10. მზის ფილამენტის ამოფრქვევა, 4 ივნისი, 2024
3 ივნისს მზიდან ფილამენტი ამოიფრქვა. ეს ფილამენტი ბნელ S-ის ფორმის სტრუქტურად ჩანდა და მასში დიდი ენერგია ინახებოდა. როდესაც ფილამენტი გამოთავისუფლდა, მან გამოიწვია მზის M4.8 კლასის ანთება, რომელმაც თავის მხრივ ფილამენტს ამოფრქვევისკენ უბიძგა. ამოფრქვეული მასის უმეტესობა უკან მზეზე დაბრუნდა. მზის დინამიკის ობსერვატორიამ (SDO) გადაიღო ეს ულამაზესი მოვლენა მზის აქტიურ რეგიონში AR3695 ორ უკიდურეს ულტრაიისფერ ტალღაზე: წითელი (304 ანგსტრემი) და ოქროსფერი (171 ანგსტრემი)

9. მზის დინამიკის ობსერვატორიამ მზის დაბნელება დააფიქსირა, 15 ივლისი, 2024
დაკვირვების მეთოდების თავისებურებების გამო SDO-ს თავადაც აქვს დაბნელების სეზონები, რომელიც წელიწადში ორჯერ 3-4 კვირას გრძელდება. ამ დროს დედამიწა მზეს ბლოკავს სატელიტის მხედველობის ველიდან. დაბნელება იმიტომ ხდება, რომ სატელიტი დახრილ გეოსინქრონულ ორბიტაზე მოძრაობს დედამიწის გარშემო, რათა მზის დაკვირვების დრო მაქსიმალურად დიდი იყოს. ჩვენთვის ცნობილი დაბნელებისგან განსხვავებით, როდესაც მთვარე ბლოკავს მზის სინათლეს, SDO-ს დაბნელებები დედამიწისგანაა გამოწვეული, და ისინი ჩანს უკიდურეს ულტრაიისფერ სინათლეზე, ეს ის ტალღის სიგრძეა, რომელსაც დედამიწაზე ვერ აღვიქვამთ, რადგან ჩვენი ატმოსფერო ბლოკავს.

8. მზის ტორნადო, 16 სექტემბერი, 2024
ამჯერად SDO-მ მზის ფილამენტი გამოიჭირა, რომელიც იხვეოდა და იშლებოდა, თითქმის მზად იყო ამოსაფრქვევად. ეს მოვლენა დახვეულ დაგრეხილ თოკს გავს, რომელიც მოძრაობის გამო გვიქმნის ილუზიას თითქოს ტორნადოს ვხედავთ. ამ მოვლენას “მზის ტორნადოებს” ვუწოდებთ, თუმცა სინამდვილეში ჩვენთვის ნაცნობი დედამიწური ტორნადოებისგან ძალიან განსხვავდებიან. ბოლოდროინდელი კვლევები აჩვენებს, რომ მზის ტორნადოები სინამდვილეში სულაც არ ბრუნავენ. ეს ტორნადოები არიან ცხელი პლაზმით სავსე მაგნიტური სტრუქტურები, ხოლო მათი ბრუნვითი მოძრაობა ოპტიკური ილუზიაა, რომელიც იმავე პრინციპით იქმნება, როგორითაც თვითმფრინავის კვამლი ჰორიზონტზე

7. მზის 25-ე ციკლის პიკი, 3 სექტემბერი, 2024
2024 წლის აგვისტოში, მზის ლაქების ყოველთვიური რიცხვი გაიზარდა და თავის პიკს მიაღწია – 215.5. რითიც გადაასწრო ივლისის თვეს, სადაც ლაქების თვიური რიცხვი 196.5 იყო. ეს მოვლენა იმით არის აღსანიშნავი, რომ ამხელა რიცხვი უკვე ბოლო 23 წელია აღარ დაფიქსირებულა. ამ მოვლენის შემდეგ ნასამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ უკვე მზის 25 ციკლის მაქსიმუმის ფაზაში ვართ. მზის მაქსიმუმი საშუალოდ 2-დან 4 წლამდე გრძელდება. ხოლო მზის ციკლის პიკად მონიშნულია ის თვე, სადაც მზის ლაქების ყოველთვიური რიცხვი არის მაქსიმალური

6. 2024 წლის მეორე ყველაზე ძლიერი ამოფრქვევა, 14 მაისი, 2024
14 მაისს, 16.51 საათზე, მზის 25 ციკლის მეორე ყველაზე ძლიერი მზის ანთება დაფიქსირდა, კლასით X8.8. მზის ანთება წარმოიქმნა აქტიურ რეგიონში AR3664, სწორედ მაშინ როდესაც მზის ბრუნვის გამო ეს რეგიონი უკვე ჩვენი მხედველობის ველიდან გადადიოდა, ანუ სულ კიდეზე იყო. იმის გამო, რომ ამ აქტიური რეგიონის რაღაც ნაწილი უკვე დაფარული იყო ჩვენგან, ვვარაუდობთ, რომ ეს ანთება იმაზე მეტად ძლიერი იყო, ვიდრე ჩვენ დავინახეთ და შევაფასეთ. Solar orbiter-მა, რომელიც ESA-ს და NASA-ს ერთობლივი პროექტია, ასევე დააფიქსირა ეს ანთება და შეაფასა, რომ ის შეიძლება დაახლოებით X18 კლასის ყოფილიყო, რითიც დაადასტურა, რომ დედამიწიდან ბოლომდე ვერ აღვიქვით მისი სიძლიერე. ეს ანთება თავისთავად ისტორიული გახდა, დაახლოებით 17-ე ადგილს იკავებს ყველაზე ძლიერი ანთებების ჩამონათვალში და მცირედ აღემატება ბასტილიის დღის ანთებას, რომელიც 2000 წლის 14 ივლისს მოხდა. თუკი Solar Orbiter-ის გაზომვები ზუსტია, მაშინ ეს ანთება ძლიერი ანთებების ხუთეულშიც მოხვდება 1979 წლის შემდეგ, რაც GOES-მა დაიწყო მზის ანთებების გაზომვა. შედეგად ძალიან ძლიერი ჩრდილოეთის ციალი დაფიქსირდა, რომელიც ჩვეულებრივზე უფრო ქვედა განედებზე გამოჩნდა და მისი ხილვა საქართველოშიც კი იყო შესაძლებელი, როდესაც ჩვენი ცა წითლად განათდა.
ამ ვიდეოში ნაჩვენებია 14 მაისის X8.8 კლასის ამოფრქვევა, ჯერ SDO-ს ოთხ ტალღის სიგრძეში (193, 131, 94 და 335 ანგსტრემი). შემდეგ თითოეული ტალღის სიგრძე ცალ-ცალკე ჩანს. ეს ტალღის სიგრძეები მგრძნობიარეა ყველაზე ცხელი პლაზმის მიმართ, რომელიც მზის ამოფრქვევის შედეგად წარმოიქმნება, ამიტომ ისინი საუკეთესო არჩევანია ამ მოვლენის დასაკვირვებლად. ვიდეოში ასევე ჩანს მზიდან გამოსროლილი პლაზმის ღრუბელი – კორონალური მასის ამოფრქვევა (CME), რომელიც გვერდიდან გამოდის. SOHO-ს კორონაგრაფი, რომელიც ძირითადად ხელოვნური დაბნელებაა, ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია ამოფრქვევის გავრცელების დასაკვირვებლად.
5. 2024 წლის ოქტომბრის სუპერ ქარიშხალი, 9 ოქტომბერი, 2024
მზის აქტიური რეგიონიდან AR3848, X1.8 კლასის მზის ანთება ამოიფრქვა, რომელმაც თან წამოიყოლა კორონალური მასის ამოფრქვევა. ამ მოვლენამ დარტყმითი ტალღები წარმოქმნა, რაც კორონოგრაფების გამოსახულებაზე “თოვლის ეფექტის” სახელითაა ცნობილი. ეს რეგიონი მზის დისკის ცენტრთან ახლოს მდებარეობდა, რითიც იდეალური მდებარეობა ჰქონდა მზის მატერიის პირდაპირ დედამიწაზე გამოსაგზავნად. დედამიწისკენ წამოსულ ამოფრქვევას Halo CME ეწოდება. დედამიწაზე მოღწევის შემდეგ, ულამაზესი ჩრდილოეთის ციალი წარმოიქმნა.
ეს მოვლენა გადაღებულია SOHO-ს კორონოგრაფების მიერ, შიდა კორონოგრაფს (წითელი) C2 ეწოდება, ხოლო გარეს (ცისფერი) C3. ეს უკანასკნელი მზის 30 რადიუს მანძილს ფარავს, რაც წარმოდგენას გვიქმნის ამოფრქვევის გიგანტურ ზომაზე. ამოფრქვევასთან ერთად SOHO-მ კაშკაშა კომეტაც – C/2023 A3 (Tsuchinshan–ATLAS) დააფიქსირა.


მზიდან ამოფრქვეული მასა დედამიწაზე მოგვიანებით მოვიდა, რომელმაც გაზარდა მზის ქარის სიჩქარე და დედამიწის მაგნიტურ ველში შეშფოთებები გამოიწვია. დროის რაღაც მომენტში გეომაგნიტური შტორმის G3-G4 დონე დაფიქსირდა.
4. 2024 წლისა და მზის 25-ე ციკლის ყველაზე ძლიერი მზის ანთება, 3 ოქტომბერი, 2024
ამ ციკლის ყველაზე ძლიერი X9 კლასის მზის ანთება მზის დისკის ცენტრთან ახლოს მოხდა. ეს კვირა ანთებების მხრივ საკმაოდ აქტიური იყო, თავიდან, 1 ოქტომბერს X7 კლასის ანთება მოხდა, რომელსაც 2 დღის შემდეგ მოყვა X9 კლასის ანთება. ორივე ანთება ერთი და იგივე აქტიურ რეგიონში AR3842-ში წარმოიქმნა. X7 კლასის ანთების მიერ გამოწვეული და ამოფრქვეული კორონალური მასა უკვე დედამიწისკენ მოემართებოდა, როდესაც X9 ანთებამ კიდევ დამატებით გიგანტური მასა გამოგზავნა ჩვენი მიმართულებით. ამ მოვლენამ საოცარი ჩრდილოეთის ციალი წარმოქმნა, რომლის პირველი ფაზა 6 დან 8 ოქტომბრამდე გრძელდებოდა, ხოლო შემდეგ კი 10-11 ოქტომბრის სუპერშტორმებით დასრულდა.

3. მზის სრული დაბნელება, 8 აპრილი, 2024
ამ დღეს აშშ-სა და მექსიკაში მილიონობით ადამიანმა იხილა 2024 წლის სრული მზის დაბნელება. ეს მოვლენა განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო თავისი ხანგრძლივობითა და ხილვადობით. მომდევნო სრული დაბნელება აშშ-ში 2045 წლამდე არ გამოჩნდება!
ვირტუალური კამერა მოძრაობს დედამიწისა და მთვარის ღამის მხრიდან დღის მხარისკენ, რითაც გამოავლენს მთვარის ჩრდილის ტრაექტორიას 2024 წლის 8 აპრილის სრული მზის დაბნელების დროს. წყარო: NASA SVS.
2. Parker Solar Prob მზეს ყველაზე მეტად მიუახლოვდა
პარკერის მზის ზონდმა ისტორიაში ყველაზე ახლოს ჩაუფრინა მზეს და 692,000 კმ/სთ სიჩქარით იმოძრავა!
ეს აპარატი მზესთან მხოლოდ 6.1 მილიონ კილომეტრში მივიდა და მეცნიერებს მისი დეტალური შესწავლის შესანიშნავი შესაძლებლობა მისცა.
ანიმაცია Parker Solar Probe-ის მისიიდან აჩვენებს კოსმოსური აპარატის მიმდინარე მდგომარეობას. ვიდეო გადაღებულია ყველაზე ახლო პერიჰელიუმის დროს, 2024 წლის 24 დეკემბრის დილას. წყარო: JHUAPL.
1. მაისის სუპერშტორმები
2024 წლის მაისში, მზეზე ლაქების კომპლექსური ჯგუფი განვითარდა აქტიური რეგიონის 13664 ის სახელით, რომელიც მზის ანთებების მხრივ ძალიან პროდუქტიული იყო. მაგალითად, 3 დან 9 მაისამდე, მხოლოდ ამ 6 დღეში 82 დიდი მზის ანთება დაფიქსირდა. ამ პერიოდში ამ რეგიონში წარმოიქმნა რამდენიმე X კლასის ანთება, როგორიცაა:
8 მაისი – X1.0 ანთება,
9 მაისი – X2.25 და X1.12 ანთება
10 მაისი – X3.98
11 მაისი – X5.4 კლასის ანთება (ყველაზე ძლიერი ანთებების ამ სერიიდან)
ანთებებთან სერიის შედეგად, მზემ ასევე კორონალური მასების ამოფრქვევებიც წარმოქმნა. დაახლოებით 7 დან 9 მაისამდე, სულ მცირე 7 ჰალო CME გამოიტყორცნა დედამიწისკენ. რამაც შემდეგ მოვლენამდე მიგვიყვანა, რაც ექსტრემალური გეომაგნინტური შტორმების სერიებში გამოიხატა. რა თქმა უნდა ჩვენი ცაც გაფერადდა ულამაზესი ჩრდილოეთის ციალის შოუებით.
ვიდეოზე მოცემულია 9 მაისის მზის ანთებებისა და კორონალური ამოფრქვევების შოუ
2024 წლის 11 მაისს, დედამიწის ცა გადანათდა ჩრდილოეთის ციალით. გეომაგნიტურმა შტორმმა G5 დონეს მიაღწია, რადგან ჰალო ამოფრქვევები მოსალოდნელზე უფრო ადრე მოვიდა დედამიწაზე, დაახლოებით 10 მაისს. ეს შტორმი ბოლო 20 წლის ყველაზე ძლიერ გეომაგნიტურ მოვლენად ითვლება, რადგან მზის “სუპერშტორმის” დონეს მიაღწია, რაც ოდნავ ჩამოუვარდებოდა 2003 წლის ჰელოუინის სუპერშტორმს. ავრორა ჩანდა ცენტრალურ ევროპაში, ახალ ზელანდიაში, მექსიკაში, ბაჰამებზე, ჩილეშიც და არგენტინაშიც კი.
მომზადებულია www.thesuntoday.org ის მიხედვით