რა ელოდება მზეს? ჩვენი ვარსკვლავის სიცოცხლის ციკლი და მისი დრამატული დასასრული

თუ ოდესმე დაფიქრებულხარ, როდის „მოკვდება“ მზე, შეეცადე არ ინერვიულო. ეს მომენტი იმდენად შორსაა, რომ ჩვენი ცივილიზაცია მისი დადგომას ვერც კი მოუწრებს. მზეს, ამჟამინდელი გათვლებით, კიდევ დაახლოებით 5 მილიარდი წელი აქვს დარჩენილი აქტიური არსებობისთვის.

მზე, სიცოცხლის მთავარი წყარო ჩვენს მზის სისტემაში, მილიარდობით წელია ანათებს და გვათბობს. მის გარეშე არ იარსებებდა არც სინათლე, არც სითბო, არც ატმოსფერო, არც წყალი  და არც სიცოცხლე, როგორც ჩვენ ვიცნობთ მას. მზე წარმოიშვა გაზის გიგანტური ღრუბლიდან, რომელიც ძირითადად წყალბადისა და ჰელიუმისგან შედგებოდა. როდესაც ეს ღრუბელი საკმარისად მასიური გახდა, მის შიგნით გრავიტაციამ დაიწყო ნივთიერების შეკუმშვა და გაცხელება. ამ პროცესის შედეგად, ბირთვში ტემპერატურა იმდენად გაიზარდა, რომ წყალბადის ატომებმა ელექტრონები დაკარგეს, და დაიწყო ის, რასაც მეცნიერები თერმობირთვულ სინთეზს უწოდებენ: წყალბადის გარდაქმნა ჰელიუმად.

ეს რეაქციები დღესაც გრძელდება მზის ბირთვში და სწორედ მათი წყალობით ვარსებობთ ჩვენ. ამ პროცესით გამომუშავებული ენერგია მიემართება მზის ზედაპირისკენ და იქიდან კოსმოსში, მათ შორის დედამიწაზე. თუმცა, არ არსებობს ფიზიკური პროცესი, რომელიც უსასრულოდ გაგრძელდება. ბირთვული სინთეზიც ერთ დღეს დასრულდება.

დღეს მზე იმყოფება ევოლუციის იმ ეტაპზე, რომელსაც „მთავარი მიმდევრობის ფაზას“ უწოდებენ, ეს არის ყველაზე სტაბილური პერიოდი ვარსკვლავის სიცოცხლეში. უკვე 4.5 მილიარდი წელია, რაც ის თითქმის უცვლელად ანათებს და გვათბობს. მაგრამ, როცა წყალბადის მარაგი ბირთვში ამოიწურება, მზე დაიწყებს გარდაქმნის, “გარდაცვალების” ხანგრძლივ და დრამატულ პროცესს.

 

მზის სიკვდილი spaceYhub
სურათზე ნაჩვენებია მზის სიცოცხლის ციკლი  ვარსკვლავური ნისლეულიდან თეთრ ჯუჯამდე. მზის ევოლუცია იწყება გაზისა და მტვრის ღრუბლიდან, გადის ყვითელი ჯუჯის სტაბილურ ფაზას, შემდეგ კი გარდაიქმნება წითელ გიგანტად. საბოლოოდ, ის აფრქვევს გარე ფენებს და ტოვებს მკვრივ ბირთვს, თეთრ ჯუჯას.

 

მზე, როგორც ნებისმიერი ჩვეულებრივი ვარსკვლავი, არის ბუნებრივი ბირთვული რეაქტორი. მისი ბირთვი, ყველაზე ცხელი და მკვრივი ნაწილი, ადგილია, სადაც თერმობირთვული სინთეზი მილიარდობით წელია მიმდინარეობს. ამ რეაქციების შედეგად გამოიყოფა ის ენერგია, რომელსაც ჩვენ მზის სინათლისა და სითბოს სახით ვიღებთ. ბირთვში ტემპერატურა დაახლოებით 15 მილიონ გრადუს ცელსიუსს აღწევს. ასეთ უკიდურეს პირობებში ატომები იმდენად სწრაფად მოძრაობენ, რომ წყალბადის ბირთვები, პროტონები თავისუფლდებიან ელექტრონებისგან და ეჯახებიან ერთმანეთს. სწორედ ამ შეჯახების შედეგად იწყება ე.წ. პროტონ-პროტონის ჯაჭვური რეაქცია, რომელიც მზის ენერგიის ძირითადი წყაროა.

პროცესი სამ მთავარ ეტაპს მოიცავს:
პირველ ეტაპზე, ორი პროტონი ეჯახება ერთმანეთს, ერთ-ერთი გარდაიქმნება ნეიტრონად და შედეგად ვიღებთ დეითერიუმის ბირთვს, პოზიტრონსა და ნეიტრინოს.
მეორე ეტაპზე, დეითერიუმი ერთდება კიდევ ერთ პროტონთან და წარმოიქმნება ჰელიუმ-3-ის ბირთვი და გამა-კვანტი. სწორედ ეს მაღალი ენერგიის ნაწილაკებია მზის გამოსხივების უმთავრესი წყარო.
მესამე ეტაპზე, ორი ჰელიუმ-3 ერწყმება ერთმანეთს, წარმოიქმნება ერთი ჰელიუმ-4 და ორიც პროტონი, რომლებიც უკან ბრუნდებიან ციკლში.

ფაქტობრივად, ოთხი წყალბადის ატომისგან ერთი ჰელიუმის ატომი იქმნება, და ამ გარდაქმნისას გამოიყოფა უზარმაზარი რაოდენობის ენერგია. თუმცა, ეს ენერგია მყისიერად არ აღწევს მზის ზედაპირზე. გამა-კვანტებს სჭირდებათ მილიონობით წელი, რომ ბირთვიდან ფოტოსფერომდე, მზის ზედაპირამდე მიაღწიონ. გზად ისინი უწყვეტად ეჯახებიან სხვა ნაწილაკებს, ბრუნდებიან, ირეკლებიან, რაც საგრძნობლად ანელებს მათ მოძრაობას. სწორედ ეს გაუთავებელი ქაოსია მზის სტაბილური სითბოს წყარო.

 

თერმობირთვული რეაქციები მზის ბირთვში spaceYhub
თერმობირთვული რეაქციები მზის ბირთვში, ენერგიის წყარო ჩვენი ვარსკვლავიდან. სურათზე ნაჩვენებია პროტონ-პროტონის ჯაჭვი, მზის ბირთვში მიმდინარე ძირითადი თერმობირთვული პროცესი. ოთხი წყალბადის ბირთვი ერთიანდება, წარმოქმნის ჰელიუმს და გამოყოფს ენერგიას, რომელიც სინათლისა და სითბოს სახით აღწევს დედამიწამდე. ეს რეაქციაა ის, რაც მზეს ანათებს და სიცოცხლეს განაპირობებს ჩვენს პლანეტაზე.

 

მაგრამ ამ ყველაფერს აქვს დროებითი ბუნება. დაახლოებით 5 მილიარდი წლის შემდეგ, ბირთვში წყალბადის მარაგი სრულად ამოიწურება. დარჩენილი ჰელიუმის ბირთვები იქცევა ინერტულ მასად, რომელიც ვეღარ აწარმოებს ენერგიას იმავე გზით. ბირთვში წვის შეწყვეტა იწვევს წონასწორობის დარღვევას გრავიტაციასა და სინათლის წნევას შორის. გრავიტაცია იწყებს ბირთვის შეკუმშვას, ხოლო გარე ფენები  გაფართოებას.

ამ ეტაპზე მზე გახდება წითელი გიგანტი. მისი ბირთვი შეკუმშულია და უკიდურესად ცხელი, გარსი  გაფართოებული და გაცივებული. ბირთვის გარშემო ჯერ კიდევ მიმდინარეობს წყალბადის წვა, ხოლო ბირთვი თავად ჰელიუმითაა სავსე. ეს ჰელიუმი თანდათან დაიწყებს წვას, როცა ტემპერატურა მიაღწევს 100 მილიონ გრადუსს. ამ დროს იწყება ე.წ. სამმაგი ალფას რეაქცია, რომლის შედეგად სამი ჰელიუმ-4 ბირთვი ერწყმება ერთმანეთს და წარმოქმნის ერთ ნახშირბადს. ეს ნახშირბადი, თავის მხრივ, შესაძლოა შეერწყას კიდევ ერთ ჰელიუმთან და წარმოქმნას ჟანგბადი.

 

ასაკის მატებასთან ერთად მზე უფრო კაშკაშა გახდება, რაც გამოიწვევს დედამიწის ოკეანეების აორთქლებას. საბოლოოდ, მას შემდეგ რაც წყალბადის მარაგი ამოიწურება, მზე გაფართოვდება, შთანთქავს მერკურსა და ვენერას ორბიტებს, დაკარგავს გარე შრეებს და დატოვებს თეთრ ჯუჯას, ცივი, ნელ-ნელა ჩამქრალი ბირთვის სახით. მზე არასდროს აფეთქდება სუპერნოვად, რადგან მას არ აქვს საკმარისი მასა. ეს ბედი მხოლოდ იმ ვარსკვლავებს ერგებათ, რომლებიც მზეზე მინიმუმ რვაჯერ მასიურია

 

თუმცა ეს ფაზა შედარებით ხანმოკლეა, სულ რაღაც ათობით ან ასობით მილიონი წელი. საბოლოოდ, ჰელიუმიც ამოიწურება. ენერგიის წყაროს გარეშე მზე ვეღარ ეწინააღმდეგება გრავიტაციას, ბირთვი სწრაფად იკუმშება და საბოლოოდ გადაიქცევა თეთრ ჯუჯად, უკიდურესად მკვრივ და პატარა ვარსკვლავად, რომლის მასა შეიძლება იყოს მზის მასის 60%, თუმცა ზომით  დედამიწის მსგავსია.

გარე ფენები გაიფანტება კოსმოსში და შექმნის პლანეტარულ ნისლეულს, ლამაზ, კაშკაშა და ფერად ღრუბელს, როგორიცაა კიბორჩხალას ნისლეული ან ბეჭდის ნისლეული, რომლებსაც ჰაბლის და სხვა კოსმოსური ტელესკოპების მიერ გადაღებულ სურათებზე ვხედავთ. ეს იქნება მზის უკანასკნელი, თუმცა ყველაზე შთამბეჭდავი ამოსუნთქვა.

 

როგორ იცვლება მზე spaceYhub
სურათზე ნაჩვენებია, როგორ იცვლება მზე დროის მანძილზე: წყალბადის წვის სტადიიდან წითელ გიგანტად, ჰელიუმის სინთეზის პროცესიდან საბოლოოდ თეთრ ჯუჯად გადაქცევამდე. თითოეული ეტაპი ასახავს იმ ფიზიკურ პროცესებს, რომლებიც მზეს გარდაქმნის, სანამ მისი ბირთვი საბოლოოდ არ დარჩება როგორც მკვრივი, ცივი ბურთი.

 

მზე ვერ მოახერხებს რკინის ბირთვის წარმოქმნას და არ აფეთქდება სუპერნოვად, ამისთვის მას მინიმუმ 8-ჯერ მეტი მასა სჭირდება. ასე რომ, მისი სიკვდილი დრამატულად კი არა, ღრმა სიჩუმით დასრულდება.

ამ დროისთვის დედამიწაც დიდი ალბათობით ვეღარ იარსებებს. ჯერ მზის სიკაშკაშის ზრდა გამოიწვევს ზედაპირის გადახურებას. მოგვიანებით, მზის ულტრაიისფერი გამოსხივება და მზის ქარები თანდათან გაანადგურებს ატმოსფეროს. მეცნიერთა გათვლებით, დაახლოებით მილიარდ წელიწადში დედამიწა დაკარგავს უმეტეს წყალს და ჩვენი პლანეტის კლიმატი მარსის მსგავსად მშრალი და ცივი გახდება.

 

 

ვიდეოში ასახულია თუ როგორ გამოჩნდება წითელი გიგანტი მზე სხვადასხვა პლანეტაზე.

 

მზის სიცოცხლის ბოლო სტადიებზე მზის ქარის ძალა და გამოსხივება იმდენად გაიზრდება, რომ რაც არ უნდა დარჩეს, ოკეანეები, ატმოსფერო, სიცოცხლის ნარჩენები, ყველაფერი საბოლოოდ გაქრება. დედამიწა, თუ საერთოდ გადარჩება, დარჩება მხოლოდ როგორც უსიცოცხლო კლდოვანი ბურთი, რომელიც მილიარდობით წლები მასპინძლობდა სიცოცხლეს.

მზის მასის დაკარგვა მნიშვნელოვნად იმოქმედებს სისტემის სხვა პლანეტებზე, იუპიტერზე, სატურნზე, ურანზე და ნეპტუნზე. მათი გარე ატმოსფეროები შესაძლოა ნაწილობრივ დაიშალოს მზის ქარის გავლენით, თუმცა როგორც პლანეტები, ისინი შესაძლოა გადარჩნენ.

 

კიბორჩხალას ნისლეული spaceYhub
ეს შთამბეჭდავი ნისლეული, სახელად კიბორჩხალას ნისლეული, არის მასიური ვარსკვლავის აფეთქების ნარჩენი, რომელიც დედამიწიდან პირველად 1054 წელს დააფიქსირეს. ფერად და ქაოტურ სტრუქტურაში გაფანტულია ელემენტები, რომლებიც ერთ დღეს შესაძლოა ახალი ვარსკვლავებისა და პლანეტების სამშენებლო მასალა გახდეს.

 

და მაინც, მზის სიკვდილი არ იქნება დასასრული, პირიქით. პლანეტარულ ნისლეულად აფეთქების შედეგად მზე კოსმოსში გაავრცელებს სიცოცხლისთვის აუცილებელ ელემენტებს, ნახშირბადს, ჟანგბადს, აზოტს და სხვას. ეს ელემენტები შერეული სხვა ვარსკვლავების ნარჩენებთან ერთად შეიძლება გახდეს ახალი ვარსკვლავებისა და პლანეტების “სამშენებლო მასალა”.

შეიძლება ღამის ცაში ვარსკვლავებს უყურებ და არც კი იცი, რომ მათი ელემენტები სხვა მზეების სიკვდილის შედეგად არის წარმოქმნილი. ერთ-ერთი მათგანი შესაძლოა ჩვენი მზე იყოს, ოდესღაც. შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ სიკვდილი კოსმოსში არ არის დასასრული. ის მხოლოდ გარდაქმნის დასაწყისია.

 

ოთხ ფუნდამენტურად განსხვავებულ ფანტასტიკის წიგნის განხილვა, რომლებმაც ჟანრის საზღვრებს გადააბიჯა.
Falcon 9 და Falcon Heavy-მ კოსმოსურ ინდუსტრიაში ნამდვილი გარდატეხა მოახდინეს.
SpaceX-ის სარაკეტო ინდუსტრიაში მიღწეული წარმატების მთავარი მიზეზები.
ქართული სამეცნიერო ფანტასტიკა, მიუხედავად იმისა, რომ ცოტაა, მაინც სავსეა მარგალიტებით.