მერკური Gemini

პროექტი Gemini

პროგრამა Gemini უმნიშვნელოვანესი ეტაპი იყო კოსმოსური კვლევების ისტორიაში, რომელიც მერკურისა და აპოლოს მისიებს შორის დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენდა. მისი მთავარი მიზანი იყო ორბიტაზე სხვადასხვა მისიის პროცედურებისა და ხელსაწყოების გამოცდა, ასევე ასტრონავტებისა და მისიის მართვის ჯგუფის მომზადება აპოლოს მომავალი მისიებისთვის. მთლიანობაში, ჯემინაის ფარგლებში ხუთი წლის განმავლობაში 12 წარმატებული მისია განხორციელდა.

 

Gemini I

Gemini I იყო უპილოტო ორბიტული ტესტური მისია, რომელიც 1964 წლის 8 აპრილს განხორციელდა და თითქმის ხუთი საათი გაგრძელდა. მისი მთავარი მიზანი იყო Titan 2 გამშვები რაკეტის შესაძლებლობების შეფასება, Gemini კოსმოსური ხომალდის სტრუქტურული გამძლეობის გამოცდა და მათი თავსებადობის დადასტურება. ტესტმა მოიცვა ყველა ეტაპი, რომლებიც აუცილებელი იყო ორბიტაზე გასვლამდე. დამატებით, მისია მიზნად ისახავდა რაკეტა-ხომალდის გაშვებისას წარმოქმნილი მაღალი ტემპერატურის გავლენის შესწავლას, გამშვები რაკეტის მუშაობის ანალიზს, ფრენის საკონტროლო სისტემის გადართვის მექანიზმების ტესტირებას, ორბიტაზე შესვლის სიზუსტის განსაზღვრას და გაუმართაობის აღმომჩენი სისტემის შემოწმებას. Gemini 1 პირველი სრულყოფილი Gemini ხომალდი იყო, რომელიც სპეციალურად მის გამშვებ რაკეტასთან მუშაობისთვის შეიქმნა.

 

Gemini II

Gemini II მეორე უპილოტო ტესტური მისია გახლდათ, რომელიც 1965 წლის 19 იანვარს შედგა და სულ რაღაც 18 წუთს გაგრძელდა. მისი მთავარი ამოცანა იყო ხომალდის დაბრუნების მოდულის თერმული დაცვის ეფექტურობის შემოწმება ექსტრემალური სიცხის პირობებში, სტრუქტურული გამძლეობის ტესტირება და სისტემების მუშაობის ანალიზი. დამატებითი კვლევები მოიცავდა საკომუნიკაციო და კრიოგენული სისტემების, საწვავის უჯრედებისა და რეაქტანტების მიწოდების მექანიზმების შემოწმებას, ასევე გამშვები რაკეტის შემდგომ სერტიფიცირებას.

 

Gemini III

Gemini III იყო პირველი ორბიტული მისია Gemini პროგრამაში, რომელშიც ადამიანები მონაწილეობდნენ. მისი პილოტირება ასტრონავტებმა ვირჯილ “გუს” გრისომმა და ჯონ იანგმა განახორციელეს. მისიის მთავარი ამოცანა Gemini კოსმოსური ხომალდის, როგორც ორკაციანი კოსმოსური აპარატის, შესაძლებლობების გამოცდა იყო.

ტესტირება შეეხებოდა ხომალდის დიზაინს, გლობალურ საკომუნიკაციო ქსელს, ორბიტულ მანევრირებასა და პოზიციონირების სისტემას, დაბრუნების ტრაექტორიისა და დაშვების წერტილის კონტროლს, ასევე ხომალდის სხვადასხვა სისტემის გამართულ მუშაობას და მისი აღდგენის პროცესს. დამატებით, ეკიპაჟმა შეაფასა სპეციალური აღჭურვილობა, გამოიკვლია გამშვები რაკეტის მცირე ვიბრაციების გავლენა ასტრონავტებზე, განახორციელა სამი სამეცნიერო ექსპერიმენტი და ორბიტიდან ფოტოგრაფიული მასალა მოიპოვა. მისია 1965 წლის 23 მარტს განხორციელდა და თითქმის ხუთი საათი გაგრძელდა.

 

Gemini IV

Gemini IV, რომელიც 1965 წლის 7 ივნისს განხორციელდა, იყო Gemini პროგრამის მეორე კოსმოსური მისია და მნიშვნელოვანი ეტაპი ამერიკის კოსმოსური კვლევების ისტორიაში. მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა გახდა პირველი ამერიკელი ასტრონავტის, ედუარდ უაითის, მიერ შესრულებული ექსტრავეჰიკულარული აქტივობა (EVA) – ე.წ. კოსმოსური გასეირნება. მისიას ასტრონავტები ჯეიმს მაკდივიტი და ედ უაითი ხელმძღვანელობდნენ, რომლებმაც ოთხდღიანი ფრენა წარმატებით დაასრულეს, დედამიწას 62-ჯერ შემოუარეს და კოსმოსში 4 დღე და 2 საათი დაყვეს.

ამ პერიოდში კოსმოსური შეჯიბრი აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის განსაკუთრებით დაიძაბა. Sputnik 1-ის გაშვების შემდეგ ამერიკა აქტიურად ცდილობდა კონკურენციის გაწევას. 1965 წლის 18 მარტს საბჭოთა კავშირმა კიდევ ერთი უპირატესობა მოიპოვა, როდესაც კოსმონავტმა ალექსეი ლეონოვმა Voskhod 2-ის ერთდღიანი მისიის ფარგლებში პირველი კოსმოსური გასეირნება შეასრულა. თუმცა, NASA-მ Gemini IV-ის მისიის საშუალებით სწრაფად დაიწყო ამ სხვაობის შემცირება.

მეოთხე Gemini მისია არამარტო საბჭოთა რეკორდს მიუახლოვდა, არამედ თითქმის ორმაგად გაზარდა იმ დროისთვის ამერიკელი ასტრონავტების კოსმოსში გატარებული საერთო დრო, რაც აშშ-ის კოსმოსური პროგრამისთვის გადამწყვეტი ნაბიჯი იყო.

 

Gemini V

Gemini V, რომელიც 1965 წლის 29 აგვისტოს განხორციელდა, იყო Gemini სერიის მესამე ადამიანური მისია, რომელმაც იმ დროისთვის კოსმოსში გატარებული ხანგრძლივობის ახალი რეკორდი – რვადღიანი ფრენა – დაამყარა. ხომალდს გორდონ კუპერი და ჩარლზ “პიტ” კონრადი მართავდნენ, რომელთა მთავარი მიზანი იყო გრძელი მისიის პირობებში ასტრონავტების გამძლეობისა და ორბიტული მანევრების ტექნოლოგიის ტესტირება. მისიის ფარგლებში ტესტირება ჩაუტარდა რანდევუს პოდს, საწვავის უჯრედების ენერგეტიკულ სისტემას და რადარს. ასევე, ასტრონავტებმა განახორციელეს 17 სამეცნიერო ექსპერიმენტი, რაც Gemini V პროგრამის ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ მისიად აქცია.

gemini მერკური
Gemini VI-A და Gemini VII-ის რანდევუ
Gemini VI-A

Gemini VI-A იყო Gemini პროგრამის მეხუთე ადამიანური მისია. მისი მთავარი მიზანი Gemini VII-თან შეპირაპირება იყო დედამიწის ორბიტაზე. 26-საათიან ფრენაში მონაწილეობდნენ ასტრონავტები უოლტერ შირა და თომას სთეფორდი. მისიის ძირითადი ამოცანები მოიცავდა გაშვების დროული დაწყების, ორბიტული შეპირაპირების შესაძლებლობების და ატმოსფეროში შემოსვლის გზამკვლევი სისტემის ტესტირებას.

მერკური Gemini
Gemini VII © NASA
Gemini VII

Gemini VII, რომელიც 1965 წლის 18 დეკემბერს განხორციელდა, იყო Gemini პროგრამის მეოთხე ადამიანური მისია. ასტრონავტებმა ფრენკ ბორმანმა და ჯიმ ლოველმა 14 დღე გაატარეს კოსმოსში, რაც იმ დროისთვის სარეკორდო ხანგრძლივობა იყო.

მისიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი პირველი ორბიტული რანდევუ იყო – ისტორიაში პირველად, ორი ადამიანით დაკომპლექტებული კოსმოსური ხომალდი ერთ ორბიტაზე მანევრირებდა. ეკიპაჟმა ასევე შეაფასა მსუბუქი წნევის სკაფანდრი სამომავლო მისიებისთვის და დატესტა ხომალდის კონტროლირებადი დაშვების სისტემა.

გარდა ამისა, ასტრონავტებმა 19 სამეცნიერო, ტექნოლოგიური და სამედიცინო ექსპერიმენტი ჩაატარეს, რაც ამ მისიას ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპად აქცევს. Gemini VII-მა დაამტკიცა, რომ ხანგრძლივი კოსმოსური ფრენები, შეპირაპირება და მართვადი დაშვება სრულად შესაძლებელი იყო.

ასტრონავტი ედვარდ უაითი spacewalk-ის დროს, Gemini IV
ასტრონავტი ედვარდ უაითი spacewalk-ის დროს, Gemini IV
Gemini VIII

Gemini VIII, რომელიც 1966 წლის 16 მარტს განხორციელდა, ასტრონავტებმა ნილ არმსტრონგმა და დავიდ სკოტმა შეასრულეს. 11-საათიანი მისიის მთავარი მიზანი უპილოტო ხომალდთან რანდევუ და დოკინგის ოთხი ტესტის ჩატარება იყო. ასევე, იგეგმებოდა EVA ექსპერიმენტი და დედამიწაზე კონტროლირებადი დაბრუნება. მისიის ფარგლებში განხორციელდა 10 ტექნოლოგიური, სამედიცინო და სამეცნიერო ექსპერიმენტი, რაც მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენდა კოსმოსური კვლევების განვითარებაში.

 

Gemini IX

Gemini IX-ის მისია 1966 წლის 6 ივნისს განხორციელდა. სამდღიანი ექსპედიციის ფარგლებში, ასტრონავტებმა – ტომ სტეფორდმა და ჯენე ქერნანმა – შეასრულეს რიგი ტექნიკური ამოცანები, რომლებიც მომავალში “აპოლოს” პროგრამისთვის მნიშვნელოვანი გახდებოდა. მისიას უმთავრესად რანდევუსა და დოკინგის მანევრების ტესტირება ევალებოდა. ასტრონავტებმა ასევე შეაფასეს კოსმოსში გასვლის (EVA) პროცედურები და შეამოწმეს დაშვების სიზუსტე. გარდა ამისა, ხომალდზე ჩატარდა ორი მიკრომეტეორიტული კვლევა, ერთი სამედიცინო და ორი ტექნოლოგიური ექსპერიმენტი.

 

Gemini X

Gemini X-ის მისია 1966 წლის 21 ივლისს დაიწყო და ასევე სამი დღე გაგრძელდა. მისიას მაიკლ კოლინზი და ჯონ იანგი ხელმძღვანელობდნენ. ამ მისიას მნიშვნელოვანი გამოწვევები ჰქონდა – უპილოტო ხომალდთან რანდევუსა და დოკინგის მცდელობა, ორი EVA (გარე აქტივობა) და 15 სხვადასხვა სამეცნიერო, ტექნოლოგიური და სამედიცინო ექსპერიმენტის განხორციელება.

 

Gemini XI

Gemini XI-ის მისია 1966 წლის 15 სექტემბერს დაიწყო და მასში მონაწილეობდნენ ჩარლზ კონრადი და რიჩარდ გორდონი. მისი მთავარი ამოცანები იყო ორბიტული რანდევუსა და დოკინგის დახვეწა, ასევე დოკინგის კონფიგურაციის მანევრირება. ეკიპაჟმა განახორციელა ორი EVA და შეასრულა ატმოსფეროში ავტომატური შემოსვლის ტესტი. ჯამში, მისიის ფარგლებში ჩატარდა რვა სამეცნიერო და ოთხი ტექნოლოგიური ექსპერიმენტი.

Gemini XI- ის ეკიპაჟი © NASA
Gemini XI- ის ეკიპაჟი © NASA
Gemini XII

Gemini XII იყო ჯემინაი პროგრამის მეათე და საბოლოო მისია – პროექტი, რომელიც მერკურისა და აპოლოს პროგრამებს შორის მნიშვნელოვანი ხიდის ფუნქციას ასრულებდა. 1966 წლის 15 ნოემბერს, ოთხდღიანი მისიით, ასტრონავტები ჯიმ ლოველი და ბაზ ალდრინი გაემართნენ კოსმოსში, რათა შეესრულებინათ რიგი კრიტიკული ამოცანები.

მისიის ფარგლებში, ეკიპაჟმა წარმატებით განახორციელა უპილოტო ხომალდთან რანდევუ და დოკინგი, თოკით უზრუნველყოფილი ექსტრავეჰიკულარული აქტივობა (EVA), ასევე შეამოწმეს შეპირაპირებული ხომალდების პროპულსიის სისტემის მეშვეობით ორბიტის შეცვლის შესაძლებლობა. საბოლოოდ, მისია ავტომატური დაბრუნებით დედამიწაზე დასრულდა. ექსპედიციის ფარგლებში სულ 14 სამეცნიერო, სამედიცინო და ტექნოლოგიური ექსპერიმენტიგანხორციელდა.

Gemini XII-ის წარმატება არა მხოლოდ მისიას, არამედ მთელ ჯემინაი პროგრამას ღირსეულად ასრულებდა. ამ პროგრამამ შექმნა ტექნიკური და ოპერატიული საფუძვლები, რომელთა გარეშე “აპოლოს” მისიები – მათ შორის ადამიანის პირველი ნაბიჯი მთვარეზე – უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა.

Gemini-ს პროგრამამ მნიშვნელოვანი გარდამტეხი როლი ითამაშა კოსმოსური კვლევების ისტორიაში – ის იყო აუცილებელი საცდელი ეტაპი, რომელმაც NASA-ს ასტრონავტებს და ინჟინრებს საშუალება მისცა, დაეხვეწათ რანდევუსა და დოკინგის ტექნოლოგიები, ექსტრავეჰიკულარული აქტივობების (EVA) მეთოდები და გრძელი კოსმოსური ფრენებისთვის საჭირო ოპერაციები. ამ პროგრამის მიღწევებმა საფუძველი ჩაუყარა „აპოლოს“ მისიებს, რაც საბოლოოდ კაცობრიობას მთვარეზე პირველ ნაბიჯამდე მიიყვანდა.

 

მომზადებულია NASA-ს მიხედვით

წარმოუდგენელია, თუმცა ლიტერატურაში აღწერილი უცნაური, არასტანდარტული პლანეტები დღეს უკვე რეალობაა.
მზის სისტემის ფარგლებს მიღმა არსებულ პლანეტებზე მონადირე კოსმოსური ტელესკოპის განხილვა.
ვარსკვლავებით გადაჭედილ სამყაროში, ნუთუ მხოლოდ ჩვენ ვართ ცოცხალი არსებები?
უნიკალური მოდელი, რომელიც აფასებს ცივილიზაციის ტექნოლოგიურ განვითარებას გამოყენებული ენერგიის მიხედვით.

Discover more from spaceYhub

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading