიტაციისთვის, ედისონი ატარებდა საჯარო შოუებს, სადაც ელექტროენერგიით წამებით კლავდა ძაღლებს და კატებს. ის არის ელექტრო სკამის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი – არა ჰუმანურობისთვის, არამედ კონკურენტის გასანადგურებლად.

ედისონისთვის იდეა ეკუთვნოდა იმას, ვისაც ჰქონდა კაპიტალი და პლატფორმა. ეს მიდგომა დღეს სტარტაპ-კულტურაში ნორმალიზებულია, მაგრამ თავის დროზე მან შექმნა პრეცედენტი: გენიოსს ყველაფერი ეპატიება, თუ შედეგს დებს.

 

ტომას ედისონი
ტომას ედისონი

 

 

 

4. ერვინ შროდინგერი: პედოფილი

იგი კვანტური მექანიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო, ხოლო პირად ცხოვრებაში თითქმის სრული ქაოსი ჰქონდა. ფიზიკის სახელმძღვანელოებში ერვინ შროდინგერი ჩნდება როგორც გენიალური თეორეტიკოსი, რომლის ტალღურმა განტოლებამ ფიზიკის მიმართულება შეცვალა. მაგრამ ეს წიგნები თითქმის არასდროს ეხებიან იმას, თუ როგორი ადამიანი იყო იგი ლაბორატორიის მიღმა.

მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი, შროდინგერის განტოლება ფიზიკის ისტორიის ერთ-ერთი ფუნდამენტური ფორმულაა. თუმცა შროდინგერის პირადი დღიურები გვაჩვენებს ბევრად ნაკლებად შთამბეჭდავ სურათს. ის დეტალურად აღწერდა თავის მრავალრიცხოვან სექსუალურ კავშირებს, მათ შორის ურთიერთობებს არასრულწლოვნებთან. ჩანაწერები იმდენად დეტალურია, რომ მათში თარიღებიც, ადგილებიც და პარტნიორების ასაკებიც კი ფიგურირებს. ისტორიკოსები ამ შემთხვევაში ერთსულოვნები არ არიან. ზოგ შემთხვევაში გოგონების ასაკი 16-17 წელი იყო, რაც მაშინ ევროპაში ასე თუ ისე კანონიერ ასაკად ითვლებოდა.

მისი, როგორც ცნობილი მეცნიერის სტატუსი, ხშირად იქცეოდა ინსტრუმენტად: იგი გოგონების მშობლებს არწმუნებდა, რომ „გენიოსთან ურთიერთობა“ პატივი იყო მათი შვილებისთვის. ოქსფორდიდანაც სწორედ მისი “ჰარემის” გამო გამოაგდეს (ის ცხოვრობდა ცოლთან და ორ საყვარელთან ერთად), თუმცა მას ეს არასდროს უნანია.
ისტორია ხშირად ხუჭავს თვალს ქცევებზე, თუ ადამიანი „ძალიან ჭკვიანია“

 

ერვინ შროდინგერი და შროდინგერის კატა
ერვინ შროდინგერი და შროდინგერის კატა

 

 

 

5. რიჩარდ ფეინმანი: ნარცისისტი

ფეინმანმა შექმნა “საყვარელი ფიზიკოსის” იმიჯი, თავისუფალი, ხუმარა გენიოსი, რომელიც ბონგოზე უკრავდა და რთულ იდეებს მარტივად ხსნიდა. სწორედ ამ პერსონამ გახადა ის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მეცნიერად. მაგრამ ამ იმიჯის მიღმა ბევრად ნაკლებად სასიამოვნო სურათი იკვეთება.

ქალების დამცირება: თავის წიგნებში ის ამაყობს, თუ როგორ ეპყრობოდა ქალებს “ბარებში”.  მისი ტაქტიკა იყო მათი დამცირება და ფსიქოლოგიური მანიპულაცია სექსის მისაღებად. თავის ავტობიოგრაფიაში ის დეტალურად აღწერს “სტრატეგიებს”, თუ როგორ უნდა მოატყუო ქალები ბარში სექსისთვის. ის ქალებს განიხილავდა, როგორც გასართობ ობიექტებს და არა კოლეგებს.

აკადემიური ბულინგი: ის ხშირად იყენებდა თავის სწრაფ გონებას სტუდენტებისა და კოლეგების საჯაროდ დასამცირებლად, რათა საკუთარი დომინანტობა დაემტკიცებინა. ფეინმანის გარემოცვაში ქალი მეცნიერებისთვის ადგილი თითქმის არ იყო. მისი “ხუმრობები” ხშირად დამამცირებელი იყო და ხელს უწყობდა ტოქსიკური, მასკულინური კულტურის შენარჩუნებას ფიზიკაში.

ფეინმანის ტოქსიკურობა კულტურულია: „გენიოსი, რომელსაც წესები არ ეხება“. ის აჯილდოებდა ინტელექტს, მაგრამ უგულებელყოფდა ადამიანურ საზღვრებს. დღეს ბევრი ისტორიკოსი თანხმდება, რომ მისი ხიბლი ნაწილობრივ ფარავდა პრობლემურ ქცევებს, რომლებიც ახლა უფრო მკაფიოდ ჩანს.

 

რიჩარდ ფეინმანი აუდიტორიაში, ლექციის დროს
რიჩარდ ფეინმანი აუდიტორიაში, ლექციის დროს

 

 

6. ფრიც ჰაბერი: ჯალათი

ჰაბერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება მეცნიერება ბოროტებად იქცეს. თუ ვინმეზე შეიძლება ითქვას “ბოროტი გენიოსი“, ეს ჰაბერია. ჰაბერი იყო პროცესის თანაავტორი, რომელსაც დღეს Haber–Bosch process ეწოდება. ამ მეთოდმა ატმოსფერული აზოტისგან ამიაკის წარმოება შესაძლებელი გახადა და თანამედროვე სასუქების საფუძველი შექმნა. შედეგად, მსოფლიოს სოფლის მეურნეობამ კოლოსალური ზრდა განიცადა და მილიარდობით ადამიანს შიმშილისგან გადარჩენის შანსი მიეცა. მაგრამ სწორედ ამავე ადამიანს ეკუთვნის ქიმიური ომის ერთ-ერთი ყველაზე ბნელი თავი.

ის პირადად ხელმძღვანელობდა იპრიტისა და ქლორის გაზის გამოყენებას პირველ მსოფლიო ომში. როდესაც მისი ცოლი, კლარა იმერვარი (პირველი ქალი ქიმიის დოქტორი გერმანიაში), ევედრებოდა მას შეეწყვიტა ეს ბარბაროსობა, ჰაბერმა მას “მოღალატე” უწოდა. კლარამ თავი მოიკლა, ჰაბერი კი მეორე დილას ფრონტზე წავიდა ახალი გაზის გამოსაცდელად.

 

7. არტურ ედინგტონი

ასტრონომიის ისტორიაში ედინგტონი ხშირად გვხვდება როგორც ადამიანი, რომელმაც აინშტაინის ფარდობითობის თეორიას ექსპერიმენტული მხარდაჭერა მოუტანა. 1919 წლის მზის დაბნელების ექსპედიციამ აინშტაინის იდეები მსოფლიო მეცნიერების ცენტრში გადაიყვანა და ედინგტონი პროგრესის სიმბოლოდ აქცია.

მაგრამ მეცნიერების ისტორიას ხშირად აქვს უცნაური ირონია: ადამიანები, რომლებიც ერთ ეპოქაში პროგრესს აჩქარებენ, სხვა მომენტში თავად ხდებიან მისი მუხრუჭი.

 

სუბრაჰმანიან ჩანდრასეკარის შემთხვევა

1930-იან წლებში ახალგაზრდა ინდოელი ფიზიკოსი სუბრაჰმანიან ჩანდრასეკარი მუშაობდა ვარსკვლავების ევოლუციის მათემატიკურ მოდელებზე. მისი გამოთვლები აჩვენებდა, რომ გარკვეული მასის ზღვრის გადაჭარბების შემდეგ „თეთრი ჯუჯა“ ვარსკვლავი სტაბილური ვერ დარჩებოდა.

ეს ზღვარი, დღეს ასტრონომიაში ცნობილი როგორც “ჩანდრასეკარის ზღვარი” გულისხმობდა, რომ ვარსკვლავი საბოლოოდ უნდა კოლაფსირებულიყო ბევრად უფრო ექსტრემალურ მდგომარეობაში. იდეა პირდაპირ მიუთითებდა იმაზე, რასაც მოგვიანებით შავი ხვრელი ვუწოდეთ.

იმ დროისთვის ეს შედეგი იმდენად რადიკალურად ჟღერდა, რომ ბევრს დაუჯერებლად ეჩვენა. მაგრამ ყველაზე ხმამაღალი წინააღმდეგობა სწორედ ედინგტონისგან მოვიდა. სამეფო ასტრონომიული საზოგადოების სხდომაზე მან ჩანდრასეკარის ნაშრომი საჯაროდ გააკრიტიკა, არა იმდენად მათემატიკური არგუმენტებით, რამდენადაც პირადი ავტორიტეტითა და ირონიით. მას არ სურდა დაეჯერებინა, რომ ბუნება შეიძლება ასეთი „აბსურდული“ ყოფილიყო.

ახალგაზრდა მეცნიერი, რომელიც მაშინ იწყებდა კარიერას, აღმოჩნდა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ასტროფიზიკოსის საჯარო დაცინვის სამიზნე. შედეგი მძიმე იყო. ჩანდრასეკარმა ათწლეულები დახარჯა იმისთვის, რომ მისი იდეები საბოლოოდ მიეღოთ ასტრონომიულ საზოგადოებაში.

ისტორიის კიდევ ერთი ირონია ისაა, რომ მოგვიანებით სწორედ ეს თეორია გახდა ვარსკვლავური ევოლუციის თანამედროვე ფიზიკის ერთ-ერთი საფუძველი და ჩანდრასეკარმა ამისთვის ნობელის პრემიაც მიიღო.

 

 

8. პოლ დირაკი

დირაკი ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე თეორეტიკოსი იყო თანამედროვე ფიზიკაში. მისი ნაშრომები, განსაკუთრებით “დირაკის განტოლება” – კვანტური მექანიკისა და ფარდობითობის შერწყმის ერთ-ერთ ყველაზე ელეგანტურ ფორმად ითვლება.  მაგრამ პიროვნულად დირაკი თითქმის ლეგენდარული ასოციალურობით იყო ცნობილი. მისი ტოქსიკურობა სხვებისგან განსხვავებული იყო. ხმაურიანი, აგრესიული ან შურისმაძიებელი კი არ იყო, არამედ, ყინულივით ცივი.

დირაკი თითქმის არ ესაუბრებოდა კოლეგებს. საუბრები მასთვის არასაჭირო ხმაურად გამოიყურებოდა. სტუდენტებისთვის ის ხშირად დამთრგუნველი ფიგურა იყო – ადამიანი, რომლისგანაც პასუხის მიღება თითქმის შეუძლებელი იყო და რომლის სიჩუმეც უფრო მეტად აშინებდა, ვიდრე მკაცრი კრიტიკა.

აქ საინტერესო განსხვავებაა: დირაკი არ აზიანებდა სისტემას, მაგრამ ქმნიდა გარემოს, სადაც ადამიანები თავს უხილავად გრძნობდნენ.

 

ატომური ბომბის მამა, რობერტ ოპენჰაიმერი
ატომური ბომბის მამა, რობერტ ოპენჰაიმერი

 

 

 

9. რობერტ ოპენჰაიმერი

ოპენჰაიმერს დღეს ვიცნობთ როგორც „ატომური ბომბის მამას“ – ტრაგიკული ფიგურას, რომელმაც მოგვიანებით თითქოს სინანული გამოხატა თავისი შექმნილი იარაღის გამო. ეს არის ისტორიის ის ვერსია, რომელიც კარგად მუშაობს ფილმებში და ბიოგრაფიებში.

მაგრამ მისი ახალგაზრდობის ეპიზოდები ხშირად გაცილებით ნაკლებად ჰგავს ტრაგიკულ მეცნიერს და უფრო მეტად ჰგავს კრიმინალურ ქრონიკას.

 

მკვლელობის მცდელობა

კემბრიჯში სწავლისას ოპენჰაიმერს სერიოზული პრობლემები ჰქონდა ექსპერიმენტულ ფიზიკასთან. მისი მასწავლებელი, ითხოვდა, რომ ოპენჰაიმერს პრაქტიკული სამუშაო შეესრულებინა, რამაც ახალგაზრდა სტუდენტი თითქმის ნერვულ კრიზისამდე მიიყვანა. ამიტომ, ოპენჰაიმერმა მის მაგიდაზე დატოვა ვაშლი, რომელიც ციანიდით იყო გაჟღენთილი. ისტორიკოსებს შორის დღემდე კამათია, რამდენად სერიოზული იყო მისი განზრახვა, მაგრამ ფაქტი დარჩა: საქმე იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ უნივერსიტეტში სკანდალი ატყდა.

საბოლოოდ, ოპენჰაიმერი ციხესა და გარიცხვას გადაურჩა მხოლოდ ერთი მიზეზის გამო – მდიდარი ოჯახი და გავლენიანი ნაცნობები, რომლებმაც სიტუაცია ჩუმად მოაგვარეს.

 

პოლიტიკური თამაშები

მოგვიანებით ოპენჰაიმერმა კიდევ ერთი უნარი გამოავლინა – ადამიანებით მანიპულაცია.

მანჰეტენის პროექტის წლებში და განსაკუთრებით შემდგომ პერიოდში, როდესაც ამერიკაში ანტიკომუნისტური კომისიები მუშაობდნენ, მან არაერთი კოლეგა ჩააყენა რთულ მდგომარეობაში საკუთარი პოზიციის დასაცავად. ოპენჰაიმერი კარგად ხვდებოდა, როგორ მუშაობდა ძალაუფლება: ვისთან უნდა ყოფილიყავი მეგობრული, ვისგან უნდა დისტანცირებულიყავი და როდის უნდა გაგეწირა სხვები, რომ თავად გადარჩენილიყავი.

ირონია ისაა, რომ მოგვიანებით თავად იქცა ერთგვარ სიმბოლოდ – მეცნიერულ „წამებულად“, რომელსაც სახელმწიფო ეჭვის თვალით უყურებდა. მაგრამ მის კარიერაში არაერთი ეპიზოდია, სადაც ის თავად თამაშობდა იმავე პოლიტიკურ თამაშებს, რომელთა მსხვერპლადაც მოგვიანებით წარმოჩინდა.

 

 

10. რედ ჰოილი

ჰოილი იყო ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ასტრონომი მე-20 საუკუნეში და ერთ-ერთი ყველაზე ჯიუტიც. სწორედ მან მოიგონა ტერმინი Big Bang (დიდი აფეთქება), მაგრამ არა როგორც თეორიის მხარდამჭერმა. პირიქით, ირონიით და თითქმის დაცინვით გამოიყენა.

ჰოილი იმდენად იყო შეყვარებული საკუთარ სტაციონარული სამყაროს მოდელზე, რომ ათწლეულების განმავლობაში უარს ამბობდა დაეჯერებინა მონაცემებისთვის, რომლებიც სხვა სურათს აჩვენებდნენ.

ჰოილი აქტიურად ეწინააღმდეგებოდა ახალ იდეებს და ხშირად იყენებდა საკუთარ გავლენას იმისთვის, რომ მათთვის გზა შეეჩერებინა. ახალგაზრდა მეცნიერებისთვის ეს ნიშნავდა ერთ რამეს: თუ შენი შედეგები მის თეორიას ეწინააღმდეგებოდა, კარიერა ბევრად რთული ხდებოდა.

ჰოილი ბოლომდე დარჩა თავისი თეორიის ერთგული, მაშინაც კი, როცა დაკვირვებითი მონაცემები სულ უფრო მკაფიოდ მიუთითებდა, რომ სამყარო მართლაც გაფართოვდა ცხელი საწყისი მდგომარეობიდან. ზოგჯერ პრობლემა ის კი არ არის, რომ მეცნიერი ცდება. პრობლემა ის არის, როცა მას იმხელა ავტორიტეტი აქვს, რომ შეცდომა ათწლეულებით აჭიანურებს სამეცნიერო პროგრესს.

 

 

სამეცნიერო სამყარო სულაც არ ჰგავს იმ ადგილს, სადაც ჭკვიანი ადამიანები მშვიდად სხედან მაგიდასთან და თავაზიანად მსჯელობენ იდეებზე. უფრო მეტად ის ჰგავს იერარქიულ ჯუნგლებს, სადაც „დიდი სახელები“ საკუთარ ავტორიტეტს იყენებენ ახალი იდეების დასახშობად.

ნიუტონი, გალილეო, ედისონი მხოლოდ გენიალური მოაზროვნეები არ იყვნენ. ისინი იყვნენ ადამიანები, რომლებმაც საკუთარი „ჭეშმარიტება“ ეთიკაზე და კოლეგების ბედზე მაღლა დააყენეს.

ეს ფიგურები ხშირად წარმოჩენილნი არიან როგორც უბრალოდ „შეცდენილი გენიოსები“. მაგრამ ბევრ შემთხვევაში ეს ბევრად რბილი აღწერაა. მათი ქცევა უფრო ჰგავდა ინტელექტუალურ ტირანიას – სიტუაციას, სადაც გონება გადაიქცა ძალაუფლების იარაღად.

მეცნიერება წინ მიდის არა იმიტომ, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ, არამედ მიუხედავად მათი არსებობისა. პროგრესი ხშირად მოდის იმ ადამიანებისგან, რომლებიც სწორედ ამ ავტორიტეტებმა გააჩუმეს, და რომელთა კარიერაც გზაში დაიმსხვრა.

ალბათ გსმენიათ ფენტეზის ჟანრზე  „ბნელი აკადემია“. მაგრამ რეალური აკადემია ხშირად კიდევ უფრო ბნელია, თანაც ყოველგვარი მაგიის გარეშე.

ფენტეზი მხოლოდ აზვიადებს იმას, რაც სინამდვილეში ლაბორატორიებსა და ბიბლიოთეკებში ნამდვილად ხდება. იქ ტოქსიკური გენიოსი შეიძლება სამყაროს ანადგურებდეს. რეალურ სამყაროში კი ის „მხოლოდ“ ახალგაზრდა მეცნიერების კარიერასა და ენთუზიაზმს ანადგურებს. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ზიანი ხშირად არანაკლებ მძიმეა.

კოსმოსურ ამინდს ძირითადად მზის აქტივობა აყალიბებს - CME, ანთება და
მზის შტორმები: მზიდან ნაწილაკების, ენერგიისა და მაგნიტური ველის მოულოდნელი ამოფრქვევები.
მეცნიერული პროგრესი - კეთილშობილი გენიოსების სიმართლის ძიება გგონიათ? სერიოზულად ცდებით,
წარმოუდგენელია, თუმცა ლიტერატურაში აღწერილი უცნაური, არასტანდარტული პლანეტები დღეს უკვე რეალობაა.