მზის სისტემა სავსეა საოცრებით, მაგრამ ერთ–ერთი ყველაზე იდუმალი და შთამბეჭდავი პლანეტა უდავოდ ნეპტუნია — შორეული, ცივი, ზებგერითი ქარებით ცნობილი ყინულის გიგანტი. ეს პლანეტა ყველაზე დაშორებულია მზიდან და ერთადეთი პლანეტაა, რომელიც შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს. რაც უფრო მეტს ვიგებთ მასზე, მით უფრო გვიტაცებს მისი სილამაზე და უცნაურობები.
მათემატიკური აღმოჩენა
ნეპტუნი პირველი პლანეტაა, რომელიც მათემატიკური პროგნოზირებით აღმოაჩინეს და არა თვალით — ურანის მოძრაობაში უცნაურობამ მეცნიერები უცნობი პლანეტის არსებობაზე დააფიქრა. ფრანგმა მათემატიკოსმა ურბენ ლე ვერიემ გამოითვალა ამ საიდუმლო პლანეტის მდებარეობა. ხოლო იოჰან გოტფრიდ გალემ ის 1846 წელს მოლოდინის პირველივე ღამეს დაინახა. 17 დღეში აღმოაჩინეს მისი მთვარე ტრიტონიც.
200-ზე მეტი წლით ადრე, 1612 და 1613 წლებში ნეპტუნი გალილეო გალილეომ როგორც ფიქსირებული ვარსკვლავი, თავისი პატარა ტელესკოპით დაკვირვების დროს დააფიქსირა.
ყველაზე შორეული პლანეტა
ნეპტუნი მზისგან 30-ჯერ უფრო შორსაა (30 ა.ე.; ≈45 მილიარდი კმ), ვიდრე დედამიწა — იმხელა მანძილზე, რომ მზის სინათლეს ოთხი საათი სჭირდება მის ზედაპირამდე მისასვლელად. ნეპტუნზე მზის სინათლე ჩვენს მზეზე 900-ჯერ უფრო მკრთალია. თავად პლანეტა ოთხჯერ უფრო დიდია, ვიდრე დედამიწა, მისი ეკვატორული დიამეტრი დაახლოებით 49 528 კმ-ია.
დღეები, სეზონები და ორბიტა
ნეპტუნზე დღე 16 საათია. მისი წელიწადი – მზის გარშემო ერთი შემოვლა –165 დედამიწის წელს გრძელდება. ნეპტუნის ღერძი, დედამიწის და მარსის მსგავსად, 28 გრადუსით არის დახრილი, რაც სეზონებს ქმნის. თუმცა აქ თითო სეზონი 40 წელზე მეტხანს გრძელდება!
ზოგჯერ ნეპტუნი მზისგან ჯუჯა პლანეტა პლუტონზე უფრო შორსაა. პლუტონის ექსცენტრიული, ოვალური ორბიტის გამო ის ზოგჯერ ნეპტუნზე უფრო ახლოს აღმოჩნდება მზესთან. ასეთი “როლების გაცვლა” ყოველი 248 წელიწადში ხდება დაახლოებით 20 წლის განმავლობაში. ბოლოს ეს განლაგება 1979 წლიდან 1999 წლამდე მოხდა, ამ პერიოდში ჯუჯა პლანეტა პლუტონი მზესთან უფრო ახლოს იმყოფებოდა ვიდრე ნეპტუნი.

მთვარეები: ყინულოვანი და „ცოცხალი“ ტრიტონი
ნეპტუნს 16 თანამგზავრი ჰყავს. მათ შორის ყველაზე დიდი — ტრიტონი — უკიდურესად ცივია, თუმცა მაინც აქტიური. NASA-ს Voyager 2-მა იქ გეიზერები აღმოაჩინა, რომლებიც ყინულოვან მასალას რამდენიმე კილომეტრ სიმაღლეზე ისვრიან. ტრიტონი შესაძლოა ოდესღაც დამოუკიდებელი კოსმოსური სხეული იყო, რომელიც ნეპტუნმა ჩაიჭირა.

ნეპტუნის რგოლები: იდუმალი სტრუქტურა და უცნაური რკალები
ნეპტუნს გააჩნია მინიმუმ ხუთი ძირითადი რგოლი და ოთხი თვალსაჩინო რკალი, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავებული სტრუქტურით და მდებარეობით გამოირჩევა. მათ შორის ძირითადი რგლებია: გალი, ლევერიე, ლასელი, არაგო, ადამსი.
ეს რგოლები შედარებით ახალგაზრდა წარმონაქმნია და, სავარაუდოდ, ხანმოკლე სიცოცხლის მქონეა.
ყველაზე გარე რგოლი – ადამსი, რომელიც ნეპტუნიდან დაახლოებით 63,000 კმ-ის დაშორებით მდებარეობს, განსაკუთრებით საინტერესოა. მის ფარგლებში მატერია იდუმალად იკუმშება ოთხ დამოუკიდებელ, მკვეთრად გამოყოფილ რკალში. რკალების სახელები — Liberté (თავისუფლება), Égalité (თანასწორობა), Fraternité (ძმობა), Courage (სიმამაცე) — ფრანგული რევოლუციის სლოგანს უკავშირდება.

ნეპტუნის სტრუქტურა: ყინულის გიგანტის მშვენიერება შიგნიდან
ნეპტუნი ყინულის გიგანტია. პლანეტის მასის უდიდესი ნაწილი, დაახლოებით 80% ან მეტი, შედგება ცხელი, მკვრივი სითხისგან – წყლისგან, მეთანისგან და ამიაკისგან. ეს “ყინულოვანი” მასალები პლანეტის პატარა, კლდოვან ბირთვს ფარავს, რომელიც ზომით დედამიწის ბირთვს ემსგავსება.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ნეპტუნის ღრუბლების ქვემოთ შესაძლოა არსებობდეს ძალიან ცხელი წყლის ოკეანე — ისეთი მაღალი წნევის გამო წყალი დუღილამდე ვერც კი მიდის. ეს ოკეანე, თუ არსებობს, სრულიად განსხვავდება დედამიწის ოკენეებისგან.
ნეპტუნს მყარი ზედაპირი არ გააჩნია. მისი გარე ფენები წყალბადის, ჰელიუმის და მცირე რაოდენობით მეთანისგან შედგება. ეს ფენები თანდათანობით ერწყმის სითხის უფრო მძიმე ფენებს, რაც საბოლოოდ კლდოვან ბირთვამდე მიდის.
ატმოსფერო: ლურჯი ფერი და ქარიშხლიანი ბუნება
ნეპტუნის ატმოსფერო შედგება წყალბადის, ჰელიუმისა და მეთანისგან. სწორედ მეთანი აძლევს პლანეტას ლურჯ ფერს. თუმცა, ეს ლურჯი რეალურ ფოტოებზე უფრო ღრმად და დრამატულად ჩანს, რადგან NASA-მ 1989 წელს Voyager 2–ის გადაღებული გამოსახულებები ხელოვნურად გაამუქა, ღრუბლებისა და ატმოსფერული სტრუქტურების უკეთ გამოსაკვეთად.
2024 წელს ახალმა დამუშავებამ აჩვენა, რომ ნეპტუნი და ურანი ერთმანეთს მეტად ჰგვანან, ვიდრე ადრე გვეგონა.

ყველაზე ქარიანი პლანეტა: ნეპტუნი მზის სისტემის ყველაზე ქარიან პლანეტად ითვლება. მისი ქარიშხლები წარმოუდგენელი სიჩქარით მოძრაობს — საათში 2000 კილომეტრამდე. შედარებისთვის, დედამიწის ყველაზე ძლიერი ქარიშხლების სიჩქარე 400 კმ/სთ–ს იშვიათად აღემატება.
მაგნეტოსფერო: ცვალებადი და ძლიერი ველი
ნეპტუნის მაგნიტური ველი 27-ჯერ ძლიერია, ვიდრე დედამიწის. მაგნიტური ველი გამორჩეულად არასიმეტრიულია – მისი ღერძი 47 გრადუსით არის გადახრილი პლანეტის ბრუნვის ღერძთან შედარებით. შედეგად, ნეპტუნის მაგნეტოსფერო არა მარტო ძლიერი, არამედ ყოველ ბრუნვაზე განსხვავებული ფორმისაა
ნეპტუნი მზის სისტემის ერთ–ერთი ყველაზე იდუმალი და დინამიკური პლანეტაა. მისი უცნაური რგოლები, ქარიშხლიანი ატმოსფერო და ძლიერი მაგნეტოსფერო მრავალი სამეცნიერო გამოცანის წინაშე გვაყენებს. ნეპტუნის კვლევა მნიშვნელოვანია პლანეტარული პროცესების უკეთ გასაგებად.
წყარო: NASA