ფერმის პარადოქსი

Where is Everybody: სხვა ცივილიზაციების ძიება

როცა ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ვუყურებთ, ხშირად ერთდროულად ორი ურთიერთსაწინააღმდეგო განცდა გვეუფლება. ერთი მხრივ, თითოეული შეხედვა აღფრთოვანებას იწვევს, გვაფიქრებს სამყაროს სიდიადეზე და მის საოცარ სიმეტრიაზე. მეორე მხრივ კი უმნიშვნელობის განცდა არ გვტოვებს: ამ უკიდეგანო სივრცეში ჩვენ თითქოს პატარა, თითქმის შეუმჩნეველი ნაწილაკები ვართ.

კაცობრიობა მუდმივად იკარგება ამ უსაზღვრო სამყაროში, რომლის გაგებასაც დღესაც ვცდილობთ. როდესაც ვარსკვლავებიან ცას ვხედავთ, უამრავი კითხვა მოგვდის თავში, ვარსკვლავებით გადაჭედილ სამყაროში, ამდენ გალაქტიკაში, ამდენ პლანეტაზე, მილიარდობით სინათლის წლის მანძილზე, ნუთუ მხოლოდ ჩვენ ვართ ცოცხალი არსებები? თუ მართლა ასეა, როგორი სევდიანია ეს წარმოდგენა.

მეცნიერები ამ კითხვაზე უკვე ათწლეულებია თავს იმტვრევენ. ბევრი მეცნიერი დაუსაბუთებლად თვლიდა, რომ ინტელექტუალური ცივილიზაციები აუცილებლად უნდა არსებობდნენ. თუმცა 1950 წელს ფიზიკოსებისა და ასტროფიზიკოსების ლანჩზე, როდესაც ყველა საუბრობდა ამ თემაზე, ფიზიკოს ენრიკო ფერმის უმარტივესი შეკითხვა წამოსცდა: “Where is everybody? – სად არიან ისინი?“

 

ლანჩზე სიჩუმე ჩამოვარდა, რადგან არცერთ ასტროფიზიკოსს ამაზე პასუხი არ ჰქონდა. პასუხი დღესაც არ გვაქვს, მხოლოდ ვარაუდები და თეორიები გვაქვს. უცნაურია, თუ ამხელა სამყაროში სხვა ცივილიზაციებიც არსებობენ, რატომ ვერ მივიღეთ მათგან თუნდაც ერთი სიგნალი?

1961 წელს ფიზიკოსმა ფრენკ დრეიკმა მათემატიკური განტოლება შეიმუშავა:

N = R* × fp × ne × fl × fi × fc × L

რომლის მიზანი იყო დაედგინა გონიერი ცივილიზაციების რაოდენობა (N) იმ პარამეტრების საფუძველზე, რომლებიც ირმის ნახტომში მოქმედებს: R* აღნიშნავს იმ ვარსკვლავების დაბადების სიხშირეს, რომელთა გარშემოც ინტელექტუალური სიცოცხლე შეიძლება განვითარდეს. Fp არის ამ ვარსკვლავების ნაწილი, რომელთაც რეალურად ყავთ პლანეტები, ne არის პლანეტების რაოდენობა, რომლებზეც სიცოცხლისთვის ხელსაყრელი გარემო შეიძლება არსებობდეს. fl არის ის პლანეტები, რომლებზეც სიცოცხლე რეალურად წარმოიშვა. fi — სიცოცხლით სავსე პლანეტებიდან რამდენზე განვითარდა ინტელექტუალური სიცოცხლე. fc აღნიშნავს რამდენმა გონიერმა ცივილიზაციამ მიაღწია საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს, L კი არის ის დრო, რა დროის განმავლობაშიც ეს ცივილიზაციები სიგნალებს აგზავნიდნენ.

ამ განტოლების გამარტივებული ვერსიაა N = L/10 .

ჩვენ დაახლოებით 1974 წლიდან დავიწყეთ სიგნალების გაგზავნა, ანუ თუ 2074 წლამდე არ გავნადგურდით, ეს ნიშნავს, რომ ირმის ნახტომში შეიძლება 10 გონიერი ცივილიზაცია არსებობდეს.

კარდაშევის სკალის მიხედვით გონიერი ცივილიზაცია სამ კატეგორიად იყოფა:

I ტიპის ცივილიზაციები — მართავენ თავიანთ პლანეტაზე ხელმისაწვდომ მთელ ენერგიას (ჩვენ ამ ეტაპთან ახლოს ვართ; თანამედროვე შეფასებით, კაცობრიობა კარდაშევის შკალით დაახლოებით 0.7-ზეა და I ტიპამდე დაახლოებით 100 წელია დარჩენილი);

II ტიპის ცივილიზაციები — აკონტროლებენ მთელ ენერგიას, რომელსაც მათი ვარსკვლავი აწარმოებს, ითვისებენ სრულად მზის სისტემას;

III ტიპის ცივილიზაციები — იყენებენ მთელი გალაქტიკის ენერგიას.

 

ფიზიკოს ენრიკო ფერმის უბრალო კითხვამ, დრეიკის მათემატიკურმა განტოლებამ და კარდაშევის შკალამ შექმნა პარადოქსი, რომელიც  ფერმის პარადოქსის სახელითაა ცნობილი.

მხოლოდ ჩვენი გალაქტიკა, ირმის ნახტომი, დაახლოებით 400 მილიარდ ვარსკვლავს მოიცავს. თუ ვივარაუდებთ, რომ სადმე, სხვა ვარსკვლავურ სისტემაში, ჩვენზე განვითარებული ცივილიზაცია მართლაც არსებობს და მათ გააჩნიათ ხომალდები, რომლებიც სინათლის სიჩქარის სულ მცირე 1%-ით გადაადგილდებიან, მაშინ ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ: მთლიანი გალაქტიკა უკვე ათასჯერ მაინც უნდა იყოს კოლონიზებული.

რამდენიმე ათეული მილიონი წელი საკმარისია იმისთვის, რომ თითოეული ვარსკვლავური სისტემა ერთი განვითარებული ცივილიზაციის გავლენის ქვეშ მოექცეს. და მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დრო ადამიანისთვის უკიდურესად გრძელვადიანად მიიჩნევა, ის გალაქტიკის ასაკთან შედარებით მხოლოდ მცირე ეპიზოდია კოსმოსური ისტორიის თაიმლაინზე.

მაგრამ აქ დგება ყველაზე უცნაური მომენტი: ისევ დუმილია. 

არც ერთი სიგნალი.
არც ერთი მტკიცებულება.
არც ერთი პასუხი.

ჩვენ ვუსმენთ, ვუყურებთ, ველოდებით — მაგრამ სამყაროსგან პასუხი არ მოდის.

 

ირმის ნახტომი
ჩვენი მშობლიური გალაქტიკა, ირმის ნახტომი

 

ფერმის პარადოქსზე პასუხები დღესაც მხოლოდ თეორიებისა და ვარაუდების სახით არსებობს. დამაჯერებელი პასუხი ჯერ კიდევ არ გვიპოვია.

ერთერთი ყველაზე პოპულარული ვარაუდია დიდი ფილტრის ჰიპოთეზა — ევოლუციური ბარიერი, რომელსაც ცივილიზაციების უმრავლესობა ვერ გადალახავს.

 

ამ თეორიით არსებობს ორი ვარიანტი:

🔹 ფილტრი უკვე გადავლახეთ  — შესაძლოა, გადამწყვეტი ბარიერი მაშინ წარმოიშვა, როცა სიცოცხლე პირველად გაჩნდა, ან მაშინ, როცა პროკარიოტული — მარტივი უჯრედები — ევოლუციამ რთულ ეუკარიოტულ სტრუქტურებად გარდაქმნა. ამ შემთხვევაში, შეიძლება ჩვენ იმ იშვიათ გამონაკლისთა რიგში ვიმყოფებით, რომლებმაც ეს გადაულახავი ბარიერი გადალახეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სიცოცხლე სამყაროში მართლაც უკიდურესად იშვიათია.

🔹 ფილტრი ჯერ კიდევ წინ გვაქვს — და სწორედ ამიტომ ვერ ვიღებთ ვერც ერთ სიგნალს. შესაძლოა, ცივილიზაციები განვითარების გარკვეულ დონეს აღწევენ, მაგრამ შემდეგ უჩინარდებიან — საკუთარი თვითგანადგურების ან სხვა კატასტროფის შედეგად.

(იმედია ჩვენი ცივილიზაციაც ამ ბედს არ გაიზიარებს) ასეთ სცენარში ცივილიზაციები უბრალოდ ვერ ასწრებენ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით სამყაროსთან კონტაქტის დამყარებას — ან ვერ ინარჩუნებენ საკმარისად დიდხანს.

ასევე არსებობს სხვა თეორიები, რომლებიც ცდილობენ ფერმის პარადოქსის გადაწყვეტას.

დიდი სიჩუმის თეორია – ამტკიცებს, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება სხვა უცხოპლანეტური ცივლიზაციების არსებობის შესახებ. ჩვენ ნამდვილად მარტოები ვართ სამყაროში.

ბნელი ტყის თეორია – ვარაუდობს, რომ ინტელექტუალური უცხოპლანეტური ცივილიზაციები შესაძლოა ფარულად და ჩუმად ყოფნას ამჯობინებდნენ. ამ თეორიის თანახმად, ყველა გონიერი სიცოცხლე დუმილს ამჯობინებს, რათა არ მიიქციოს მტრული, მტაცებელი ცივილიზაციების ყურადღება.

არსებობს მრავალი ჰიპოთეზა, რომელიც ცდილობს ფერმის პარადოქსის ახსნას — დაწყებული ოპტიმისტურით და დამთავრებული პესიმისტურით:

1.შესაძლოა ისინი არსებობენ მაგრამ ჯერ არ გვიპოვია

🔹 რადიოსიჩუმე: შეიძლება არასწორ ტალღებზე ვუსმენთ, ან არასწორად ვეძებთ. შესაძლოა სხვა ცივილიზაციები რადიოსიგნალების მაგივრად კომუნიკაციის სხვა ფორმებს იყენებენ.

🔹   კოსმოსური მასშტაბები: ჩვენ დაკვირვება მხოლოდ რამდენიმე ათწლეულის წინ დავიწყეთ, სიგნალების გაგზავნა კი 70იანი წლებიდან. ჩვენთვის შეიძლება ეს დიდი დროა, თუმცა კოსმოსურ მასშტაბებზე ეს თვალის დახამხამებაა. გონიერი ცივილიზაციები შეიძლება იბადებიან და ისე ქრებიან, რომ ერთმანეთს ვერ ხვდებიან

  1. მათ უნდათ რომ არ ვიპოვოთ

🔹  ზოოპარკის ჰიპოთეზა: შეიძლება სხვა ცივილიზაციები გვაკვირდებიან ისე, როგორც ჩვენ ვაკვირდებით დედამიწაზე სხვა ცხოველებს ნაკრძალებში, ზედმეტი ჩარევის გარეშე.

  1. შეიძლება მათ კომუნიკაცია აღარ აინტერესებთ. შეიძლება ისინი ტექნოლოგიურად განვითარდნენ და კოსმოსის ათვისების ინტერესი დაკარგეს. იქნებ III ტიპის ცივილიზაციებს საერთოდ არ აინტერესებთ კომუნიკაცია ჩვენნაირ დაბალი დონის არსებებთან — მათთვის ჩვენ არ ვართ საკმარისად საინტერესო
  2. იქნებ გალაქტიკა უკვე კოლონიზებულია, მაგრამ ჩვენ უბრალოდ ვიმყოფებით კოსმოსის მიყრუებულ უბანში, შორს საკომუნიკაციო ცენტრებისგან.

 

თუმცა, ყველაზე გავრცელებული მოსაზრებაა ის, რომ თუ არსებობს სხვა ცივილიზაციები და ისინი გადასცემენ სიგნალებს, ჩვენ უბრალოდ არასწორად ვუსმენთ — არ გვაქვს საკმარისი ტექნოლოგია ან ცოდნა იმისთვის, რომ ეს სიგნალები სწორად მივიღოთ და გავაანალიზოთ.

და მაინც, მიუხედავად ყველა ვარაუდისა, ჰიპოთეზისა და მეცნიერების მცდელობისა, კვლავ რჩება საშინლად ფაქიზი, მაგრამ რეალური შანსი — რომ შესაძლოა, ამ უსასრულო და უკიდეგანო სამყაროში მართლაც მარტონი ვართ.

დრეიკის განტოლების მიხედვით, თუ გონიერი ცივილიზაცია სიგნალის გადაცემის დაწყებიდან მინიმუმ 100 წლის განმავლობაში აგრძელებს არსებობას, ირმის ნახტომში უნდა არსებობდეს, სულმცირე, 10 ასეთი ცივილიზაცია. თუ პარალელს ჩვენს ცივილიზაციასთან გავავლებთ, აშკარაა: როგორც კი დავიწყეთ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარება, იმავდროულად შევიარაღდით ბირთვული იარაღით, გამოვიწვიეთ შეუქცევადი კლიმატური პროცესები და ჩავებით დაუსრულებელ ომებსა და დაპირისპირებებში.

შეუძლებელია, არ იკითხო: ნუთუ მართლაც იმდენად წარმოუდგენელია, რომ ცივილიზაციამ, ტექნოლოგიური მომწიფების შემდეგ, შეძლოს სულ მცირე ერთი საუკუნის განმავლობაში გადარჩენა?

ჯეიმს ვების მიერ გადაღებული Deep field, უსასრულო რაოდენობის სამყაროები
ჯეიმს ვების მიერ გადაღებული Deep field, უსასრულო რაოდენობის სამყაროები

 

დედამიწა დაახლოებით 4.6 მილიარდი წლის წინ ჩამოყალიბდა პროტოპლანეტური ღრუბლისგან. სიცოცხლის საწყისი ფორმები დაახლოებით 3.5 მილიარდი წლის წინ გაჩნდა — ასე მიგვითითებენ უძველესი ნამარხები. თუმცა მაღალი ალბათობით, უფრო მარტივი უჯრედები სავარაუდოდ მანამდეც არსებობდა. შესაძლებელია, რომ როგორც კი თხევადი წყალი გახდა ხელმისაწვდომი, სიცოცხლეც მაშინვე გაჩნდა.

მრავალუჯრედიანი სიცოცხლე გაცილებით გვიან, მხოლოდ 1 მილიარდი წლის წინ გამოჩნდა, ხოლო ადამიანი, როგორც სახეობა, სულ რაღაც 200 ათასი წლის წინ. ამ დროის განმავლობაში მხოლოდ ადამიანი აღმოჩნდა ის არსება, რომელსაც სამყაროზე აზროვნება და მის შეცნობაზე დაკვირვება შეუძლია. ტელესკოპი ადამიანებმა სულ რაღაც 400 წლის წინ შექმნეს, კოსმოსური ზონდები კი 100 წელზე ნაკლებია რაც გვაქვს.

ამ ფაქტებზე დაკვირვება გვაძლევს ერთ ფრთხილ, მაგრამ მნიშვნელოვანი დასკვნის შესაძლებლობას: სიცოცხლე შესაძლოა ხშირად ჩნდებოდეს, მაგრამ რთული, ინტელექტუალური და მით უმეტეს — კომუნიკაციაზე ორიენტირებული სიცოცხლე, უკიდურესად იშვიათი მოვლენაა.

გალაქტიკაში მანძილები გაოცებას იწვევს. უახლოეს ვარსკვლავამდე — პროქსიმა ცენტავრამდე — სინათლეს ოთხ წელზე მეტი სჭირდება. რაკეტა, რომელიც საათში 20,000 კილომეტრის სიჩქარით იმოძრავებს, ამ მანძილის დაფარვას დაახლოებით 33,000 წელიწადს მოანდომებს. მზიდან გალაქტიკის ცენტრამდე სინათლის სხივი 30,000 წელიწადში აღწევს, ხოლო იგივე გზის გავლას რაკეტით 170 მილიონი წელი დასჭირდება. ასეთი მასშტაბების გათვალისწინებით, ძნელად დასაჯერებელია, რომ სიცოცხლე ამ დისტანციებზე მასობრივად გავრცელდეს ან დასახლდეს. ენრიკო ფერმი ამას გაცილებით მარტივად უყურებდა, ვიდრე რეალობა იძლევა საშუალებას.

დღეს მკვლევრები, რომლებიც სიცოცხლისთვის ხელსაყრელ პლანეტებს ეძებენ, სიგერის განტოლებას (Seager Equation) იყენებენ — ეს თანამედროვე, განახლებული ვარიანტია დრეიკის განტოლებისა. სიგერის მოდელი ითვალისწინებს პლანეტებს, რომლებზეც სიცოცხლემ ატმოსფერო შეიცვალა (მაგალითად, ფოტოსინთეზის გზით). მაშინ როდესაც დრეიკის განტოლება უშუალოდ იმ ცივილიზაციებს ითვლის, რომლებიც რადიო სიგნალებს აგზავნიან.

SETI-ის პროგრამამ, რომელიც 20-ე საუკუნეში ინტელექტუალური სიგნალების აღმოჩენას ისახავდა მიზნად, ასეთი სიგნალები ვერ დააფიქსირა. ამის გამო ფოკუსი გადაიტანეს არაინტელექტუალური სიცოცხლის ძიებაზე — რაც დედამიწის ისტორიის გათვალისწინებით გაცილებით სავარაუდო სცენარია.

როცა მეტი ინფორმაცია გვექნება ეგზოპლანეტებზე, მათ პირობებსა და პოტენციალზე, დავუკვირდებით — რამდენს აქვს თხევადი წყალი, როგორი ატმოსფერო აქვთ, და რამდენად შეესაბამებიან სიცოცხლის წარმოშობისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს. სწორედ ამ კვლევებით შეგვექმნება უკეთესი სურათი იმის შესახებ, შესაძლებელია თუ არა ტექნოლოგიური ცივილიზაციების ფორმირება და რამდენად შორს უნდა იმოგზაუროს მათმა წარმომადგენლებმა, რომ დასახლებადი პლანეტა იპოვონ. და რაც მთავარია — გავიგებთ, მართლა მარტო ვართ თუ უბრალოდ ვერ ვხვდებით სხვათა ხმას, რომელიც შესაძლოა, ჯერ არ ვიცით როგორ მოვისმინოთ.

და მაინც, ამ ყველაფრის შემდეგ, როცა ღამით ცისკენ ავხედავთ და ვარსკვლავთა დაუსრულებელ პეიზაჟს მოვკრავთ თვალს, ძნელია გულში რაღაც არ შეიძრას. იქნებ მართლა მარტოები ვართ? იქნებ სწორედ ჩვენ ვართ ის იშვიათი გამონაკლისი, რომელსაც სამყარომ თავის შეცნობის უნარი მიანიჭა?

ან იქნებ, სადღაც, სინათლის წლების სიღრმეში, სხვა გონიერ არსებებსაც ასე გულმოდგინედ სჯერათ, რომ მარტოები არიან. იქნებ ისინიც ჩვენს მსგავსად უყურებენ თავიანთ ცას, ეჭვობენ, ოცნებენ და ისმენენ იმავე სიჩუმეს.

ეს სიჩუმე კი  შესაძლოა, არც მარტოობის დასტურია და არც იმედგაცრუება. ეს უბრალოდ დროის სიღრმეში გაფანტული მოლოდინია.
სანამ ადამიანობა არ დანებდება კითხვებს, სანამ ვეძებთ, ვუსმენთ და ვოცნებობთ, სამყარო ცარიელი არასოდეს იქნება.

და იქნებ, იმ სიჩუმეშიც, რომელიც დღეს არაფერს გვპასუხობს, ზუსტად იმ სიჩუმეშია ჩაკარგული სიგნალები… უბრალოდ ჯერ კიდევ არ ვიცით როგორ მოვუსმინოთ.

Are we alone?

 

Credit: space.com and Britannica

წარმოუდგენელია, თუმცა ლიტერატურაში აღწერილი უცნაური, არასტანდარტული პლანეტები დღეს უკვე რეალობაა.
მზის სისტემის ფარგლებს მიღმა არსებულ პლანეტებზე მონადირე კოსმოსური ტელესკოპის განხილვა.
ვარსკვლავებით გადაჭედილ სამყაროში, ნუთუ მხოლოდ ჩვენ ვართ ცოცხალი არსებები?
უნიკალური მოდელი, რომელიც აფასებს ცივილიზაციის ტექნოლოგიურ განვითარებას გამოყენებული ენერგიის მიხედვით.

Discover more from spaceYhub

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading