რუსთაველის კრატერი არის თვალსაჩინო იმპაქტური სტრუქტურა პლანეტა მერკურიზე. მას სახელი 2012 წელს საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა დაარქვა შოთა რუსთაველის პატივსაცემად.
რუსთაველის კრატერი მდებარეობს ≈82.76° აღმოსავლეთ გრძედზე და 52.39° ჩრდილოეთ განედზე. მისი დიამეტრი ≈200.5 კმ-ს შეადგენს.

გეოლოგიური მახასიათებლები: რუსთაველის კრატერის შიდა ნაწილი თითქმის მთლიანად დაფარულია იმპაქტური გამდნარი მასალით ან ვულკანური დანალექებით, რაც მის აუზში შედარებით გლუვ ზედაპირს ქმნის. აღსანიშნავია განსაკუთრებული ბნელი ლაქა კრატერის ჩრდილოეთ ნაწილში. ეს ლაქა დაკავშირებულია ე.წ. “ღრმულებთან” – მერკურისთვის ზედაპირისთვის დამახასიათებელ მუქი, არაწესიერი ღრმულების სისტემასთან.
პირველადი დაკვირვებებით დგინდება, რომ რუსთაველის კრატერი ამ ზომის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა აუზია მერკურიზე. რასაც ადასტურებს მისი ფართოდ გადაჭიმული და თითქმის ხელუხლებელი აუზი.

რას გვიყვება რუსთაველის კრატერი? მაგნიტური ანომალიები
რუსთაველის კრატერი განსაკუთრებული ინტერესის საგანია მერკურის მაგნიტურ ანომალიებთან მიმართებაში.
ისევე როგორც დედამიწას, მერკურისაც აქვს თხევადი ლითონის ბირთვი, რომლიც წარმოქმნის მაგნიტურ ველს. ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) მკვლევარმა ჯოანა ს. ოლივეირამ პლანეტის კვლევისას აღმოაჩინა, რომ მერკურის მაგნიტური ველი დროთა განმავლობაში საგრძნობლად შეიცვალა. ეს ცვლილებები საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა.
ოლივეირამ თავისი ანალიზისთვის გამოიყენა NASA-ს აპარატ MESSENGER-ის მიერ შეგროვებული მონაცემები, რომელიც მერკურს 2011-2015 წლებში სტუმრობდა. მისი მიზანი იყო გაეგო, როგორ იცვლებოდა მერკურის მაგნიტური ველი დროთა განმავლობაში.
მაგნიტური ველის შესასწავლად მეცნიერები იყენებენ ქანებს, რომლებიც ვულკანური ლავისგან ან ძლიერი შეჯახების შედეგად გამდნარი მასალებისგან წარმოიქმნა. როცა ასეთი ქანი ცივდება, მასში არსებული მაგნიტური ნაწილაკები იმ მომენტის ველის მიმართულებას იმახსოვრებენ – თითქოს მაგნიტური წარსულის ფოტოს იღებენ.
ოლივეირამ და მისმა გუნდმა შეისწავლეს ხუთი კრატერი, სადაც მაგნიტური უცნაურობები შეიმჩნეოდა. ერთ-ერთი მათგანია რუსთაველის სახელობის კრატერი. მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ ეს კრატერები იმ დროს შეიქმნა, როდესაც პლანეტის მაგნიტური ველი სრულიად განსხვავებულად იყო ორიენტირებული. მათ მონაცემებზე დაყრდნობით, კომპიუტერული მოდელებით აღადგინეს მერკურის უძველესი მაგნიტური პოლუსების სავარაუდო მდებარეობა.
აღმოჩნდა, რომ ძველი პოლუსები ძალიან შორს იყო დღევანდელი მდებარეობისგან. რაც უფრო საინტერესოა – ისინი არ იყვნენ თავმოყრილი პლანეტის ჩრდილოეთ და სამხრეთ წერტილებში ბრუნვის ღერძთან ახლოს, როგორც მოსალოდნელი იყო. არამედ ყველანი აღმოჩნდნენ სამხრეთ ნახევარსფეროში, სრულიად შემთხვევითი განლაგებით.
ეს მიუთითებს, რომ მერკურის დიპოლარული მაგნიტური ველი დროთა განმავლობაში გადანაცვლდა. კვლევის შედეგები უჩვენებს, რომ შესაძლოა, თავად პლანეტამაც განიცადა ე.წ. „ნამდვილი პოლარული გადაადგილება“, რაც ნიშნავს, რომ მისმა გეოგრაფიულმა პოლუსებმა ადგილმდებარეობა შეიცვალა.
მიუხედავად იმისა, რომ პლანეტისთვის მაგნიტური ველის ცვლილება უცნაური არაა, ეს მიგნებები აჩვენებს, რომ მერკურის მაგნიტური ისტორია ძალიან განსხვავდება დედამიწის ისტორიისგან.
სამომავლო კვლევები
ეს მონაცემები დაეხმარება BepiColombo-ის სამომავლო კვლევებსაც. BepiColombo ESA-სა და იაპონიის JAXA-ს ერთობლივი მისიაა. მან სტარტი 2018 წელს აიღო და მერკურს სწორედ წელს მიაღწია (2025).
მისია მიზნად ისახავს მერკურის მაგნიტური ველისა და გეოლოგიური ისტორიის შესახებ დეტალური მონაცემების შეგროვებას. BepiColombo-ის ორმაგი ორბიტალური აპარატები შეგვაგროვებენ მეტად ზუსტ მონაცემებს, რაც დაგვეხმარება, კიდევ უფრო უკეთ შევისწავლოთ მერკურის მახასიათებლები, მათ შორის რუსთაველის კრატერი, და მეტი ნათელი მოვფინოთ პლანეტის მაგნიტურ წარსულს.

წყარო:
NASA / Johns Hopkins University Applied Physics Laboratory / Carnegie Institution of Washington
Preliminary observations of Rustaveli basin, Mercury
Asymmetric Magnetic Anomalies Over Young Impact Craters on Mercury
Rustaveli crater on Mercury