ცივილიზაციის ტიპები - spaceYhub

ცივილიზაციის ტიპები და კარდაშევის სკალა: სამეცნიერო ფანტასტიკა თუ ჩვენი მომავალი?

ჩვენი ცივილიზაცია გარდამტეხ მომენტს უახლოვდება. ცნობილი თეორიული ფიზიკოსი მიჩიო კაკუს აზრით მომდევნო 100 წელი გადაწყვეტს ჩვენს ბედს, რადგან ის განსაზღვრავს გავქრებით თუ განვვითარდებით, ისევ 0 ტიპის ცივილიზაციად დავრჩებით, თუ ვარსკვლავებისაკენ დავადგებით გზას. ექსპერტები დარწმუნებით აცხადებენ, რომ ცივილიზაციის ზრდასთან ერთად, როდესაც იგი უფრო განვითარებული ხდება, მოსახლეობის მატებისა და მანქანური წარმოების საჭიროებების ზრდის გამო, მისი ენერგიის გამოყენება დრამატულად იზრდება. სწორედ ამ საჭიროებიდან გაჩნდა კარდაშევის სკალა, უნიკალური მოდელი, რომელიც აფასებს ცივილიზაციის ტექნოლოგიურ განვითარებას იმ ენერგიის მიხედვით, რომელსაც ის იყენებს. სტატიაში გამოყენებული ყველა ვიზუალური გამოსახულება დაგენერირებულია ChatGPT -ის მიერ. 

იდეა რუს ასტროფიზიკოსს, ნიკოლაი კარდაშევს ეკუთვნის, რომელმაც 1963 წელს უცხო ცივილიზაციების სიგნალების ძიებაში ჩართული ჯგუფის წევრობისას სცადა პასუხი მოეძებნა კითხვაზე, თუ როგორი შეიძლება ყოფილიყო ჩვენზე უფრო განვითარებული ცივილიზაციები.

კარდაშევმა ცივილიზაციები სამ ტიპად დაყო:

  • პლანეტარული (ტიპი I): იყენებს თავისი პლანეტის მთელ ენერგიას;
  • ვარსკვლავური (ტიპი II): ფლობს თავისი ვარსკვლავის სრულ ენერგეტიკულ რესურსს;
  • გალაქტიკური (ტიპი III): უკვე მთელ გალაქტიკას მართავს.

 

მოგვიანებით ეს სკალა კარლ სეიგანმა განავითარა და უფრო მოქნილი ფორმა მისცა, მაგრამ მისი არსი უცვლელი დარჩა: ენერგია არის ის საზომი, რომელიც განსაზღვრავს, რამდენად შორს მივდივართ ჩვენ, როგორც ცივილიზაცია.

ტიპი I ცივილიზაცია  არის ის მომენტი, როცა ცივილიზაცია საკუთარი პლანეტის ენერგეტიკულ რესურსებს სრულად მართავს. ეს ნიშნავს, რომ ნავთობი და გაზი მხოლოდ დროებითი წყაროები აღარ იქნება, ჩვენ შევძლებთ მზის ენერგიის, ქარის, წყლისა და გეოთერმული ძალის მაქსიმალურად გამოყენებას. ასეთ დონეზე მიღწევა უდიდეს წინგადადგმულ ნაბიჯს ნიშნავს: ჩვენ ვმართავთ იმ ენერგიას, რომელიც დედამიწას მზისგან გამუდმებით მიეწოდება. ენერგიის მოხმარება ამ ტიპის ცივილიზაციაში 10^17 ვატია. პლანეტური ცივილიზაციის გზაზე აუცილებელია მდგრადი ენერგეტიკული სისტემების შექმნა და რესურსების გონივრული გამოყენება, რომლითაც შესაძლებელი იქნება გაზრდილი მოსახლეობის უზრუნველყოფა ისე, რომ მინიმალური ზიანი მიადგეს ბუნებას. ეს არის მომავალი, სადაც კაცობრიობა პირველად გახდება ერთიანი ენერგეტიკული მასშტაბით და პლანეტის ძალას საკუთარი ზრდისა და განვითარების სამსახურში ჩააყენებს.

 

ცივილიზაციის ტიპები - spaceYhub
I ტიპის ცივილიზაცია, დედამიწა.

 

ტიპი II ცივილიზაცია უკვე აღარ შემოიფარგლება მხოლოდ საკუთარი პლანეტის რესურსებით, ის მთლიანად ითვისებს თავისი ვარსკვლავის ენერგიას. ეს ნიშნავს კოლოსალურ საინჟინრო პროექტებს, როგორიცაა დაისონის სფერო, ჰიპოთეტური კონსტრუქცია, რომელიც მთლიანად შემოერტყმება ვარსკვლავს და მისგან გამოყოფილ მთელ ენერგიას შეაგროვებს. ამგვარი მიღწევა ცივილიზაციას საშუალებას მისცემს მართოს წარმოუდგენელი რაოდენობის ენერგია, დაახლოებით 10^26 ვატი. ასეთ მასშტაბზე უკვე შესაძლებელი გახდება არა მხოლოდ გიგანტური ქალაქების და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურების შენახვა, არამედ სხვა პლანეტების ტერაფორმირებაც და გალაქტიკის მასშტაბით კოსმოსის კვლევაც. ტიპი II-ის სტატუსის მისაღწევად და შესანარჩუნებლად საჭიროა არამხოლოდ ენერგიის შენახვისა და კოსმოსური მოგზაურობის უახლესი ტექნოლოგიები, არამედ მდგრადი განვითარების სრულიად ახალი სტანდარტები. ამ დონეზე ცივილიზაცია პრაქტიკულად დაუმარცხებელია. მაგალითად, თუ ოდესმე ჩვენი პლანეტისკენ მთვარის ზომის ობიექტი შეჯახების კურსით დაიძვრებოდა, ვარსკვლავურ ცივილიზაციას ექნებოდა ძალა მისი აორთქლების, ან თავად დედამიწის გადაადგილების, რომ საფრთხე თავიდან აეცილებინა. ეს არის მომავალი, სადაც ცივილიზაცია საკუთარ ვარსკვლავს მთლიანად იმორჩილებს

ტიპი III ცივილიზაცია უკვე მთელ გალაქტიკას მოიცავს. ეს ნიშნავს, რომ ის ენერგიას მილიარდობით ვარსკვლავიდან იღებს ისეთი ტექნოლოგიების მეშვეობით, რომელთა წარმოდგენაც დღეს ჩვენთვის თითქმის შეუძლებელია. ასეთ დონეზე ენერგიის გამომუშავება აღწევს წარმოუდგენელ მაჩვენებელს დაახლოებით 10^37 ვატი. ეს არის ძალაუფლება, რომელიც აღწერს ცივილიზაციას, რომელსაც მთელ გალაქტიკაზე შეუძლია გავლენის გავრცელება. ასეთ დონემდე მისასვლელად საჭიროა არა მხოლოდ ენერგიის წარმოუდგენელი მასშტაბით წარმოება და განაწილება უზარმაზარ მანძილებზე, არამედ გალაქტიკური დინამიკის ღრმა ცოდნა და მისი მართვის უნარი.

საუკუნეების და ათასწლეულების განმავლობაში, ადამიანური ევოლუცია, როგორც ბიოლოგიური, ისე მექანიკური შეიძლება იმდენად შორს წავიდეს, რომ ჩვენს შთამომავლებს ვერც კი ვცნობდეთ. ისინი შეიძლება კიბორგებად იქცნენ, ხოლო ბიოლოგიური ადამიანები, ისეთები, როგორებიც ჩვენ ვართ ახლა, აღიქმებოდნენ როგორც „უხეში“, ჩამორჩენილი ფორმა. ასეთ ეტაპზე უკვე შესაძლოა გვყავდეს რობოტების კოლონიები, რომლებიც მთელ გალაქტიკაში იმოგზაურებენ და თითოეულ პლანეტაზე ახალ დასახლებებს ააშენებენ. თითოეული ვარსკვლავის გარშემო შეიძლება დაისონის სფერო აიგოს, რომ მისგან ენერგია სრულად ამოიღონ და კოლონიებს მიაწოდონ.

და მაინც ფიზიკის კანონი ისევ რჩება: სინათლის სიჩქარეზე სწრაფი მოძრაობა შეუძლებელია. თუ ვერ შეიქმნება ტექნოლოგია, როგორიცაა ვარსკვლავთშორისი ნახტომის ძრავი, ან ჭიისხვრელების სრულფასოვანი გამოყენება ისევ შეუძლებელი იქნება, გალაქტიკის კოლონიზაცია ათასწლეულობით შეიძლება გაგრძელდეს. თუმცა, კიბორგებისთვის, რომელთაც დროის შეგრძნება ჩვენგან განსხვავებული ექნებათ, ეს შეიძლება საერთოდ პრობლემაც არ იყოს.

 

ცივილიზაციის ტიპები - spaceYhub
II ტიპის ცივილიზაცია, დაისონის სფერო ვარსკვლავის გარშემო.

 

ტიპი II ცივილიზაციაზე ერთერთი ყველაზე ხმაურიანი ეჭვი გაჩნდა მაშინ, როდესაც ასტრონომები დედამიწიდან დაახლოებით 1480 სინათლის წლით დაშორებულ ტაბის ვარსკვლავს დააკვირდნენ. აღმოჩნდა, რომ მისი ნათება არარეგულარულად იკლებდა და იმატებდა, უცნაური გაკაშკაშება და მოულოდნელი ჩაბნელებები დაიკვირვებოდა.

ამან მაშინვე წარმოშვა მაცდური თეორია: იქნებ საქმე გვაქვს უცხო ცივილიზაციასთან, რომელიც თავისი ვარსკვლავის გარშემო დაისონის სფეროს აშენებს? ასეთი ტექნოლოგია მართლაც შეძლებდა ვარსკვლავის სინათლის ნაწილობრივ დაბლოკვას, და ეს იდეა სწრაფად მოექცა მედიისა და მეცნიერების ყურადღების ცენტრში.

თუმცა შემდგომმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ტაბის ვარსკვლავის ჩაბნელება უფრო ლურჯ ტალღის სიგრძეებში იყო გამოხატული, ვიდრე წითელ სინათლეში. ეს კი სრულიად არ შეესაბამება დაისონის სფეროს მოდელს, რადგან თეორიულად ის ვარსკვლავს ყველა ტალღის სიგრძეზე თანაბრად უნდა აბნელებდეს. მიუხედავად იმისა, რომუცხო ცივილიზაციის კვალიუფრო ბუნებრივი ახსნებით შეიცვალა, ტაბის ვარსკვლავი მაინც რჩება ერთერთ ყველაზე მისტიურ ასტრონომიულ მოვლენად, რომელმაც დაგვაფიქრა იმაზე, თუ რამდენად მზად ვართ უცნაურ ფენომენებში გალაქტიკური მეზობლების საძებრად.

ამერიკელი ასტრონომი კარლ სეიგანი ფიქრობდა, რომ კარდაშევის თავდაპირველი სკალა ზედმეტად ზოგადი იყო. მისი აზრით, სამ ძირითად დონეს შორის უზარმაზარიხარვეზებირჩებოდა, რაც ცივილიზაციის რეალური პროგრესის აღქმას ართულებდა. ამიტომ სეიგანმა სკალას ინფორმაციის ათვისების დონეც დაუმატა, რადგან მისი აზრით, რაც უფრო განვითარებულია ცივილიზაცია, მით მეტ ინფორმაციას ფლობს.

მისი მოდიფიცირებული სისტემის მიხედვით A ტიპის ცივილიზაციას 10^6 ბიტ მონაცემებზე აქვს წვდომა, ხოლო ყოველი მომდევნო ასო კი 10-ჯერ ზრდის ხელმისაწვდომ ინფორმაციას.

სეიგანის გათვლებით, 1973 წელს დედამიწას 10^13 ბიტი ინფორმაცია ჰქონდა და შესაბამისად, ჩვენი ცივილიზაცია 0.7 ტიპად ითვლებოდა. მაგრამ დროის გასვლასთან ერთად სურათი საგრძნობლად შეიცვალა. 2024 წლის მონაცემებით, Britannica- შეფასებით, დედამიწაზე არსებული მონაცემების რაოდენობა უკვე 10^24 ბიტს აღწევს. ეს ჩვენი ცივილიზაციას S ტიპის ცივილიზაციის ადგილზე აყენებს ინფორმაციის სკალაზე.

 

ცივილიზაციის ტიპები - spaceYhub
III ტიპის ცივილიზაცია, გალაქტიკური მასშტაბი.

 

ენერგიის თვალსაზრისით კი პროგნოზები უფრო ფრთხილია, 2020 წლისთვის დედამიწამ მიაღწია 0.728 ტიპს, თუ ენერგიის მოხმარება წელიწადში 2.3%-ით გაიზრდება, დედამიწა ტიპი I ცივილიზაციად 2347 წელს იქცევა. უფრო თანამედროვე გათვლები (2023) გვიჩვენებს, რომ 2060 წლისთვის მივაღწევთ 0.7449 ტიპს, ხოლო სრული ტიპი I ცივილიზაციად გასახდომად შესაძლოა ათასწლეულებიც დაგვჭირდეს, თუ ენერგიისა და ინოვაციური ტექნოლოგიების ახალი დონეები დროულად არ გამოვიმუშავეთ.

სეიგანის გაფართოებულმა ხედვამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ცივილიზაციის განვითარება მხოლოდ ენერგიით არ განისაზღვრება, ინფორმაცია, ცოდნა და მისი გაზიარების უნარიც ასევე მნიშვნნელოვანია.

საბოლოოდ, მეცნიერებმა ორიგინალ კარდაშევის სკალას კიდევ ორი საფეხური დაამატეს, სადაცუკვე ფანტასტიკა და თეორია ერთმანეთს ერწყმის.


ტიპი IV ცივილიზაცია მოქმედებს მთელი სამყაროს მასშტაბით. ისინი ენერგიას მხოლოდ ერთი ვარსკვლავიდან ან გალაქტიკიდან კი არ იღებენ, არამედ ბევრი გალაქტიკიდან ერთდროულად. ასეთ დონეზე ცივილიზაციები შესაძლოა იყენებდნენ შავი ხვრელების ენერგიას ან ბნელი მატერიის უცნობ რესურსებს. მათი შესაძლებლობები პრაქტიკულად უსაზღვრო იქნებოდა, იმდენად, რომ თავად სივრცე-დროის სტრუქტურის კონტროლიც კი შეძლებოდათ.

ამის მისაღწევად საჭირო იქნებოდა არა მხოლოდ გალაქტიკათშორისი მოგზაურობის დაუფლება, არამედ ისეთი ტექნოლოგიების შექმნა, რომლებიც ენერგიას მოიპოვებდნენ და გაანაწილებდნენ კოსმოსური მასშტაბებით.

 

ცივილიზაციის ტიპები - spaceYhub


ტიპი V უკვე სცდება კარდაშევის ორიგინალ ხედვას. ეს ცივილიზაცია თეორიულად მოიცავს მულტივერსს, მრავალ განზომილებას, თუ ის მართლაც არსებობს. აქ გონიერი არსებები შეძლებდნენ ენერგიითა და მატერიით მანიპულაციას მრავალ განზომილებაში. მათ თეორიულად ექნებოდათ ძალა, გადასულიყვნენ და ზემოქმედება მოეხდინათ სხვადასხვა სამყაროზე, გამოეყენებინათ უცნობი ენერგიის წყაროები და სრულიად ახალი განზომილებები.

მართალია, ეს კონცეფციები დღეს თეორიული ფიზიკისა და სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროს ეკუთვნის, მაგრამ ისინი გვაძლევს საშუალებას ვიფიქროთ თუ სადამდე შეიძლება მივიდეს გონიერი სიცოცხლის ევოლუცია და სად არის მეცნიერების საბოლოო საზღვარი.

ნიკოლაი კარდაშევი მიიჩნევდა, რომ ტიპი IV ცივილიზაცია უკვე „ზედმეტად“ განვითარებული იქნებოდა. ამიტომაც მისი ორიგინალი სკალა ტიპი III-ზე გაჩერდა. კარდაშევისთვის აქ სრულდებოდა ნებისმიერი სახეობის შესაძლებლობები, რადგან ამაზე ზემოთ ასვლა ფანტაზიის სფეროს ეკუთვნოდა.

მეცნიერების დიდი ნაწილი დღესაც ეთანხმება ამ პოზიციას. მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც ფიქრობს: რატომ უნდა არსებობდეს ზღვარი, იქნებ ცივილიზაციებს შეუძლიათ კიდევ უფრო შორს წავიდნენ.

ტიპი IV ცივილიზაციას მოუწევდა ისეთი ენერგიის წყაროების გამოყენება, რომლებიც ჩვენთვის ჯერ უცნობია. ალბათ სრულიად ახალი, უცნაური, ან დღემდე დაფარული ფიზიკის კანონების დახმარებით. ხოლო ტიპი V ცივილიზაცია კი კიდევ უფრო თამამი ჰიპოთეზაა. ასეთ დონეზე არსებები ღმერთებს დაემსგავსებოდნენ, ექნებოდათ ცოდნა და ძალა, რომ სამყარო საკუთარი ნებით შეეცვალათ.

 

ცივილიზაციის ტიპები - spaceYhub
IV და V ტიპის ცივილიზაციები. ამ უძლეველ არსებებს დღევანდელ ადამიანებთან აღარაფერი ექნებათ საერთო.

 

კაცობრიობა ამ რეალობიდან ჯერ წარმოუდგენლად შორსაა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შეუძლებელია. მთავარი პირობაა: დედამიწის დაცვა, ომების შეწყვეტა და სამეცნიერო პროგრესის მხარდაჭერა. მხოლოდ ასე შეიძლება ჩვენი ცივილიზაცია ოდესმე გახდეს ის, ვინც ვარსკვლავებს გასცდება. წინააღმდეგ შემთხვევაში დედამიწასაც გავანადგურებთ და საკუთარ თავებსაც.

კარდაშევის სკალა უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მოდელია, როცა საქმე ცივილიზაციების მომავალზე ფიქრს ეხება. თუმცა, მას ხშირად ზედმეტ მნიშვნელობას ანიჭებენ და არასწორადაც ესმით.

ყველაზე გავრცელებული მცდარი წარმოდგენაა იმის ფიქრი, რომ ეს სკალა ცივილიზაციის მთლიან განვითარებას ზომავს. სინამდვილეში კი, ის მხოლოდ ენერგიის მოხმარების უნარს აფასებს და არაფერს ამბობს ისეთ კრიტერიუმებზე, როგორიცაა კულტურული მიღწევები, სოციალური სტრუქტურები ან ეთიკური პროგრესი. როცა ტექნოლოგიურ ძალას ვაყენებთ განვითარების ერთადერთ საზომად, ვრისკავთ დაიჩრდილოს ის, რაც კაცობრიობას ნამდვილ მნიშვნელობას ანიჭებს: ცოდნა, ღირებულებები და ჰუმანიზმი.

მეორე შეცდომა არის იმის წარმოდგენა, თითქოს ამ სკალაზე წინსვლა გარდაუვალი და თანმიმდევრულია, თითქოს ერთ დღეს ავტომატურად გადავხდებით I ტიპის ცივილიზაცია, შემდეგ II და III. რეალურად კი, ცივილიზაციის ტრაექტორიას უამრავი ფაქტორი განსაზღვრავს: ეკონომიკური კრიზისები, ეკოლოგიური კატასტროფები, პოლიტიკური არასტაბილურობა. ისტორია გვახსენებს, რომ ტექნოლოგიური რეგრესიც სრულიად შესაძლებელია: უძველესი ძლიერი ცივილიზაციების გაქრობა ამის ნათელი მაგალითია.

კიდევ ერთი გავრცელებული შეცდომაა სკალას ადამიანის განვითარების „გზის რუკად“ აღქმა. ამან წარმოშვა ბევრი სპეკულაცია კაცობრიობის მომავალზე, მაგრამ ხშირად იგნორირებულია რეალური შეზღუდვები და ეთიკური შედეგები. დიახ, დაისონის სფეროს მსგავსი მეგასტრუქტურები წარმოსახვას აღვიძებს, მაგრამ მათი პრაქტიკული განხორციელება დღემდე დიდ კითხვის ნიშანს იწვევს მეცნიერებს შორის. და თუნდაც შესაძლებელი ყოფილიყო, გარემოზე და საზოგადოებაზე მათი გავლენა აუცილებლად უნდა შეფასდეს. მხოლოდ თეორიული სარგებლის იმედზე ვერ ვიქნებით.

კარდაშევის სკალა საოცარი ხელსაწყოა ფიქრისთვის, მაგრამ არა სრულყოფილი წესი მომავლის წინასწარმეტყველებისთვის. ის გვახსენებს, რომ პროგრესი მხოლოდ ენერგიის ძალით არ იზომება და რომ კაცობრიობის წინსვლა თანაბრად უნდა ეყრდნობოდეს ტექნოლოგიასაც და ღირებულებებსაც.

 

ამ თემაზე ძალიან საინტერესო პოდკასტის მოსმენას თუ ისურვებთ, იხილიეთ ადამ ფრანკის ინტერვიუ ლექს ფრიდმანთან:

Adam Frank: Alien Civilizations and the Search for Extraterrestrial Life | Lex Fridman Podcast #455

 

შორეული ცისფერი ურანი, მზის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო იდუმალი პლანეტაა.
დედამიწის მაგალითზე მეცნიერებმა გამოყვეს კრიტერიუმები, რომლებიც სიცოცხლისთვის ხელსაყრელი გარემოს საფუძველია.
ოთხ ფუნდამენტურად განსხვავებულ ფანტასტიკის წიგნის განხილვა, რომლებმაც ჟანრის საზღვრებს გადააბიჯა.

Discover more from spaceYhub

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading