1969 წლის ივლისში, როცა აპოლო 11-ის მისიის ფარგლებში ადამიანმა პირველად გადადგა პატარა ნაბიჯი მთვარეზე, კაცობრიობამ ამ უდიდესი ნახტომით ისტორიის ახალი თავი დაწერა. თუმცა, ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა და მაინც არსებობენ ადამიანები, რომლებიც დარწმუნებულები არიან, რომ ეს ყველაფერი გადაიღეს სტუდიურ პავილიონში, ალბათ ჰოლივუდის კუთხეში, ფანტასტიკური კოსმოსური ფონით, ოდნავ ნისლში გახვეულ დეკორაციებთან ერთად, სადაც ნასას დატრეინინგებული ასტრონავტები, ნილ არმსტრონგი, ბაზ ოლდრინი და მაიკლ კოლინზი, მსახიობის ნიჭით გამორჩეულები დათანხმდნენ ერთ დიდ ტყუილში მონაწილეობას.
სკეპტიციზმი მეცნიერებაში ჯანსაღი და ძალიან მისაღებია, მაგრამ როცა ის უგულებელყოფს ინჟინერიას, ფიზიკას, მედიცინას, ასტრონომიას და საერთაშორისო თანხმობას, უკვე ფანტასტიკის ჟანრში გადადის და უფრო Comic-Con-ის ლოგიკას ჰგავს, ვიდრე ნამდვილ მეცნიერულ დისკუსიას.
ამ ტექსტში განვიხილავთ ყველაზე გავრცელებულ აპოლოს შეთქმულების თეორიებს და ვნახავთ, რატომ ვერ უძლებენ ისინი დროს.
თეორია 1: დედამიწის მაგნიტოსფეროს გარეთ ადამიანი ვერ გადარჩება, რადგან რადიაცია მოკლავს
გეგონება დედამიწის მაგნიტოსფერო ჯადოსნური ფარია, რომლის გარეთაც კოსმოსური და მზის რადიაცია ადამიანს მყისიერად გაანადგურებს. შესაბამისად, მთვარეზე გაფრენა შეუძლებელია.
რატომ არის არასწორი:
- მაგნიტოსფერო აბსოლუტური ფარი არ არის.
მაგნიტოსფერო ბუნებრივია მკვეთრად ამცირებს რადიაციას, მაგრამ სრულებით არ აქრობს. საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტები რეგულარულად იღებენ უფრო მაღალ დოზას, ვიდრე დედამიწაზე მყოფი ადამიანები და მაინც ცოცხლები და ჯანმრთელები ბრუნდებიან უკან. - ვან ალენის სარტყელში გავლა ავტომატურად სიკვდილს არ ნიშნავს:
აპოლოს ხომალდებმა ყველაზე ნაკლებად ინტენსიური მონაკვეთები ძალიან სწრაფად გაიარეს (ჯამში დაახლოებით ერთი საათი). თანაც ვან ალენის სარტყელში არათანაბარი ინტენსივობის ზოლებია. აპოლოს ასტრონავტების მიერ მიღებული რადიაცია დაახლოებით რამდენიმე კომპიუტერული ტომოგრაფიის ტოლი იყო, რაც ნამდვილად არ ნიშნავს მყისიერ სიკვდილს, და ეს დედამიწაზეც ბევრი ადამიანის მაგალითზეა დადასტურებული, ვისაც CT გაუკეთებია.
- რადიაციის ხანგრძლივობა უფრო მნიშვნელოვანია
რადიაციის ზიანი ზოგადად დამოკიდებულია ექსპოზიციის ხანგრძლივობაზე. აპოლოს ასტრონავტებმა კოსმოსში მხოლოდ 8 დღე გაატარეს, თანაც მისია დაიგეგმა მზის აქტივობის გათვალისწინებით, პროფესონალი და არა მოყვარული ასტროფიზიკოსების მიერ. - არავინ გარდაცვლილა და არავის განუვითარდა რადიაციული ავადმყოფობა
არც ერთ აპოლოს ასტრონავტს არ ჰქონია რადიაციული დაავადება. გრძელვადიანი კვლევებიც ნორმალურ სტატისტიკას აჩვენებდა.
შესაბამისად, რადიაცია გაზომილი, გაანგარიშებული და კონტროლირებადი ფაქტორია და არა იმპერატორ პალპატინის “სიკვდილის ვარსკვლავის” ლაზერი, რომელიც ორ წამში გააქრობს ადამიანს და მთელ პლანეტას.
ჰო კიდევ, ვან ალენის სარტყელი აბეზარი მეზობელივითაა 😂 თუ სწრაფად მოშორდები, უსაფრთხოა, მხოლოდ გამარჯობის თქმას მოასწრებს.

თეორია 2: მთვარეზე ამერიკული დროშა ფრიალებს, ანუ ქარი იყო!
ვიდეოში ჩანს, რომ დროშა მოძრაობს. დროშას ალბათ ქარი ამოძრავებს. ხოლო ქარი = სტუდიას. ლოგიკა თითქოს მარტივია.
რეალობა ცოტა განსხვავებულია: დროშას ჰქონდა ჰორიზონტალური ჯოხი, რომ გაშლილი ყოფილიყო. დროშა მოძრაობდა მხოლოდ მაშინ, როცა ასტრონავტები შეეხნენ. ვაკუუმში ქსოვილი კი დიდხანს ინარჩუნებს რხევას, რადგან მას ჰაერი არ აჩერებს (იმიტომ, რომ არ არსებობს 😂). კარგი ამბავი: მთვარეზე ფიზიკის კანონები ზუსტად იგივენაირად მოქმედებს, როგორც დედამიწაზე 😀
მუდმივი ფრიალიც არ არსებობს, მხოლოდ ინერცია. Physics is a bitch 😀😀

თეორია 3: ფოტოებში ვარსკვლავები არ ჩანს
თუ ფოტოებზე ვარსკვლავები არ ჩანს, ე.ი. სტუდიაშია გადაღებული.
ფაქტი ისაა, რომ მთვარის ზედაპირი ძალიან ნათელია. ექსპოზიცია მორგებული იყო განათებულ ობიექტებზე. ვარსკვლავები იმედია ვიცით, რომ ძალიან შორს არიან და ჩვენთვის ცაზე წერტილებად ჩანან, ანუ ვარსკვლავების გამოჩენას გრძელი ექსპოზიცია სჭირდება
სცადეთ დღისით ცის გადაღება დედამიწაზე. ვარსკვლავებს ვერც იქ დაინახავთ. ეს შეთქმულება კი არა, ფოტოგრაფიაა.
თეორია 4: ჩრდილები პარალელური არ არის
ეს თითქოს მრავალ სტუდიურ განათებაზე მიუთითებს.
სინამდვილეში არათანაბარი რელიეფი ცვლის ჩრდილების აღქმას. სინათლის ერთადერთი წყარო კი მზე იყო.
გეომეტრია აქაც უცვლელად მუშაობს, ჰოლივუდის ჩარევის საჭიროების გარეშე.

თეორია 5: NASA-მ დაკარგა ორიგინალი ჩანაწერები
დიახ, არქივირების გადაწყვეტილებები იდეალური არ იყო. ტელემეტრიის ორიგინალი ფირები ხელახლა გამოიყენეს ბიუჯეტის შემცირების გამო. თუმცა, არსებობს მრავალი ასლი სხვა ფორმატებში, ამასთანავე ვიდეო და აუდიო ჩანაწერები დაცულია.
ცუდი ბიუროკრატია ≠ მთვარეზე არყოფნას.
თეორია 6: 1960-იან წლებში ტექნოლოგია საკმარისი არ იყო
აპოლოს კომპიუტერები მართლაც სუსტი იყო თანამედროვე სმარტფონთან შედარებით. მაგრამ ისინი იყო მარტივი და უკიდურესად საიმედო, იყენებდნენ რეალურ დროში პრიორიტეტულ გამოთვლას და ბევრი მანევრი ასტრონავტების ხელით სრულდებოდა, არ იყო საჭირო Siri ან ChatGPT. 60-70 წლებისგან განსხვავებით, თანამედროვე კოსმოსური ფრენები სრულად ავტომატიზირებულია და დედამიწიდან, კონტროლის ცენტრიდან იმართება, ისე რომ კოსმოსურ ხომალდში მყოფ ასტრონავტებს ხელის განძრევა არ სჭირდებათ და შეუძლიათ წაუძინონ.
აპოლომ აირჩია საიმედოობა და ინჟინერია, არა ეფექტური მარკეტინგი.

თეორია 7: თუ ვიყავით, რატომ აღარ დავბრუნდით? ანუ არ ვიყავით?
აპოლო მოითხოვდა აშშ-ის ფედერალური ბიუჯეტის დაახლოებით 4%-ს. პოლიტიკური მიზანი – ტექნოლოგიურად საბჭოთა კავშირზე წინ ყოფნა – მიღწეული იყო. საზოგადოების ინტერესიც და დაფინანსებაც შემცირდა.
აპოლოს მისიები წარმოუდგენლად ძვირი ჯდებოდა, თანაც სრულებითაც არ იყო 100%-ით უსაფრთხო, რასაც კატასტროფები მოყვა და რამდენიმე ასტრონავტის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო აპოლო 13 ის მისია კი მხოლოდ ასტრონავტებისა და ნასას ინჟინრების მაღალი პროფესიონალიზმის წყალობით გადარჩა. ამ დროს ამერიკა უკვე ვიეტნამის ომზე ერთვებოდა, შესაბამისად სამხედრო მომზადებაში და შეიარაღებაში გაცილებით მეტი ფინანსები იხარჯებოდა. მიღწეული მიზნის შემდეგ ნასას დაფინანსება ძალიან შემცირდა და უკვე ფიზიკურად აღარ შეეძლოთ მაღალბიუჯეტური კოსმოსური პროგრამების შენარჩუნება. ამის მაგივრად ნასა გადაერთო დედამიწის დაბალი ორბიტის ათვისებაზე, საერთაშორისო თანამშრომლობაზე კოსმოსურ კვლევებში და საერთაშორისო კოსმოსური სადგურის აშენება-განვითარებაზე.
ეს ეკონომიკური გადაწყვეტილებაა და არა ის, რომ არ შეეძლოთ.

თეორია 8: მთვარის ქანები შეიძლება ყალბი იყოს
არადა, მთვარიდან დაბრუნებულია 380 კგ-ზე მეტი ნიმუში, რომელიც არ შეიცავს წყალს, აქვს უნიკალური იზოტოპური შემადგენლობა და ატარებს მიკრომეტეორიტების ზემოქმედების კვალს.
ისინი დამოუკიდებლად შეისწავლეს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებმა, მათ შორის საბჭოთა სპეციალისტებმა. ასეთი მასალის „გამოგონება“ გაცილებით რთული იქნებოდა, ვიდრე უბრალოდ წასვლა. მით უმეტეს იმ პირობებში, რომ საბჭოთა კავშირი თითოეულ ნაბიჯს აკონტროლებდა და ნებისმიერ უზუსტობაზე სიამოვნებით ატეხდა ერთ ამბავს.
თეორია 9: ყველა დუმდა
აპოლოზე 400,000-ზე მეტი ადამიანი მუშაობდა. ჩართული იყო უნივერსიტეტები, კონტრაქტორები, საერთაშორისო სადგურები. საბჭოთა კავშირი დამოუკიდებლად აკონტროლებდა მისიის ტრაექტორიას და სხვათაშორის, რიგითი შეთქმულების თეორიების მოყვარულებისგან განსხვავებით, მთვარის მისია არასოდეს დაუყენებია ეჭვქვეშ.
თეორია 10: ეს კუბრიკმა გადაიღო
ამაზე მტკიცებულება არ არსებობს.
და თუ კუბრიკმა მართლა გადაიღო, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ მან შექმნა ისეთი „რეალისტური“ სცენა 1969 წლის ტექნოლოგიით, რომლის გამეორებაც დღესაც კი რთულია.

აპოლოს შეთქმულების თეორიები არსებობს არა იმიტომ, რომ ამ მისიის მტკიცებულება არაა, არამედ იმიტომ, რომ თავმომწონე და ყოვლისმცოდნე ადამიანებს სურდათ ეთქვათ „მე უფრო ჭკვიანი ვარ, ვიდრე ასტრონავტები, ფიზიკოსები და ინჟინრები ერთად“. ადამიანები ინსტიტუციებს არ ენდობიან, ამასთანავე არ ესმით ფიზიკა. ან უბრალოდ შური ალაპარაკებთ, რადგან ზოგადად რთულია ვაღიაროთ, რომ ადამიანებმა წააარმოუდგენელი რაღაც შეძლეს.
მთვარეზე მისიებს ზურგს უმაგრებს ფიზიკა, ინჟინერია, სამედიცინო კვლევები, გეოლოგიური ნიმუშები, და აპოლოს ექსპედიციის მიერ მთვარეზე დატოვებული ის ლაზერული ამრეკლავები, რომელიც დღესაც ირეკლავს სინათლეს, რომლის წყალობითაც, ჩვენ მილიმეტრების სიზუსტით ვზომავთ მთვარესა და დედამიწას შორის მანძილს და ვიცით, რომ მთვარე ყოველწლიურად შორდება დედამიწას.
ფანტასტიკა და რეალური მიღწევა ხშირად ერთმანეთს წააგავს. თუ ოდესმე ბავშვობაში ვარსკვლავებზე გიოცნებიათ, აპოლოს პროგრამამ ის ოცნება რეალობაში გადაიტანა. იდეები, რომლებიც ადრე მხოლოდ წიგნებში და ფილმებში არსებობდნენ, გადაიქცა ადამიანების ნაბიჯებად მთვარეზე.
და ბოლოს, ფანტასტიკა ყოველთვის არსებობს ჩვენს ისტორიაში, თუმცა ფაქტი ჯიუტია: აპოლოს მისია ნამდვილად შედგა, ადამიანები ნამდვილად იყვნენ მთვარეზე, და მთვარის ქანები, სარკეები და ასტრონავტების ნაფეხურები ამაზე დასტურია. რეალობა დამეთანხმებით ბევრად უფრო შთამბეჭდავია, ვიდრე ნებისმიერი ფანტასტიკური სცენა
ამ ყველაფრის მერე თუ ისევ გჯერათ შეთქმულების თეორიების, ერთი დიდი “ბუუუუუუუუუუუუ” თქვენ.