SpaceX-ს ორი ძირითადი რაკეტა აქვს, რომლებიც წარმატებით და მრავალჯერადად გზავნის ტვირთს ორბიტაზე. ეს რაკეტებია Falcon 9 და Falcon Heavy, რომლებმაც კოსმოსურ ინდუსტრიაში ნამდვილი გარდატეხა მოახდინეს.
SpaceX დღეს არამხოლოდ ახალ ტექნოლოგიურ სტანდარტებს აყალიბებს, არამედ თავისი ინოვაციური მიდგომით და ეფექტიანობაზე ორიენტირებული სტრატეგიით მთელი ინდუსტრიის წესებს ცვლის. ამ რაკეტებმა ახალი კოსმოსური ერა დაიწყეს, სადაც მისიები გახდა ბევრად უფრო ხელმისაწვდომი, ეკონომიური და სანდო. და სწორედ ესაა SpaceX-ის მთავარი მიზანი: რადიკალურად შეცვალოს კოსმოსში მოგზაურობის მომავალი.
Falcon 9
Falcon 9 არის ორსაფეხურიანი რაკეტა, რომელსაც SpaceX-მა შექმნა მოწინავე ტექნოლოგიური და ინჟინერული მიდგომებით. მისი ორივე საფეხური იყენებს RP-1 ტიპის კეროსინს და თხევად ჟანგბადს, როგორც საწვავის ძირითად კომპონენტებს.
- პირველი საფეხური აღჭურვილია 9 Merlin ძრავით, რაც უზრუნველყოფს რაკეტის აფრენას და საწყის აჩქარებას.
- მეორე საფეხურზე დამონტაჟებულია სპეციალურად მოდიფიცირებული Merlin ძრავა, რომელიც ზუსტად ანაწილებს ტვირთს/ტვირთებს შესაბამის ორბიტაზე. ძრავის დიზაინერი ტომ მიულერია.


Falcon 9 გამოირჩევა თავისი:
- მაღალი ტვირთამწეობით,
- განმეორებითი გამოყენების უნარით,
- ფრენის მაღალი წარმატების მაჩვენებლით,
- მოქნილობით სხვადასხვა მისიის შესრულებისთვის.

Falcon 9-ის განახლებული ვერსია, Block 5, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. მას შეუძლია წაიღოს 22,800 კგ დაბალ ორბიტაზე (LEO) და 15,600 კგ გეოსტაციონარულ სატრანსფერო ორბიტაზე (GTO), მაშინ როცა მის წინა ვერსიას მხოლოდ 8,300 კგს გატანა შეეძლო გეოსტაციონარულ ორბიტაზე. მისი პირველი საფეხური შექმნილია მრავალჯერადი გამოყენებისთვის, რაც საგრძნობლად ამცირებს მისიის ხარჯებს და ზრდის მის ეკონომიურობას.
რაკეტის კონსტრუქცია აერთიანებს უახლეს პროპულსიულ სისტემას და ოპტიმიზირებულ ძრავებს, რაც ადასტურებს SpaceX-ის მიდგომას ტექნოლოგიური სრულყოფისკენ. პირველი საფეხური სპეციალურად შექმნილია ხმლელეთზე ან ოკეანის პლატფორმაზე დასასმელად, რაც კიდევ უფრო ამყარებს მისი განმეორებითი გამოყენების შესაძლებლობებს.
Falcon 9-ის ტექნოლოგიური განვითარება არ გაჩერებულა — 2010 წლიდან მოყოლებული, რაკეტა არაერთ მნიშვნელოვან განახლებას დაექვემდებარა. Block 5 ვერსია კი არის მისი ყველაზე თანამედროვე და გამძლე ვერსია, რომელიც შეიქმნა იმისთვის, რომ პირველი საფეხურის გაშვება კიდევ უფრო მარტივი და მრავალჯერადი გამხდარიყო.
დღეს უკვე ერთ ბუსტერს შეუძლია წარმატებით შეასრულოს 19-მდე მისია, ხოლო Block 5 ვერსია სერტიფიცირებულია 20 ფრენაზე. SpaceX-ის გეგმით, მომავალში ეს მაჩვენებელი უნდა გაიზარდოს — და შესაძლოა მიაღწიოს 40 ფრენამდე, რაც აეროკოსმოსური ინჟინერიისთვის ისტორიული წინსვლაა.
🔹 რაც შეეხება სტატისტიკას — 2025 წლის მონაცემებით:
- Falcon 9-ს შესრულებული აქვს 489 მისია,
- განხორციელებულია 444 წარმატებული პროპულსიული დაშვება,
- და 414 ბუსტერის ხელახალი გამოყენება — ციფრები, რომლებიც სანდოობასა და ეფექტიანობაზე მეტყველებს.

Falcon Heavy
კოსმოსური რაკეტების სამყაროში Falcon Heavy განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. მისი შთამბეჭდავი ტვირთამწეობა რეალურად ცვლის წესებს მძიმე ტვირთების გაშვებაში. ეს რაკეტა კონსტრუქციულად შედგება სამი Falcon 9-ის პირველი საფეხურისგან, რაც აძლიერებს მის უნარს, გაუმკლავდეს განსაკუთრებით მძიმე ტვირთებს.
- გვერდითი ბუსტერები წარმოადგენს გადაკეთებულ Falcon 9-ის ბუსტერებს,
- ხოლო ცენტრალური ბირთვი — ეს არის მოდიფიცირებული და გაძლიერებული ვერსია, რომელიც სპეციალურად შექმნილია სამი ბუსტერის კოორდინირებული მუშაობისას წარმოქმნილი დატვირთვების გასაძლებად.
Falcon Heavy-ის მთავარი მისიაა მძიმე ტვირთების ეფექტიანად და ეკონომიურად გაშვება. ბაზარზე მის ერთადერთი კონკურენტად ითვლება Boeing Delta IV Heavy, თუმცა Falcon Heavy მასზე ბევრად დაბალი ხარჯებით და უკეთესი ეფექტიანობით სთავაზობს ალტერნატივას მომხმარებლებს.

Falcon Heavy პირველად ყურადღების ცენტრში 2018 წლის თებერვალში მოექცა, როდესაც მისი სატესტო ფრენა წარმატებით შესრულდა და ილონ მასკმა თავისი Tesla Roadster მზის ორბიტაზე გაუშვა — ეს იყო არამხოლოდ მარკეტინგული ტრიუკი, არამედ ტექნოლოგიური დემონსტრაცია, რომელმაც აჩვენა რაკეტის ძალა და პოტენციალი.
მას შემდეგ Falcon Heavy წარმატებით გამოიყენეს:
- დიდი ზომის კომუნიკაციური თანამგზავრების გაშვებისთვის,
- აშშ თავდაცვის დეპარტამენტის ტვირთების ტრანსპორტირებისთვის,
- და პლანეტათშორისი მისიებისთვისაც — რაც ამტკიცებს მის შესაძლებლობებს ღრმა კოსმოსის მისიებისთვისაც კი.

🔹 Falcon Heavy-ს სტატისტიკა:
- 11 შესრულებული მისია,
- 19 წარმატებული დაშვება (ბუსტერების დაბრუნება),
- 16 ხელახალი ფრენა — რაც მეტყველებს მის პრაქტიკულობაზე და განმეორებითი გამოყენების წარმატებულ მოდელზე.

SpaceX-ის რაკეტების ტვირთამწეობა და შესაძლებლობები
Merlin-ის ძრავი
Merlin ძრავები გათვლილია ხელახალი გამოყენებისათვის. მათ ფრენის დროს შეუძლიათ მიმართულების შეცვლა (ე.წ. „gimbaling“), რაც რაკეტის სტაბილურობასა და მანევრირებას უზრუნველყოფს, და ასევე აქვთ ბიძგის კონტროლი და ხელახალი ანთების/ჩართვის შესაძლებლობა, რაც აბსოლუტურად აუცილებელია მრავალსაფეხურიანი მისიის დროს.
Merlin მუშაობს გაგრილებულ კეროსინზე (RP-1) და გაგრილებულ თხევად ჟანგბადზე (LOX) — ეს ყველაფერი გაზ-გენერატორული ციკლით იმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ საწვავის ნაწილი პირველად იწვის არა ბიძგისთვის, არამედ ტურბინის დასატრიალებლად, რომელიც ცირკულაციას აძლევს მთელ სისტემას.
საწვავის მიწოდებას უზრუნველყოფს ტურბოტუმბო, რომელიც ბრუნავს წარმოუდგენლად მაღალი სიჩქარით — 36,000 ბრუნი წუთში და გამოიმუშავებს 10,000 ცხენის ძალას. მაღალი წნევა სისტემაში ნარჩუნდება გაცხელებული ჰელიუმით, რომელიც ავზებში საწვავს აწვება.
ძრავის ამუშავებისთვის გამოიყენება პიროფორიული ანთების სისტემა TEA-TEB, რომელიც ერთდროულად ორმაგი სარეზერვო მექანიზმებითაა დაცული — რაც იძლევა უსაფრთხო და მრავალჯერად გაშვების საშუალებას.
Merlin ძრავები ორ ძირითად ვერსიად გვხვდება:
- Merlin 1D (M1D) – გამოიყენება დედამიწის ზედაპირიდან აფრენისთვის, გამოიმუშავებს 854 კილონიუტონის ბიძგს (რაც პირველ საფეხურზეა).
- Merlin 1D Vac (MVac) – ოპტიმიზებულია კოსმოსური ვაკუუმისთვის და გამოიმუშავებს 981 კილონიუტონის ბიძგს (რაც მეორე საფეხურზეა).
ძრავების დამახასიათებელი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია მათი ბიძგის-წონის ფარდობა — დაახლოებით 200:1, რაც მათ ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ და ეფექტურ ძრავად აქცევს.
გარდა ამისა, M1D ძრავები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა: გაიზარდა მექანიკური გამძლეობა, გაუმჯობესებდა ნოზლისა (Nozzle) და წვის კამერის თერმული თვისებები, და შემცირდა კომპონენტების რაოდენობა, რაც ამცირებს წარმოების დროს და ხარჯებს. როგორც ილონ მასკი იტყოდა: “Best part is no part”, ანუ რაც ნაკლები დეტალია, მით ნაკლებია პრობლემის შანსი.
ყოველი Merlin ძრავი იმართება სპეციალური სამმაგად დაცული კომპიუტერული ბლოკით, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხოებასა და სიზუსტეს მის ყველა ეტაპზე.
Merlin ძრავები მორგებულია სხვადასხვა პირობებისთვის:
- M1D ვერსია იყენებს 16:1 გაფართოების Nozzle-ს, რაც იდეალურია დედამიწიდან აფრენისას.
- MVac ვერსია აღჭურვილია 165:1 გაფართოების Nozzle-ით, რაც ვაკუუმში მუშაობისას მაქსიმალურ ეფექტიანობას უზრუნველყოფს.
საინტერესოა, რომ Merlin ძრავების გაფართოების ნოზლები იყენებენ რადიაციულ გაგრილებას, რაც მათ კიდევ უფრო გამძლესა და ეფექტურს ხდის მაღალი ტემპერატურის პირობებში.
Falcon 9-ის პირველ საფეხურზე დამონტაჟებულია ცხრა Merlin 1D ძრავი, ხოლო მეორე საფეხურზე – ერთი MVac ვერსია.

SpaceX-ის რაკეტების შედარებისას – Falcon 9 და Falcon Heavy – მათი განსხვავებული დიზაინის მახასიათებლები და სამუშაო შესაძლებლობები მნიშვნელოვნად აჩვენებს განსხვავებებს ტვირთგამტარობასა და მისიის მიზანშეწონილობაში.
Falcon 9 ძირითადად გამოიყენება კომერციული სატელიტების გაშვებისთვის და ეკიპაჟიანი მისიებისთვის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, მისი საშუალო ტვირთგამტარობის გამო. მეორეს მხრივ, Falcon Heavy განკუთვნილია უფრო მძიმე ტვირთებისთვის, როგორიცაა დიდი თანამგზავრები და პლანეტათშორისი მისები. ეს მას აძლევს შესაძლებლობას შეასრულოს ისეთი რთული მისიები, რომლებიც მოითხოვენ მძიმე ამწეობის შესაძლებლობებს.
მიუხედავად იმისა, რომ Falcon 9-მა დაამტკიცა თავისი სანდოობა მრავალ წარმატებულ მისიის ფარგლებში, Falcon Heavy-ის უფრო მაღალი ტვირთგამტარობა ახალ შესაძლებლობებს ხსნის კომპლექსური კოსმოსური მისიებისთვის. Falcon 9-სა და Falcon Heavy-ს შორის განსხვავება ტვირთის მოცულობასა და განმეორებით გამოყენებადობაში საშუალებას აძლევს SpaceX-ს, რომ შესთავაზოს მომხმარებლებს მრავალფეროვანი გაშვების ვარიანტები სხვადასხვა საჭიროებების შესაბამისად, კომერციული კოსმოსური სექტორისთვის.
Falcon 9 უკვე მრავალი წელია ამტკიცებს, რომ ის სანდო, მოქნილი და ეკონომიური რაკეტაა, განსაკუთრებით გამოსადეგი კომერციული სატელიტების და საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ეკიპაჟიანი მისიებისთვის. მისი განმეორებითი გამოყენების სისტემა, პირდაპირი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება შემცირდეს ხარჯები და გაიზარდოს მისიის სიხშირე.
Falcon Heavy კი არის SpaceX-ის პასუხი მძიმე ამწეობის მოთხოვნებზე. მისი უზარმაზარი სიმძლავრე და მრავალფეროვანი გამოყენების შესაძლებლობები ხსნის კარს ახალ, უფრო შორეულ, მათ შორის პლანეტათშორის მისიებისკენაც.
ამ ორ რაკეტას შორის არჩევანი SpaceX-ს საშუალებას აძლევს, საბაზრო მოთხოვნებს გაუმკლავდეს ყველა დონეზე — მცირე სატელიტის ორბიტაზე განთავსებიდან მარსზე ბაზის დაარსებამდე.
მეტი ტექნიკური დეტალებით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ ეწვიოთ Falcon user’s guide-ს.
Credit: SpaceX and telecomworld101
