მზის სამხრეთ პოლუსის პირველი სურათი
მზის ყველა გამოსახულება, რაც აქამდე გინახავთ ერთი მიმართულებიდან არის გადაღებული – ეკვატორის სიბრტყიდან.
ეს იმიტომ, რომ დედამიწა და ყველა მზის გარშემო მოძრავი პლანეტა ≈ერთ სიბრტყეში ბრუნავს, რომელსაც ეკლიპტიკის სიბრტყე ჰქვია. ამავე სიბრტყეში მოძრაობდნენ ყველა კოსმოსური აპარატიც, რომელიც მზის კვლევისთვის განკუთვნილი იმიჯერებით იყო აღჭურვილი*. თუმცა ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) და NASA-ს ერთობლივმა მისიამ Solar Orbiter-მა ეს წესი დაარღვია.
დიახ, ამას Solar Orbiter-მა მიღწია. 2025 წლის მარტში კოსმოსურმა ობსერვატორიამ დაიწყო დაკვირვებები იმ ადგილიდან, საიდანაც ჯერ არავის უნახავს მზე – მზის პოლუსებიდან. ამ დროს იგი მზეს 17°-იანი დახრილობით აკვირდებოდა, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ პირდაპირ დაენახა მზის სამხრეთ პოლუსი.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
მზის პოლუსებზე დაკვირვება მხოლოდ უბრალო ცნობისმოყვარეობა არ არის. ეს არის მზის მაგნიტური ველის, 11-წლიანი მზის ციკლის, და ჩვენი ტექნოლოგიური სამყაროს საფრთხის – კოსმოსური ამინდის გასაღები.
მზის ციკლი დაახლოებით 11 წელიწადში ერთხელ აღწევს პიკს – მზის მაქსიმუმს, როდესაც ვარსკვლავი განსაკუთრებით აქტიურია. 11-წლიანი მზის ციკლის ამჟამინდელი მოდელები და პროგნოზები ვერ ახერხებენ ზუსტად იწინასწარმეტყველონ, თუ როდის და რამდენად ძლიერად მიაღწევს მზე თავის ყველაზე აქტიურ მდგომარეობას. ამის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ის არის, რომ არ გვქონდა პოლარული რეგიონების დეტალური მონაცემები და ხედვა.
ვიდეოში ხადავთ მზის ხედს Solar Orbiter-დან (ყვითელი) და დედამიწიდან (ნაცრისფერი), 2025 წლის 23 მარტს. იმ დროს Solar Orbiter მზეს ეკვატორიდან 17°-იანი კუთხით უყურებდა, რაც საკმარისი იყო მისი სამხრეთ პოლუსის პირდაპირ დასანახად – ESA & NASA/Solar Orbiter/EUI Team, D. Berghmans (ROB) & ESA/Royal Observatory of Belgium
მომავლის მისია – ყველაფერი ახლა იწყება
მომდევნო წლებში კოსმოსური ხომალდი ეკლიპტიკური სიბრტყიდან კიდევ უფრო მაღლა აიწევს. 2026 წელს ორბიტა 24°-ით აიწევა ეკლიპტიკიდან, ხოლო 2029 წელს მიაღწევს 33°-მდე. ეს მზის პოლუსების ჯერ არნახულ ხედებს გვპირდება და რაც მთავარია გვპირდება შესაძლებლობას, შევისწავლოთ ჩვენი ვარსკვლავის აქტივობის ციკლი, მაგნიტური ველი, მზის ქარი და მზის სხვა შთამბეჭდავი მოვლენები ისე, როგორც არასდროს.

* – ერთადერთი გამონაკლისია ESA/NASA-ს Ulysses-ის მისია (1990–2009), რომელმაც მზის პოლუსებს გადაუფრინა. თუმცა მას არ ჰქონდა ინსტრუმენტი, რომელიც გამოსახულებების გადაღების საშუალებას მისცემდა.
წყარო: ESA/NASA/Solar Orbiter