როდესაც კოსმოსზე და ფიზიკაზე ვფიქრობთ, მარტივია დავიკარგოთ მათ სიღრმესა და სირთულეში. განტოლებები, გაუგებარი თეორიები, აბსტრაქტული კონცეფციები, თითქოს ეს სამყარო მხოლოდ მეცნიერებისთვისაა ღია, სხვები კი შორიდან უყურებენ. მაგრამ საბედნიეროდ, მეცნიერებაში არსებობდნენ ადამიანები, რომელთაც არამხოლოდ ბრწყინვალე გონება, არამედ საოცარი უნარი ჰქონდათ, ყველაზე რთული იდეებიც კი ადამიანურ ენაზე გადმოეცათ. ამიტომ მათ დაწერეს წიგნები, რომლებმაც კოსმოსის კარი გაუღეს ჩვეულებრივ მკითხველს, ყველას ვისაც კოსმოსის უსასრულობისადმი ცნობისმოყვარეობა გააჩნდა.
ამ სტატიაში ვისაუბრებთ იმ წიგნებზე, რომლებმაც მეცნიერების სამყაროს განსაკუთრებული ხიბლი შემოგვთავაზეს. კარლ სეიგანის „კოსმოსი“ და „მკრთალი ლურჯი წერტილი“, სტივენ ჰოკინგის „დროის მოკლე ისტორია“, მიჩიო კაკუს „ფიზიკა შეუძლებელი მოვლენების შესახებ“ და რიჩარდ ფეინმანის ლექციებზე დაყრდნობილი ორი წიგნი. ეს ნაშრომები გვაჩვენებენ, რომ სამყარო მხოლოდ მათემატიკური ფორმულებით არ იზომება. იგი ასევე იკითხება ისტორიებში, ფიქრებში და ადამიანურ ოცნებებში.
კარლ სეიგანი: კოსმოსი
არის წიგნები, რომლებიც მხოლოდ ცოდნას გვაწვდიან, და არის ისეთი წიგნები, რომლებიც ჩვენს სამყაროსთან ურთიერთობას სამუდამოდ ცვლიან. კარლ სეიგანის კოსმოსი სწორედ ასეთი წიგნია. ის 1980 წელს გამოქვეყნდა, როგორც სეიგანისვე მიერ შექმნილი იგივე სახელის სატელევიზიო სერიალის კომპანიონი, მაგრამ მალევე დამოუკიდებელ მოვლენად იქცა. კოსმოსი დღემდე ყველასათვის ერთ ერთ უსაყვარლეს სამეცნიერო წიგნად რჩება, რაც კი აქამდე გამოცემულა.
სეიგანს იშვიათი ნიჭი ჰქონდა, რომ ცივი, თითქოს უგრძნობი ასტროფიზიკური ფაქტები აეღო და პოეზიად ექცია ისე, რომ სამეცნიერო სიზუსტე არ დაკარგულიყო. კოსმოსი გვიყვება არა მხოლოდ ვარსკვლავებზე, გალაქტიკებსა და დიდ აფეთქებაზე, არამედ ჩვენს ადგილზე ამ უსასრულო ისტორიაში. სეიგანი ოსტატურად აერთიანებს ასტრონომიას, ბიოლოგიას, ისტორიასა და ფილოსოფიას, და გვიჩვენებს, რომ ცოდნისკენ სწრაფვა კაცობრიობის ყველაზე ძველი მოგზაურობის გაგრძელებაა.

ერთ-ერთი მთავარი გაკვეთილი, რომელსაც კოსმოსი გვასწავლის, არის თავმდაბლობა. ამ უსასრულო სივრცეში დედამიწა მხოლოდ პატარა წერტილია, პლანეტა, რომელიც ერთი არაფრით გამორჩეული, ჩვეულებრივი ყვითელი ჯუჯა ვარსკვლავის გარშემო ტრიალებს. თუმცა სეიგანი გვახსენებს, რომ პატარა სამყაროსაც შეუძლია უზარმაზარი მნიშვნელობა ჰქონდეს.
კოსმოსი არ არის მხოლოდ სამცენიერო წიგნი. ის გვასწავლის სამყაროს სხვაგვარად დანახვას, არა როგორც უცხო და საშიშს, არამედ როგორც ისტორიას, რომლის ნაწილიც ჩვენ თვითონ ვართ.

კარლ სეიგანი: მკრთალი ლურჯი წერტილი
კოსმოსის გამოცემიდან 15 წლის შემდეგ სეიგანი ახალი წიგნით დაგვიბრუნდა, რომელსაც მკრთალი ლურჯი წერტილი უწოდა. წიგნის სათაური შერჩეულია „ვოიაჯერ 1“-ის მიერ 1990 წელს გადაღებული ლეგენდარული ფოტოდან, სადაც დედამიწა მზის სხივში მოქცეული პატარა, თითქმის შეუმჩნეველი ცისფერი წერტილია.
თუ კოსმოსი გვასწავლიდა, როგორ შეგვიძლია მოვიხიბლოთ სამყაროს სიდიადით, მკრთალი ლურჯი წერტილი პასუხისმგებლობაზე გვესაუბრება. სეიგანი ამ ფოტოს იყენებს, რათა დაგვაფიქროს, თუ რას ნიშნავს ჩვენი არსებობა კოსმოსის უსასრულო ოკეანეში, რა არის ის, რაც ამ პატარა ბურთს, ჩვენს სახლს, უნიკალურს ხდის. იგი გვაფრთხილებს ამპარტავნებაზე, ჯგუფურ მიკერძოებაზე და თვალსაწიერის სიმცირეზე და გვახსენებს, რომ პაწაწინა ლურჯი წერტილია ის ერთადერთი სახლი, რაც გაგვაჩნია.
წიგნი ძალიან შორს იყურება და გვიხატავს კოსმოსური კვლევების შესაძლებლობებს, მარსის მისიებს, არადედამიწური სიცოცხლის ძიებას და იმ მორალურ ვალდებულებებს, რომელიც თან ახლავს კოსმოსში მოგზაურ ცივილიზაციად გადაქცევას. მკრთალი ლურჯი წერტილი დღესაც ისეთივე აქტუალურია, როგორც მისი გამოქვეყნებისას. ის გვასწავლის, რომ სამყაროში ჩვენი სიმცირე არ უნდა გვადარდებდეს, არამედ უნდა გვაგრძნობინოს, რამდენად ძვირფასია ჩვენი არსებობა. წიგნი გვთხოვს, რომ ვიზრუნოთ ჩვენს პლანეტაზე და თან გვიბიძგებს არასდროს შევწყვიტოთ ოცნება დედამიწის დატოვებაზე და კოსმოსურ მოგზაურობაზე.

სტივენ ჰოკინგი: დროის მოკლე ისტორია
სეიგანთან შედარებით სტივენ ჰოუკინგის ნაკლებად ემოციური წიგნი, “დროის მოკლე ისტორია” ინტელექტუალურ გამოწვევას წარმოადგენს, რომელსაც მკითხველი დიდი ინტერესით შეხვდა. წიგნი, რომელიც შავი ხვრელების, ფარდობითობის თეორიასა და კვანტური მექანიკის შესახებ მოგვითხრობს, ბესტსელერი გახდა.
ჰოკინგი ცდილობდა რთული მატემატიკის გარეშე აეხსნა ფიზიკის ყველაზე ღრმა თეორიები. ამიტომ იგი იყენებდა გასაგებ ენას, ანალოგიებსა და ექსპერიმენტებს. ამ წიგნის წაკითხვა ყოველთვის მარტივი არაა, ზოგჯერ 2-3 ჯერაც არის ერთი და იგივე თავის გადაკითხვა საჭირო, თუმცა ჰოკინგის მთელი მომხიბვლელობა ისაა, რომ მკითხველს აძლევს საშუალებას გაეცნოს იმ რთულ იდეებს , რომლებიც დღევანდელი მეცნიერების მოწინავე ხაზზეა. კარგი ამბავი ისაა, რომ წიგნის ბოლოს სამყაროს უკეთ გაგებასთან და მეტ ცოდნასთან ერთად, უკეთ გესმის ადამიანური სურვილი, იპოვო სამყაროს არსი.

მიჩიო კოკუ: ფიზიკა შეუძლებელი მოვლენების შესახებ
მიჩიო კოკუ მისი საოცარი წინაბორმედებისაგან განსხვავებით გვჩუქნის წარმოსახვას. მისი წიგნი, “ფიზიკა შეუძლებელი მოვლენების შესახებ”, რომელიც 2008 წელს გამოიცა, განიხილავს ტექნოლოგიებსა და იდეებს, რომლებიც დღესდღეობით წმინდა სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრია: დროში მოგზაურობა, ტელეპორტაცია, ძალის ველები, უჩინმაჩინის მოსასხამები და სინათლის სიჩქარეზე სწრაფი მოგზაურობა.
მიჩიო კაკუ ვარაუდებით არ შემოიფარგლება. იგი თითოეულ შეუძლებელ იდეას, ისე უდგება როგორც ნამდვილი ფიზიკოსი და სამ კატეგორიად ყოფს:
I კლასის შეუძლებლობები: ეს არის იდეები, რომლებიც დღეს შეუძლებელი გვეჩვენება, თუმცა გამომდინარე იქიდან რომ ფიზიკის კანონები არ ირღვევა, სწორი დროისა და საკმარისი ტექნოლოგიების პირობებში, შეიძლება ერთ დღეს შესაძლებელი გახდეს. მაგალითად ტელეპორტაცია.
II კლასის შეუძლებლობები: ეს არის ტექნოლოგიები რომლებიც ჩვენი ცოდნის ზღვარზეა, მაგალითად დროის მანქანები ან ჭიისხვრელებში (wormholes) მოგზაურობა. თეორიულად ეს შესაძლებელია, მაგრამ ფიზიკის ცოდნის ისეთ დონეს საჭიროებს, რომელსაც ჯერ სრულად ვერ ვფლობთ.

III კლასის შეუძლებლობები: ეს არის იდეები რომლებიც ნამდვილად არღვევს ფიზიკის ჩვენთვის ცნობილ კანონებს, როგორიცაა მუდმივად მოძრავი ძრავები ან მომავლის წინასწარ ხედვა. კაკუ ფიქრობს, რომ ეს ალბათ სამუდამოდ მიუწვდომელი დარჩება.
წიგნი ძალიან სახალისო წასაკითხია, რადგან კაკუ რთულ სამეცნიერო თემებს უკავშირებს ყველასათვის ნაცნობ Star Trek-ს, Star wars-ს, კომიქსებსა და სამეცნიერო ფანტასტიკის ნოველებს, რათა აჩვენოს, როგორ იქცა გუშინდელი წარმოსახვა ხვალინდელ ინჟინრულ ამოცანად. წიგნი გვახსენებს, რომ რეალობასა და ფანტასტიკას შორის ზღვარი ბევრად უფრო ვიწროა ვიდრე წარმოგვიდგენია და რომ ის, რაც ახლა შეუძლებლად გამოიყურება, შეიძლება შემდეგ საუკუნეში ტექნოლოგიად იქცეს.
რიჩარდ ფეინმანი: ექვსი მარტივი გაკვეთილი
რიჩარდ ფეინმანი კიდევ ერთი ყველასათვის საყვარელი ფიზიკოსი იყო, რომელსაც სწავლების საოცარი ნიჭი ჰქონდა და სხვებთან კომუნიკაციაც უყვარდა. ფეინმანი ნობელის პრემიის ლაურეატი იყო, და სტუდენტები და სხვა მეცნიერები მას თავისი მხიარული სტილით გამოარჩევდნენ. რიჩარდ ფეინმანი ფიზიკას სახალისო, მარტივ და ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებულ საგნად მიიჩნევდა.
“ექვსი მარტივი გაკვეთილი” რომელიც 1994 წელს გამოქვეყნდა, მისი ლექციების კრებულია, რომლებიც მან 1960იან წლებში კალიფორნიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში წაიკითხა. ამ ლექციებში ფეინმანი საუბრობს სამყაროს ყველაზე ფუნდამენტურ თემებზე: ატომებზე, ფიზიკის საბაზისო პრინციპებზე, ენერგიასა და მატერიას შორის ურთიერთკავშირზე, კვანტური მექანიკის როლზე ბუნების კანონებში. ფეინმანის სტილი განსაკუთრებულია: ის ლექციას კი არ კითხულობს, არამედ თითქოს მეგობართან ერთად ზის, ყავას სვამს და სამყაროს საიდუმლოებებს გულწრფელად უზიარებს. სწორედ ამიტომ, ექვსი მარტივი გაკვეთილი იდეალურია მათთვისაც კი, ვისაც ფიზიკა არასდროს უსწავლია. უბრალოდ წაიკითხეთ და ნახავთ რამდენად ელეგანტურად მუშაობს სამყარო.

რიჩარდ ფეინმანი: ექვსი არცისე მარტივი გაკვეთილი
ექვსი მარტივი გაკვეთილი ისეთი წარმატებული გამოდგა, რომ მალე მისი გაგრძელებაც გამოიცა, რომელსაც “ექვსი არც ისე მარტივი გაკვეთილი” ეწოდა სახელად. ფეინმანი ამ წიგნში უფრო რთულ თემებს მიმოიხილავს, ფარდობითობა, სიმეტრია, სივრცე დრო და სამყაროს კანონები. ეს წიგნი შედარებით რთული წასაკითხია, თუმცა შედეგი ნამდვილად ღირს. იგი გვიჩვენებს თუ როგორ ფიქრობენ ფიზიკოსები. ამ ორი წიგნის ერთობლიობას შეუძლია დიდი ცოდნა მოგვცეს ფიზიკის ბაზისიდან მის ყველაზე ღრმა კითხვებამდე.

ეს წიგნები მეცნიერების სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაშრომებად ითვლება. მათი ავტორები, სეიგანი, ჰოკინგი, კაკუ და ფეინმანი გვახსენებენ, რომ ფიზიკა მხოლოდ რთული განტოლებები და აბსტრაქტული თეორიები კი არა, ცნობისმოყვარეობის, გაოცებისა და ადამიანური მისწრაფების ისტორიაა.
ისინი გვასწავლიან, რომ მეცნიერება არის გზა საკუთარი ადგილის გასაგებად ამ უსასრულო კოსმოსში. და თუ ოდესმე, ღამის სიჩუმეში, ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ახედეთ და იგრძენით, რომ სამყარო გაცილებით უცნაური და უფრო მშვენიერია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია, მაშინ ეს წიგნები თქვენთვისაა.