2022 წლის ივლისში NASA-ს ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა პირველად გვაჩვენა მისი შესაძლებლობები და წარმოადგინა თავისი საოცარი გამოსახულებების სერია. მათ შორის იყო გაანსაკუთრებული, შთამბეჭდავი პეიზაჟი, რომელსაც ასტრონომებმა კოსმოსური კლდეები (Cosmic Cliffs) შეარქვეს. სწორედ ეს კაშკაშა ვარსკვლავთწარმოქმნის რეგიონია NASA-ს მიერ შექმნილი ახალი სამგანზომილებიანი ვიზუალიზაციის მთავარი გმირი, რომელიც პროგრამა Universe of Learnning-ის ფარგლებში განხორციელდა.
“მთებისა” და “ხეობების” ლანდშაფტი წარმოადგენს ნისლეულ Gum 31-ის ფრაგმენტს, სადაც ჩამოყალიბებულია ახალგაზრდა ვარსკვლავური გროვა NGC 3324. ორივე მათგანი მიეკუთვნება კარინას ნისლეულთა კომპლექსს, რომელიც ვარსკვლავთწარმოქმნის აქტიური რეგიონია.
NGC 3324 ის ვარსკვლავების ულტრაიისფერმა გამოსხივებამ და ვარსკვლავურმა ქარებმა გამოკვეთეს ღრმა სივრცე Gum 31-ში, ხოლო თავად NGC 3324 მხედველობის მიღმაა და გამოსახულებაზე არ ჩანს. ეს კოსმოსური კლდეები ბუნდოვანი გარემოთია გარემოცული, თითქოს ღრუბლებიდან ორთქლი ამოდის. თუმცა ეს ორთქლი სინამდვილეში გაცხელებული იონიზებული გაზი და მტვერია, რომელიც ნისლეულიდან გამოიდევნება ულტრაიისფერი გამოსხივების მუდმივი ზემოქმედების ქვეშ.
ვიდეო: 2022 წლის ივლისში ჯეიმს ვების ტელესკოპის მიერ გადაღებულ ამ გამოსახულებაზე ნაჩვენებია ფერადი კაშკაშა პეიზაჟი “კოსმოსურ კლდეები”. ეს საოცარი დეტალებით გადაღებული გამოსახულება წარმოადგენს ნისლეულ Gum 31-ის ფრაგმენტს, რომელიც კარინას ნისლეულთა კომპლექსის ნაწილია და ცნობილია ინტენსიური ვარსკვლავთწარმოქმნით.
წყარო: NASA, Space Telescope Science Institute (STScI),Caltech/IPAC, and the AstroViz Project of NASA’s Universe of Learning