2025 წლის 12 სექტემბერს, NASA-სა და ESA-ს ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა გაგვიზიარა ახალი, თვალწარმტაცი სურათი ვარსკვლავებით მოჭედილი ციდან. ეს არაჩვეულებრივი ხედი მოდის ჯუჯა გალაქტიკიდან, დიდი მაგელანის ღრუბლიდან, რომელიც დედამიწიდან დაახლოებით 160,000 სინათლის წლითაა დაშორებული და სამხრეთ ცის თანავარსკვლავედებში, დორადოსა და მენსაში მდებარეობს.
სურათზე აღბეჭდილია ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ასტრონომიული რეგიონი, N11, რომელიც ვარსკვლავების დაბადების მიხედვით მეორე ადგილზეა ამ გალაქტიკაში. ეს ადგილი ერთგვარი “ვარსკვლავური საბადოა”, სადაც გაზისა და მტვრის ღრუბლები იკუმშება და ახალი ვარსკვლავები იბადებიან. ყველაზე ცნობილი ასეთი ადგილი ამავე გალაქტიკაში ტარანტულის ნისლეულია, თუმცა ამჯერად ყურადღების ცენტრში N11 აღმოჩნდა.
ახალგაზრდა, კაშკაშა ვარსკვლავები, რომლებიც ამ სურათზე კარგად ჩანს, ანათებენ მათ ირგვლივ არსებულ გაზის ღრუბლებს და წარმოქმნიან ფერად, საოცრად ლამაზ პანორამას.
ეს ფოტო ორ სხვადასხვა პერიოდში შეგროვებული მონაცემების გაერთიანებით შეიქმნა. პირველი დაკვირვებები ჰაბლმა 2002-2003 წლებში ჩაატარა თავისი იმ დროისთვის ახალი კამერით, Advanced Camera for Surveys (ACS). მაშინ ასტრონომებმა პირველად შეძლეს ახალგაზრდა ვარსკვლავების სრულყოფილი კატალოგის შექმნა, რომელთა მასა მერყეობდა მზის მასის 10%სა და 100 მზის მასას შორის.
მეორე ნაწილი კი უფრო თანამედროვე ტექნიკით, Wide Field Camera 3-ით იქნა გადაღებული, რომელიც ვარსკვლავურ კლასტერებს გარსშემოვლებულ მტვრიან ღრუბლებზე ამახვილებს ყურადღებას. ამის წყალობით, მეცნიერებმა შეძლეს უფრო ღრმად შეეხედათ კოსმოსური მტვრის სამყაროში.

Credit: NASA/Hubble