1958 წელს, NASA-ს შექმნიდან ზუსტად 6 დღეში, დაიბადა ამერიკის პირველი კოსმოსური პროგრამა – პროექტი “მერკური”. ეს იყო მომავლისკენ გადადგმული პირველი დიდი ნაბიჯი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ადამიანის კოსმოსურ ფრენებს. პროექტი ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და უდიდესი ისტორია შექმნა. მასში მონაწილეობდა შვიდი გამორჩეული ასტრონავტი.

ამერიკის პირველი კოსმოსური ხომალდი პატარა, ერთკაციანი კაფსულა იყო, რომელსაც კონუსის ფორმა ჰქონდა და ატმოსფეროში შემოსვლისას წარმოქმნილი უზარმაზარი სიცხისგან დასაცავად სპეციალური თერმული ფარი ჰქონდა. მისი დაშვება პარაშუტების მეშვეობით ხდებოდა, სანამ წყნარ ოკეანეში რბილად არ ჩაეშვებოდა.
ტრადიციის მიხედვით, ასტრონავტები თავად არქმევდნენ კაფსულებს სახელებს და მათში აუცილებლად ამატებდნენ ციფრს „7“, რათა პროგრამის შვიდი პიონერი ასტრონავტი გაეთვალისწინებინათ.
პროგრამის ფარგლებში ორი ტიპის რაკეტა გამოიყენეს: თავდაპირველად Redstone სუბორბიტული ფრენებისთვის, ხოლო მოგვიანებით, უფრო მძლავრი Atlas, რომელმაც ხომალდებს ორბიტაზე გასვლის შესაძლებლობა მისცა.
პირველი ამერიკელი ასტრონავტი, რომელიც კოსმოსში გაემგზავრა, ალან შეპარდი იყო. 1961 წლის 5 მაისს, ის Freedom 7 კაფსულით გაფრინდა, რომელმაც 187 კილომეტრის სიმაღლეს მიაღწია და უსაფრთხოდ დაბრუნდა დედამიწაზე. მთელი ფრენა სულ რაღაც 15 წუთს გაგრძელდა, მაგრამ ეს იყო ისტორიული მომენტი, რომელმაც აშშ-ს გზა გაუხსნა სამომავლო კოსმოსური მისიებისკენ.
იმავე წლის 21 ივლისს, მერკურის პროგრამის ფარგლებში, მეორე და ბოლო სუბორბიტული ფრენა განხორციელდა. ამჯერად, ასტრონავტი ვირჯილ “გუს” გრისომი გაემგზავრა კოსმოსში. მოგვიანებით, ის Gemini-ის პროგრამის პირველი პილოტი გახდა, სადაც ორბიტული მანევრების შესწავლა დაიწყო. სამწუხაროდ, ორი წლის შემდეგ, ის აპოლო 1-ის კატასტროფას შეეწირა, როდესაც ხომალდში ხანძარი გაჩნდა.
NASA-ს პროგრესი ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა წინ, და უკვე 1962 წელს, ჯონ გლენის მისია განხორციელდა. გლენი პირველი ამერიკელი გახდა, რომელმაც დედამიწას სრულად შემოუფრინა. მისი კაფსულა, Friendship 7, Atlas რაკეტით გაუშვეს. ხუთსაათიანი მისიის განმავლობაში, გლენმა პლანეტას სამჯერ შემოუფრინა, შემდეგ კი წარმატებით დაეშვა ოკეანეში, რითაც აშშ-ის კოსმოსური პროგრამა კიდევ უფრო წინ წაიწია.
1962 წლის 24 მაისს ასტრონავტმა სკოტ კარპენტერმა Aurora 7 კაფსულით მერკურის პროგრამის მეოთხე მისია შეასრულა. მან დედამიწას სამჯერ შემოუფრინა და ორბიტაზე სხვადასხვა მეცნიერული ექსპერიმენტი ჩაატარა, რაც აშშ-ის კოსმოსური კვლევებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.
მომდევნო მისია 1962 წლის 3 ოქტომბერს შედგა, როდესაც უოლტერ შირა Sigma 7-ით გაემგზავრა კოსმოსში Atlas რაკეტის დახმარებით. მისი ფრენა უფრო მასშტაბური და ტექნიკურად დატვირთული იყო. ასტრონავტს რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი დავალება ჰქონდა: უნდა შეემოწმებინა, როგორ რეაგირებდნენ ადამიანი და კოსმოსური ხომალდის სისტემები სანამ დედამიწას 6 ჯერ შემოუვლიდა, უნდა შეეფასებინა ხანგრძლივი კოსმოსური ფრენის გავლენა ასტრონავტზე, და გაეტარებინა ტესტირება იმ გაუმჯობესებული სისტემებისთვის, რომლებიც წინა მისიების შემდეგ NASA-მ განაახლა. მისია 9 საათსა და 13 წუთს გაგრძელდა.

1963 წლის 16 მაისს მერკურის პროგრამის ფინალური მისია განხორციელდა, რომელსაც Faith 7კაფსულა ასრულებდა. მის მეთაურად გორდონ კუპერი დაინიშნა. მისი ამოცანა იყო, შემოეფრინა დედამიწისთვის 22-ჯერ და შემდეგ წყნარ ოკეანეში უსაფრთხოდ დაშვებულიყო. ეს ყველაზე ხანგრძლივი ფრენა იყო მერკურის პროგრამაში – მან 1 დღე, 10 საათი და 19 წუთი გასტანა. გორდონ კუპერმა თავისი კოსმოსური კარიერა ჯემინაის პროგრამაში გააგრძელა. ის ჯემინაი 5-ის პილოტი იყო და მოგვიანებით ჯემინაი 12-ის მისიაშიც მიიღო მონაწილეობა. მის სახელს უკავშირდება აპოლო 10-ის მისიის გარკვეული ეტაპებიც, რაც მას ხდის NASA-ს კოსმოსური კვლევების ისტორიის მნიშვნელოვან ფიგურად.

მერკურის შვიდ ასტრონავტს შორის, მხოლოდ ერთმა – დეკე სლეიტონმა – ვერ შეძლო მერკურის კაფსულით გაფრენა. სამაგიეროდ, მისი კოსმოსური მისია მოგვიანებით, აპოლო-სოიუზის პროექტში შედგა, რაც აშშ-სა და საბჭოთა კავშირის თანამშრომლობის პირველი ნაბიჯი იყო კოსმოსურ პროგრამებში.
მერკურის პროგრამის სამი წევრი Gemini-ის მისიებში მონაწილეობდა, ხოლო სამმა მათგანმა შემდეგ აპოლოს პროგრამაშიც განაგრძო კარიერა. მათ შორის იყო ალან შეპარდი, რომელიც ერთ-ერთი პირველი ამერიკელი გახდა, ვინც მთვარის ზედაპირზე ფეხი დადგა.
რაც შეეხება ჯონ გლენს, მან ისტორია კიდევ ერთხელ დაწერა. 36 წლის შემდეგ, 1998 წელს, მან კოსმოსში დაბრუნება შეძლო და Discovery კოსმოსური შატლით გაფრინდა. ამ დროს ის უკვე 77 წლის იყო, რაც მას ყველაზე ხანდაზმულ ასტრონავტად აქცევს, რომელმაც ოდესმე კოსმოსში იმოგზაურა.
მერკურის პროგრამამ არა მხოლოდ აშშ-ის კოსმოსური კვლევების საძირკველი ჩაუყარა, არამედ იმ ასტრონავტებსაც მისცა პლატფორმა, რომლებმაც მოგვიანებით მთვარეზე დადგეს ფეხი, ორბიტაზე ხანგრძლივი მისიები შეასრულეს და კოსმოსის კვლევის ახალი საზღვრები გადალახეს. ეს იყო ეპოქა, რომელმაც გზა გაუხსნა კაცობრიობის კოსმოსურ მომავალს.