Gaia: ვარსკვლავების ოჯახი, რომელიც ერთმანეთისგან გარბის

შეგიმჩნევიათ, როგორ ჰგავს ვარსკვლავების დაბადება ოჯახურ სცენარს? ჩვენს გალაქტიკაში — ირმის ნახტომში — ვარსკვლავები ხშირად ერთად იბადებიან. წარმოიდგინეთ ღრუბელი, კოსმოსური ბუდე, სადაც ერთდროულად იქმნებიან მსგავსი ვარსკვლავები. ცოტა ხნის შემდეგ კი, როცა უკვე მზად არიან დამოუკიდებელი ცხოვრების დასაწყებად, ეს “და-ძმები”  გალაქტიკაში სხვადასხვა მიმართულებით მიემართებიან. ზოგჯერ ისინი სრულად იფანტებიან, თუ ძალიან მცირე ჯგუფია. მაგრამ დიდი ჯგუფები ერთად, სინქრონულად მოგზაურობენ — თითქოს საერთო მოგზაურობას აგრძელებენ.

ევროპის კოსმოსურმა მისია Gaia-მ, რომელმაც ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენი ცის რუკა შექმნა, უკვე არაერთი ასეთი ვარსკვლავური ოჯახი აღმოაჩინა. ამ მონაცემებმა საშუალება მოგვცა, ირმის ნახტომის ვარსკვლავებისთვის ერთგვარი „საოჯახო ფოტოალბომი“ შეგვეკრიბა. ამ ოჯახების შესწავლით მეცნიერები არამხოლოდ ცალკეული ვარსკვლავების ქცევას სწავლობენ, არამედ მთლიანად გალაქტიკის ევოლუციაშიც უკეთ ერკვევიან.

ამ კვლევების ფონზე გამოჩნდა Ophion — ვარსკვლავური ოჯახი. ეს გახლავთ ახალგაზრდა ვარსკვლავების უზარმაზარი ჯგუფი — 1000-ზე მეტი წევრით — რომლებიც ასტრონომებისთვის უცნაურად იქცევიან. მიუხედავად იმისა, რომ ამხელა „ოჯახია“, ისინი ძალიან მალე დაიშლებიან და თავიანთ „ბუდეს“ ცარიელს დატოვებენ.

 

ვარსკვლავები, გალაქტიკა
ირმის ნახტომი და ვარსკვლავების ოჯახი Ophion – Gaia/ESA

Ophion-ის ვარსკვლავები თითქოს შეთანხმების გარეშე გარბიან სხვადასხვა მხარეს. მათი ქაოტური, არაკოორდინირებული მოძრაობა სრულიად შეუთავსებელია იმ წესრიგთან, რასაც მეცნიერები ასეთი მასშტაბის ჯგუფებისგან ელოდებიან. მსგავსი რამ ჯერ არავის უნახავს.

ამ აღმოჩენის მისაღწევად Western Washington University-ის მკვლევრებმა შექმნეს ახალი კომპიუტერული მოდელი სახელად Gaia Net. მათ Gaia-ს მიერ შეგროვებული სპექტროსკოპიული მონაცემების გიგანტური ბაზა მოიშველიეს და ყურადღება გაამახვილეს მზესთან ახლოს მყოფ, 20 მილიონ წელზე ნაკლებ ასაკიან ვარსკვლავებზე. სწორედ ამ მეთოდმა გამოაჩინა Ophion და მისი ღრმა კოსმოსში დამალული ისტორია.

მაგრამ საიდან მოდის ეს უჩვეულო ქცევა?

ერთი ვარაუდია, რომ Ophion 650 სინათლის წლის დაშორებით მდებარეობს იმ ადგილას, სადაც სხვა გიგანტური ვარსკვლავური ჯგუფებიც ბინადრობენ. შესაძლებელია, რომ მათ შორის ენერგიულმა შეჯახებებმა ან აფეთქებებმა გავლენა მოახდინა Ophion-ის სტაბილურობაზე.

კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რომ ამ რეგიონში ერთ დროს ვარსკვლავები აფეთქდნენ — ე.წ. სუპერნოვად. ასეთი აფეთქებები წარმოუდგენლად ძლიერი ფენომენებია, რომლებიც გარშემო ყველაფერს ანგრევს. მათ შესაძლოა Ophion-ის სტრუქტურაზე გავლენა მოახდინეს და ვარსკვლავებმაც ბევრად სწრაფად და ქაოტურად მოძრაობა დაიწყეს.

რაც არ უნდა იყოს მიზეზი, აშკარაა: Ophion ცვლის ჩვენს ცოდნას. რადგან ადრე ვარსკვლავურ ოჯახებს მათი მსგავსი მოძრაობების საშუალებით ვპოულობდით, Ophion-ს მსგავსი „არეული ოჯახები“ შეიძლება უბრალოდ გამოგვეპარა. მხოლოდ Gaia-ს უზარმაზარი მონაცემები და ახალი ტექნოლოგიები გვაძლევს შესაძლებლობას, ასეთ გამორჩეულ მაგალითებს მივაკვლიოთ.

და ბოლოს — 2025 წლის მარტში Gaia-მ დაკვირვებები დაასრულა. თუმცა მის მიერ შეგროვებული მასალა მეცნიერებისთვის ახლა მხოლოდ ახალი თავგადასავლის დასაწყისია. წინ კიდევ უფრო მასშტაბური მონაცემთა გამოშვება გველის 2026 წლის ბოლოს, და ვინ იცის, იქნებ Ophion-ის მსგავსი სხვა უცნაური ოჯახებიც გამოჩნდეს.

 

მომზადებულია ESA-ს მიხედვით.

“Gaia Net: Towards robust spectroscopic parameters of stars of all evolutionary stages” Dylan Huson et al. გამოქვეყნებულია Astrophysical Journal. https://iopscience.iop.org/article/10.3847/1538-4357/adc2fa 

მეცნიერული პროგრესი - კეთილშობილი გენიოსების სიმართლის ძიება გგონიათ? სერიოზულად ცდებით,
ყველაზე გავრცელებული შეთქმულების თეორიები აპოლოს მისიაზე.
NASA-ს Artemis პროგრამა დაბრუნებაა მთვარეზე. ამბიციური მისია აპოლოს ეპოქის შემდეგ.
უნიკალურ კოსმოსურ ექსპერიმენტში ვირტუალური მონაწილეობა, NASA-ს Artemis II-ის სატესტო მისია.

Discover more from spaceYhub

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading