NASA-ს ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა პირველად შეძლო ისეთი ქიმიური და ფიზიკური თვისებების პირდაპირი გაზომვა, რომლებიც შესაძლოა უკავშირდებოდეს ეგზომთვარეების წარმოქმნას იმ დისკოში, რომელიც გარს აკრავს ერთ დიდ ეგზოპლანეტას.
ეს ნახშირბადით მდიდარი დისკო ეკუთვნის პლანეტას სახელად CT Cha b, რომელიც დედამიწიდან დაახლოებით 625 სინათლის წლით არის დაშორებული. ასტრონომები ვარაუდობენ, რომ დისკო შეიძლება წარმოადგენს მთვარეების წარმოქმნის პლატფორმას, თუმცა ჯერჯერობით თვითონ მთვარეები პირდაპირ არ ჩანს. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა The Astrophysical Journal Letters-ში.
CT Cha b ბრუნავს ძალიან ახალგაზრდა ვარსკვლავის გარშემო, რომელიც მხოლოდ 2 მილიონი წლისაა და ჯერ კიდევ იკრებს მატერიას საკუთარი ვარსკვლავური დისკოდან. თუმცა, პლანეტასთან არსებული დისკო დამოუკიდებელია, ის არ ეკუთვნის იმ მასიურ გარსს, რომელიც ვარსკვლავს აკრავს. ორ ობიექტს შორის დაშორება დაახლოებით 74 მილიარდი კილომეტრია.
მეცნიერებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მთვარეებისა და პლანეტების ფორმირების უშუალო დაკვირვება, რადგან ეს გვეხმარება უკეთ გავიგოთ, როგორ ყალიბდება პლანეტური სისტემები გალაქტიკაში. სავარაუდოდ, მთვარეები რაოდენობრივად ბევრად აღემატებიან პლანეტებს და, რაც ყველაზე საინტერესოა, ზოგიერთ მათგანზე შეიძლება სიცოცხლეც კი იყოს შესაძლებელი. თუმცა, ამ პროცესების პირდაპირ დაკვირვებას მხოლოდ ახლა ვიწყებთ.

დაკვირვებისთვის გამოყენებული იყო ვების ინფრაწითელი კამერა MIRI, რომელიც აღჭურვილია საშუალო გარჩევადობის სპექტროგრაფით. უკვე არსებული მონაცემების ანალიზმა მიანიშნა დისკოში მოლეკულების არსებობაზე, რაც გახდა კვლევის სიღრმისეულად გაგრძელების მოტივატორი.
CT Cha b-ის სუსტი ნათება ძლიერად იფარებოდა მშობელი ვარსკვლავის ნათებით, რის გამოც მეცნიერებმა გამოიყენეს მაღალი კონტრასტის ტექნიკა, რათა ერთმანეთისგან გაერჩიათ პლანეტისა და ვარსკვლავის სინათლე.
საბოლოოდ, დისკოში აღმოჩენილ იქნა შვიდი ნახშირბადოვანი მოლეკულა, მათ შორის აცეტილენი (C₂H₂) და ბენზოლი (C₆H₆). საინტერესოა, რომ ეს ნახშირბადით მდიდარი ქიმიური შემადგენლობა მკვეთრად განსხვავდება ვარსკვლავის გარშემო არსებული დისკოსგან, სადაც მეცნიერებმა წყალი აღმოაჩინეს, მაგრამ ნახშირბადი არა. ეს განსხვავება მიანიშნებს, რომ ამ ორ დისკოს ქიმია შეიძლება საგრძნობლად იცვლებოდეს სულ რაღაც რამდენიმე მილიონი წლის განმავლობაშიც კი.
ასტრონომები დიდი ხანია ვარაუდობენ, რომ იუპიტერის ოთხი მთავარი თანამგზავრი, ე.წ. გალილეოს მთვარეები, წარმოშობილნი არიან თავად იუპიტერის გარშემო არსებული დისკოსგან. ამ თეორიას ამყარებს მათი მოძრაობა ერთ სიბრტყეში და ისეთი მახასიათებლები, როგორებიცაა განიმედესა და კალისტოს ზედაპირებზე გავრცელებული წყლის ყინული, რომელიცშესაძლოა ფარავდეს ნახშირბადით ან სილიციუმით მდიდარ ბირთვს.
ასტრონომების თქმით, თუ გვინდა გავიგოთ, როგორ შეიქმნა ჩვენი მზის სისტემის თანამგზავრები, საჭიროა დავაკვირდეთ იმ სისტემებს, რომლებიც ჯერ კიდევ ფორმირების ეტაპზე არიან. საჭიროა ვუპასუხოთ კითხვებს, თუ როგორ ჩნდებიან მთვარეები, რა მასალებია საჭირო მათ შესაქმნელად, რა ფიზიკური პროცესები მონაწილეობს ამაში და რამდენი დრო სჭირდება. ახლა კი, ჯეიმს ვების წყალობით, პირველად გვაქვს შანსი, ამ კითხვებზე პასუხები პირდაპირი დაკვირვებით ვეძებოთ იქ, სადაც მთვარეები იბადებიან.
Credit: NASA