ვარსკვლავური ომების პირველი ეპიზოდი 1977 წელს გამოვიდა. ჯორჯ ლუკასმა ამ ფილმით არა მხოლოდ კინოს, არამედ მეცნიერების წარმოსახვაც შეცვალა. პლანეტები ორ მზეს უვლიდნენ გარშემო, ვულკანური ზედაპირები, ჰიპერ სივრცული ნახტომი, გაშლილი ყინულის ველები და ურბანული დედამიწები. თავიდან ეს მხოლოდ ლუკასის ფანტაზიის ნაყოფი ეგონა ყველას, მაგრამ წლების განმავლობაში ბევრი რამ რეალობად იქცა.
დღევანდელმა ასტრონომიამ ისეთი ეგზოპლანეტები აღმოაჩინა, რომლებიც საოცრად გვანან ამ ჯორჯ ლუკასის თავში დაბადებულ ფანტასტიკურ ადგილებს. ამ ბლოგში ვნახავთ როგორ გადაიკვეთა მეცნიერებისა და სამეცნიერო ფანტასტიკის გზები და როგორ დაემთხვა ვარსკვლავური ომების სამყარო ჩვენს რეალურ სამყაროს.
ტატუინი
ეს ჯედაი ლუკ სკაიუოკერის, და მანამდე მისი მამის, ასევე ჯედაი ენეკინ სკაიუოკერის მშობლიური პლანეტაა. პირველი კადრი ამ პლანეტაზე რასაც ვხედავთ, არის ორი მზე. ხანგრძლივი დროის განმავლობაში მეცნიერები თვლიდნენ, რომ ორმზიანი სისტემები არ იქნებოდა სტაბილური პლანეტების შესანარჩუნებლად, მაგრამ 2011 წელს ნასამ აღმოაჩინა Kepler-16b, პირველი დადასტურებული ეგზოპლანეტა, რომელიც ორ მზეს გარემოექცევა. ეს პლანეტა შორეულ სისტემაში მდებარეობს, დაახლოებით 200 სინათლის წლის დაშორებით, სავარაუდოდ გაზის გიგანტია და შესაბამისად სიცოცხლისთვის შეუფერებელი, მაგრამ ორი მზის არსებობა ტატუინის აი იმ ხედს, რომელიც თქვენც ჩემსავით თვალწინ გიდგათ, რეალურს ხდის. მას შემდეგ ათეულობით ორმზიანი სისტემა გამოვლინდა კეპლერის და ტესის კოსმოსური ტელესკოპების საშუალებით, მათ შორის Kepler-453b, Kepler-47c, TOI-1338b.

მუსტაფარი
ეს ვულკანური ჯოჯოხეთია, ვულკანებით დაფარული პლანეტა, სადაც ენეკინ სკაიუოკერი ტრანსფორმირდება დარტ ვეიდერად (ყოველ ჯერზე როდესაც ვუყურებ, ბოლომდე მგონია, რომ ენეკინი ბნელ მხარეს არ გადავა 🙁 ) მუსტაფარის ზედაპირზე მოქმედი მაგმა, კვამლი და უწყვეტი ცეცხლი მას გარდაუვალი განადგურების სიმბოლოდ აქცევს. ასეთი პლანეტები რეალურ სამყაროშიც არსებობენ. ერთ ერთი ყველაზე ცნობილი ანალოგია 55 Cancri e, რომელიც კიბოს თანავარსკვლავედშია , მისი ტემპერატურა 2400 გრადუსს აჭარბებს და სავარაუდოდ დაფარულია ლავით და მისი ზედაპირი ვულკანური აქტივობის გამო გამუდმებით იცვლება. იგი ასევე შეიძლება შეიცავდეს ალმასის კრსიტალურ სტრუქტურებს. სხვა ლავური პლანეტებია Kepler-78b და K2-141b კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის დაკვირვებებიდან

ენდორი
ენდორი პატარა პლანეტაა ტყის საფარით, რომლის მსგავსი გარემო წარმოდგენილია დედამიწის მსგავს ეგზოპლანეტებზე. დღეს ჩვენ ვეძებთ ისეთ ეგზოპლანეტებს, რომელთაც აქვთ ზომიერი ტემპერატურა, წყლის ოკეანე და სტაბილური ატმოსფერო. როგორიცაა მაგალითად Kepler-442b, LHS 1140b და TRAPPIST-1e, f, g. TRAPPIST არის მზისგან განსხვავებული ვარსკვლავის გარშემო მოძრავი პლანეტური სისტემა, რომელიც დღეს ერთერთი საუკეთესო კანდიდატია სიცოცხლის შესაძლებლობისთვის.

კამინო
ეს ოკეანური პლანეტაა სადაც კლონების არმია იქმნება. მისი რეალური ანალოგია GJ 1214b – ეგზოპლანეტა, რომელსაც მეცნიერები მოიხსენიებენ როგორც “გიგანტურ ოკეანურ პლანეტას”. მას შეიძლება ჰქონდეს ღრმა წყლის ფენა. ამ პლანეტის ზედაპირი მუდამ ღრუბლებითაა დაფარული, რაც კამინოს იდეალურ ანალოგად ხდის.

ალდერანი
პრინცესა ლეია ორგანას მშობლიური დედამიწისმაგვარი პლანეტაა, რომელიც დარტ ვეიდერის ბრძანებით სიკვდილის ვარსკვლავმა გაანადგურა. მისი რეალური ანალოგებია Kepler-442b და Kepler-452b — დედამიწისმაგვარი პლანეტები, რომლებიც არა მხოლოდ ზომით, არამედ სასიცოცხლო ზონაში მდებარეობითაც ჰგვანან ალდერანს.

ნაბუ
ნაბუ ეკოლოგიურად ერთ ერთი ყველაზე მრავალფეროვანი პლანეტაა, წყლის ქალაქებით, მთებით, ტყეებით. მისი შესაძლო ანალოგი შეიძლება იყოს TOI-700d, რომელიც დედამიწის მსგავსი პლანეტაა. ვვარაუდობთ, რომ მას შეიძლება ჰქონდეს სტაბილური კლიმატი და წყლის მდინარეები, რადგან სასიცოცხლო ზონაში მდებარეობს.

დაგობა
დაგობა ჭაობიანი, ბნელი და იდუმალი პლანეტაა, სადაც ჯედაი იოდა იმალება ჯედაების ორდენის დაცემის შემდეგ. მისი ანალოგია კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის მეორე მისიის მიერ დაკვირვებული K2-18b. აღმოჩნდა, რომ მას ატმოსფეროში წყლის ორთქლი აქვს, ხოლო ზედაპირული პირობები შესაძლოა სიცოცხლისთვის ვარგისი იყოს. მისი ღრუბლიანი გარემო და მუდმივი სინესტე გარკვეულწილად გავს დაგობას ჭაობიან ეკოსისტემას

ჯენოზია
ეს კლდოვანი, პირქუში, მტვრიანი სამრეწველო პლანეტაა და ქვიშით არის დაფარული. ამ პლანეტაზე საშინელი არსებები ცხოვრობენ, რომლებიც სეპარატისტების მხარეს არიან. მისი შესაძლო რეალური ანალოგებია TRAPPIST-1c ან 1d, რომელიც კლდოვანი, მსგავსი პირქუში გარემოს მქონე ეგზოპლანეტებია.

ჯედა
პლანეტა Rogue-one-დან, ქვიშის ქარიშხლებით. მისი რეალური ანალოგია HD 189733b – მახასიათებლებით აშკარად არასტაბილური პლანეტაა, სადაც ქარიშხლების სიჩქარე 8,700 კმ/სთ-ს აღწევს. მას შეიძლება ჰქონდეს ნარინჯისფერი, მტვრიანი ატმოსფერო რითიც ჯედას აპოკალიფსურ ატმოსფეროს საოცრად ჰგავს.

Star Wars-ის პლანეტები ყველას ჯორჯ ლუკასის ფანტაზიიდან გამონაგონი ეგონა, მაგრამ ასტრონომიის თანამედროვე მიღწევები აჩვენებს, რომ ჩვენი კოსმოსი გაცილებით ფანტასტიკურია, ვიდრე ვფიქრობდით.
ჩვენ დღეს უკვე ვპოულობთ პლანეტებს, რომლებსაც ოდესღაც მხოლოდ ფილმის სცენარისტები ქმნიდნენ და ფანტასტები წერდნენ. და შესაძლოა, მომავალში მათ ზედაპირზეც დავდგეთ — “ტატუინზე” ორი მზის ჩასვლას დავაკვირდეთ და ჩვენი საკუთარი ორი ჩრდილითაც ვითამაშოთ, ან “მუსტაფარის” ლავურ ქარაფებზე ავაგოთ ჩვენი პირველი კოსმოპორტი.
მაგრამ დღეს, ასტრონომიული ტელესკოპები იმავე ცაზე არიან მიმართული, რომელზეც ოდესღაც მხოლოდ ავტორების წარმოსახვა მოქმედებდა. და რაც უფრო შორს ვიყურებით, მით უფრო ხშირად ვხედავთ იმ სურათებს, რომლებიც უკვე ნანახი გვაქვს — ფილმში, წიგნში ან ბავშვობის ოცნებაში.
ტატუინი აღმოჩნდა რეალური. მუსტაფარის მსგავსი პლანეტები ლავით იწონებენ თავს. ენდორის ტყეები სიცოცხლის შესაძლებლობაზე მიგვითითებენ. და ქაოსით მოცული, მტვრიანი ატმოსფეროც კი — ჯედას ხედის მსგავსად — კოსმოსის შემადგენელი ნაწილია.
ეს ყველაფერი გვაჩვენებს: ფანტასტიკა არ არის მხოლოდ გაქცევა რეალობიდან. ხშირად, ის არის მისი წინასწარი ანარეკლი. შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული, რომ იქ, სადღაც, სამყაროს კიდეზე, არსებობს პლანეტა, რომელიც ჯერ მხოლოდ რეჟისორის სიზმარში უნახავთ. მაგრამ ხვალ — შესაძლოა JWST-ის ობიექტივშიც გამოჩნდეს.